წინამდებარე განყოფილება მოიცავს ყველა სახის იჯარის აღრიცხვას, გარდა:
(ა) სასარგებლო წიაღისეულის, ნავთობის, ბუნებრივი გაზისა და სხვა არაკვლავწარმოებადი რესურსების ძიებისა და გამოყენების საიჯარო ხელშეკრულებებისა (იხ. 34-ე განყოფილება - „სპეციალიზებული საქმიანობა“);
(ბ) ისეთი საქონლის სალიცენზიო შეთანხმებებისა, როგორიცაა კინოფილმები, ვიდეოჩანაწერები, წარმოდგენები, ხელნაწერები, პატენტები და საავტორო უფლებები (იხ. მე-18 განყოფილება - „არამატერიალური აქტივები გუდვილის გარდა“);
(გ) მოიჯარის მიერ ფლობილი ქონების შეფასებისა, რომელიც აღირიცხება საინვესტიციო ქონების სახით და მეიჯარის მიერ ჩვეულებრივი იჯარით გადაცემული საინვესტიციო ქონებისა (იხ. მე-16 განყოფილება - „საინვესტიციო ქონება“);
(დ) მოიჯარის მიერ ფინანსური იჯარით ფლობილი ბიოლოგიური აქტივებისა და მეიჯარის მიერ ჩვეულებრივი იჯარით გადაცემული ბიოლოგიური აქტივებისა (იხ. 34-ე განყოფილება);
(ე) იჯარისა, რომელსაც, ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, შეუძლია ზარალის მოტანა მეიჯარის ან მოიჯარისთვის და ეს პირობები დაკავშირებული არ არის იჯარით აღებული აქტივის ფასის ცვლილებებთან, სავალუტო კურსების ცვლილებებთან, საიჯარო გადასახდელების ცვლილებებთან, რასაც განაპირობებს საბაზრო საპროცენტო განაკვეთების ცვალებადობა, ან რომელიმე მხარის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობასთან (იხ. პუნქტი 12.3 (ვ)); და
(ვ) ჩვეულებრივი (საოპერაციო) იჯარისა, რომელიც წაგებიანია
წინამდებარე განყოფილება ვრცელდება ისეთ ხელშეკრულებებზე, რომლებიც ითვალისწინებს აქტივების გამოყენების უფლების გადაცემას, იმის მიუხედავად, თუ ამგვარი აქტივების ექსპლუატაციის, ან ტექნიკური მომსახურებისთვის შეიძლება საჭირო გახდეს მეიჯარის მიერ მნიშვნელოვანი მომსახურების გაწევა. მეორე მხრივ, წინამდებარე განყოფილება არ ეხება მომსახურების ისეთ ხელშეკრულებებს, რომლებიც არ ითვალისწინებს აქტივების გამოყენების უფლების გადაცემას ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარიდან მეორისთვის.
ზოგიერთი შეთანხმება, როგორიცაა გარე მენარდეების მოზიდვის ხელშეკრულება, ტელესაკომუნიკაციო მომსახურების დარგის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად სხვა მხარეს გადაეცემა ტელეკომუნიკაციის საშუალებების/სიმძლავრის გამოყენების უფლება, ასევე ე.წ. „მიიღე-გადაიხადე“ ხელშეკრულებები, რომლის დროსაც მყიდველი იმ შემთხვევაშიც იხდის გარკვეულ თანხას, თუ პროდუქცია ან მომსახურება მიეწოდება, მაგრამ მომხმარებელს არ გამოუყენებია, იურიდიულად არ წარმოადგენს იჯარას, მაგრამ ითვალისწინებს გადახდის სანაცვლოდ აქტივის გამოყენებაზე უფლების გადაცემას. ასეთი შეთანხმებები შინაარსით არის აქტივების იჯარით გადაცემა და უნდა აღირიცხოს წინამდებარე განყოფილების შესაბამისად.
