წინამდებარე განყოფილება ეხება მეკავშირე საწარმოთა ასახვას კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში და ასევე ისეთი ინვესტორის ფინანსურ ანგარიშგებაში, რომელიც არ არის სათავო საწარმო, მაგრამ ინვესტიცია გააჩნია ერთ ან მეტ მეკავშირე საწარმოში. ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებაში მეკავშირე საწარმოების აღრიცხვასთან დაკავშირებული მოთხოვნები განსაზღვრულია 9.26 პუნქტში.
მეკავშირე საწარმო არის საწარმო (მათ შორის, არაიურიდიული პირი, როგორიცაა ამხანაგობა), რომელზეც ინვესტორს გააჩნია მნიშვნელოვანი გავლენა და, ამავე დროს, იგი არ არის არც შვილობილი საწარმო და არც წილი ერთობლივ საქმიანობაში.
მნიშვნელოვანი გავლენა ნიშნავს ინვესტორის მიერ ინვესტირებული საწარმოს ფინანსური და სამეურნეო პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლებამოსილებას, რაც არ გულისხმობს ინვესტორის მიერ ამ პოლიტიკაზე კონტროლის ან ერთობლივი კონტროლის უფლებას.
(ა) თუ ინვესტორს, პირდაპირ ან არაპირდაპირ (მაგალითად, შვილობილი საწარმოების მეშვეობით), ეკუთვნის მეკავშირე საწარმოში ხმის უფლების 20% ან მეტი, მაშინ მიიჩნევა, რომ ინვესტორს გააჩნია მნიშვნელოვანი გავლენა, თუკი არ არსებობს სხვა დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს.
(ბ) პირიქით, თუ ინვესტორს პირდაპირ ან არაპირდაპირ (მაგალითად, შვილობილი საწარმოების მეშვეობით) ეკუთვნის მეკავშირე საწარმოში ხმის უფლების 20%-ზე ნაკლები, მაშინ მიიჩნევა, რომ ინვესტორს არ გააჩნია მნიშვნელოვანი გავლენა, თუკი არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს; და
(გ) სხვა ინვესტორის მიერ ამავე საწარმოში არსებითი წილის, ან წილის დიდი ნაწილის ფლობა არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ინვესტორს არ შეიძლება გააჩნდეს მნიშვნელოვანი გავლენა მოცემულ საწარმოში.
ინვესტორმა მეკავშირე საწარმოში განხორციელებული ყველა ინვესტიცია უნდა აღრიცხოს შემდეგი მეთოდებიდან ერთ-ერთის მიხედვით: (ა) თვითღირებულების მოდელი, რომელიც აღწერილია 14.5 პუნქტში; (ბ) წილობრივი მეთოდი, რომელიც აღწერილია 14.8 პუნქტში; ან (გ) რეალური ღირებულების მოდელი, რომელიც აღწერილია 14.9 პუნქტში.
ინვესტორმა თავისი ინვესტიციები მეკავშირე საწარმოებში უნდა შეაფასოს თვითღირებულებიდან დაგროვილი გაუფასურების ზარალის გამოკლების შედეგად მიღებული თანხით, 27-ე განყოფილების - „აქტივების გაუფასურება“ - შესაბამისად. ეს დებულება არ ეხება ისეთ ინვესტიციებს, რომელთა კოტირებული ფასი ქვეყნდება (იხ. პუნქტი 14.7).
ინვესტორმა ინვესტიციიდან მიღებული დივიდენდები და სხვა სახის განაწილებები უნდა აღიაროს, როგორც შემოსავალი, იმის მიუხედავად, საიდან იქნა მიღებული ეს განაწილებები: მეკავშირე საწარმოს გაუნაწილებელი მოგებიდან, რომელიც წარმოიქმნა ინვესტიციის შეძენის თარიღამდე, თუ ინვესტიციის შეძენის თარიღის შემდგომ პერიოდში წარმოქმნილი გაუნაწილებელი მოგებიდან.
ინვესტორმა მეკავშირე საწარმოში განხორციელებული ინვესტიცია უნდა შეაფასოს რეალური ღირებულებით, თუ არსებობს ამ ინვესტიციის გამოქვეყნებული კოტირებული ფასი (იხ. პუნქტი 14.9.)
