ამ განყოფილებაში განსაზღვრულია, რა ინფორმაცია უნდა აისახოს ფულადი ნაკადების ანგარიშგებაში და რა სახით უნდა იყოს წარმოდგენილი ეს ინფორმაცია. ფულადი ნაკადების ანგარიშგება ასახავს ინფორმაციას საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში საწარმოს ფულად სახსრებსა და ფულადი სახსრების ეკვივალენტებში მომხდარი ცვლილებების შესახებ, რომლებიც წარმოდგენილი უნდა იყოს ცალ-ცალკე, საოპერაციო საქმიანობის, საინვესტიციო საქმიანობისა და საფინანსო საქმიანობის მიხედვით
ფულადი სახსრების ეკვივალენტები მოკლევადიანი, მაღალლიკვიდური ინვესტიციებია, რომლებიც ადვილად გარდაიქმნება ფულადი სახსრების ცნობილ რაოდენობად და მათი ღირებულება ცვლილების უმნიშვნელო რისკს ექვემდებარება. ისინი გამიზნულია მოკლევადიან ფულად ვალდებულებათა შესასრულებლად და არა ინვესტირების ან სხვა მიზნებისათვის. აქედან გამომდინარე, ინვესტიცია, როგორც წესი, ფულადი სახსრების ეკვივალენტად მხოლოდ მაშინ კლასიფიცირდება, თუ მისი დაფარვის ვადა მცირეა, მაგალითად შესყიდვის თარიღიდან სამი თვე, ან უფრო ნაკლები. ბანკის ოვერდრაფტი, როგორც წესი, მიიჩნევა საფინანსო საქმიანობად, ისევე როგორც სესხი. თუმცა, თუ ბანკის ოვერდრაფტი მოთხოვნისთანავე დაფარვადია და იგი წარმოადგენს საწარმოს ფულადი სახსრების მართვის პროცესის განუყოფელ ნაწილს, მაშინ ბანკის ოვერდრაფტი მიიჩნევა ფულადი სახსრებისა და ფულადი სახსრების ეკვივალენტების კომპონენტად.
საწარმომ უნდა წარადგინოს ფულადი ნაკადების ანგარიშგება, სადაც აისახება საანგარიშგებო პერიოდის ფულადი ნაკადები, რომლებიც დაჯგუფებული იქნება საოპერაციო, საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობის მიხედვით
საოპერაციო საქმიანობა საწარმოს ძირითადი შემოსავლების მომტანი საქმიანობაა. მაშასადამე, საოპერაციო საქმიანობის ფულადი ნაკადები, საზოგადოდ, წარმოიშობა ისეთი სამეურნეო ოპერაციებისა და სხვა მოვლენებისა და გარემოებების შედეგად, რომლებიც გაითვალისწინება მოგების ან ზარალის განსაზღვრისას. საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი ნაკადების მაგალითებია:
(ა) საქონლის გაყიდვიდან და მომსახურების გაწევიდან მიღებული ფულადი სახსრები;
(ბ) როიალტების, ჰონორარების, საკომისიო გადასახდელების სახით მიღებული ფულადი სახსრები და სხვა ამონაგები;
(გ) საქონლისა და მომსახურების მომწოდებელთათვის გადახდილი ფულადი სახსრები;
(დ) დაქირავებულ პირთათვის და მათი სახელით გადახდილი ფულადი სახსრები;
(ე) მოგების გადასახადთან დაკავშირებული ფულადი სახსრების გადახდა ან დაბრუნება, თუ შეუძლებელია მათი უშუალოდ მიკუთვნება საფინანსო და საინვესტიციო საქმიანობაზე; და
(ვ) საბირჟო ოპერაციების საწარმოებლად, ან სავაჭრო მიზნით დადებული საინვესტიციო, სასესხო და სხვა ხელშეკრულებების ფარგლებში მიღებული და გადახდილი ფულადი სახსრები, რომლებიც სპეციალურად გასაყიდად შეძენილი მარაგის მსგავსია.
