აქტივის გაუფასურების ზარალი მაშინ წარმოიშობა, როდესაც აქტივის საბალანსო ღირებულება აღემატება მის ანაზღაურებად ღირებულებას. წინამდებარე განყოფილება საწარმომ უნდა გამოიყენოს ყველა აქტივის გაუფასურების ბუღალტრული აღრიცხვისას, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი აქტივებისა, რომელთა გაუფასურებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს ადგენს წინამდებარე სტანდარტის სხვა განყოფილებები:
(ა) გადავადებული საგადასახადო აქტივები (იხ. 29-ე განყოფილება - „მოგების გადასახადი“);
(ბ) დაქირავებულ პირთა გასამრჯელოების შედეგად წარმოქმნილი აქტივები (იხ. 28-ე განყოფილება - „დაქირავებულ პირთა გასამრჯელოები“);
(გ) ფინანსური აქტივები, რომლებიც განეკუთვნება მე-11 განყოფილების - ,,ძირითადი ფინანსური ინსტრუმენტები“, ან მე12 განყოფილების - „სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული საკითხები“ - მოქმედების სფეროს;
(დ) რეალური ღირებულებით შეფასებული საინვესტიციო ქონება (იხ. მე-16 განყოფილება – „საინვესტიციო ქონება“);
(ე) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული ბიოლოგიური აქტივები, რომლებიც შეფასებულია გაყიდვის დანახარჯებით შემცირებული რეალური ღირებულებით (იხ. 34-ე განყოფილება „სპეციალიზებული საქმიანობა“); და
(ვ) სამშენებლო ხელშეკრულებებიდან წარმოქმნილი აქტივები (იხ. 23-ე განყოფილება – „ამონაგები“).
საწარმომ ყოველი საანგარიშგებო თარიღისათვის უნდა შეაფასოს, ხომ არ გაუფასურდა მარაგი. საწარმომ ამგვარი შეფასება უნდა განახორციელოს თითოეული სახის მარაგის (ან მსგავსი მარაგების ჯგუფის, იხ. 27.3 პუნქტი) საბალანსო ღირებულების შედარებით გასაყიდ ფასთან, რომელიც შემცირებულია პროდუქციის დასრულებისა და გაყიდვისთვის საჭირო დანახარჯებით. თუ მარაგი (ან მსგავსი მარაგების ჯგუფი) გაუფასურებულია, საწარმომ მარაგის (ან ჯგუფის) საბალანსო ღირებულება უნდა შეამციროს მისი დასრულებისა და გაყიდვისთვის საჭირო დანახარჯებით შემცირებულ გასაყიდ ფასამდე. მარაგის ღირებულების შემცირების თანხა წარმოადგენს გაუფასურების ზარალს და დაუყოვნებლივ უნდა აღიარდეს მოგებაში ან ზარალში.
თუ საწარმოსთვის შეუძლებელია ცალკეული სახის მარაგისთვის მისი დასრულებისა და გაყიდვისთვის საჭირო დანახარჯებით შემცირებული გასაყიდი ფასის განსაზღვრა, გაუფასურების დადგენის მიზნებისთვის, საწარმოს უფლება აქვს, დააჯგუფოს მარაგები, რომლებიც პროდუქციის ერთსა და იმავე ასორტიმენტს მიეკუთვნება და მსგავსი დანიშნულება ან/და გამოყენება აქვთ საწარმოში და იწარმოება და იყიდება ერთსა და იმავე გეოგრაფიულ ზონაში.
საწარმომ ყოველი მომდევნო საანგარიშგებო თარიღისთვის ხელახლა უნდა შეაფასოს მარაგის დასრულებისა და გაყიდვისთვის საჭირო დანახარჯებით შემცირებული გასაყიდი ფასი. როდესაც აღარ არსებობს მარაგის გაუფასურების გამომწვევი გარემოებები, ან, შეცვლილი ეკონომიკური ვითარების გამო, არსებობს მტკიცებულება, რომ მარაგის დასრულებისა და გაყიდვისთვის საჭირო დანახარჯებით შემცირებული გასაყიდი ფასი გაიზრდება, საწარმომ უნდა აღადგინოს გაუფასურების თანხა (უკუგატარებით) (ე.ი. კორექტირების თანხა შეზღუდულია თავდაპირველი გაუფასურების ზარალის ოდენობამდე) იმგვარად, რომ ახალი საბალანსო ღირებულება იყოს უმცირესი, თვითღირებულებასა და მისი დასრულებისა და გაყიდვისთვის საჭირო დანახარჯებით შემცირებულ, შესწორებულ გასაყიდ ფასს შორის.
მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქტივის ანაზღაურებადი ღირებულება ნაკლებია მის საბალანსო ღირებულებაზე, საწარმომ უნდა შეამციროს საბალანსო ღირებულება ანაზღაურებად ღირებულებამდე. ასეთ შემთხვევაში, ღირებულების შემცირების ოდენობა წარმოადგენს გაუფასურების ზარალს. 27.11-27.20 პუნქტებში მოცემულია მითითებები ანაზღაურებადი ღირებულების შეფასების შესახებ.
საწარმომ გაუფასურების ზარალი დაუყოვნებლივ უნდა აღიაროს მოგებაში ან ზარალში, თუ მოცემული აქტივი აღრიცხული არ არის გადაფასებული ღირებულებით, მე-17 განყოფილების - „ძირითადი საშუალებები“ - გადაფასების მოდელის შესაბამისად. გადაფასებულ აქტივთან დაკავშირებული ნებისმიერი გაუფასურების ზარალი უნდა აისახოს 17.15დ პუნქტის შესაბამისად, როგორც გადაფასების შემცირება.
ყოველი საანგარიშგებო თარიღისათვის საწარმომ უნდა განსაზღვროს, არსებობს თუ არა რაიმე მინიშნება აქტივის გაუფასურების შესახებ. თუ არსებობს ასეთი ნიშანი, საწარმომ უნდა შეაფასოს აქტივის ანაზღაურებადი ღირებულება, ხოლო თუ არ არსებობს, აუცილებელი არ არის აქტივის ანაზღაურებადი ღირებულების შეფასება.
თუ შეუძლებელია ცალკეული აქტივის ანაზღაურებადი ღირებულების შეფასება, საწარმომ უნდა განსაზღვროს იმ ფულადი სახსრების წარმომქმნელი ერთეულის ანაზღაურებადი ღირებულება, რომელსაც განეკუთვნება მოცემული აქტივი. ეს შეიძლება იმით იყოს განპირობებული, რომ აქტივის ანაზღაურებადი ღირებულების შეფასება მოითხოვს მისაღები ფულადი სახსრების ნაკადების პროგნოზირებას, ასევე იმის გამო, რომ, ზოგიერთ შემთხვევაში, ცალკეული აქტივი დამოუკიდებლად არ წარმოქმნის ფულად სახსრებს. აქტივის ფულადი სახსრების წარმომქმნელი ერთეული არის აქტივების უმცირესი იდენტიფიცირებადი ჯგუფი, რომელიც მოიცავს მოცემულ აქტივს და წარმოქმნის ისეთ ფულად ნაკადებს, რომელთა მიღება დამოკიდებული არ არის სხვა აქტივებიდან ან აქტივების ჯგუფებიდან ფულადი სახსრების მიღებაზე.
როდესაც საწარმო ადგენს აქტივის შესაძლო გაუფასურების ინდიკატორებს, მან უნდა გაითვალისწინოს სულ მცირე, შემდეგი ინდიკატორები მაინც: ინფორმაციის გარე წყაროები
(ა) მოცემული პერიოდის განმავლობაში აქტივის საბაზრო ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა იმასთან შედარებით, რაც მოსალოდნელი იყო დროის გარკვეულ პერიოდში, ან ნორმალური გამოყენების შედეგად;
(ბ) მოცემულ პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა საწარმოზე, ან ახლო მომავალში მოხდება ასეთი ცვლილებები იმ ტექნოლოგიურ, საბაზრო, ეკონომიკურ ან სამართლებრივ გარემოში, სადაც ფუნქციონირებს საწარმო, ან იმ ბაზარზე, რომლისთვისაც განკუთვნილია აქტივი;
(გ) საბაზრო საპროცენტო განაკვეთები ან ინვესტიციების უკუგების საბაზრო განაკვეთები მოცემულ პერიოდში გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ზრდა არსებით გავლენას იქონიებს აქტივის გამოყენების ღირებულების გაანგარიშებისას გამოყენებულ დისკონტირების განაკვეთზე და მნიშვნელოვნად შეამცირებს მოცემული აქტივის გაყიდვის დანახარჯებით შემცირებულ რეალურ ღირებულებას;
(დ) საწარმოს წმინდა აქტივების საბალანსო ღირებულება მეტია მთლიანად საწარმოს რეალური ღირებულების შეფასებაზე (ასეთი შეფასება შეიძლება გაკეთდეს, მაგალითად საწარმოს ნაწილობრივ ან მთლიანად გაყიდვის განზრახვის შემთხვევაში).