წილობრივი მეთოდის მიხედვით, ინვესტიცია თავდაპირველად უნდა აღიარდეს ოპერაციის (გარიგების) ფასით (რომელიც მოიცავს გარიგების დანახარჯებს), ხოლო შემდგომში ინვესტიციის ღირებულება კორექტირდება, რათა ასახოს ინვესტორის წილი მეკავშირე საწარმოს მოგებაში ან ზარალში და სხვა სრულ შემოსავალში.
(ა) განაწილებები და ინვესტიციის საბალანსო ღირებულების სხვა კორექტირებები. მეკავშირე საწარმოდან მიღებული განაწილებები ამცირებს ინვესტიციის საბალანსო ღირებულებას. ინვესტიციის საბალანსო ღირებულების კორექტირება შეიძლება ასევე აუცილებელი გახდეს მეკავშირე საწარმოს საკუთარი კაპიტალის ცვლილების შემთხვევაში, რომელიც გამოწვეულია სხვა სრული შემოსავლის კომპონენტების ცვლილებით.
(ბ) პოტენციური ხმის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი გავლენის არსებობის დასადგენად განიხილება პოტენციური ხმის უფლება, ინვესტორმა თავისი წილი მეკავშირე საწარმოს მოგებაში ან ზარალში და სხვა სრულ შემოსავალში და მეკავშირე საწარმოს საკუთარი კაპიტალის ცვლილებაში უნდა შეაფასოს მიმდინარე პერიოდში არსებული წილების საფუძველზე. ამ შეფასებებში არ უნდა აისახოს პოტენციური ხმის უფლების შესაძლო განხორციელება ან კონვერტაცია.
(გ) წარმოსახვითი გუდვილი და რეალური ღირებულების კორექტირება. მეკავშირე საწარმოში ინვესტიციის შეძენისას, ინვესტორმა 19.22–19.24 პუნქტების მიხედვით უნდა ასახოს ნებისმიერი სხვაობა (დადებითიც და უარყოფითიც) შეძენის ღირებულებასა და მეკავშირე საწარმოს წმინდა იდენტიფიცირებადი აქტივების რეალურ ღირებულებაში ინვესტორის წილს შორის. ინვესტორმა თავისი წილი მეკავშირე საწარმოს შეძენის შემდგომ მოგებაში ან ზარალში უნდა დააკორექტიროს, რათა ასახოს მეკავშირე საწარმოს ცვეთადი ან ამორტიზებადი აქტივების (გუდვილის ჩათვლით) დამატებითი ცვეთა ან ამორტიზაცია, მათი რეალური ღირებულების მეტობის საფუძველზე საბალანსო ღირებულებასთან შედარებით, ინვესტიციის შეძენის მომენტისთვის.
(დ) გაუფასურება. თუ არსებობს რაიმე ნიშანი, რომ ინვესტიცია მეკავშირე საწარმოში შეიძლება გაუფასურებული იყოს, ინვესტორმა, 27-ე განყოფილების მიხედვით, ინვესტიციის მთლიანი საბალანსო ღირებულების გაუფასურების ტესტი ისე უნდა ჩაატაროს, როგორც ერთი აქტივის გაუფასურების ტესტი. გაუფასურების ტესტი არ ჩაუტარდება ცალკე გუდვილს, რომელიც შედის ინვესტიციის საბალანსო ღირებულებაში, არამედ მისი გაუფასურების ტესტირება მოხდება, როგორც მთლიანი ინვესტიციის ნაწილის.
(ე) ინვესტორის ოპერაციები მეკავშირე საწარმოსთან. არარეალიზებული მოგება და ზარალი, რომელიც წარმოიშობა ინვესტორსა და მეკავშირე საწარმოს შორის განხორციელებული „ქვემოდან ზემოთ“ (აქტივის გადაცემა მეკავშირე საწარმოდან ინვესტორისთვის) და „ზემოდან ქვემოთ“ (აქტივის გადაცემა ინვესტორიდან მეკავშირე საწარმოსთვის) ოპერაციების შედეგად, ინვესტორის ფინანსურ ანგარიშგებაში ელიმინირდება მხოლოდ მეკავშირე საწარმოში ინვესტორის კუთვნილი წილის ტოლი სიდიდით. ამგვარი ოპერაციებიდან მიღებული არარეალიზებული ზარალი შესაძლოა მიუთითებდეს გადაცემული აქტივის გაუფასურებაზე.
