ეს განყოფილება არეგულირებს აქციებზე დაფუძნებული ყველანაირი გადახდის ოპერაციების ბუღალტრულ აღრიცხვას, მათ შორის: აქციებზე დაფუძნებულ გადახდის ოპერაციებს, რომლებიც ანგარიშსწორებას ითვალისწინებს წილობრივი ინსტრუმენტებით ან ფულადი სახსრებით, ან ოპერაციებს, რომელთა პირობები საწარმოს ანიჭებს არჩევანის უფლებას – ფულადი სახსრებით (ან სხვა აქტივებით) გადაიხდის ამ ოპერაციისთვის, თუ წილობრივი ინსტრუმენტების გამოშვებით.
აქციებზე დაფუძნებული გადახდის ოპერაციისთვის ანგარიშსწორება შეიძლება განხორციელდეს ჯგუფის სხვა საწარმოს მიერ (ან ჯგუფის რომელიმე საწარმოს აქციონერის მიერ) იმ საწარმოს სახელით, რომელიც იღებს საქონელს ან მომსახურებას. წინამდებარე განყოფილება ასევე ეხება იმ საწარმოსაც:
(ა) რომელიც იღებს საქონელს ან მომსახურებას და იმავე ჯგუფის სხვა საწარმოს (ან ჯგუფის რომელიმე საწარმოს აქციონერს) გააჩნია აქციებზე დაფუძნებული გადახდის ოპერაციის ანგარიშსწორების ვალდებულება; ან
(ბ) რომელსაც გააჩნია აქციებზე დაფუძნებული გადახდის ოპერაციისთვის ანგარიშსწორების ვალდებულება და იმავე ჯგუფის სხვა საწარმო იღებს საქონელს ან მომსახურებას.
იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ეს ოპერაცია აშკარად არ ემსახურება საწარმოსათვის მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ანაზღაურების მიზანს.
თუ არ არსებობს კონკრეტულად იდენტიფიცირებადი საქონელი ან მომსახურება, შეიძლება სხვა გარემოებები მიანიშნებდეს, რომ საწარმომ მიიღო (ან მიიღებს) საქონელი ან მომსახურება, რა შემთხვევაშიც საწარმო გამოიყენებს წინამდებარე განყოფილებას (იხ. პუნქტი 26.7)
აქციებზე დაფუძნებული გადახდის ოპერაცია, ფულადი სახსრებით ანგარიშსწორებით მოიცავს სარგებლის მიღების უფლებას აქციის ფასის ზრდიდან. მაგალითად, საწარმომ შეიძლება დაქირავებულ პირებს მიანიჭოს აქციის ფასის ზრდიდან სარგებლის მიღების უფლება, როგორც მათი ანაზღაურების პაკეტის შემადგენელი ნაწილი, რის შედეგადაც დაქირავებული პირები უფლებამოსილნი ხდებიან, მომავალში ანაზღაურება მიიღონ ფულადი სახსრებით (და არა წილობრივი ინსტრუმენტებით), წინასწარგანსაზღვრულ პერიოდში საწარმოს აქციების ფასის ზრდის საფუძველზე აქციის ფასის გარკვეულ დონესთან შედარებით. ასევე, საწარმოს შეუძლია დაქირავებულ პირებს მომავალში ფულადი სახსრებით ანაზღაურების მიღების უფლება მიანიჭოს საწარმოს აქციების მიღებაზე უფლების მინიჭებით (მათ შორის, აქციებზე, რომლებიც გამოშვებული იქნება აქციის ოფციონების გამოსაყენებლად), რომლებიც გამოსყიდვას ექვემდებარება ან სავალდებულოდ (მაგალითად, თანამშრომლობის შეწყვეტისას), ან დაქირავებული პირის სურვილისამებრ.
