ამ განყოფილებაში ჩამოყალიბებულია პრინციპები, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, რა ინფორმაცია უნდა გამჟღავნდეს ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში და როგორ. განმარტებითი შენიშვნები შეიცავს სხვა, დამატებით ინფორმაციას, რომელიც ასახული არ არის ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში, სრული შემოსავლის ანგარიშგებაში (თუ წარდგენილია), განცალკევებულ მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში (თუ წარდგენილია), მოგებისა და ზარალის და გაუნაწილებელი მოგების ერთიან ანგარიშგებაში (თუ წარდგენილია), საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგებასა (თუ წარდგენილია) და ფულადი ნაკადების ანგარიშგებაში. განმარტებით შენიშვნებში მოცემულია ამ ანგარიშგებებში წარმოდგენილი მუხლების სიტყვიერი დახასიათება, ან მათ შესახებ დეტალიზებული მონაცემები, ასევე ინფორმაცია იმ მუხლების შესახებ, რომლებიც არ აკმაყოფილებს ფინანსურ ანგარიშგებაში აღიარების კრიტერიუმებს. ამ განყოფილებაში მოცემული მოთხოვნების გარდა, წინამდებარე სტანდარტის თითქმის ყველა სხვა განყოფილებაც მოიცავს მოთხოვნებს გარკვეული ინფორმაციის გამჟღავნების შესახებ, რომელიც, როგორც წესი, განმარტებით შენიშვნებში აისახება.
ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში უნდა გამჟღავნდეს:
(ა) ინფორმაცია ფინანსური ანგარიშგების მომზადების საფუძვლისა და საწარმოს მიერ გამოყენებული სააღრიცხვო პოლიტიკის შესახებ, 8.5-8.7 პუნქტების შესაბამისად;
(ბ) ამ სტანდარტის მოთხოვნებით გათვალისწინებული ინფორმაცია, რომელიც ფინანსურ ანგარიშგებაში სხვაგან არსად არ არის ასახული; და
(გ) დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ფინანსურ ანგარიშგებაში სხვაგან არსად არ არის ასახული, მაგრამ აუცილებელია საწარმოს ფინანსური ანგარიშგების რომელიმე მუხლის გასაგებად.
საწარმომ ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები უნდა მოამზადოს, შეძლებისდაგვარად, სისტემატიზებული სახით. ფინანსური ანგარიშგების თითოეული მუხლი, რომლის შესახებაც დამატებითი ინფორმაცია მოცემულია განმარტებით შენიშვნებში, უნდა მოიცავდეს ფინანსური ანგარიშგების შესაბამისი განმარტებითი შენიშვნის მითითებას
როგორც წესი, განმარტებითი შენიშვნები წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი თანმიმდევრობით:
(ა) განცხადება იმის შესახებ, რომ ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია მსს ფასს-ის შესაბამისად (იხ. პუნქტი 3.3);
(ბ) საწარმოს მიერ გამოყენებული ყველა მნიშვნელოვანი სააღრიცხვო პოლიტიკის მოკლე მიმოხილვა (პუნქტი 8.5);
(გ) დამატებითი/დამხმარე ინფორმაცია უშუალოდ ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი მუხლების განმარტებისათვის, ისეთივე თანამიმდევრობით, როგორც წარმოდგენილია თითოეული ანგარიშგება და მისი თითოეული მუხლი;
(დ) სხვა განმარტებები.
საწარმომ მნიშვნელოვანი სააღრიცხვო პოლიტიკების მოკლე მიმოხილვაში უნდა გაამჟღავნოს შემდეგი ინფორმაცია:
(ა) ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად გამოყენებული შეფასების საფუძველი (ან საფუძვლები); და
(ბ) ყველა სხვა გამოყენებული სპეციფიკური სააღრიცხვო პოლიტიკის აღწერა, რომელიც მნიშვნელოვანია ფინანსური ანგარიშგების გასაგებად.
საწარმომ მნიშვნელოვანი სააღრიცხვო პოლიტიკების მოკლე მიმოხილვაში ან სხვა განმარტებით შენიშვნებში, სააღრიცხვო შეფასებების გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გარდა (იხ. პუნქტი 8.7), უნდა გაამჟღავნოს ინფორმაცია იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც ხელმძღვანელობამ მიიღო სააღრიცხვო პოლიტიკის გამოყენების პროცესში და ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფინანსურ ანგარიშგებაში აღიარებულ თანხებზე.
საწარმომ განმარტებით შენიშვნებში უნდა გაამჟღავნოს ინფორმაცია მომავალთან დაკავშირებით გამოყენებული ძირითადი დაშვებებისა და აგრეთვე საანგარიშგებო თარიღისათვის განუსაზღვრელობის შესაფასებლად გამოყენებული სხვა ძირითადი წყაროების შესახებ, რომელთა გამოც არსებობს აქტივებისა და ვალდებულებების საბალანსო ღირებულებების არსებითი კორექტირების რისკი მომდევნო ფინანსურ წელს. ამ აქტივებთან და ვალდებულებებთან დაკავშირებით განმარტებით შენიშვნები უნდა აისახოს ინფორმაცია მათი:
(ა) შინაარსის შესახებ; და
(ბ) საბალანსო ღირებულების შესახებ საანგარიშგებო პერიოდის ბოლოსთვის.