წინამდებარე განყოფილება ეხება იმ საწარმოთა ფინანსურ ანგარიშგებას, რომლის სამუშაო ვალუტა ჰიპერინფლაციური ეკონომიკის ვალუტაა. ამ განყოფილების თანახმად, საწარმომ ფინანსური ანგარიშგება უნდა მოამზადოს ჰიპერინფლაციით გამოწვეული შედეგების გათვალისწინებით.
მოცემული განყოფილება არ ადგენს ინფლაციის აბსოლუტურ დონეს, რომლის დროსაც ეკონომიკა მიიჩნევა ჰიპერინფლაციურად. საწარმომ ჰიპერინფლაციის არსებობის დასადგენად უნდა გაითვალისწინოს ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რომელიც მოიცავს ჰიპერინფლაციის შემდეგ შესაძლო ინდიკატორებს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ ამით:
(ა) მოსახლეობის ფართო მასები ესწრაფვიან, თავიანთი დანაზოგები დააბანდონ არაფულად აქტივებში ან შედარებით მყარ უცხოურ ვალუტაში. მსყიდველობითუნარიანობის შესანარჩუნებლად ხდება ადგილობრივ ვალუტაში არსებული თანხების დაუყოვნებელი ინვესტირება;
(ბ) მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ფულად თანხებს განიხილავს არა ადგილობრივი ვალუტით, არამედ შედარებით მყარი უცხოური ვალუტით. ფასებიც შეიძლება ამავე ვალუტაში იყოს დადგენილი;
(გ) კრედიტით ყიდვა და გაყიდვა ხდება ისეთ ფასებში, რაც აანაზღაურებს მსყიდველობითუნარიანობის მოსალოდნელ დანაკარგებს კრედიტის ვადის განმავლობაში, თუნდაც ეს ვადა ხანმოკლე იყოს;
(დ) საპროცენტო განაკვეთები, ხელფასები და ფასები დაკავშირებულია ფასების ინდექსებთან;
(ე) ინფლაციის საერთო დონე სამი წლის განმავლობაში უახლოვდება ან აჭარბებს 100%-ს.
საწარმომ, რომლის სამუშაო ვალუტა ჰიპერინფლაციური ეკონომიკის ვალუტაა, ფინანსური ანგარიშგება უნდა ჩამოაყალიბოს საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს მოქმედ ზომის ერთეულში. წინა საანგარიშგებო პერიოდების ანალოგიური მონაცემები, რომლებიც მოითხოვება 3.14 პუნქტით, ასევე უახლოესი პერიოდების ნებისმიერი სხვა ინფორმაციაც უნდა გადაანგარიშდეს საანგარიშგებო თარიღისათვის არსებულ ზომის ერთეულში.
ფინანსური ანგარიშგების გადაანგარიშება ამ განყოფილების მოთხოვნების შესაბამისად, გულისხმობს კორექტირებას ფასების საერთო ინდექსის გამოყენებით, რომელიც ასახავს ცვლილებებს საერთო მსყიდველობითუნარიანობაში. მეტ-წილ ქვეყნებში სახელმწიფო ადგენს ფასების საერთო ინდექსს, რომელიც საწარმომ უნდა გამოიყენოს.
ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების ის თანხები, რომლებიც გამოსახული არ არის საანგარიშგებო თარიღისათვის არსებულ ზომის ერთეულში, უნდა გადაანგარიშდეს ფასების საერთო ინდექსის გამოყენებით.
ფულადი მუხლების კორექტირება არ ხდება, რადგან ისინი უკვე გამოხატულია საანგარიშგებო თარიღისათვის არსებულ ზომის ერთეულებში. ფულადი მუხლები არის საწარმოს განკარგულებაში მყოფი ფულადი სახსრები და ფულადი ფორმით გადასახდელი და მისაღები მუხლები.
ისეთი აქტივები და ვალდებულებები, რომლებიც ხელშეკრულებით დაკავშირებულია ფასების ცვლილებებთან, როგორიცაა, მაგალითად ინდექსირებული ობლიგაციები და სესხები უნდა დაკორექტირდეს მოცემული ხელშეკრულების საფუძველზე და გადაანგარიშებულ ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში აისახოს კორექტირებული თანხით.
ყველა სხვა აქტივი და ვალდებულება მიიჩნევა არაფულად მუხლად:
(ა) ზოგიერთი არაფულადი მუხლი აისახება საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს განსაზღვრული თანხით, მაგალითად ნეტო გასაყიდი ღირებულებით, ან რეალური ღირებულებით. მაშასადამე, მათი გადაანგარიშება არ მოხდება. ყველა სხვა დანარჩენი არაფულადი აქტივი და ვალდებულება უნდა გადაანგარიშდეს;
(ბ) არაფულადი მუხლების უმეტესობა აისახება თვითღირებულებით ან თვითღირებულებიდან ცვეთის თანხის გამოკლებით. ამგვარად, ეს არის მათი შეძენის თარიღისათვის განსაზღვრული ღირებულება. თითოეული მუხლის გადაანგარიშებული თვითღირებულება ან თვითღირებულებას გამოკლებული ცვეთა განისაზღვრება პირვანდელი ღირებულებისა და დაგროვილი ცვეთის გამრავლებით მათი შეძენის თარიღიდან საანგარიშგებო თარიღამდე ფასების საერთო ინდექსში მომხდარი ცვლილების კოეფიციენტზე;
(ბა) ზოგიერთი არაფულადი მუხლი აღრიცხვაში აისახება ისეთი თანხით, რომელიც არ წარმოადგენს მის მიმდინარე ღირებულებას არც შეძენის თარიღისთვის და არც საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს. მაგალითად, ძირითადი საშუალებები, რომლებიც საანგარიშგებო პერიოდის დამთავრებამდე რომელიმე წინა თარიღით გადაფასდა. ასეთ შემთხვევაში, საბალანსო ღირებულებების გადაანგარიშება გადაფასების თარიღიდან ხდება.