(ვ) მეკავშირე საწარმოს ფინანსური ანგარიშგების თარიღი. წილობრივი მეთოდით აღრიცხვის შემთხვევაში, ინვესტორმა უნდა გამოიყენოს მეკავშირე საწარმოს ფინანსური ანგარიშგება, რომელიც იმავე თარიღითაა მომზადებული, როგორც ინვესტორის ფინანსური ანგარიშგება, თუ შეუძლებელი არ არის ამის გაკეთება. თუ შეუძლებელია ამის გაკეთება, ინვესტორმა უნდა გამოიყენოს მეკავშირე საწარმოს უახლესი ხელმისაწვდომი ანგარიშგება, მაგრამ უნდა შეიტანოს შესაბამისი კორექტირებები იმ მნიშვნელოვანი ოპერაციების ან მოვლენების შედეგების მიხედვით, რომლებიც განხორციელდა განსხვავებულ საანგარიშგებო თარიღებს შორის დროის მონაკვეთში.
(ზ) მეკავშირე საწარმოს სააღრიცხვო პოლიტიკა. თუ მეკავშირე საწარმო ინვესტორისგან განსხვავებულ სააღრიცხვო პოლიტიკას იყენებს, ინვესტორმა ინვესტიციის აღრიცხვისთვის წილობრივი მეთოდის გამოსაყენებლად უნდა დააკორექტიროს მეკავშირე საწარმოს ფინანსური ანგარიშგება, ინვესტორის სააღრიცხვო პოლიტიკის ასახვის მიზნით, თუ შეუძლებელი არ არის ამის გაკეთება.
(თ) ზარალის მეტობა ინვესტიციაზე. თუ ინვესტორის წილი მეკავშირე საწარმოს ზარალში ტოლია ან აღემატება მეკავშირე საწარმოში განხორციელებული ინვესტიციის საბალანსო ღირებულებას, ინვესტორმა შემდგომი პერიოდის ზარალში უნდა შეწყვიტოს თავისი წილის აღიარება. მას შემდეგ, რაც ინვესტორის წილი ნულამდე შემცირდება, წარმოიქმნება დამატებითი ზარალი, რომელიც ინვესტორმა უნდა აღიაროს ანარიცხის სახით (იხილეთ 21-ე განყოფილება - „ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობით აქტივები“) მხოლოდ იმ ოდენობით, რომელიც ტოლია ინვესტორის მიერ მეკავშირე საწარმოს სახელით აღებული იურიდიული ან კონსტრუქციული ვალდებულებების, ან მისი სახელით განხორციელებული გადახდების ოდენობით. თუ მეკავშირე საწარმო მოგვიანებით აღიარებს მოგებას, ინვესტორი თავის წილს მეკავშირე საწარმოს მოგებაში მას შემდეგ აღიარებს, როდესაც იგი გაუტოლდება მის წილს ზარალში, რომელიც არ აღიარებულა.
(ი) წილობრივი მეთოდის გამოყენების შეწყვეტა. ინვესტორმა წილობრივი მეთოდის გამოყენება უნდა შეაჩეროს იმ თარიღიდან, როდესაც შეწყდება მნიშვნელოვანი გავლენა მეკავშირე საწარმოზე.
(i) თუ მეკავშირე საწარმო გახდება შვილობილი საწარმო, ან ერთობლივი საქმიანობა, მაშინ ინვესტორმა თავისი ადრინდელი წილი უნდა გადააფასოს მის რეალურ ღირებულებამდე და მოგებაში ან ზარალში აღიაროს ამ შეფასების შედეგად წარმოქმნილი შემოსულობა ან ზარალი.
(ii) თუ ინვესტორი დაკარგავს მნიშვნელოვან გავლენას მეკავშირე საწარმოზე ინვესტიციის მთლიანად ან ნაწილობრივი გასხვისების შედეგად, მან უნდა შეწყვიტოს ამ მეკავშირე საწარმოს აღიარება, მაგრამ მოგებაში ან ზარალში უნდა აღიაროს ის სხვაობა, რომელიც წარმოიშობა, ერთი მხრივ, მიღებულ შემოსულობას პლუს მეკავშირე საწარმოში ნარჩენი წილის რეალურ ღირებულებასა და, მეორე მხრივ, ინვესტიციის საბალანსო ღირებულებას შორის, რომელიც მას ჰქონდა მეკავშირე საწარმოზე მნიშვნელოვანი გავლენის დაკარგვის თარიღისთვის. ამის შემდეგ, ინვესტორმა ამ საწარმოში დარჩენილი წილი უნდა აღრიცხოს მე-11 განყოფილების - „ძირითადი ფინანსური ინსტრუმენტები“ და მე-12 განყოფილების - „სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული საკითხები“ - მიხედვით, საჭიროებისამებრ.