იჯარა კლასიფიცირდება ფინანსურ იჯარად, თუ იგი ითვალისწინებს აქტივის საკუთრებასთან დაკავშირებული ფაქტობრივად ყველა რისკისა და ეკონომიკური სარგებლის გადაცემას. იჯარა კლასიფიცირდება ჩვეულებრივ (საოპერაციო) იჯარად, თუ იგი არ ითვალისწინებს აქტივის საკუთრებასთან დაკავშირებული ფაქტობრივად ყველა რისკისა და ეკონომიკური სარგებლის გადაცემას.
იმის დადგენა, იჯარა ფინანსურია თუ ჩვეულებრივი, დამოკიდებულია გარიგების შინაარსზე და არა ხელშეკრულების იურიდიულ ფორმაზე. ქვემოთ ჩამოთვლილია ისეთი სიტუაციის მაგალითები, რომლებიც, როგორც წესი, ცალ-ცალკე ან ერთობლივად განაპირობებს იჯარის კლასიფიცირებას ფინანსურ იჯარად:
(ა) იჯარის ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარეს გადაეცემა აქტივის საკუთრების უფლება იჯარის ვადის დამთავრების შემდეგ;
(ბ) მოიჯარეს უფლება აქვს, აქტივი შეიძინოს ისეთი ფასით, რომელიც მოსალოდნელია, რომ მნიშვნელოვნად დაბალი იქნება აქტივის რეალურ ღირებულებაზე, რომელიც მას ექნება უფლების გამოყენების მომენტში, ხოლო იჯარის დასაწყისისათვის არსებობს გონივრული რწმენა იმისა, რომ ეს უფლება გამოყენებული იქნება;
(გ) იჯარის ვადა მოიცავს აქტივის ეკონომიკური მომსახურების ვადის ძირითად ნაწილს, მაშინაც კი, როდესაც საკუთრების უფლების გადაცემა არ ხდება;
(დ) იჯარის დასაწყისისათვის მინიმალური საიჯარო გადასახდელების დღევანდელი ღირებულება შეადგენს სულ მცირე საიჯარო აქტივის პრაქტიკულად მთლიან რეალურ ღირებულებას; და
(ე) იჯარით გაცემული აქტივები იმდენად სპეციფიკურია, რომ მხოლოდ ამ მოიჯარეს შეუძლია მათი გამოყენება, არსებითი მოდიფიკაციის გარეშე.
ქვემოთ განხილულია ისეთი გარემოებების ინდიკატორები, რომელთა არსებობა დამოუკიდებლად ან სხვა გარემოებებთან ერთად, ასევე შეიძლება განაპირობებდეს იჯარის კლასიფიცირებას ფინანსურ იჯარად:
(ა) თუ მოიჯარეს შეუძლია იჯარის შეწყვეტა, მაგრამ მას დაეკისრება ზარალის ანაზღაურება, რომელსაც მეიჯარე მიიღებს იჯარის გაუქმების შედეგად;
(ბ) საიჯარო აქტივის ნარჩენი ღირებულების ცვალებადობის შედეგად მიღებულ შემოსულობას ან ზარალს იჯარის ვადის ბოლოს მიიღებს მოიჯარე (მაგალითად, საიჯარო გადასახდელის ფასდაკლების სახით, რომელიც იჯარის ვადის ბოლოს აქტივის გაყიდვიდან მიღებული ამონაგების დიდი ნაწილის ტოლია); და
(გ) მოიჯარეს შეუძლია იჯარის გაგრძელება მეორადი (განახლებული) პერიოდით, საბაზრო საიჯარო ქირაზე მნიშვნელოვნად ნაკლები საიჯარო გადასახდელით.
20.5 და 20.6 პუნქტებში განხილული მაგალითები და ინდიკატორები ყოველთვის არ არის გადამწყვეტი. თუ სხვა ნიშნები აშკარად მიუთითებს, რომ საიჯარო ხელშეკრულების მიხედვით არ ხდება საკუთრებასთან დაკავშირებული ფაქტობრივად ყველა რისკისა და სარგებლის გადაცემა, მაშინ ასეთი იჯარა კლასიფიცირდება, როგორც ჩვეულებრივი. მაგალითად, ასე შეიძლება მაშინ მოხდეს, როდესაც აქტივზე საკუთრების უფლება მოიჯარეს გადაეცემა იჯარის ვადის ბოლოს ცვალებადი თანხის გადახდით, რომელიც იმ მომენტში აქტივის რეალური ღირებულების ტოლი უნდა იყოს, ან იმ შემთხვევაში, როდესაც საიჯარო გადასახდელები პირობითია და ამის გამო მოიჯარე არ ფლობს აქტივის საკუთრებასთან დაკავშირებულ არსებითად ყველა რისკსა და სარგებელს.