საწარმომ აქციებზე დაფუძნებული გადახდის ოპერაციის შედეგად მიღებული ან შეძენილი საქონელი ან მომსახურება უნდა აღიაროს მაშინ, როდესაც მიიღებს ამ საქონელს ან მომსახურებას. საწარმომ უნდა აღიაროს შესაბამისი ზრდა საკუთარ კაპიტალში, თუ საქონელი ან მომსახურება მიიღო აქციებზე დაფუძნებული გადახდის ოპერაციის შედეგად, რომელიც ანგარიშსწორებას ითვალისწინებს წილობრივი ინსტრუმენტებით; ან ვალდებულება, თუ საქონელი ან მომსახურება შეძენილია აქციებზე დაფუძნებული გადახდის ოპერაციის შედეგად, რომელიც ანგარიშსწორებას ითვალისწინებს ფულადი სახსრებით.
როდესაც აქციებზე დაფუძნებული გადახდის ოპერაციის შედეგად მიღებული ან შეძენილი საქონელი ან მომსახურება არ აკმაყოფილებს აქტივებად აღიარების კრიტერიუმებს, საწარმომ ისინი უნდა აღიაროს როგორც ხარჯი.
თუ დაქირავებულ პირთათვის მინიჭებული, აქციებზე დაფუძნებული გადახდის უფლებების გადაცემა დაუყოვნებლივ ხდება, დაქირავებულ პირს არ მოეთხოვება მომსახურების გარკვეული პერიოდის დასრულება, აქციებზე დაფუძნებულ გადახდაზე უპირობო უფლების მიღებამდე. თუ არ არსებობს საპირისპირო მტკიცებულებები, საწარმომ უნდა მიიჩნიოს, რომ მიიღო მომსახურება, რომელიც დაქირავებულმა პირმა გასწია აქციებზე დაფუძნებული გადახდის ასანაზღაურებლად. ამ შემთხვევაში, საწარმომ აქციებზე დაფუძნებულ გადახდაზე უფლების მინიჭების თარიღით სრულად უნდა აღიაროს მიღებული მომსახურება და ასევე უნდა აღიაროს საკუთარი კაპიტალის ან ვალდებულებების შესაბამისი ზრდა.
თუ აქციებზე დაფუძნებული გადახდის უფლება დაქირავებულ პირს არ გადაეცემა მანამ, სანამ ის არ დაასრულებს მომსახურების გაწევის დათქმულ პერიოდს, საწარმომ უნდა მიიჩნიოს, რომ მომავალში, უფლების გადაცემის პერიოდის განმავლობაში, მიიღებს იმ მომსახურებას, რომელიც მეორე მხარემ უნდა გასწიოს აქციებზე დაფუძნებული გადახდის ანაზღაურების სახით. საწარმომ ეს მომსახურება უნდა ასახოს უფლების გადაცემის პერიოდში, როდესაც დაქირავებული პირი გასწევს მომსახურებას და ასევე უნდა აღიაროს საკუთარი კაპიტალის ან ვალდებულებების შესაბამისი ზრდა.
აქციებზე დაფუძნებული გადახდის ოპერაციებისთვის, რომლებიც წილობრივი ინსტრუმენტებით ანგარიშსწორებას ითვალისწინებს, საწარმომ მიღებული საქონელი ან მომსახურება და საკუთარი კაპიტალის შესაბამისი ზრდა უნდა შეაფასოს მიღებული საქონლის ან მომსახურების რეალური ღირებულებით, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც რეალური ღირებულების საიმედოდ შეფასება შეუძლებელია. თუ მიღებული საქონლის ან მომსახურების რეალური ღირებულების საიმედოდ შეფასება შეუძლებელია, საწარმომ მათი ღირებულება და საკუთარი კაპიტალის შესაბამისი ზრდა უნდა შეაფასოს გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების რეალური ღირებულების მიხედვით. იმისათვის, რომ საწარმომ დაქირავებულ პირებთან ან მსგავსი მომსახურების გამწევ სხვა პირებთან მიმართებაში გამოიყენოს ეს მოთხოვნა, მან მიღებული მომსახურების რეალური ღირებულება უნდა შეაფასოს გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების რეალური ღირებულებით, რადგან, როგორც წესი, მიღებული მომსახურების რეალური ღირებულების საიმედოდ შეფასება შეუძლებელია.