ზოგიერთმა სამეურნეო ოპერაციამ, როგორიცაა, მაგალითად პროდუქციის მწარმოებელი საწარმოს მიერ რომელიმე ძირითადი საშუალების გაყიდვა, შეიძლება გამოიწვიოს შემოსულობა ან ზარალი, რაც აისახება მოგებაში ან ზარალში. მიუხედავად ამისა, ამგვარ ოპერაციებთან დაკავშირებული ფულადი ნაკადები მიიჩნევა საინვესტიციო საქმიანობიდან შემოსულ ფულად ნაკადებად.
საინვესტიციო საქმიანობა მოიცავს გრძელვადიანი აქტივებისა და სხვა ისეთი ინვესტიციების შეძენასა და გასვლას, რომლებიც არ შედის ფულადი სახსრების ეკვივალენტების შემადგენლობაში. საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი ნაკადების მაგალითებია:
(ა) ძირითადი საშუალებების (მათ შორის, საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალებების), არამატერიალური და სხვა გრძელვადიანი აქტივების შესაძენად გადახდილი ფულადი სახსრები;
(ბ) ძირითადი საშუალებების, არამატერიალური და სხვა გრძელვადიანი აქტივების გაყიდვიდან მიღებული ფულადი სახსრები;
(გ) სხვა საწარმოების წილობრივი ან სავალო ინსტრუმენტებისა და ერთობლივი საქმიანობის წილის შესაძენად გადახდილი ფულადი სახსრები (ისეთი ინსტრუმენტებისთვის გადახდილი ფულადი სახსრების გარდა, რომლებიც კლასიფიცირებულია ფულადი სახსრების ეკვივალენტებად, ან შეძენილია კომერციული გარიგების, ან სავაჭრო მიზნით);
(დ) სხვა საწარმოების წილობრივი ან სავალო ინსტრუმენტებისა და ერთობლივი საქმიანობის წილის გაყიდვიდან მიღებული ფულადი სახსრები (ისეთი ინსტრუმენტებიდან მიღებული ფულადი სახსრების გარდა, რომლებიც კლასიფიცირებულია ფულადი სახსრების ეკვივალენტებად, ან შეძენილი იყო საბირჟო ოპერაციების საწარმოებლად ან სავაჭრო მიზნით);
(ე) სხვა მხარეებზე გაცემული ფულადი სახსრები, ავანსის ან სესხის სახით;
(ვ) სხვა მხარეზე გაცემული ავანსებისა და სესხების დაბრუნების შედეგად მიღებული ფულადი სახსრები;
(ზ) ფიუჩერსული, ფორვარდული, ოფციონებისა და სვოპის ხელშეკრულებებისთვის გადახდილი ფულადი სახსრები, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ხელშეკრულებები გამიზნულია საბირჟო ოპერაციების საწარმოებლად ან სავაჭრო მიზნით, ან მათთვის ანგარიშსწორება კლასიფიცირებულია, როგორც საფინანსო საქმიანობა; და
(თ) ფიუჩერსული, ფორვარდული, ოფციონებისა და სვოპის ხელშეკრულებების ფარგლებში მიღებული ფულადი სახსრები, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ხელშეკრულებები გამიზნულია საბირჟო ოპერაციების საწარმოებლად ან სავაჭრო მიზნით, ან მათთვის ანგარიშსწორება კლასიფიცირებულია, როგორც საფინანსო საქმიანობა.
იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება ბუღალტრულად აისახება, როგორც ჰეჯირება (იხ. მე-12 განყოფილება - „სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული საკითხები“), მაშინ ასეთ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ფულადი ნაკადები კლასიფიცირდება იმავე წესით, როგორც ჰეჯირებულ მუხლთან დაკავშირებული ფულადი ნაკადები
საფინანსო საქმიანობა ისეთი საქმიანობაა, რომლის შედეგად რაოდენობრივად და სტრუქტურულად იცვლება საწარმოს საკუთარი კაპიტალი და ნასესხები სახსრები. საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი ნაკადების მაგალითებია:
(ა) აქციებისა და სხვა წილობრივი ინსტრუმენტების გამოშვების შედეგად საწარმოში შემოსული ფულადი სახსრები;
(ბ) მესაკუთრეთათვის გადახდილი ფულადი სახსრები, საწარმოს აქციების შესაძენად ან გამოსყიდვის მიზნით;
(გ) სავალო ფასიანი ქაღალდების, სესხების, თამასუქების, ობლიგაციების, იპოთეკური კრედიტებისა და სხვა მოკლევადიანი ან გრძელვადიანი სესხების გამოშვების შედეგად საწარმოში შემოსული ფულადი სახსრები;
(დ) ნასესხები სახსრების დასაფარად გადახდილი ფულადი სახსრები; და
(ე) მოიჯარის მიერ ფინანსურ იჯარასთან დაკავშირებული დაუფარავი ვალდებულების შესამცირებლად გადახდილი ფულადი სახსრები.
საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი ნაკადები საწარმომ უნდა წარადგინოს:
(ა) არაპირდაპირი მეთოდით, რომლის მიხედვითაც მოგება ან ზარალი კორექტირდება არაფულადი ოპერაციების შედეგებით, წარსული ან მომავალი პერიოდის საოპერაციო შემოსავლებისა და გადახდების გადავადების ან დარიცხვების გათვალისწინებით, აგრეთვე იმ შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, რომლებიც დაკავშირებულია საინვესტიციო ან საფინანსო საქმიანობის ფულად ნაკადებთან; ან
(ბ) პირდაპირი მეთოდით, რომლის დროსაც ნაჩვენები იქნება მთლიანი შემოსული და გასული ფულადი ნაკადები ძირითადი კატეგორიების მიხედვით.
არაპირდაპირი მეთოდის მიხედვით, საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული წმინდა ფულადი ნაკადები განისაზღვრება მოგებისა და ზარალის კორექტირებით, შემდეგი მუხლების საფუძველზე:
(ა) მარაგსა და საოპერაციო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ მოთხოვნებსა და ვალდებულებებში საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში მომხდარი ცვლილებები;
(ბ) არაფულადი მუხლები, როგორიცაა: ცვეთა, ანარიცხები, გადავადებული გადასახადი, დარიცხული შემოსავლები (ხარჯები), რომლებიც არ არის მიღებული (გადახდილი), საკურსო სხვაობებიდან წარმოქმნილი არარეალიზებული შემოსულობები და ზარალი, მეკავშირე საწარმოების გაუნაწილებელი მოგება, ასევე არამაკონტროლებელი წილები; და
(გ) ყველა სხვა მუხლი, რომელიც გვიჩვენებს საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფულად ნაკადებს.
პირდაპირი მეთოდის თანახმად, საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული წმინდა ფულადი ნაკადების წარდგენა ხდება ინფორმაციის გამჟღავნებით მთლიანად მიღებული ან მთლიანად გაცემული ფულადი სახსრების ძირითადი კატეგორიების შესახებ. ამგვარი ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია:
(ა) საწარმოს საბუღალტრო წიგნებიდან; ან
(ბ) სრული შემოსავლის ანგარიშგებაში (ან მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში, მისი წარდგენის შემთხვევაში) ასახული გაყიდვების, გაყიდული საქონლის თვითღირებულებისა და სხვა მუხლების კორექტირების საფუძველზე, შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
(i) მარაგსა და საოპერაციო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ მოთხოვნებსა და ვალდებულებებში საანგარიშგებო პერიოდში მომხდარი ცვლილებები;
(ii) სხვა არაფულადი მუხლები; და
(iii) სხვა მუხლები, რომლებიც გვიჩვენებს საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფულად ნაკადებს.