იჯარის კლასიფიკაცია ხდება იჯარის დასაწყისში და არ იცვლება მისი ვადის განმავლობაში. თუ შემდეგ მოიჯარე და მეიჯარე გადაწყვეტენ საიჯარო პირობების შეცვლას (იმ შემთხვევის გარდა, როდესაც უბრალოდ იჯარა განახლდება), აუცილებელია იჯარის კლასიფიკაციის გადახედვა.
იჯარის ვადის დასაწყისისათვის მოიჯარემ მისი უფლებები აქტივის გამოყენებაზე და ვალდებულებები ფინანსურ იჯარაზე უნდა აღიაროს ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში, როგორც აქტივები და ვალდებულებები საიჯარო აქტივის რეალური ღირებულების ტოლი თანხით ან, თუ მასზე ნაკლებია, მინიმალური საიჯარო გადასახდელების დღევანდელი ღირებულებით, რომელიც განისაზღვრება იჯარის დასაწყისში. მოიჯარის ნებისმიერი თავდაპირველი პირდაპირი დანახარჯი (დამატებითი დანახარჯები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული საიჯარო გარიგების მოლაპარაკებასა და გაფორმებასთან) დაემატება აქტივის სახით აღიარებულ თანხას.
მინიმალური საიჯარო გადასახდელების დღევანდელი ღირებულების გასაანგარიშებელი დისკონტირების განაკვეთი იქნება საიჯარო ხელშეკრულებაში ნაგულისხმევი საპროცენტო განაკვეთი, თუ მისი დადგენა შესაძლებელია; თუ არა, გამოყენებულ უნდა იქნეს მოიჯარის ზღვრული სასესხო საპროცენტო განაკვეთი.
მოიჯარემ მინიმალური საიჯარო გადასახდელები უნდა გაანაწილოს დარიცხულ ფინანსურ ხარჯებსა და დაუფარავი ვალდებულების შემცირებაზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მეთოდით (იხ. პუნქტები 11.15–11.20). მოიჯარემ იჯარის მთლიანი ვადის განმავლობაში ფინანსური ხარჯები თითოეულ საანგარიშგებო პერიოდზე ისე უნდა გაანაწილოს, რომ წარმოიქმნას მუდმივი პერიოდული საპროცენტო განაკვეთი თითოეული საანგარიშგებო პერიოდის ვალდებულების ნაშთის მიმართ. პირობითი საიჯარო გადასახდელები ხარჯად აისახება იმ პერიოდში, როდესაც გაწეული იყო.
ფინანსური იჯარის პირობით აღებულ აქტივს მოიჯარემ ცვეთა უნდა დაარიცხოს წინამდებარე სტანდარტის შესაბამისი განყოფილების მიხედვით, რომელიც შეეხება ამ ტიპის აქტივს. მაგალითად, მე-17 განყოფილება - „ძირითადი საშუალებები“, მე-18 განყოფილება - „არამატერიალური აქტივები გუდვილის გარდა“, ან მე-19 განყოფილება - „საწარმოთა გაერთიანება და გუდვილი“. თუ არ არსებობს იმის გონივრული რწმენა, რომ იჯარის ვადის გასვლის შემდეგ მოიჯარე მიიღებს საკუთრების უფლებას, აქტივი მთლიანად უნდა ჩამოიწეროს იჯარის ვადასა და მის სასარგებლო მომსახურების ვადას შორის უმცირესი პერიოდის განმავლობაში. ასევე, მოიჯარემ ყოველი საანგარიშგებო თარიღისათვის უნდა შეაფასოს, გაუფასურებულია თუ არა ფინანსური იჯარით აღე
მოიჯარემ ფინანსური იჯარის შესახებ უნდა გაამჟღავნოს შემდეგი ინფორმაცია:
(ა) აქტივების თითოეული კლასისთვის - საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს არსებული წმინდა საბალანსო ღირებულება;
(ბ) მომავალი მინიმალური საიჯარო გადასახდელების მთლიანი თანხა საანგარიშგებო პერიოდის დასასრულისთვის, თითოეული შემდეგი პერიოდის მიხედვით:
(i) არა უგვიანეს ერთი წლისა;
(ii) ერთი წლის შემდეგ და არა უგვიანეს ხუთი წლისა; და
(iii) ხუთი წლის შემდეგ.