(iii) თუ ინვესტორი დაკარგავს მნიშვნელოვან გავლენას მეკავშირე საწარმოზე, რაც გამოწვეული არ არის მისი ინვესტიციის ნაწილის გაყიდვის მიზეზით, მაშინ ინვესტორმა ინვესტიციის საბალანსო ღირებულება ამ თარიღისთვის უნდა მიიჩნიოს ინვესტიციის ღირებულების ახალ საფუძვლად და ეს ინვესტიცია ასახოს მე-11 და მე-12 განყოფილებების მიხედვით, საჭიროებისამებრ.
მეკავშირე საწარმოში განხორციელებული ინვესტიცია თავდაპირველი აღიარებისას უნდა შეფასდეს ოპერაციის (გარიგების) ფასით. გარიგების ფასში არ შედის გარიგების დანახარჯები.
ყოველი საანგარიშგებო თარიღისათვის ინვესტორმა მეკავშირე საწარმოში განხორციელებული ინვესტიცია უნდა შეაფასოს რეალური ღირებულებით, ხოლო რეალურ ღირებულებაში მომხდარი ცვლილებები აღიაროს მოგებაში ან ზარალში, 11.27–11.32 პუნქტებში რეალური ღირებულების შეფასების შესახებ მოცემული მითითებების შესაბამისად. ინვესტორმა, რომელიც იყენებს რეალური ღირებულების მოდელს, თვითღირებულების მოდელი უნდა გამოიყენოს მეკავშირე საწარმოში განხორციელებული ისეთი ინვესტიციების შესაფასებლად, რომელთა რეალური ღირებულების საიმედოდ შეფასება შეუძლებელია მიზანშეუწონელი დანახარჯების, ან ძალისხმევის გარეშე.
მეკავშირე საწარმოში განხორციელებულ ინვესტიციას ინვესტორმა უნდა მიანიჭოს გრძელვადიანი აქტივების კლასიფიკაცია.
საწარმომ უნდა გაამჟღავნოს შემდეგი ინფორმაცია: (ა) მეკავშირე საწარმოებში განხორციელებული ინვესტიციებისთვის გამოყენებული სააღრიცხვო პოლიტიკა; (ბ) მეკავშირე საწარმოებში განხორციელებული ინვესტიციების საბალანსო ღირებულება (იხ. პუნქტი 4.2 (კ)); და (გ) იმ ინვესტიციების რეალური ღირებულება, რომლებიც აღირიცხება წილობრივი მეთოდით და რომელთათვისაც არსებობს გამოქვეყნებული კოტირებული ფასები.
მეკავშირე საწარმოებში განხორციელებული ინვესტიციებისთვის, რომლებიც აღრიცხულია თვითღირებულების მოდელით, უნდა გამჟღავნდეს შემოსავლის სახით აღიარებული დივიდენდებისა და სხვა სახის განაწილებების ოდენობა.
მეკავშირე საწარმოებში განხორციელებული ინვესტიციებისთვის, რომლებიც აღრიცხულია წილობრივი მეთოდით, ინვესტორმა ცალცალკე უნდა აჩვენოს თავისი წილი ამგვარი მეკავშირე საწარმოების მოგებაში ან ზარალში და წილი ამგვარი მეკავშირე საწარმოების შეწყვეტილ ოპერაციებში
მეკავშირე საწარმოებში განხორციელებული ინვესტიციებისთვის, რომლებიც აღრიცხულია რეალური ღირებულების მოდელით, ინვესტორმა ინფორმაცია უნდა გაამჟღავნოს 11.41–11.44 პუნქტების მიხედვით. თუ ინვესტორი რომელიმე მეკავშირე საწარმოსთან მიმართებით იყენებს მიზანშეუწონელი დანახარჯების, ან ძალისხმევით განპირობებულ გამონაკლის მიდგომას, როგორც ეს აღწერილია 14.10 პუნქტში, მან ფინანსური ანგარიშგების შენიშვნებში უნდა გაამჟღავნოს თავად ეს ფაქტი, მიზეზები, რის გამოც რეალური ღირებულების შეფასებას სჭირდება მიზანშეუწონელი დანახარჯები ან ძალისხმევა, ასევე იმ მეკავშირე საწარმოებში განხორციელებული ინვესტიციების საბალანსო ღირებულებები, რომლებიც აღრიცხულია თვითღირებულების მოდელით.