ინფორმაციის შიდა წყაროები
(ე) არსებობს აქტივის მოძველების ან მისი ფიზიკური დაზიანების მტკიცებულება;
(ვ) მოცემულ პერიოდში მოხდა ან ახლო მომავალში მოხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს საწარმოზე იმ თვალსაზრისით, რომ გავლენას მოახდენს აქტივის მიმდინარე ან შემდგომი გამოყენების ხარისხზე, ან მეთოდზე. ამგვარ ცვლილებებს განეკუთვნება აქტივის მოცდენა, იმ ქვედანაყოფის საქმიანობის შეწყვეტის ან რესტრუქტურიზაციის გეგმები, რომელსაც მიეკუთვნება აქტივი და ასევე აქტივის ექსპლუატაციიდან ამოღების გეგმა ადრე ნავარაუდევ თარიღზე ადრე;
(ზ) შიდა ანგარიშგებიდან ჩანს მტკიცებულებები იმისა, რომ აქტივის გამოყენების ეკონომიკური მაჩვენებლები მოსალოდნელზე უფრო მეტად გაუარესდა, ან მომავალში გაუარესდება. ამ კონტექსტში აქტივის ეკონომიკური მაჩვენებლები მოიცავს საოპერაციო შედეგებსა და ფულად ნაკადებს.
აქტივის შესაძლო გაუფასურების ინდიკატორის არსებობა შესაძლოა იმის მიმანიშნებელი იყოს, რომ საწარმომ უნდა გადახედოს აქტივის დარჩენილ სასარგებლო მომსახურების ვადას, ცვეთის (ამორტიზაციის) მეთოდს ან აქტივის ნარჩენ ღირებულებას და შეასწოროს წინამდებარე სტანდარტის იმ განყოფილების მიხედვით, რომელიც მოცემულ აქტივს ეხება (მაგალითად, მე-17 განყოფილება და მე-18 განყოფილება – „არამატერიალური აქტივები გუდვილის გარდა“) მაშინაც კი, თუ მოცემული აქტივისთვის არ აღიარდება არანაირი გაუფასურების ზარალი.
ანაზღაურებადი ღირებულება განისაზღვრება აქტივის, ან ფულადი სახსრების წარმომქმნელი ერთეულის გაყიდვის დანახარჯებით შემცირებულ რეალურ ღირებულებასა და გამოყენების ღირებულებას შორის უდიდესი თანხით. თუ შეუძლებელია ცალკეული აქტივის ანაზღაურებადი ღირებულების განსაზღვრა, 27.12–27.20 პუნქტებში მოცემულ მოთხოვნებში აქტივის ნაცვლად უნდა იგულისხმოთ ფულადი სახსრების წარმომქმნელი ერთეული.
ყოველთვის აუცილებელი არ არის ორივე სიდიდის განსაზღვრა - აქტივის გაყიდვის დანახარჯებით შემცირებული რეალური ღირებულებისა და მისი გამოყენების ღირებულების. თუ ერთ-ერთი მათგანი აღემატება აქტივის საბალანსო ღირებულებას, მოცემული აქტივი გაუფასურებული არ არის და აუცილებელი არ იქნება მეორე სიდიდის შეფასება.
თუ არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ვივარაუდოთ, აქტივის გამოყენების ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება მის გაყიდვის დანახარჯებით შემცირებულ რეალურ ღირებულებას, ეს უკანასკნელი შესაძლოა მიჩნეულ იქნეს აქტივის ანაზღაურებად ღირებულებად. ასეთი სიტუაცია ხშირად გვხვდება გასაყიდად გამიზნულ აქტივებთან დაკავშირებით.
გაყიდვის დანახარჯებით შემცირებული რეალური ღირებულება არის თანხა, რომლის მიღებაც მოსალოდნელია აქტივის გაყიდვის შედეგად საქმის მცოდნე და გარიგების მსურველ მხარეებს შორის „გაშლილი ხელის მანძილის“ პრინციპით შესრულებულ გარიგებაში, რომელიც შემცირებულია გაყიდვისთვის საჭირო დანახარჯებით (მითითებები რეალური ღირებულების შეფასების შესახებ მოცემულია 11.27-11.32 პუნქტებში).
