წინამდებარე განყოფილება განსაზღვრავს ყველა სახის სახელმწიფო გრანტის ბუღალტრული აღრიცხვის წესებს. სახელმწიფო გრანტი არის სახელმწიფოს მიერ საწარმოსათვის გაწეული დახმარება რესურსების გადაცემის სახით, საწარმოს სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული, წარსულში შესრულებული ან მომავალში შესასრულებელი გარკვეული პირობების სანაცვლოდ.
სახელმწიფო გრანტი არ მოიცავს ისეთი ტიპის სახელმწიფო დახმარებებს, რომელთა ღირებულების დასაბუთებული შეფასება შეუძლებელია, ასევე სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელებულ ისეთ ოპერაციებს, რომლებიც არ განსხვავდება საწარმოს ჩვეულებრივი კომერციული ოპერაციებისაგან.
ეს განყოფილება არ მოიცავს სახელმწიფო დახმარებას, რომელიც საწარმოს ეძლევა შეღავათების სახით დასაბეგრი მოგების, ან საგადასახადო ზარალის განსაზღვრისას, ან ისეთ შეღავათებს, რომლებიც განისაზღვრება, ან იზღუდება მოგების გადასახადის ვალდებულების სიდიდის საფუძველზე. ასეთი დახმარების მაგალითებია: მოგების გადასახადისგან დროებითი განთავისუფლება, შეღავათები ინვესტიციებზე გადასახადის გადახდისთვის, ნებართვა დაჩქარებული ამორტიზაციის ნორმებით გამოთვლილი ცვეთის გამოქვითვაზე მოგების გადასახადის გაანგარიშებისას და მოგების გადასახადის შემცირებული განაკვეთები. 29-ე განყოფილება - „მოგების გადასახადი“ - ეხება გადასახადების აღრიცხვას, რომლებიც გაიანგარიშება საწარმოს მიერ მიღებული მოგებიდან.
საწარმომ სახელმწიფო გრანტი უნდა აღიაროს შემდეგნაირად:
(ა) გრანტი, რომელიც არ შეიცავს მომავალში გრანტის მიმღებისგან გარკვეული პირობების შესრულებას, შემოსავალში უნდა აღიარდეს მაშინ, როდესაც გრანტის შემოსულობები მიღებადი გახდება;
(ბ) გრანტი, რომელიც ითვალისწინებს მომავალში გრანტის მიმღებისგან გარკვეული პირობების შესრულებას, შემოსავლად მხოლოდ მას შემდეგ უნდა აღიარდეს, როდესაც გრანტის ყველა პირობა შესრულდება; და
(გ) თუ საწარმო მანამდე იღებს გრანტს, სანამ ამონაგების აღიარების კრიტერიუმები დაკმაყოფილდება, ასეთი გრანტი უნდა აღიარდეს როგორც ვალდებულება.
საწარმომ გრანტები უნდა შეაფასოს მიღებული ან მისაღები აქტივის რეალური ღირებულებით.
საწარმომ უნდა გაამჟღავნოს შემდეგი ინფორმაცია:
(ა) ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული სახელმწიფო გრანტების ხასიათი და მოცულობა;
(ბ) სახელმწიფო გრანტთან დაკავშირებული ისეთი შეუსრულებელი პირობები და სხვა პირობითი მოვლენები, რომლებიც არ აღიარდა შემოსავალში; და
(გ) სახელმწიფოსგან მიღებული სხვა ფორმის დახმარებები, საიდანაც საწარმომ პირდაპირ მიიღო სარგებელი.
განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების მიზნებისთვის, რომელიც მოითხოვება 24.6(გ) ქვეპუნქტით, სახელმწიფო დახმარება არის სახელმწიფოს ქმედება, რომელიც გულისხმობს ეკონომიკური დახმარების გაწევას რომელიმე კონკრეტული საწარმოს ან საწარმოთა ჯგუფისათვის, რომლებიც გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. ამის მაგალითია უფასო ტექნიკური ან მარკეტინგული კონსულტაციები, გარანტიებისა და უპროცენტო ან დაბალი საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხების გაცემა.