(გ) მოიჯარის მნიშვნელოვანი საიჯარო შეთანხმებების ზოგადი აღწერა, რომელიც მოიცავს, მაგალითად, ინფორმაციას პირობითი საიჯარო ქირის, იჯარის განახლების ან აქტივის შესყიდვის შესაძლებლობის შესახებ, დებულებებს, რომლებიც ეხება ფასების ცვალებადობას, ქვეიჯარასა და საიჯარო შეთანხმებებით გათვალისწინებულ შეზღუდვებს.
გარდა ამისა, მოიჯარეებს, ფინანსური იჯარით აღებულ აქტივებთან დაკავშირებით, ასევე ეხებათ მე-17, მე-18, 27-ე და 34-ე განყოფილებებში განსაზღვრული ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნები აქტივების შესახებ.
ჩვეულებრივი იჯარის დროს მოიჯარემ საიჯარო გადასახდელები ხარჯად უნდა აღიაროს (ისეთი მომსახურების დანახარჯების გარდა, როგორიცაა დაზღვევა და აქტივის მიმდინარე ტექმომსახურება) წრფივი მეთოდით, იჯარის ვადის განმავლობაში, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც:
(ა) სხვა სისტემატური მეთოდი უფრო ადეკვატურად ასახავს მომხმარებლის მიერ სარგებლის მიღების პერიოდულობას/ გრაფიკს, თუნდაც საიჯარო გადასახდელების გადახდა არ ეფუძნებოდეს ამავე გრაფიკს; ან
(ბ) მეიჯარისთვის გადასახდელი თანხები სტრუქტურიზებულია იმგვარად, რომ უნდა გაიზარდოს მოსალოდნელი საერთო ინფლაციის დონის შესაბამისად (გამოქვეყნებული ინდექსების ან სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად), რათა მეიჯარეს აუნაზღაურდეს ინფლაციის შედეგად მოსალოდნელი დანახარჯების გაზრდა.
თუ მეიჯარისთვის გადასახდელი თანხები იცვლება საერთო ინფლაციის გარდა რომელიმე სხვა ფაქტორის მიხედვით, მაშინ (ბ) პირობა არ მიიჩნევა დაკმაყოფილებულად.
კომპანია X საქმიანობას ეწევა ისეთ ქვეყანაში, სადაც ადგილობრივი ბანკების ერთობლივი პროგნოზის შესაბამისად, ფასების საერთო ინდექსი მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ყოველწლიურად საშუალოდ 10%-ით გაიზრდება. X-ს ჩვეულებრივი იჯარით აღებული აქვს საოფისე ფართობი კომპანია Y-გან, 5 წლის ვადით. საიჯარო გადასახდელები განსაზღვრულია ისე, რომ გათვალისწინებული იყოს მომავალი ხუთი წლის განმავლობაში მოსალოდნელი 10%-იანი წლიური საერთო ინფლაცია:
1-ლი წელი
100,000 ფე
მე-2 წელი
110,000 ფე
მე-3 წელი
121,000 ფე
მე-4 წელი
133,000 ფე
მე-5 წელი
146,000 ფე
კომპანია X აღიარებს წლიური საიჯარო ქირის ხარჯს, რომელიც მეიჯარისთვის გადასახდელი თანხების ტოლია. იმ შემთხვევაში, თუ ზრდადი გადასახდელები ნათლად არ არის იმგვარად ჩამოყალიბებული, რომ მეიჯარეს, გამოქვეყნებულ ინდექსებზე, ან სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, აუნაზღაუროს მოსალოდნელი ინფლაციის შედეგად გამოწვეული დანახარჯების ზრდა, მაშინ კომპანია X ყოველწლიური საიჯარო ქირის ხარჯს აღიარებს წრფივი მეთოდის გამოყენებით: ყოველ წელს 122,000 ფე-ის ოდენობით (საიჯარო გადასახდელების ჯამი გაყოფილი ხუთ წელზე).