აქტივის გამოყენების ღირებულება არის მომავალი ფულადი ნაკადების დღევანდელი ღირებულება, რომლის მიღებაც მოსალოდნელია მოცემული აქტივიდან. დღევანდელი ღირებულების გაანგარიშება მოიცავს შემდეგ საფეხურებს:
(ა) იმ მომავალი ფულადი ნაკადების შეფასებას, რომლის მიღება და საწარმოდან გასვლა მოსალოდნელია აქტივის უწყვეტი გამოყენებისა და შემდგომში მისი გასვლის შედეგად; და
(ბ) მომავალი ფულადი ნაკადების მიმართ შესაბამისი დისკონტირების განაკვეთის გამოყენებას.
აქტივის გამოყენების ღირებულების გამოთვლისას გაითვალისწინება შემდეგი ელემენტები:
(ა) მოსალოდნელი მომავალი ფულადი ნაკადების ოდენობის შეფასება, რომლის მიღებასაც საწარმო ვარაუდობს მოცემული აქტივიდან;
(ბ) ზემოაღნიშნული მომავალი ფულადი ნაკადების მოცულობის, ან მათი წარმოქმნის დროში შესაძლო ცვლილების სავარაუდო შედეგი;
(გ) ფულის დროითი ღირებულება, მიმდინარე ურისკო საბაზრო საპროცენტო განაკვეთზე დაყრდნობით;
(დ) მოცემული აქტივისთვის დამახასიათებელი განუსაზღვრელობის არსებობის თანხობრივი გამოხატულება; და
(ე) სხვა ფაქტორები, როგორიცაა, მაგალითად ლიკვიდობა, რომლებსაც ბაზრის მონაწილენი გაითვალისწინებდნენ იმ მომავალი ფულადი ნაკადების შეფასებისას, რომლის მიღებასაც საწარმო ვარაუდობს მოცემული აქტივიდან
გამოყენების ღირებულების შეფასების მიზნით, მომავალი ფულადი ნაკადების შეფასებები უნდა მოიცავდეს:
(ა) ფულადი სახსრების მიღების პროგნოზებს აქტივის გამოყენების გაგრძელების შედეგად;
(ბ) იმ ფულადი სახსრების გასვლის პროგნოზს, რომელთა გასვლა აუცილებელია იმისთვის, რომ მოცემული აქტივის გამოყენების გაგრძელების შედეგად საწარმომ მიიღოს ფულადი ნაკადები (მათ შორის, ფულადი სახსრების გასვლა აქტივის საექსპლუატაციო მდგომარეობაში მოყვანისათვის) და რომელთა პირდაპირ მიკუთვნება, ან დასაბუთებული და თანამიმდევრული საფუძვლით განაწილება აქტივზე შესაძლებელია; და
(გ) წმინდა ფულადი ნაკადები, თუ ასეთი იარსებებს, რომელიც მიღებულ (ან გადახდილ) უნდა იქნეს აქტივის სასარგებლო მომსახურების ვადის ბოლოს მისი გაყიდვისას, საქმის მცოდნე და გარიგების მსურველ მხარეებს შორის „გაშლილი ხელის მანძილის“ პრინციპით განხორციელებული გარიგების შედეგად.
ფულადი ნაკადების შესაფასებლად საწარმოს შეუძლია გამოიყენოს მის მიერ დამტკიცებული ბოლო პერიოდის ფინანსური ბიუჯეტები, ან მოკლევადიანი პროგნოზები, თუ ასეთი არსებობს. იმისათვის, რომ საწარმომ განსაზღვროს ფულადი ნაკადების გრძელვადიანი პროგნოზები ისეთი პერიოდისთვის, რომელიც უფრო ხანგრძლივია, ვიდრე მისი ბოლო პერიოდის ბიუჯეტებით, ან მოკლევადიანი პროგნოზებით მოცული პერიოდი, საწარმოს შეუძლია, გრძელვადიანი პროგნოზების ექსტრაპოლაცია განახორციელოს აღნიშნულ ბიუჯეტებსა თუ მოკლევადიან პროგნოზებზე დაყრდნობით. ამასთან, ექსტრაპოლაციის დროს მომდევნო წლებისთვის შეუძლია გამოიყენოს უცვლელი ან კლებადი ზრდის ტემპის მაჩვენებელი, თუ შეუძლებელია ზრდადი ზრდის ტემპის მაჩვენებლის გამოყენების დასაბუთება.