დაქირავებულ პირებთან (მათ შორის, მსგავსი მომსახურების გამწევ სხვა პირებთან) დაკავშირებული ოპერაციებისთვის, საწარმომ წილობრივი ინსტრუმენტების რეალური ღირებულება უნდა შეაფასოს აქციებზე დაფუძნებულ გადახდაზე უფლების მინიჭების თარიღისთვის. დაქირავებულ პირთა გარდა სხვა მხარეებთან განხორციელებული ოპერაციის დროს, შეფასების თარიღად მიიჩნევა თარიღი, როდესაც საწარმო იღებს საქონელს, ან მეორე მხარე გასწევს მომსახურებას.
დაქირავებულ პირთათვის წილობრივი ინსტრუმენტების გამოყოფა შესაძლოა ატარებდეს პირობით ხასიათს და დამოკიდებული იყოს უფლების გადაცემის დათქმული პირობების შესრულებაზე, რომლებიც დაკავშირებულია დაქირავებული პირის მიერ მომსახურების გაწევასთან, ან საწარმოს საქმიანობის გარკვეული მაჩვენებლების მიღწევასთან. მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული უფლების გადაცემის პირობის მაგალითია, როდესაც დაქირავებული პირებისთვის აქციების ან აქციის ოფციონების გადაცემა პირობითია, იმ თვალსაზრისით, რომ მოითხოვს წინასწარ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში დაქირავებული პირის საწარმოში სამუშაოდ დარჩენას. საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული უფლების გადაცემის პირობის მაგალითია, როდესაც დაქირავებული პირებისთვის აქციების ან აქციის ოფციონების გადაცემა პირობითია, იმ თვალსაზრისით, რომ გულისხმობს წინასწარგანსაზღვრული პერიოდის განმავლობაში საწარმოსთვის მომსახურების გაწევას და ამავე დროს საწარმოს მოგების მაჩვენებლების დათქმული ოდენობით ზრდის მიღწევას (უფლების გადაცემის არასაბაზრო პირობა), ან საწარმოს აქციის ფასის დათქმული დონით ზრდას (უფლების გადაცემის საბაზრო პირობა). უფლების გადაცემის პირობები აისახება შემდეგნაირად:
(ა) უფლების გადაცემის ყველა პირობა, რომელიც დაკავშირებულია დაქირავებული პირის მომსახურების, ან საწარმოს საქმიანობის ამა თუ იმ მაჩვენებლის მიღწევის არასაბაზრო პირობასთან, გათვალისწინებულ უნდა იქნეს იმ წილობრივი ინსტრუმენტების რაოდენობის შეფასების დროს, რომლის გადაცემაც მოსალოდნელია. შემდგომში, საწარმომ უნდა შეასწოროს ეს შეფასება, თუ ახალი ინფორმაცია იმაზე მიანიშნებს, რომ წილობრივი ინსტრუმენტების რაოდენობა, რომლის გადაცემაც მოსალოდნელია, განსხვავდება თავდაპირველად შეფასებული რაოდენობისგან. უფლების გადაცემის თარიღისთვის, საწარმომ უნდა შეასწოროს აღნიშნული შეფასება, რათა გაუტოლოს ფაქტობრივად გადაცემული წილობრივი ინსტრუმენტების რაოდენობას. უფლების გადაცემის პირობები, რომლებიც დაკავშირებულია დაქირავებული პირის მომსახურების, ან საწარმოს საქმიანობის ამა თუ იმ მაჩვენებლის მიღწევის არასაბაზრო პირობასთან, საწარმომ არ უნდა გაითვალისწინოს აქციების, აქციის ოფციონების ან სხვა წილობრივი ინსტრუმენტების რეალური ღირებულების შეფასებისას, შეფასების თარიღისთვის;
(ბ) როდესაც ადგენს აქციების, აქციის ოფციონების ან სხვა წილობრივი ინსტრუმენტების რეალურ ღირებულებას შეფასების თარიღისთვის, საწარმომ უნდა გაითვალისწინოს უფლების გადაცემის ყველა საბაზრო პირობა და ყველა სხვა პირობა, რომელიც არ არის უფლების გადაცემის პირობა და შემდგომში ეს შეფასება არ უნდა დააკორექტიროს, მიუხედავად საბაზრო პირობის, ან სხვა პირობის შედეგისა, რომელიც არ არის უფლების გადაცემის პირობა, თუკი უფლების გადაცემის ყველა სხვა პირობა დაკმაყოფილებულია.