მოიჯარემ ჩვეულებრივი (საოპერაციო) იჯარის შესახებ უნდა გაამჟღავნოს შემდეგი ინფორმაცია:
(ა) მომავალი მინიმალური საიჯარო გადასახდელების მთლიანი თანხა, რომლებიც დაკავშირებულია შეუქცევადი ჩვეულებრივი იჯარის ხელშეკრულებებთან, თითოეული შემდეგი პერიოდის მიხედვით:
(i) არა უგვიანეს ერთი წლისა;
(ii) ერთი წლის შემდეგ და არა უგვიანეს ხუთი წლისა; და
(iii) ხუთი წლის შემდეგ.
(ბ) ხარჯად აღიარებული საიჯარო გადასახდელები; და
(გ) მოიჯარის მნიშვნელოვანი საიჯარო შეთანხმებების ზოგადი აღწერა, რომელიც მოიცავს, მაგალითად, ინფორმაციას პირობითი საიჯარო ქირის, იჯარის განახლების ან აქტივის შესყიდვის შესაძლებლობის შესახებ, დებულებებს, რომლებიც ეხება ფასების ცვალებადობას, ქვეიჯარასა და საიჯარო შეთანხმებებით გათვალისწინებულ შეზღუდვებს.
მეიჯარემ ფინანსური იჯარის ხელშეკრულებით მის განკარგულებაში არსებული აქტივები უნდა აღიაროს ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში და წარადგინოს, როგორც მოთხოვნა, წმინდა საიჯარო ინვესტიციის ტოლი თანხით. წმინდა საიჯარო ინვესტიცია არის მეიჯარის მთლიანი (ბრუტო) საიჯარო ინვესტიცია, რომელიც დისკონტირებულია საიჯარო ხელშეკრულებაში ნაგულისხმევი საპროცენტო განაკვეთით. მთლიანი (ბრუტო) საიჯარო ინვესტიცია არის შემდეგი ორი სიდიდის ერთობლიობა:
(ა) ფინანსური იჯარისათვის მეიჯარის მიერ მისაღები მინიმალური საიჯარო გადასახდელები; და
(ბ) მეიჯარის სასარგებლოდ დარიცხული მთელი არაგარანტირებული ნარჩენი ღირებულება.
ნებისმიერი ფინანსური იჯარის დროს, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც მეიჯარე მწარმოებელი ან დილერია, თავდაპირველი პირდაპირი დანახარჯები (დამატებითი დანახარჯები, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია საიჯარო გარიგების მოლაპარაკებასა და გაფორმებასთან) ჩაირთვება ფინანსურ იჯარასთან დაკავშირებული მოთხოვნის თავდაპირველ შეფასებაში და ამცირებს იჯარის ვადის განმავლობაში აღიარებული შემოსავლის თანხას.
ფინანსური შემოსავლის აღიარება უნდა ეფუძნებოდეს ისეთ გრაფიკს, რომელიც ასახავს ფინანსურ იჯარაში მეიჯარის წმინდა საიჯარო ინვესტიციებიდან უკუგების მიღების მუდმივ პერიოდულ განაკვეთს. საანგარიშგებო პერიოდის საიჯარო გადასახდელები, მომსახურების დანახარჯების გამოქვითვით, დაირიცხება მთლიანი (ბრუტო) საიჯარო ინვესტიციის საპირისპიროდ, რათა აისახოს როგორც ძირი თანხის, ისე გამოუმუშავებელი ფინანსური შემოსავლის შემცირება. თუ არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ მეიჯარის მთლიანი (ბრუტო) ინვესტიციის თანხის განსაზღვრისათვის გამოყენებული, შეფასებითი არაგარანტირებული ნარჩენი ღირებულება მნიშვნელოვნად შეიცვალა, უნდა გადაისინჯოს იჯარის ვადის განმავლობაში შემოსავლის განაწილების წესი და ადრე დარიცხული თანხების ნებისმიერი შემცირება დაუყოვნებლივ მოგებაში ან ზარალში უნდა აღიარდეს.
