წინამდებარე განყოფილების თანახმად, საწარმომ ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში უნდა გაამჟღავნონ გარკვეული ინფორმაცია, რაც აუცილებელია ყურადღების გასამახვილებლად იმ გარემოებაზე, რომ შესაძლოა საწარმოს ფინანსურ მდგომარეობასა და მოგებასა თუ ზარალზე გავლენა იქონია დაკავშირებულ მხარეთა არსებობამ, მათთან ერთად შესრულებულმა ოპერაციებმა და ამ ოპერაციების შედეგად წარმოქმნილმა დაუფარავმა ნაშთებმა.
დაკავშირებული მხარე არის პირი ან საწარმო, რომელიც დაკავშირებულია იმ საწარმოსთან, რომელიც ამზადებს ფინანსურ ანგარიშგებას (ანგარიშვალდებული საწარმო).
(ა) პირი ან მისი ახლო ნათესავი მიიჩნევა ანგარიშვალდებული საწარმოსთვის დაკავშირებულ მხარედ, თუ ეს პირი:
(i) არის ანგარიშვალდებული საწარმოს, ან მისი სათავო საწარმოს უმაღლესი რანგის ხელმძღვანელობის წევრი;
(ii) აკონტროლებს ან ერთობლივად აკონტროლებს ანგარიშვალდებულ საწარმოს; ან
(iii) მას აქვს მნიშვნელოვანი გავლენა ანგარიშვალდებულ საწარმოზე; ან
(ბ) საწარმო მიიჩნევა ანგარიშვალდებული საწარმოსთვის დაკავშირებულად მხარედ, თუ შემდეგი პირობებიდან რომელიმე არსებობს:
(i) ეს საწარმო და ანგარიშვალდებული საწარმო არიან ერთი და იმავე ჯგუფის წევრები (რაც იმას ნიშნავს, რომ სათავო საწარმო, შვილობილი საწარმო და იმავე სათავო საწარმოს სხვა შვილობილი საწარმოები ერთმანეთთან არიან დაკავშირებულები);
(ii) ერთი საწარმო არის მეორის მეკავშირე საწარმო ან ერთობლივი საქმიანობა (ან იმ ჯგუფის რომელიმე წევრის მეკავშირე საწარმო ან ერთობლივი საქმიანობა, რომლის წევრიც არის მეორე საწარმო);
(iii) ორივე საწარმო წარმოადგენს ერთი და იმავე მესამე საწარმოს ერთობლივ საქმიანობას;
(iv) ერთი საწარმო არის რომელიმე მესამე საწარმოს ერთობლივი საქმიანობა, ხოლო მეორე საწარმო არის იმავე მესამე საწარმოსთვის მეკავშირე საწარმო;
(v) ეს საწარმო არის ანგარიშვალდებული საწარმოს, ან ანგარიშვალდებულ საწარმოსთან დაკავშირებული რომელიმე საწარმოს დაქირავებულ პირთა შრომითი საქმიანობის შემდგომი გასამრჯელოების პროგრამის განმახორციელებელი. თუ ანგარიშვალდებული საწარმო თვითონ არის ასეთი პროგრამის განმახორციელებელი, სპონსორი დამქირავებლებიც ანგარიშვალდებული საწარმოსთვის დაკავშირებულ მხარედ მიიჩნევა;
(vi) ამ საწარმოს აკონტროლებს, ან ერთობლივად აკონტროლებს (ა) ქვეპუნქტში მითითებული რომელიმე პირი;
(vii) ეს საწარმო, ან იმავე ჯგუფში შემავალი სხვა საწარმო, რომლის ნაწილიც ის არის, ანგარიშვალდებული საწარმოსთვის, ან ანგარიშვალდებული საწარმოს სათავო საწარმოსთვის ასრულებს მმართველობითი ხასიათის მომსახურებას;
(viii) (ა) (ii) პუნქტში მითითებულ რომელიმე პირს აქვს მნიშვნელოვანი გავლენა ამ საწარმოზე, ან ეს პირი არის ზემოაღნიშნული საწარმოს (ან მისი სათავო საწარმოს) უმაღლესი რანგის ხელმძღვანელობის წევრი.