საწარმომ აქციებისა და შესაბამისი საქონლისა და მომსახურების რეალური ღირებულება უნდა შეაფასოს შემდეგი სამსაფეხურიანი იერარქიული პრინციპის მიხედვით:
(ა) თუ გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტისთვის არსებობს დაკვირვებადი (ემპირიული) საბაზრო ფასი - ამ ფასის გამოყენებით;
(ბ) თუ საბაზრო ფასი ხელმისაწვდომი არ არის, მაშინ გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების რეალური ღირებულების შესაფასებლად გამოიყენება ბაზრის გამოკვლევის მონაცემები, რომლებიც კონკრეტულად საწარმოს ეხება, როგორიცაა:
(i) საწარმოს აქციებთან დაკავშირებული უკანასკნელი ოპერაცია; ან
(ii) დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ უკანასკნელად დადგენილი საწარმოს, ან მისი ძირითადი აქტივების რეალური ღირებულება;
(გ) თუ საბაზრო ფასი ხელმისაწვდომი არაა და რეალური ღირებულების საიმედო შეფასების განსაზღვრა (ბ) პუნქტის მიხედვითაც შეუძლებელია, საწარმომ არაპირდაპირ უნდა შეაფასოს აქციების რეალური ღირებულება, შეფასების რომელიმე მეთოდის გამოყენებით, რომელიც ისეთ საბაზრო მონაცემებს ეყრდნობა, რომლებიც ყველაზე მეტად მისაღებია იმის დასადგენად – რა იქნებოდა ამ წილობრივი ინსტრუმენტების ფასი აქციებზე დაფუძნებულ გადახდაზე უფლების მინიჭების თარიღისათვის, საქმის მცოდნე და გარიგების მსურველ მხარეებს შორის „გაშლილი ხელის მანძილის“ პრინციპით შესრულებულ გარიგებაში. დირექტორებმა მსჯელობის საფუძველზე უნდა შეარჩიონ ყველაზე შესაფერისი მეთოდი რეალური ღირებულების შესაფასებლად. გამოყენებული შეფასების მეთოდი შესაბამისობაში უნდა იყოს წილობრივი ინსტრუმენტების შეფასებისთვის გამოყენებულ საყოველთაოდ აღიარებულ მეთოდოლოგიასთან.