მწარმოებლები და დილერები ხშირად მომხმარებელს სთავაზობენ აქტივის ყიდვის ან იჯარით აღების ალტერნატივას. მწარმოებელი ან დილერი მეიჯარეების მიერ აქტივის ფინანსური იჯარით გადაცემის შედეგად წარმოიშობა ორი ტიპის შემოსავალი:
(ა) მოგება ან ზარალი, რომელიც ეკვივალენტურია იმ მოგების, ან ზარალის თანხების, რომელიც მიღებული იქნებოდა საიჯარო აქტივის ჩვეულებრივი გასაყიდი ფასებით გაყიდვის შედეგად და ასახავს საქონლის მოცულობაზე დამოკიდებულ ან სავაჭრო ფასდათმობებს; და
(ბ) ფინანსური შემოსავალი იჯარის მთელი ვადის განმავლობაში.
მეიჯარე მწარმოებლების ან დილერების მიერ განხორციელებული ფინანსური იჯარის დროს, იჯარის ვადის დასაწყისში აღიარებული ამონაგები გაყიდვიდან არის აქტივის რეალური ღირებულება ან, მეიჯარის სასარგებლოდ დარიცხული მინიმალური საიჯარო გადასახდელების დღევანდელი ღირებულება (თუ ეს თანხა უფრო მცირეა, ვიდრე აქტივის რეალური ღირებულება), რომელიც გაანგარიშებულია საბაზრო საპროცენტო განაკვეთის საფუძველზე. იჯარის ვადის დასაწყისში აღიარებული გაყიდული საქონლის თვითღირებულება არის იჯარით გაცემული აქტივის თვითღირებულება ან მისი საბალანსო ღირებულება, თუ ისინი განსხვავებულია, არაგარანტირებული ნარჩენი ღირებულების დღევანდელი ღირებულების გამოკლებით. სხვაობა გაყიდვიდან მიღებულ ამონაგებსა და გაყიდული საქონლის თვითღირებულებას შორის წარმოადგენს გაყიდვიდან მიღებულ მოგებას, რომელიც აღიარდება ჩვეულებრივი გაყიდვის ოპერაციების მიმართ გამოყენებული პოლიტიკის შესაბამისად.
როდესაც გამოიყენება ხელოვნურად დაბალი საპროცენტო განაკვეთი, გაყიდვიდან მიღებული მოგება უნდა შეიზღუდოს იმ ოდენობით, რომელიც საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გამოყენების შემთხვევაში იქნებოდა. მეიჯარე მწარმოებლის ან დილერის მიერ ფინანსური იჯარის პირობების განხილვისა და ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებით გაწეული დანახარჯები ხარჯის სახით აღიარდება იმ პერიოდში, როდესაც აღიარდება გაყიდვიდან მიღებული მოგება.
მეიჯარემ ფინანსური იჯარის შესახებ უნდა გაამჟღავნოს შემდეგი ინფორმაცია:
(ა) საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს არსებული მთლიანი საიჯარო ინვესტიციის შეჯერება, საანგარიშგებო პერიოდის ბოლოსთვის მისაღებ მინიმალურ საიჯარო გადასახდელების დღევანდელ ღირებულებასთან. ამასთან, მეიჯარემ დამატებით უნდა გაამჟღავნოს ინფორმაცია მთლიანი საიჯარო ინვესტიციისა და მისაღები მინიმალური საიჯარო გადასახდელების დღევანდელი ღირებულების შესახებ საანგარიშგებო თარიღის მდგომარეობით, თითოეული შემდეგი პერიოდისათვის:
(i) არა უგვიანეს ერთი წლისა;
(ii) ერთი წლის შემდეგ და არა უგვიანეს ხუთი წლისა; და
(iii) ხუთი წლის შემდეგ.