საწარმომ ცალ-ცალკე უნდა წარადგინოს საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებით შემოსული და გასული მთლიანი ფულადი ნაკადები, ძირითადი კატეგორიების მიხედვით. შვილობილი საწარმოებისა და სხვა ეკონომიკური სუბიექტების შესყიდვიდან ან გაყიდვიდან წარმოქმნილი ჯამური ფულადი ნაკადები ცალკე უნდა აისახოს და კლასიფიცირდეს, როგორც საინვესტიციო საქმიანობა.
საწარმომ უცხოური ვალუტით განხორციელებულ სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებული ფულადი ნაკადები უნდა ასახოს საწარმოს სამუშაო ვალუტაში; უცხოურ ვალუტაში გამოსახული თანხების გადასაყვანად უნდა გამოიყენოს საწარმოს სამუშაო ვალუტასა და უცხოურ ვალუტას შორის გასაცვლელი სავალუტო კურსი, ფულადი სახსრების მოძრაობის თარიღისთვის. 30.19 პუნქტში ახსნილია, როდის არის შესაძლებელი ფაქტობრივ სავალუტო კურსთან მიახლოებული სავალუტო კურსის გამოყენება.
საწარმომ უცხოური შვილობილი საწარმოს ფულადი ნაკადები სამუშაო ვალუტაში უნდა გადაიყვანოს საწარმოს სამუშაო ვალუტასა და უცხოურ ვალუტას შორის გასაცვლელი სავალუტო კურსით, ფულადი სახსრების მოძრაობის თარიღებისთვის.
სავალუტო კურსების ცვლილების შედეგად წარმოქმნილი არარეალიზებული შემოსულობა ან ზარალი არ მიიჩნევა ფულად ნაკადად. თუმცა, საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისში და დასასრულისთვის არსებული ფულადი სახსრებისა და ფულადი სახსრების ეკვივალენტების შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ფულადი ნაკადების ანგარიშგებაში აისახება საკურსო სხვაობის გავლენა უცხოურ ვალუტაში არსებულ, ან გადასახდელ ფულად სახსრებსა და ფულადი სახსრების ეკვივალენტებზე. მაშასადამე, საწარმომ საანგარიშგებო პერიოდში ფლობილი ფულადი სახსრები და ფულადი სახსრების ეკვივალენტები (როგორიცაა, უცხოურ ვალუტაში არსებული თანხები და უცხოურ ვალუტაში გამოსახული საბანკო ნაშთები) უნდა გადაიანგარიშოს პერიოდის ბოლოს დაფიქსირებული სავალუტო კურსით. ამგვარი გადაანგარიშების შედეგად წარმოქმნილი არარეალიზებული შემოსულობა ან ზარალი უნდა წარადგინოს საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობიდან წარმოქმნილი ფულადი ნაკადებისგან განცალკევებით.
საწარმომ ცალ-ცალკე უნდა წარადგინოს პროცენტებისა და დივიდენდების სახით მიღებული და გაცემული ფულადი ნაკადები. ამგვარი ფულადი ნაკადები წლების მანძილზე უცვლელად უნდა იყოს კლასიფიცირებული როგორც საოპერაციო, საინვესტიციო ან საფინანსო საქმიანობა.
საწარმოს უფლება აქვს, გადახდილ პროცენტებს, ასევე მიღებულ პროცენტებსა და დივიდენდებს მიანიჭოს საოპერაციო ფულადი ნაკადების კლასიფიკაცია, რადგან ისინი მონაწილეობს მოგების ან ზარალის განსაზღვრაში. მეორე მხრივ, გადახდილი პროცენტების, მიღებული პროცენტებისა და დივიდენდების კლასიფიცირება შესაძლებელია, როგორც საფინანსო და საინვესტიციო ფულადი ნაკადები, შესაბამისად, რადგან ამგვარი ფულადი ნაკადები ფინანსური რესურსების მოზიდვის დანახარჯებია, ან ინვესტიციებიდან მიღებული უკუგება.