მომავალი ფულადი ნაკადების შეფასებები არ უნდა მოიცავდეს:
(ა) საფინანსო საქმიანობიდან წარმოქმნილი ფულადი ნაკადების შემოსვლას ან გასვლას; ან
(ბ) მიღებულ ან გადახდილ მოგების გადასახადს
აქტივისთვის მომავალი ფულადი ნაკადები უნდა შეფასდეს მოცემული აქტივის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. მომავალი ფულადი ნაკადების შეფასება არ უნდა მოიცავდეს ისეთი ფულადი ნაკადების (მიღების ან გასვლის) შეფასებას, რომლის წარმოშობა მოსალოდნელია:
(ა) მომავალი რესტრუქტურიზაციის შედეგად, რომლის განხორციელების შესახებაც საწარმოს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება; ან
(ბ) აქტივის გამოყენების გაუმჯობესების ან მწარმოებლურობის ამაღლების შედეგად.
დღევანდელი ღირებულების გამოთვლისას გამოყენებული დისკონტირების განაკვეთ(ებ)ი უნდა იყოს დაბეგვრამდე განაკვეთ(ებ)ი, რომელიც ასახავს მიმდინარე საბაზრო შეფასებებს:
(ა) ფულის დროითი ღირებულებისა; და
(ბ) მოცემული აქტივისათვის დამახასიათებელი ისეთი რისკების, რომლებიც გათვალისწინებული არ იყო მომავალი ფულადი ნაკადების შეფასებებში.
აქტივის გამოყენების ღირებულების განსაზღვრისას გამოყენებული დისკონტირების განაკვეთ(ებ)ი არ უნდა ასახავდეს ისეთ რისკებს, რომლებიც უკვე გათვალისწინებულია მომავალი ფულადი ნაკადების შეფასებებში, რათა თავიდან იქნეს აცილებული ორმაგი ასახვა.
ფულადი სახსრების წარმომქმნელი ერთეულის გაუფასურების ზარალი უნდა აღიარდეს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ანაზღაურებადი ღირებულება ნაკლებია საბალანსო ღირებულებაზე. აღნიშნული ერთეულის შემადგენელი აქტივების საბალანსო ღირებულების შემცირების მიზნით, გაუფასურების ზარალი უნდა განაწილდეს შემდეგი თანმიმდევრობით:
(ა) პირველ რიგში, გაუფასურების ზარალი უნდა განაწილდეს ფულადი სახსრების წარმომქმნელ ერთეულზე მიკუთვნებულ გუდვილზე; და
(ბ) შემდეგ მოცემული ერთეულის სხვა აქტივებზე, მოცემულ ფულადი სახსრების წარმომქმნელ ერთეულში შემავალი თითოეული აქტივის საბალანსო ღირებულების პროპორციულად.
თუმცა, საწარმომ ფულადი სახსრების წარმომქმნელი ერთეულის შემადგენელი არც ერთი აქტივის საბალანსო ღირებულება არ უნდა შეამციროს შემდეგი სიდიდეებიდან უდიდესზე ნაკლებ სიდიდემდე:
(ა) მისი გაყიდვის დანახარჯებით შემცირებული რეალური ღირებულება (თუ შესაძლებელია მისი განსაზღვრა);
(ბ) მისი გამოყენების ღირებულება (თუ შესაძლებელია მისი განსაზღვრა); და (გ) ნული.
გაუფასურების ზარალის ზედმეტობა, რომლის მიკუთვნება ამა თუ იმ აქტივზე არ შეიძლება 27.22 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვის გამო, უნდა განაწილდეს მოცემულ ერთეულში შემავალ სხვა აქტივებზე, ამ აქტივების საბალანსო ღირებულებების პროპორციულად
გუდვილის ცალკე გაყიდვა შესაძლებელი არ არის. გუდვილი სხვა აქტივებისაგან დამოუკიდებლად არ წარმოშობს საწარმოს ფულად ნაკადებს. ამის გამო, გუდვილის რეალური ღირებულების პირდაპირი შეფასება შეუძლებელია. მაშასადამე, გუდვილის რეალური ღირებულება უნდა განისაზღვროს იმ ფულადი სახსრების წარმომქმნელი ერთეულ(ებ)ის რეალური ღირებულების მიხედვით, რომლის შემადგენელ ნაწილიცაა გუდვილი.