(ბ) გამოუმუშავებელი ფინანსური შემოსავალი;
(გ) არაგარანტირებული ნარჩენი ღირებულება, რომელიც ზრდის მეიჯარის სარგებელს;
(დ) მინიმალურ საიჯარო გადასახდელებთან დაკავშირებული საეჭვო ვალების ანარიცხის მთლიანი თანხა;
(ე) მიმდინარე პერიოდის შემოსავლის სახით აღიარებული პირობითი საიჯარო ქირა;
(ვ) მეიჯარის მნიშვნელოვანი საიჯარო შეთანხმებების ზოგადი აღწერა, რომელიც მოიცავს, მაგალითად ინფორმაციას პირობითი საიჯარო ქირის, იჯარის განახლების ან აქტივის შესყიდვის შესაძლებლობის შესახებ, დებულებებს, რომლებიც ეხება ფასების ცვალებადობას, ქვეიჯარასა და საიჯარო შეთანხმებებით გათვალისწინებულ შეზღუდვებს.
ჩვეულებრივი იჯარის დროს მეიჯარეებმა საიჯარო აქტივები ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში უნდა წარადგინონ აქტივის ბუნების შესაბამისად.
ჩვეულებრივი იჯარის დროს, მეიჯარემ საიჯარო შემოსავალი უნდა აღიაროს (ისეთი მომსახურების დანახარჯების გარდა, როგორიცაა დაზღვევა და აქტივის მიმდინარე ტექმომსახურება) მოგებაში ან ზარალში წრფივი მეთოდით, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც:
(ა) სხვა სისტემატური მეთოდი უფრო ადეკვატურად ასახავს მომხმარებლის მიერ სარგებლის მიღების პერიოდულობას/ გრაფიკს, თუნდაც საიჯარო გადასახდელების გადახდა არ ეფუძნებოდეს ამავე გრაფიკს; ან
(ბ) მეიჯარისთვის გადასახდელი თანხები სტრუქტურიზებულია იმგვარად, რომ უნდა გაიზარდოს მოსალოდნელი საერთო ინფლაციის დონის შესაბამისად (გამოქვეყნებული ინდექსების ან სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად), რათა მეიჯარეს აუნაზღაურდეს ინფლაციის შედეგად მოსალოდნელი დანახარჯების გაზრდა.
თუ მეიჯარისთვის გადასახდელი თანხები იცვლება საერთო ინფლაციის გარდა რომელიმე სხვა ფაქტორის მიხედვით, მაშინ (ბ) პირობა დაკმაყოფილებულად არ მიიჩნევა.
მეიჯარემ ხარჯის სახით უნდა აღიაროს საიჯარო შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული დანახარჯები, მათ შორის, ცვეთა. იჯარით გაცემული აქტივებისთვის გამოყენებული ცვეთის პოლიტიკა იდენტური უნდა იყოს სხვა ანალოგიური აქტივებისთვის გამოყენებული ჩვეულებრივი ცვეთის პოლიტიკის.
მეიჯარემ საიჯარო აქტივის საბალანსო ღირებულებას უნდა დაუმატოს ჩვეულებრივი იჯარის პირობების მოლაპარაკებასა და ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით გაწეული პირდაპირი დანახარჯები და ამგვარი დანახარჯები აღიაროს ხარჯად იჯარის მთელი ვადის განმავლობაში იმავე მეთოდით, რომელსაც იყენებს საიჯარო შემოსავლისთვის.
იმის დასადგენად, გაუფასურდა თუ არა იჯარით გაცემული აქტივი, მეიჯარემ უნდა გამოიყენოს 27-ე განყოფილების მოთხოვნები.
მეიჯარე მწარმოებელი ან დილერი ჩვეულებრივი იჯარის დროს არ აღიარებს გაყიდვიდან მოგებას, რადგან ჩვეულებრივი იჯარა არ არის აქტივის გაყიდვის ეკვივალენტური.
მეიჯარემ ჩვეულებრივი იჯარის შესახებ უნდა გაამჟღავნოს შემდეგი ინფორმაცია:
(ა) მომავალი მინიმალური საიჯარო გადასახდელები, რომლებიც დაკავშირებულია შეუქცევადი ჩვეულებრივი იჯარის ხელშეკრულებებთან, თითოეული შემდეგი პერიოდის მიხედვით:
(i) არა უგვიანეს ერთი წლისა;
(ii) ერთი წლის შემდეგ და არა უგვიანეს ხუთი წლისა; და
(iii) ხუთი წლის შემდეგ.