(გ) არაფულადი მუხლის გადაანგარიშებული თანხა შემცირდება 27-ე განყოფილების - „აქტივების გაუფასურება“ - მოთხოვნების თანახმად, როდესაც იგი აღემატება ანაზღაურებად ღირებულებას.
იმ საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისში, როდესაც საწარმო პირველად იყენებს წინამდებარე განყოფილებას, საკუთარი კაპიტალის კომპონენტები, გაუნაწილებელი მოგებისა და გადაფასების ნამეტის გარდა, უნდა გადაანგარიშდეს ფასების საერთო ინდექსით იმ თარიღიდან, როდესაც კაპიტალში შეტანილ იქნა სახსრები ან სხვაგვარად წარმოიშვა კაპიტალის კომპონენტები. წინა საანგარიშგებო პერიოდებში წარმოშობილი ნებისმიერი გადაფასების ნამეტი ელიმინირდება. გადაანგარიშებული გაუნაწილებელი მოგება განისაზღვრება გადაანგარიშებული ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების ყველა სხვა თანხის საფუძველზე, როგორც ნარჩენი სიდიდე.
იმ საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს, როდესაც საწარმო პირველად გამოიყენებს წინამდებარე განყოფილებას და შემდგომ პერიოდებში, სააქციო კაპიტალის ყველა კომპონენტი უნდა გადაანგარიშდეს ფასების საერთო ინდექსით, მოცემული საანგარიშგებო პერიოდის დაწყების ან კაპიტალში შენატანების განხორციელების თარიღიდან, თუ შენატანები უფრო გვიან განხორციელდა. პერიოდის განმავლობაში მესაკუთრეთა საკუთარ კაპიტალში მომხდარი ცვლილებები აისახება მე-6 განყოფილების - „საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება და მოგებისა და ზარალის და გაუნაწილებელი მოგების ანგარიშგება“ - შესაბამისად.
სრული შემოსავლების ანგარიშგების (ასევე მოგებისა და ზარალის ანგარიშგების, მისი წარდგენის შემთხვევაში) ყველა მუხლი უნდა გამოისახოს საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს მოქმედ ზომის ერთეულში. მაშასადამე, ყველა თანხა საჭიროებს გადაანგარიშებას ფასების საერთო ინდექსის ცვლილების გათვალისწინებით იმ თარიღებიდან, როდესაც შემოსავლებისა და ხარჯების მუხლები თავდაპირველად აღიარდა ფინანსურ ანგარიშგებაში. თუ საერთო ინფლაციის დონე დაახლოებით ერთნაირია ამ პერიოდში და შემოსავლებისა და ხარჯების მუხლები თანაბარზომიერად წარმოიშობოდა მთელი პერიოდის განმავლობაში, შეიძლება მისაღები იყოს ინფლაციის საშუალო დონის გამოყენება.
საწარმომ ფულადი ნაკადების ანგარიშგების ყველა მუხლი უნდა გამოსახოს საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს მოქმედ ზომის ერთეულებში
საწარმო, რომელსაც ჭარბი ფულადი აქტივები აქვს ფულად ვალდებულებებთან შედარებით, ინფლაციის პერიოდში კარგავს მსყიდველობითუნარიანობას, ხოლო საწარმო, რომლის ფულადი ვალდებულებები აჭარბებს ფულად აქტივებს, ზრდის მსყიდველობითუნარიანობას იმ დონეზე, რა დონეზეც მოცემული აქტივები და ვალდებულებები დაკავშირებული არ არის ფასების დონესთან. საწარმომ წმინდა ფულად მუხლებთან დაკავშირებული შემოსულობა ან ზარალი უნდა ასახოს მოგებაში ან ზარალში. 31.7 პუნქტის შესაბამისად განხორციელებული კორექტირება იმ აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების, რომლებიც ხელშეკრულების პირობებით ფასების ცვლილებებთან არის დაკავშირებული, ურთიერთგადაიფარება წმინდა ფულად მუხლთან დაკავშირებული შემოსულობით ან ზარალით.
როდესაც შეჩერდება ჰიპერინფლაცია და საწარმო წყვეტს ფინანსური ანგარიშგების მომზადებასა და წარდგენას მოცემული განყოფილების შესაბამისად, მან წინა საანგარიშგებო პერიოდის ბოლოსთვის წარსადგენ ვალუტაში გამოსახული თანხები უნდა მიიჩნიოს შემდგომი პერიოდის ფინანსური ანგარიშგების საბალანსო ღირებულებების საფუძვლად.
საწარმომ, რომელსაც ეხება წინამდებარე განყოფილების მოთხოვნები, უნდა გაამჟღავნოს შემდეგი ინფორმაცია:
(ა) უნდა მიუთითოს ის ფაქტი, რომ ფინანსური ანგარიშგება და წინა პერიოდების შესაბამისი მონაცემები გადაანგარიშებულია სამუშაო ვალუტის საერთო მსყიდველობითუნარიანობის ცვლილებების გათვალისწინებით;
(ბ) ფასების ინდექსის დახასიათება და მისი დონე საანგარიშგებო თარიღისათვის, აგრეთვე ამ ინდექსის ცვლილების დინამიკა მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდსა და წინა საანგარიშგებო პერიოდში; და
(გ) ფულად მუხლებთან დაკავშირებული შემოსულობის ან ზარალის ოდენობა.