გუდვილის გაუფასურების ტესტირების მიზნით, საწარმოთა გაერთიანებისას შეძენილი გუდვილი, შეძენის თარიღიდან დაწყებული, განაწილდება მყიდველი საწარმოს იმ ფულადი სახსრების წარმომქმნელ ყველა ერთეულზე, რომლებიც მოსალოდნელია, რომ სარგებელს მიიღებენ გაერთიანებით განპირობებული სინერგიიდან, მიუხედავად იმისა, შეძენილი საწარმოს სხვა აქტივები და ვალდებულებები მიკუთვნებულია თუ არა ამ ერთეულებზე.
ფულადი სახსრების წარმომქმნელი ერთეულის ანაზღაურებადი ღირებულების ნაწილი მიეკუთვნება გუდვილის არამაკონტროლებელი წილის ნაწილს. გუდვილის შემცველი არასრულ საკუთრებაში მყოფი ფულადი სახსრების წარმომქმნელი ერთეულის გაუფასურების ტესტირების დროს, ამ ერთეულის საბალანსო ღირებულება პირობითად კორექტირდება მანამ, სანამ შეუდარდება ანაზღაურებად ღირებულებას. კორექტირება გულისხმობს ამ ერთეულზე მიკუთვნებული გუდვილის საბალანსო ღირებულების გადაანგარიშებას იმგვარად, რომ მოიცვას უმცირესობის წილზე მიკუთვნებული გუდვილი. ზემოაღნიშნული პირობითად კორექტირებული საბალანსო ღირებულება შემდგომში უდარდება ერთეულის ანაზღაურებად ღირებულებას, მისი გაუფასურების დასადგენად.
თუ შეუძლებელია დასაბუთებული საფუძვლით გუდვილის მიკუთვნება ცალკეულ ფულადი სახსრების წარმომქმნელ ერთეულებზე (ან ფულადი სახსრების წარმომქმნელ ერთეულების ჯგუფებზე), მაშინ გუდვილის გაუფასურების ტესტირების მიზნით, საწარმომ უნდა განსაზღვროს ან:
(ა) მთელი შეძენილი საწარმოს ანაზღაურებადი ღირებულება, თუ გუდვილი მიეკუთვნება შეძენილ საწარმოს, რომლის ინტეგრირება არ მომხდარა (ინტეგრირება გულისხმობს შეძენილი საწარმოს რესტრუქტურიზაციას, ან მის დანაწევრებას და გაერთიანებას ანგარიშვალდებულ ან სხვა შვილობილ საწარმოებში); ან
(ბ) საწარმოთა მთელი ჯგუფის ანაზღაურებადი ღირებულება, გარდა იმ საწარმოებისა, რომელთა ინტეგრირებაც არ მომხდარა, თუ გუდვილი მიეკუთვნება საწარმოს, რომლის ინტეგრირებაც განხორციელდა.
ამ პუნქტის თანახმად, საწარმომ გუდვილი უნდა დაყოს ნაწილებად: გუდვილი, რომელიც დაკავშირებულია ინტეგრირებულ საწარმოებთან და გუდვილი, რომელიც დაკავშირებულია იმ საწარმოებთან, რომელთა ინტეგრირებაც არ მომხდარა. ამასთან, საწარმომ უნდა გაითვალისწინოს ფულადი სახსრების წარმომქმნელი ერთეულების შესახებ ამ განყოფილებაში მოცემული მოთხოვნები, როდესაც ანგარიშობს შეძენილი საწარმოს, ან საწარმოთა ჯგუფის აქტივების ანაზღაურებად ღირებულებას და მათში შემავალ აქტივებზე ანაწილებს გაუფასურების ზარალსა და მისი აღდგენის (კომპენსირების) თანხებს.
დაუშვებელია გუდვილთან დაკავშირებით აღიარებული გაუფასურების ზარალის მომავალ პერიოდებში კომპენსირება (აღდგენა უკუგატარებით).