საწარმომ აქციის ოფციონებისა და აქციის ფასის ზრდით განპირობებული სარგებლის მიღების უფლების (და შესაბამისი საქონლის, ან მომსახურების) რეალური ღირებულება აქციებზე დაფუძნებულ გადახდის ოპერაციაში, რომელიც წილობრივი ინსტრუმენტებით
ანგარიშსწორებას ითვალისწინებს, უნდა შეაფასოს შემდეგი სამსაფეხურიანი იერარქიული პრინციპის მიხედვით:
(ა) თუ გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტისთვის არსებობს დაკვირვებადი (ემპირიული) საბაზრო ფასი - ამ ფასის გამოყენებით;
(ბ) თუ საბაზრო ფასი ხელმისაწვდომი არ არის, მაშინ აქციის ოფციონებისა და აქციის ფასის ზრდით განპირობებული სარგებლის მიღების უფლებების რეალური ღირებულება საწარმომ უნდა შეაფასოს ბაზრის გამოკვლევის მონაცემების საფუძველზე, რომლებიც კონკრეტულად საწარმოს ეხება, როგორიცაა, მაგალითად საწარმოს აქციის ოფციონებთან დაკავშირებული უკანასკნელი ოპერაცია;
(გ) თუ საბაზრო ფასი ხელმისაწვდომი არაა და რეალური ღირებულების საიმედო შეფასების განსაზღვრა (ბ) პუნქტის მიხედვითაც შეუძლებელია, საწარმომ არაპირდაპირ უნდა შეაფასოს აქციის ოფციონების, ან აქციის ფასის ზრდით განპირობებული სარგებლის მიღების უფლებების რეალური ღირებულება, ოფციონის შეფასების მოდელის გამოყენებით. ამ მოდელის შემავალი ინფორმაცია (როგორიცაა, აქციის საშუალო შეწონილი ფასი, ოფციონის გამოყენების (აღსრულების) ფასი, მოსალოდნელი ცვალებადობა, ოფციონის მოქმედების ვადა, მოსალოდნელი დივიდენდები და ურისკო საპროცენტო განაკვეთი), შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად უნდა ეყრდნობოდეს საბაზრო მონაცემებს. 26.10 პუნქტში მოცემულია მითითებები აქციების რეალური ღირებულების განსაზღვრის შესახებ, რომელიც გამოიყენება აქციის საშუალო შეწონილი ფასის დასადგენად. საწარმომ მოსალოდნელი ცვალებადობა უნდა შეაფასოს შეფასების ისეთი მეთოდოლოგიის შესაბამისად, რომელიც გამოიყენება აქციების რეალური ღირებულების დასადგენად.
საწარმომ შეიძლება იმგვარად შეცვალოს წილობრივი ინსტრუმენტების გადაცემის ვადები და პირობები, რომ ეს დაქირავებული პირისთვის უფრო ხელსაყრელი იყოს (მაგალითად, შეამციროს ოფციონის გამოყენების ფასი ან უფლების გადაცემის პერიოდი, ან შეცვალოს ან გააუქმოს საქმიანობის რომელიმე პირობა). მეორე მხრივ, საწარმომ შეიძლება იმგვარად შეცვალოს ზემოაღნიშნული ვადები და პირობები, რომ ეს სასარგებლო არ იყოს დაქირავებული პირისთვის, მაგალითად გაზარდოს უფლების გადაცემის პერიოდი ან დაამატოს საქმიანობის პირობა. საწარმომ უფლების გადაცემის შეცვლილი პირობები აქციებზე დაფუძნებული გადახდის ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვისას უნდა გაითვალისწინოს შემდეგნაირად:
(ა) თუ პირობის შეცვლის შედეგად იზრდება გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების რეალური ღირებულება, რომელიც შეფასებულია უშუალოდ პირობის შეცვლამდე და შეცვლის შემდეგ (ან იზრდება გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების რაოდენობა), საწარმომ გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების ნაზარდი რეალური ღირებულება უნდა ასახოს იმ თანხის შეფასებაში, რომელიც აღიარდება გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების ანაზღაურების სახით მიღებულ მომსახურებასთან დაკავშირებით. გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების ნაზარდი რეალური ღირებულება არის სხვაობა შეცვლილი წილობრივი ინსტრუმენტის რეალურ ღირებულებასა და თავდაპირველი წილობრივი ინსტრუმენტის რეალურ ღირებულებას შორის, რომელთაგან თითოეული შეფასებულია პირობის შეცვლის თარიღისთვის. თუ პირობის შეცვლა განხორციელდა უფლების გადაცემის პერიოდში, ნაზარდი რეალური ღირებულება აისახება იმ თანხის შეფასებაში, რომელიც აღიარდა საწარმოს მიერ მიღებულ მომსახურებასთან დაკავშირებით, პირობის შეცვლის თარიღიდან შეცვლილი წილობრივი ინსტრუმენტების გადაცემის თარიღამდე პერიოდის განმავლობაში, გარდა იმისა, რომ უფლების გადაცემის თავდაპირველი პერიოდის დარჩენილი ნაწილის განმავლობაში აღიარდება თანხა, რომელიც ეყრდნობა აქციებზე დაფუძნებულ გადახდაზე უფლების მინიჭების თარიღისთვის განსაზღვრულ თავდაპირველი წილობრივი ინსტრუმენტების რეალურ ღირებულებას;
(ბ) თუ ცვლილების შედეგად მცირდება აქციებზე დაფუძნებული გადახდის შეთანხმების მთლიანი რეალური ღირებულება, ან ცვლილება სხვა მხრივ აშკარად არ არის ხელსაყრელი დაქირავებული პირისთვის, საწარმომ გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების ანაზღაურების სახით მიღებული მომსახურების ბუღალტრული აღრიცხვა ისე უნდა გააგრძელოს, თითქოს ცვლილება არ მომხდარა.