თითოეულ შესაძლო დაკავშირებულ მხარესთან ურთიერთობის განხილვისას, საწარმომ უნდა შეაფასოს თავად ურთიერთობის შინაარსი და არა მარტო მისი იურიდიული ფორმა.
მოცემული სტანდარტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, აუცილებელი არ არის, რომ შემდეგი საწარმოები ერთმანეთისთვის დაკავშირებული მხარეები იყვნენ:
(ა) ორი საწარმო მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ერთი საერთო დირექტორი ან სხვა უმაღლესი რანგის ხელმძღვანელი ჰყავთ;
(ბ) ერთობლივი საქმიანობის ორი სრულუფლებიანი მონაწილე მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ერთობლივ კონტროლს ახორციელებენ ერთობლივ საქმიანობაზე;
(გ) რომელიმე შემდეგი მხარე მარტო იმიტომ, რომ ჩვეულებრივი საქმიანი ურთიერთობა აქვს საწარმოსთან (მაშინაც კი, თუ მას შეუძლია საწარმოს მოქმედების თავისუფლების შეზღუდვა, ან მონაწილეობის მიღება მისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში):
(i) ფინანსური რესურსების მომწოდებლები;
(ii) პროფკავშირები;
(iii) კომუნალური მომსახურების საწარმოები; ან
(iv) სახელმწიფო დაწესებულებები და უწყებები;
(დ) ცალკეული მომხმარებელი, მომწოდებელი, გამსაღებელი (დისტრიბუტორი), მხარე, რომელიც ფრანშიზის ხელშეკრულებით შეღავათიან უფლებას აძლევს საწარმოს, ან გენერალური რწმუნებული, რომელთანაც საწარმო მნიშვნელოვანი მოცულობის საქმიან ოპერაციებს აწარმოებს - მხოლოდ ამ საქმიანობიდან მიღებულ შედეგებზე ეკონომიკური დამოკიდებულების გამო.
სათავო საწარმოსა და მის შვილობილ საწარმოებს შორის ურთიერთობა ფინანსურ ანგარიშგებაში აუცილებლად უნდა გამჟღავნდეს, იმის მიუხედავად, განხორციელდა თუ არა ამ დაკავშირებულ მხარეებს შორის ოპერაციები. ანგარიშვალდებულმა საწარმომ უნდა გაამჟღავნოს მისი სათავო საწარმოსა და, თუ განსხვავებულია, საბოლოო მაკონტროლებელი მხარის სახელწოდებები. თუ არც სათავო საწარმო და არც საბოლოო მაკონტროლებელი მხარე არ ამზადებს ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომ ფინანსურ ანგარიშგებას, მაშინ საწარმომ აუცილებლად უნდა მიუთითოს სათავო საწარმოს იერარქიულ სტრუქტურაში შემდეგი ყველაზე ზემდგომი რანგის სათავო საწარმოს სახელწოდებაც (თუ არსებობს), რომელიც აქვეყნებს ფინანსურ ანგარიშგებას.
უმაღლესი რანგის ხელმძღვანელობაში იგულისხმება ის პირები, მათ შორის ნებისმიერი დირექტორი (აღმასრულებელი ან სხვა ფუნქციის შემსრულებელი), რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ მინიჭებული აქვთ საწარმოს საქმიანობის დაგეგმვის, მართვისა და კონტროლისათვის აუცილებელი უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა. კომპენსაცია მოიცავს დაქირავებულ პირთა ყველა გასამრჯელოს (რომლებიც განსაზღვრულია 28-ე განყოფილებით - ,,დაქირავებულ პირთა გასამრჯელოები“), მათ შორის აქციებზე დაფუძნებული გადახდის ფორმით მიღებულ გასამრჯელოს (იხ. 26-ე განყოფილება - „აქციებზე დაფუძნებული გადახდა“). დაქირავებულ პირთა გასამრჯელო მოიცავს ნებისმიერი ფორმის ანაზღაურებას, რომელიც გადახდილია, გადასახდელია ან უზრუნველყოფილია საწარმოს მიერ, ან მისი სახელით (მაგალითად, სათავო საწარმოს ან აქციონერის მიერ), საწარმოსათვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ. გარდა ამისა, მოიცავს ისეთი სახის ანაზღაურებასაც, რომელიც გადაიხდება მოცემული საწარმოს სათავო საწარმოს სახელით, საწარმოსთვის მიწოდებული საქონლისა და მომსახურების სანაცვლოდ.