საწარმომ ყოველი საანგარიშგებო თარიღისათვის, გუდვილის გარდა, ყველა აქტივისთვის უნდა განსაზღვროს, არსებობს თუ არა რაიმე ნიშანი იმისა, რომ წინა წლებში აღიარებული გაუფასურების ზარალი შესაძლოა აღარ არსებობდეს, ან შემცირებული იყოს. ნიშნები იმისა, რომ გაუფასურების ზარალი შესაძლოა აღარ არსებობდეს ან შემცირებული იყოს, 27.9 პუნქტში განხილული ინდიკატორების საპირისპიროა. თუ არსებობს რაიმე ამგვარი ნიშანი, საწარმომ უნდა განსაზღვროს, წინა პერიოდში აღიარებული გაუფასურების ზარალის კომპენსირება სრულად არის საჭირო თუ ნაწილობრივ. ამის დასადგენად გამოსაყენებელი შესაფერისი პროცედურა დამოკიდებული იქნება იმაზე, რის საფუძველზე იყო შეფასებული წინა პერიოდის გაუფასურების ზარალი:
(ა) ცალკეული აქტივის ანაზღაურებად ღირებულებაზე დაყრდნობით (იხ. პუნქტი 27.30); თუ
(ბ) იმ ფულადი სახსრების წარმომქმნელი ერთეულის ანაზღაურებად ღირებულებაზე დაყრდნობით, რომელსაც ეს აქტივი მიეკუთვნება (იხ. პუნქტი 27.31).
როდესაც წინა პერიოდის გაუფასურების ზარალი დაფუძნებულია ცალკეული გაუფასურებული აქტივის ანაზღაურებად ღირებულებაზე, მაშინ საწარმო იყენებს შემდეგ მოთხოვნებს:
(ა) საწარმომ უნდა შეაფასოს აქტივის ანაზღაურებადი ღირებულება მიმდინარე საანგარიშგებო თარიღისთვის;
(ბ) თუ აქტივის შეფასებული ანაზღაურებადი ღირებულება მეტია მის საბალანსო ღირებულებაზე, საწარმომ აქტივის საბალანსო ღირებულება უნდა გაზარდოს ანაზღაურებად ღირებულებამდე, (გ) ქვეპუნქტში აღწერილი შეზღუდვის გათვალისწინებით. ამგვარი ზრდა არის აქტივის გაუფასურების ზარალის აღდგენა/კომპენსირება. საწარმომ გაუფასურების ზარალის კომპენსირების თანხა დაუყოვნებლივ უნდა აღიაროს მოგებაში ან ზარალში, თუ აქტივი ასახული არ არის გადაფასებული თანხით 17.15ბ პუნქტში აღწერილი გადაფასების მოდელით. გადაფასებული აქტივის გაუფასურების ზარალის კომპენსირების ნებისმიერი თანხა უნდა აღირიცხოს 17.15გ პუნქტის მიხედვით, როგორც გადაფასების ზრდა;
(გ) გაუფასურების ზარალის კომპენსირებით აქტივის საბალანსო ღირებულება არ უნდა გაიზარდოს იმ საბალანსო ღირებულებაზე (ამორტიზაციის, ან ცვეთის გამოკლებით) მეტად, რომელიც განისაზღვრებოდა იმ შემთხვევაში, თუ წინა წლებში არ აღიარდებოდა გაუფასურების ზარალი;
(დ) გაუფასურების ზარალის კომპენსირების აღიარების შემდეგ აქტივის ცვეთის (ამორტიზაციის) ანარიცხის თანხა უნდა დაკორექტირდეს მომავალ პერიოდებში, რათა აქტივის შესწორებული საბალანსო ღირებულება, ნარჩენი ღირებულების (მისი არსებობის შემთხვევაში) გამოკლებით, სისტემატურ საფუძველზე განაწილდეს აქტივის დარჩენილი სასარგებლო მომსახურების ვადის განმავლობაში.