ამ პუნქტების მოთხოვნები ჩამოყალიბებულია დაქირავებულ პირებთან დაკავშირებულ აქციებზე დაფუძნებული გადახდის ოპერაციებისთვის. თუმცა, ეს მოთხოვნები ასევე ეხება, დაქირავებულ პირთა გარდა, სხვა მხარეთა აქციებზე დაფუძნებულ გადახდის ოპერაციებსაც, თუ ეს ოპერაციები ფასდება გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების რეალური ღირებულების მიხედვით, მაგრამ ამ უკანასკნელ შემთხვევაში, აქციებზე დაფუძნებულ გადახდაზე უფლების მინიჭების თარიღის ნაცვლად საწარმომ უნდა იგულისხმოს თარიღი, როდესაც საწარმო საქონელს მიიღებს ან მეორე მხარე მომსახურებას გასწევს.
აქციებზე დაფუძნებული გადახდის ოპერაციის გაუქმება ან დაფარვა, რომელიც ითვალისწინებს წილობრივი ინსტრუმენტებით ანგარიშსწორებას, საწარმომ უნდა ასახოს, როგორც უფლების გადაცემის დაჩქარება და ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა აღიაროს თანხა, რომელიც, სხვა შემთხვევაში, აღიარებული იქნებოდა უფლების გადაცემის პერიოდის დარჩენილი ვადის განმავლობაში მიღებულ მომსახურებასთან დაკავშირებით.
აქციებზე დაფუძნებული გადახდის ოპერაციებისთვის, რომლებიც ფულადი სახსრებით ანგარიშსწორებას ითვალისწინებს, საწარმომ მიღებული საქონელი ან მომსახურება და წარმოშობილი ვალდებულება უნდა შეაფასოს ვალდებულების რეალური ღირებულებით. სანამ ვალდებულება დაიფარება, საწარმომ ვალდებულების რეალური ღირებულება უნდა შეაფასოს ყოველი საანგარიშგებო თარიღისა და ანგარიშსწორების თარიღისათვის და რეალური ღირებულების ნებისმიერი ცვლილება აღიაროს პერიოდის მოგებაში ან ზარალში.
ზოგიერთი ტიპის აქციებზე დაფუძნებული გადახდის ოპერაცია საწარმოს ან გარიგების მეორე მხარეს აძლევს არჩევანის უფლებას, ანგარიშსწორება განხორციელდეს ფულადი სახსრებით (ან სხვა აქტივებით), ან წილობრივი ინსტრუმენტების გადაცემით. ასეთ შემთხვევაში, საწარმომ ოპერაცია ისე უნდა აღრიცხოს, როგორც აქციებზე დაფუძნებული გადახდის ოპერაცია, ფულადი სახსრებით ანგარიშსწორებით, თუ არ არსებობს არც ერთი შემდეგი პირობა:
(ა) საწარმოს აქვს ანგარიშსწორების წარსული გამოცდილება წილობრივი ინსტრუმენტების გამოშვებით; ან
(ბ) ოფციონს არა აქვს კომერციული შინაარსი, რადგან ფულადი სახსრებით გადასახდელ თანხას მასთან არავითარი კავშირი არა აქვს, ან ნაკლებია წილობრივი ინსტრუმენტის რეალურ ღირებულებაზე.