საწარმომ უნდა გაამჟღავნოს ინფორმაცია უმაღლესი რანგის ხელმძღვანელი პირების ანაზღაურების მთლიანი ოდენობის შესახებ.
დაკავშირებულ მხარეთა ოპერაცია არის რესურსების, მომსახურების ან ვალდებულებების გადაცემა ანგარიშვალდებულ საწარმოსა და დაკავშირებულ მხარეს შორის, მიუხედავად იმისა, მოითხოვება თუ არა თანხის გადახდა. მსს-თვის დამახასიათებელ დაკავშირებულ მხარეთა ოპერაციების ტიპური მაგალითებია შემდეგი ოპერაციები, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ ამით:
(ა) ოპერაციები საწარმოსა და მის ძირითად მესაკუთრე(ებ)ს შორის;
(ბ) ოპერაციები საწარმოსა და სხვა საწარმოს შორის, როდესაც ორივე საწარმოს აკონტროლებს ერთი და იგივე საწარმო, ან პირი; და
(გ) ოპერაციები, რომლის დროსაც საწარმო ან პირი, რომელიც აკონტროლებს ანგარიშვალდებულ საწარმოს, უშუალოდ თვითონ ეწევა ისეთ ხარჯებს, რომლის თავის თავზე აღება, სხვა შემთხვევაში, ანაგრიშვალდებულ საწარმოს მოუწევდა.
თუ საწარმოს გააჩნია დაკავშირებულ მხარეებს შორის განხორციელებული ოპერაციები, მან უნდა გაამჟღავნოს ინფორმაცია დაკავშირებულ მხარეთა ურთიერთობების ხასიათის, ასევე ამ ოპერაციების, დაუფარავი ნაშთებისა და ვალდებულებების შესახებ, რაც აუცილებელია ფინანსურ ანგარიშგებაზე ამ ურთიერთობის პოტენციური გავლენის გასაგებად. ეს ინფორმაცია ავსებს 33.7 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომლებიც ეხება უმაღლესი რანგის ხელმძღვანელ პირთა ანაზღაურებას. გამჟღავნებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს, სულ მცირე:
(ა) სამეურნეო ოპერაციების თანხებს;
(ბ) დაუფარავი ნაშთების თანხას; და:
(i) მათი დაფარვის ვადებსა და პირობებს, მათ შორის, ინფორმაციას უზრუნველყოფის არსებობის შესახებ, ასევე მათი დაფარვისათვის საჭირო ანაზღაურების ფორმას; და
(ii) მონაცემებს გაცემული ან მიღებული გარანტიების შესახებ;
(გ) დაუფარავ ნაშთებთან დაკავშირებულ საეჭვო ვალების ანარიცხებს; და
(დ) დაკავშირებული მხარეებისაგან მისაღებ უიმედო ან საეჭვო ვალებთან დაკავშირებით მოცემული პერიოდის განმავლობაში აღიარებულ ხარჯებს. ამგვარი ოპერაციები შესაძლოა მოიცავდეს შესყიდვებს, გაყიდვებს, საქონლის ან მომსახურების გადაცემას; იჯარას; გარანტიებს და საწარმოს მიერ დაკავშირებული მხარის სახელით განხორციელებულ გადახდებს ან პირიქით.
საწარმომ 33.9 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია ცალ-ცალკე უნდა წარმოადგინოს თითოეული შემდეგი კატეგორიის დაკავშირებული მხარისთვის:
(ა) საწარმოები, რომლებიც აკონტროლებენ, ერთობლივად აკონტროლებენ ანგარიშვალდებულ საწარმოს, ან გააჩნიათ მნიშვნელოვანი გავლენა მასზე;
(ბ) საწარმოები, რომლებსაც აკონტროლებს, ერთობლივად აკონტროლებს ანგარიშვალდებული საწარმო, ან გააჩნია მნიშვნელოვანი გავლენა მათზე;
(გ) საწარმოს ან მისი სათავო საწარმოს უმაღლესი რანგის ხელმძღვანელი პერსონალი (ერთობლივად); და
(დ) სხვა დაკავშირებული მხარეები
საწარმო განთავისუფლებულია 33.9 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნისგან შემდეგ მხარეებთან მიმართებაში:
(ა) სახელმწიფო (ეროვნული, რეგიონალური ან ადგილობრივი ხელისუფლება), რომელიც აკონტროლებს, ერთობლივად აკონტროლებს ანგარიშვალდებულ საწარმოს, ან გააჩნია მნიშვნელოვანი გავლენა მასზე; და
(ბ) სხვა საწარმო, რომელიც დაკავშირებულ მხარედ მიიჩნევა იმის გამო, რომ იგივე სახელმწიფო აკონტროლებს, ან ერთობლივად აკონტროლებს ანგარიშვალდებულ საწარმოსა და სხვა საწარმოსაც, ან გააჩნია მნიშვნელოვანი გავლენა ორივე მათგანზე.
მიუხედავად ამისა, საწარმომ მაინც უნდა გაამჟღავნოს ინფორმაცია სათავო და შვილობილ საწარმოს შორის ურთიერთობის შესახებ 33.5 პუნქტის შესაბამისად.
ქვემოთ განხილულია ისეთი ოპერაციების მაგალითები, რომელთა შესახებაც საწარმომ აუცილებლად უნდა გაამჟღავნოს ინფორმაცია, თუ ისინი განხორციელებულია დაკავშირებულ მხარეებთან:
(ა) საქონლის (მზა პროდუქცია ან ნახევარფაბრიკატები) ყიდვა ან გაყიდვა;
(ბ) უძრავი ქონების ან სხვა აქტივების ყიდვა ან გაყიდვა;
(გ) მომსახურების გაწევა ან მიღება;
(დ) იჯარა;
(ე) სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების გადაცემა;
(ვ) უფლებების გადაცემა სალიცენზიო შეთანხმებების საფუძველზე;
(ზ) სახსრების გადაცემა დაფინანსების შეთანხმებების საფუძველზე (მათ შორის, სესხები და შენატანები საკუთარ კაპიტალში ფულადი სახსრებით ან ნატურით);
(თ) გარანტიების ან უზრუნველყოფის გაცემა;
(ი) დავალიანებების დაფარვა ანგარიშვალდებული საწარმოს სახელით, ან ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ სხვა მხარის სახელით; და
(კ) სათავო ან შვილობილი საწარმოს მონაწილეობა დადგენილგადასახდელიან საპენსიო პროგრამაში, რომლის მიხედვითაც რისკები ნაწილდება ჯგუფის წევრ საწარმოებს შორის.
საწარმომ არ უნდა განაცხადოს, რომ დაკავშირებულ მხარეებთან ოპერაციები განხორციელდა იმ პირობების ანალოგიურად, რომელსაც ,,გაშლილი ხელის მანძილის“ პრინციპი ითვალისწინებს, თუ შეუძლებელია ამგვარი პირობების დასაბუთება.
საწარმოს უფლება აქვს, აგრეგირებულად წარმოადგინოს მსგავსი ხასიათის მუხლები, თუ აუცილებელი არ არის ამ ინფორმაციის ცალ-ცალკე წარმოდგენა, საწარმოს ფინანსურ ანგარიშგებაზე დაკავშირებულ მხარეთა ოპერაციების გავლენის გასაგებად.