საწარმოს უფლება აქვს, გაცემულ დივიდენდებს მიანიჭოს საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი ნაკადის კლასიფიკაცია, რადგან ამგვარი ფულადი ნაკადები ფინანსური რესურსების მოზიდვის დანახარჯებია. მეორე მხრივ, გაცემული დივიდენდები ასევე შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი ნაკადების კომპონენტი, რადგან დივიდენდები გაიცემა საოპერაციო ფულადი ნაკადებიდან.
საწარმომ ცალკე უნდა წარადგინოს მოგების გადასახადთან დაკავშირებული ფულადი ნაკადები, რომელიც კლასიფიცირებული იქნება, როგორც საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი ნაკადები, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც შესაძლებელია მათი უშუალოდ მიკუთვნება საფინანსო ან საინვესტიციო საქმიანობაზე. როდესაც საგადასახადო ფულადი ნაკადები განაწილებულია ერთზე მეტი სახეობის საქმიანობაზე, საწარმომ უნდა გაამჟღავნოს გადახდილი გადასახადების მთლიანი თანხა.
ფულადი ნაკადების ანგარიშგებაში საწარმომ არ უნდა ასახოს ისეთი საინვესტიციო და საფინანსო ოპერაციები, რომელთა განხორციელება არ საჭიროებს ფულად სახსრებს ან ფულადი სახსრების ეკვივალენტებს. ამგვარი ოპერაციები საწარმომ უნდა ასახოს ფინანსური ანგარიშგების რომელიმე სხვა ნაწილში ისე, რომ მომხმარებელმა მიიღოს ყველანაირი შესაფერისი ინფორმაცია ამ საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობის შესახებ.
საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობის დიდი ნაწილი უშუალო გავლენას არ ახდენს მიმდინარე ფულად ნაკადებზე, თუმცა ზემოქმედებს საწარმოს კაპიტალისა და აქტივების სტრუქტურაზე. არაფულადი ოპერაციების ამოღება ფულადი ნაკადების ანგარიშგებიდან შეესაბამება ფულადი ნაკადების ანგარიშგების მიზანს, რადგან ამგვარი მუხლები არ მოიცავს მიმდინარე პერიოდის ფულად ნაკადებს. არაფულადი ოპერაციების მაგალითებია:
(ა) აქტივების შეძენა მათ შეძენასთან უშუალოდ დაკავშირებული ვალდებულებების აღებით, ან ფინანსური იჯარის მეშვეობით;
(ბ) საწარმოს შეძენა წილობრივი ინსტრუმენტების ემისიით; და
(გ) სავალო ვალდებულებების კონვერტაცია საკუთარ კაპიტალად.
საწარმომ უნდა აჩვენოს ფულადი სახსრებისა და ფულადი სახსრების ეკვივალენტების კომპონენტები და ფულადი ნაკადების ანგარიშგებაში წარმოდგენილი თანხების შეჯერება ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში ასახულ ეკვივალენტურ მუხლებთან. თუმცა, საწარმოს არ მოეთხოვება ამგვარი შეჯერების წარმოდგენა, თუ ფულადი ნაკადების ანგარიშგებაში ასახული ფულადი სახსრებისა და ფულადი სახსრების ეკვივალენტების თანხა იდენტურია იმ თანხის, რომელიც ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში ნაჩვენებია ანალოგიური სახელწოდებით.
საწარმომ, ხელმძღვანელობის კომენტარებთან ერთად, უნდა გაამჟღავნოს ფულადი სახსრებისა და ფულადი სახსრების ეკვივალენტების მნიშვნელოვანი ნაშთები, რომლებიც საწარმოს ეკუთვნის, მაგრამ მათი გამოყენება საწარმოს არ შეუძლია. შესაძლებელია, საწარმოს არ შეეძლოს კუთვნილი ფულადი სახსრებისა და ფულადი სახსრების ეკვივალენტების გამოყენება, რისი მიზეზიც, სხვასთან ერთად, შეიძლება იყოს უცხოური ვალუტის გაცვლის კონტროლი ან სხვა საკანონმდებლო შეზღუდვები.