(ა) და (ბ) შემთხვევებში, საწარმომ ოპერაცია უნდა აღრიცხოს, როგორც აქციებზე დაფუძნებული გადახდის ოპერაცია, წილობრივი ინსტრუმენტებით ანგარიშსწორებით, 26.7–26.13 პუნქტების მიხედვით
თუ საწარმო აქციებზე დაფუძნებული გადახდის ჯილდოს გამოყოფს ჯგუფში შემავალი ერთი ან მეტი საწარმოს დაქირავებულ პირთათვის და ჯგუფი კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას წარადგენს მსს ფასს-ის ან ფასს სტანდარტების სრული ვერსიის შესაბამისად, მაშინ ჯგუფის ამ საწარმოებს უფლება აქვთ, 26.3-26.15 პუნქტებში აღწერილი მიდგომის ალტერნატივის სახით, აქციებზე დაფუძნებული გადახდის ოპერაციის ხარჯი აღიარონ და შეაფასონ ჯგუფისთვის აღიარებული ხარჯის განაწილების საფუძველზე რაიმე რაციონალური მეთოდით.
თუ საწარმოს მიერ მიღებული იდენტიფიცირებადი ანაზღაურება ნაკლებია გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების ან აღებული ვალდებულების რეალურ ღირებულებაზე, როგორც წესი, ამგვარი სიტუაცია იმის მიმანიშნებელია, რომ საწარმომ მიიღო (ან მიიღებს) სხვა სახის ანაზღაურება (ე.ი. არაიდენტიფიცირებადი საქონელი ან მომსახურება). მაგალითად, ზოგიერთ იურისდიქციაში არსებობს კანონმდებლობით დადგენილი პროგრამები, რომელთა თანახმად მესაკუთრეებს (როგორიცაა, დაქირავებული პირები) შეუძლიათ საკუთარი კაპიტალის შესყიდვა ზუსტად იდენტიფიცირებადი მომსახურების გაწევის, ან საქონლის მიწოდების გარეშე (ან ისეთი საქონლის და მომსახურების მიწოდებით, რომლის ღირებულება აშკარად ნაკლებია გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების რეალურ ღირებულებაზე). ეს იმას ნიშნავს, რომ საწარმოს უკვე მიღებული აქვს ან მომავალში მიიღებს სხვა სახის ანაზღაურებას (მაგალითად, დაქირავებული პირის მიერ წარსულში გაწეული მომსახურებით, ან მომსახურების გაწევით მომავალში). საწარმომ მიღებული (ან მისაღები) არაიდენტიფიცირებადი მომსახურების, ან საქონლის ღირებულება უნდა შეაფასოს, როგორც სხვაობა აქციებზე დაფუძნებული გადახდის რეალურ ღირებულებასა და მიღებული (ან მისაღები) იდენტიფიცირებადი მომსახურების, ან საქონლის რეალურ ღირებულებებს შორის, რომლებიც შეფასებულია აქციებზე დაფუძნებულ გადახდაზე უფლების მინიჭების თარიღით. ამასთან, აქციებზე დაფუძნებული გადახდის ოპერაციებისთვის, რომლებიც ანგარიშსწორებას ითვალისწინებს ფულადი სახსრებით, ვალდებულება ხელახლა უნდა შეფასდეს ყოველი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს 26.14 პუნქტის შესაბამისად, სანამ არ დაიფარება.