(ბ) საანგარიშგებო პერიოდში შემოსავალში აღიარებული პირობითი საიჯარო გადასხადელების მთლიანი თანხა; და
(გ) მეიჯარის მნიშვნელოვანი საიჯარო შეთანხმებების ზოგადი აღწერა, რომელიც მოიცავს, მაგალითად ინფორმაციას პირობითი საიჯარო ქირის შესახებ, იჯარის განახლების ან აქტივის
შესყიდვის უფლებების არსებობას, ცვალებადი გადახდის პირობებს და საიჯარო შეთანხმებებით გათვალისწინებულ შეზღუდვებს
გარდა ამისა, მეიჯარეებს, ჩვეულებრივი იჯარით გაცემულ აქტივებთან დაკავშირებით, ასევე ეხებათ მე-17, მე-18, 27-ე და 34-ე განყოფილებებში განსაზღვრული ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნები აქტივების შესახებ.
უკუიჯარის პირობით გაყიდვის ოპერაცია გულისხმობს აქტივის გაყიდვას და იმავე აქტივის იჯარის გზით უკან დაბრუნებას. როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში, საიჯარო ქირა და აქტივის გასაყიდი ფასი ურთიერთდამოკიდებულია, რადგან ისინი განიხილება, როგორც ერთიანი პაკეტი. აქტივის გაყიდვისა და მისი იჯარით უკან დაბრუნების ოპერაციის სააღრიცხვო მიდგომა დამოკიდებულია იჯარის ტიპზე.
თუ აქტივის უკუიჯარის პირობით გაყიდვის ოპერაცია წარმოადგენს ფინანსურ იჯარას, აქტივის გაყიდვიდან მიღებული შემოსულობის ნამეტი მის საბალანსო ღირებულებაზე გამყიდველმა-მოიჯარემ არ უნდა აღიაროს მაშინვე როგორც შემოსავალი. ამის ნაცვლად, საწარმომ უნდა გადაავადოს ამგვარი ნამეტი თანხა და თანდათანობით განახორციელოს მისი ამორტიზება იჯარის მთელი ვადის განმავლობაში.
თუ აქტივის უკუიჯარის პირობით გაყიდვა წარმოადგენს ჩვეულებრივ იჯარას და აშკარაა, რომ ოპერაცია ეყრდნობა რეალურ ღირებულებას, მაშინ გამყიდველმა-მოიჯარემ მაშინვე უნდა აღიაროს მოგების, ან ზარალის ნებისმიერი თანხა. თუ აქტივის გასაყიდი ფასი მის რეალურ ღირებულებაზე ნაკლებია, მაშინ მოგებისა და ზარალის ნებისმიერი თანხა მაშინვე უნდა აღიარდეს, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ზარალის კომპენსირება ხდება საბაზრო ფასზე დაბალი ღირებულების მქონე მომავალი საიჯარო გადასახდელებით. ამ შემთხვევაში, ზარალი უნდა გადავადდეს და მისი ამორტიზება მოხდეს საიჯარო გადასახდელების პროპორციულად იმ ვადაში, რომელშიც მოსალოდნელია აქტივის გამოყენება. თუ აქტივის გასაყიდი ფასი აღემატება მის რეალურ ღირებულებას, ნამეტი თანხაც ასევე უნდა გადავადდეს და მისი ამორტიზება განხორციელდეს იმ ვადაში, რომელშიც მოსალოდნელია აქტივის გამოყენება.
მოიჯარისა და მეიჯარისათვის განკუთვნილი ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნები ეხება აქტივის უკუიჯარის პირობით გაყიდვის ოპერაციებსაც. მნიშვნელოვანი საიჯარო შეთანხმებების ზოგადი აღწერის მოთხოვნა მოიცავს ინფორმაციის გამჟღავნებას აქტივის უკუიჯარის პირობით გაყიდვის ოპერაციების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სპეციფიკური თუ განსაკუთრებული შეთანხმების დებულებების, ან პირობების შესახებ.