როდესაც თავდაპირველი გაუფასურების ზარალი დაფუძნებულია იმ ფულადი სახსრების წარმომქმნელი ერთეულის ანაზღაურებად ღირებულებაზე, რომელსაც ეს აქტივი განეკუთვნება, მაშინ საწარმო იყენებს შემდეგ მოთხოვნებს:
(ა) საწარმომ უნდა შეაფასოს ფულადი სახსრების წარმომქმნელი ერთეულის ანაზღაურებადი ღირებულება მიმდინარე საანგარიშგებო თარიღისთვის;
(ბ) თუ ფულადი სახსრების წარმომქმნელი ერთეულის ანაზღაურებადი ღირებულება მეტია მის საბალანსო ღირებულებაზე, ნამეტი წარმოადგენს გაუფასურების ზარალის კომპენსირებას. საწარმომ გაუფასურების ზარალის კომპენსირების თანხა უნდა გაანაწილოს ამ ერთეულში შემავალ აქტივებზე, გარდა გუდვილისა, მათი საბალანსო ღირებულებების პროპორციულად, (გ) ქვეპუნქტში აღწერილი შეზღუდვის გათვალისწინებით. საბალანსო ღირებულებების ამგვარი ზრდა საწარმომ უნდა მიიჩნიოს ცალკეული აქტივის გაუფასურების ზარალის კომპენსირებად (აღდგენად) და დაუყოვნებლივ აღიაროს მოგებაში, ან ზარალში, თუ აქტივი ასახული არ არის გადაფასებული თანხით 17.15ბ პუნქტში აღწერილი გადაფასების მოდელით. გადაფასებული აქტივის გაუფასურების ზარალის კომპენსირების ნებისმიერი თანხა უნდა აისახოს 17.15გ პუნქტის შესაბამისად, როგორც გადაფასების ზრდა;
(გ) ფულადი სახსრების წარმომქმნელი ერთეულის გაუფასურების ზარალის კომპენსირების თანხის განაწილებისას, არც ერთი აქტივის საბალანსო ღირებულებამ არ უნდა გადააჭარბოს შემდეგი სიდიდეებიდან უმცირესს:
(i) მისი ანაზღაურებადი ღირებულება; და
(ii) საბალანსო ღირებულება (ამორტიზაციის, ან ცვეთის გამოკლებით), რომელიც მიიღებოდა იმ შემთხვევაში, თუ წინა წლებში არ აღიარდებოდა მოცემული აქტივის გაუფასურების ზარალი;
(დ) გაუფასურების ზარალის კომპენსირების თანხის განაწილებისას წარმოქმნილი ნამეტი თანხა, რომელიც არ შეიძლება მიეკუთვნოს მოცემულ აქტივს, (გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვის გამო, პროპორციულად უნდა განაწილდეს მოცემული ფულადი სახსრების წარმომქმნელი ერთეულის სხვა აქტივებზე, გარდა გუდვილისა;
(ე) გაუფასურების ზარალის კომპენსირების თანხის აღიარების შემდეგ ფულადი სახსრების წარმომქმნელი ერთეულის თითოეული აქტივის ცვეთის (ამორტიზაციის) თანხა უნდა დაკორექტირდეს მომავალ პერიოდებში, რათა აქტივის შესწორებული საბალანსო ღირებულება, ნარჩენი ღირებულების (მისი არსებობის შემთხვევაში) გამოკლებით, სისტემატურ საფუძველზე განაწილდეს აქტივის დარჩენილი სასარგებლო მომსახურების ვადის განმავლობაში.
საწარმომ 27.33 პუნქტში მითითებული აქტივების თითოეული კლასისთვის უნდა გაამჟღავნოს შემდეგი ინფორმაცია:
(ა) საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში მოგებაში ან ზარალში აღიარებული გაუფასურების ზარალის თანხა და სრული შემოსავლების ანგარიშგების (ასევე მოგებისა და ზარალის ანგარიშგების, მისი წარდგენის შემთხვევაში) ის მუხლი (მუხლები), რომელიც მოიცავს გაუფასურების ზარალის თანხებს; და
(ბ) საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში მოგებაში ან ზარალში აღიარებული გაუფასურების ზარალის კომპენსირების თანხა და სრული შემოსავლების ანგარიშგების (ასევე მოგებისა და ზარალის ანგარიშგების, მისი წარდგენის შემთხვევაში) ის მუხლი (მუხლები), რომელშიც ასახულია გაუფასურების ზარალის კომპენსირება.
საწარმომ 27.32 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა გაამჟღავნოს აქტივების თითოეული შემდეგი კლასისათვის:
(ა) მარაგი;
(ბ) ძირითადი საშუალებები (მათ შორის, თვითღირებულების მეთოდით ასახული საინვესტიციო ქონება);
(გ) გუდვილი;
(დ) არამატერიალურ აქტივები, გუდვილის გარდა;
(ე) ინვესტიციები მეკავშირე საწარმოებში; და
(ვ) ინვესტიციები ერთობლივ საქმიანობაში.