საწარმომ უნდა გაამჟღავნოს შემდეგი ინფორმაცია აქციებზე დაფუძნებული გადახდის ისეთი შეთანხმებების ხასიათისა და მასშტაბების შესახებ, რომლებიც არსებობდა საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში:
(ა) თითოეული ტიპის აქციებზე დაფუძნებული გადახდის შეთანხმების აღწერა, რომლებიც არსებობდა ნებისმიერ დროს საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში, მათ შორის თითოეული შეთანხმების ზოგადი პირობები და ვადები, როგორიცაა უფლების გადაცემის მოთხოვნები, გამოყოფილი ოფციონების მაქსიმალური ვადა და გადახდის მეთოდი (მაგალითად, ფულადი სახსრებით, ან წილობრივი ინსტრუმენტებით). საწარმოს შეუძლია ზემოაღნიშნული ინფორმაციის აგრეგირება მნიშვნელოვნად მსგავსი ტიპის აქციებზე დაფუძნებული გადახდის შეთანხმებებისთვის;
(ბ) ოფციონების რაოდენობა და მათი გამოსაყენებელი საშუალო შეწონილი ფასი თითოეული შემდეგი კატეგორიის ოფციონისთვის:
(i) გადასახდელი (გადავადებული) პერიოდის დასაწყისისათვის;
(ii) პერიოდის განმავლობაში გამოყოფილი;
(iii) პერიოდის განმავლობაში გაუქმებული;
(iv) პერიოდის განმავლობაში გამოყენებული;
(v) პერიოდის განმავლობაში ვადაგასული;
(vi) გადასახდელი (გადავადებული) პერიოდის ბოლოსათვის; და
(vii) გამოყენებადი, პერიოდის ბოლოსთვის.
აქციებზე დაფუძნებული გადახდის ისეთი შეთანხმებებისთვის, რომლებიც ითვალისწინებს წილობრივი ინსტრუმენტებით ანგარიშსწორებას, საწარმომ უნდა გაამჟღავნოს ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ განისაზღვრა პერიოდის განმავლობაში მიღებული საქონლის ან მომსახურების რეალური ღირებულება, ან გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების რეალური ღირებულება. თუ საწარმომ შეფასების რომელიმე მეთოდიკა გამოიყენა, უნდა განმარტოს მეთოდის არსი და მისი არჩევის მიზეზი
აქციებზე დაფუძნებული გადახდის ისეთი შეთანხმებებისთვის, რომლებიც ითვალისწინებს ფულადი სახსრებით ანგარიშსწორებას, საწარმომ უნდა განმარტოს, როგორ მოხდა ვალდებულების შეფასება.
აქციებზე დაფუძნებული გადახდის ისეთი შეთანხმებისთვის, რომელშიც ცვლილებები შევიდა პერიოდის განმავლობაში, საწარმომ უნდა გაამჟღავნოს ინფორმაცია ცვლილებების შესახებ.
თუ საწარმო არის ჯგუფის აქციებზე დაფუძნებული გადახდის შეთანხმების პროგრამის ნაწილი და იგი აქციებზე დაფუძნებული გადახდის ხარჯს აფასებს ჯგუფის მიერ აღიარებული ხარჯების დასაბუთებული განაწილების საფუძველზე, მან შენიშვნებში უნდა გაამჟღავნოს თავად ეს ფაქტი და ასევე განმარტოს განაწილების საფუძველი (იხ. 26.16 პუნქტი).
საწარმომ უნდა გაამჟღავნოს შემდეგი ინფორმაცია აქციებზე დაფუძნებული გადახდის ოპერაციების გავლენის შესახებ საწარმოს საანგარიშგებო პერიოდის მოგებაზე, ან ზარალზე და მის ფინანსურ მდგომარეობაზე:
(ა) მოცემულ პერიოდში მოგებაში, ან ზარალში აღიარებული მთლიანი ხარჯი; და
(ბ) აქციებზე დაფუძნებული გადახდის ოპერაციების შედეგად წარმოქმნილი ვალდებულებების საბალანსო ღირებულებების მთლიანი თანხა საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს.