წინამდებარე განყოფილება განსაზღვრავს ფინანსური ინსტრუმენტების ვალდებულებებად, ან წილობრივ ინსტრუმენტებად კლასიფიცირების პრინციპებს; ასევე მოიცავს ისეთი წილობრივი ინსტრუმენტების აღრიცხვას, რომლებიც გამოშვებულია იმ პირებისთვის ან სხვა მხარეებისთვის, რომლებიც მოქმედებენ როგორც წილობრივი ინსტრუმენტების ინვესტორები (ანუ, როგორც საწარმოს მესაკუთრეები). 26-ე განყოფილება - „აქციებზე დაფუძნებული გადახდა“ - არეგულირებს ისეთი ოპერაციების აღრიცხვას, როდესაც საწარმო იღებს საქონელს ან მომსახურებას (მათ შორის დაქირავებული პირების მიერ გაწეულ მომსახურებას) თავის წილობრივი ინსტრუმენტების (მათ შორის აქციების ან აქციის ოფციონების) ანაზღაურების სახით, დაქირავებული პირებისა და სხვა მომწოდებლებისგან, რომლებიც მოქმედებენ, როგორც საქონლის, ან მომსახურების მომწოდებლები
ეს განყოფილება გამოიყენება ყველა ტიპის ფინანსური ინსტრუმენტის კლასიფიკაციისათვის, გარდა:
(ა) შვილობილ საწარმოებში, მეკავშირე საწარმოებსა და ერთობლივ საქმიანობაში ფლობილი წილებისა, რომლებიც აღირიცხება მე-9 განყოფილების - „კონსოლიდირებული და ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება“, მე-14 განყოფილების - „ინვესტიციები მეკავშირე საწარმოებში“, ან მე-15 განყოფილების - „ინვესტიციები ერთობლივ საქმიანობაში“ - მიხედვით;
(ბ) დაქირავებულ პირთა გასამრჯელოების პროგრამებთან დაკავშირებული დამქირავებლის უფლება-მოვალეობებისა, რომლებიც განეკუთვნება განყოფილება 28-ის - „დაქირავებულ პირთა გასამრჯელოები“ - მოქმედების სფეროს;
(გ) საწარმოთა გაერთიანების დროს პირობით კომპენსაციაზე დადებული ხელშეკრულებებისა (იხილეთ მე-19 განყოფილება - „საწარმოთა გაერთიანება და გუდვილი“). ეს განთავისუფლება ეხება მხოლოდ მყიდველ საწარმოს;
(დ) აქციებზე დაფუძნებული გადახდის შეთანხმებებით გათვალისწინებული ფინანსური ინსტრუმენტების, ხელშეკრულებებისა და ვალდებულებებისა, რომელთა მიმართაც გამოიყენება 26-ე განყოფილება, გარდა 22.3–22.6 პუნქტებისა, რომლებიც საწარმომ უნდა გამოიყენოს აქციონერებისგან გამოსყიდულ საწარმოს საკუთარ აქციებთან მიმართებით, რომლებიც შეძენილი, გაყიდული, გამოშვებული ან გაუქმებული იყო დაქირავებულ პირთა აქციის ოფციონების პროგრამებთან, დაქირავებულ პირთა მიერ აქციების შეძენის პროგრამებსა და ყველა სხვა სახის აქციებზე დაფუძნებული გადახდის შეთანხმებებთან დაკავშირებით.
საკუთარი კაპიტალი არის საწარმოს აქტივების ის ნაწილი, რომელიც რჩება ყველა ვალდებულების გამოკლების შემდეგ. საწარმოს ვალდებულება არის მისი მიმდინარე ვალდებულება, რომელიც წარმოიქმნა წარსული მოვლენების შედეგად და რომლის დასაფარად მოსალოდნელია ეკონომიკურ სარგებელში განივთებული რესურსების გასვლა საწარმოდან. საკუთარი კაპიტალი მოიცავს საწარმოს მესაკუთრეების მიერ განხორციელებულ ინვესტიციას, პლუს ამ ინვესტიციების (შენატანების) მატება, რომელიც მიღებულ იქნა საწარმოს მოგებიანი საქმიანობებიდან და საწარმოში რჩება თავის საოპერაციო საქმიანობაში გამოყენების მიზნით, მინუს მესაკუთრეთა ინვესტიციის შემცირება, რაც განაპირობა არამოგებიანმა ოპერაციებმა და მესაკუთრეებზე განხორციელებულმა განაწილებებმა.
საწარმომ ფინანსური ინსტრუმენტის კლასიფიცირება უნდა მოახდინოს ფინანსური ვალდებულების, ფინანსური აქტივის ან წილობრივი ინსტრუმენტის სახით, ხელშეკრულების შინაარსისა და ფინანსური ვალდებულების, ფინანსური აქტივისა და წილობრივი ინსტრუმენტის განმარტებების შესაბამისად და არა მხოლოდ ხელშეკრულების იურიდიული ფორმის მიხედვით. თუ საწარმოს არა აქვს უპირობო უფლება, თავი აარიდოს ფულადი სახსრების ან სხვა ფინანსური აქტივის გადაცემას სახელშეკრულებო ვალდებულების დასაფარად, ასეთი ვალდებულება აკმაყოფილებს ფინანსური ვალდებულების განმარტებას და ფინანსურ ვალდებულად კლასიფიცირდება, იმ ფინანსური ინსტრუმენტების გარდა, რომლებიც წილობრივ ინსტრუმენტად არის კლასიფიცირებული, 22.4 პუნქტის შესაბამისად.
ზოგიერთი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც აკმაყოფილებს ვალდებულების განმარტებას, კლასიფიცირებული იქნება, როგორც წილობრივი ინსტრუმენტი, იმის გამო, რომ იგი წარმოადგენს ნარჩენ წილს საწარმოს წმინდა აქტივებში:
(ა) დაბრუნებადი ფინანსური ინსტრუმენტი ისეთი ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც მფლობელს უფლებას ანიჭებს, ემიტენტს უკანვე მიჰყიდოს ინსტრუმენტი, ფულად სახსრებზე ან სხვა ფინანსურ აქტივზე გაცვლის გზით, ან, რომელსაც ავტომატურად დაფარავს ან გამოისყიდის ემიტენტი ამა თუ იმ გაურკვეველი მოვლენის მოხდენისას მომავალში, ან ინსტრუმენტის მფლობელის სიკვდილის ან პენსიაში გასვლის დროს. დაბრუნებადი ინსტრუმენტი კლასიფიცირდება როგორც წილობრივი ინსტრუმენტი, თუ მას გააჩნია ყველა შემდეგი მახასიათებელი:
(i) ფინანსური ინსტრუმენტი მფლობელს საწარმოს წმინდა აქტივების პროპორციული წილის მიღების უფლებას ანიჭებს საწარმოს ლიკვიდაციის შემთხვევაში. საწარმოს წმინდა აქტივები ის აქტივებია, რომლებიც რჩება საწარმოს აქტივებთან დაკავშირებული ყველა სხვა მოთხოვნის გამოკლების შემდეგ;
(ii) ეს ინსტრუმენტი ისეთ კლასს განეკუთვნება, რომელსაც ინსტრუმენტების ყველა სხვა კლასთან შედარებით სუბორდინირებული პოზიცია აქვს;
(iii) ინსტრუმენტების ყველა სხვა კლასთან შედარებით სუბორდინირებული პოზიციის მქონე ინსტრუმენტების კლასში შემავალ ყველა ინსტრუმენტს იდენტური მახასიათებლები გააჩნია;
(iv) გარდა იმისა, რომ ემიტენტს აკისრია სახელშეკრულებო ვალდებულება, გამოისყიდოს, ან გამოიხმოს (დაიბრუნოს) ეს ინსტრუმენტი ფულად სახსრებზე ან სხვა ფინანსურ აქტივზე გაცვლის გზით, ეს ინსტრუმენტი არ მოიცავს არანაირ სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებას, რომელიც ითვალისწინებს სხვა საწარმოსთვის ფულადი სახსრების ან სხვა ფინანსური აქტივის გადაცემას, ან პოტენციურად არახელსაყრელი პირობებით სხვა საწარმოსთან ფინანსური აქტივების ან ვალდებულებების გაცვლას; ამასთან, მოცემული ხელშეკრულება არ არის ისეთი ხელშეკრულება, რომელიც დაიფარება ან შესაძლებელია დაიფაროს საწარმოს საკუთარი წილობრივი ინსტრუმენტებით;
(v) მთლიანი მოსალოდნელი ფულადი ნაკადები, რომლებიც მისაკუთვნებელია ამ ინსტრუმენტზე ინსტრუმენტის მოქმედების ვადის განმავლობაში, ძირითადად, დამოკიდებულია ინსტრუმენტის მოქმედების ვადის განმავლობაში საწარმოს მიერ მიღებულ მოგებაზე ან ზარალზე, აღიარებული წმინდა აქტივების ცვლილებაზე, ან აღიარებული და აუღიარებელი წმინდა აქტივების რეალური ღირებულების ცვლილებაზე (ამ ინსტრუმენტით განპირობებული ყოველგვარი შედეგის გამორიცხვით);
(ბ) ინსტრუმენტები ან ინსტრუმენტების კომპონენტები, რომლებსაც ინსტრუმენტების ყველა სხვა კლასთან შედარებით სუბორდინირებული პოზიცია აქვთ, კლასიფიცირდება, როგორც წილობრივი ინსტრუმენტები, თუ ისინი საწარმოს ვალდებულებას აკისრებს, მეორე მხარეს გადასცეს საწარმოს წმინდა აქტივების პროპორციული წილი მხოლოდ ლიკვიდაციის დროს.
ქვემოთ ჩამოთვლილია ისეთი ინსტრუმენტების მაგალითები, რომლებიც კლასიფიცირდება, როგორც ვალდებულება და არა როგორც წილობრივი ინსტრუმენტი:
(ა) ინსტრუმენტი კლასიფიცირდება, როგორც ვალდებულება, თუ წმინდა აქტივების განაწილება, საწარმოს ლიკვიდაციის შემთხვევაში, დაფუძნებულია მაქსიმალურ თანხაზე (ზედა ზღვარი). მაგალითად, თუ ლიკვიდაციისას ფინანსური ინსტრუმენტების მფლობელები წილის პროპორციულად მიიღებენ წმინდა აქტივებს, მაგრამ მისაღები აქტივების ღირებულება შეზღუდულია ზედა ზღვრით და ნამეტი წმინდა აქტივების განაწილება მოხდება საქველმოქმედო ორგანიზაციაზე ან სახელმწიფოზე, ასეთი ფინანსური ინსტრუმენტი არ კლასიფიცირდება, როგორც წილობრივი ინსტრუმენტი;
(ბ) დაბრუნებადი ინსტრუმენტი კლასიფიცირდება, როგორც წილობრივი ინსტრუმენტი, თუ დაბრუნების დროს მფლობელი მიიღებს საწარმოს წმინდა აქტივების პროპორციულ წილს, რაც შეფასებული იქნება წინამდებარე სტანდარტით. თუმცა, თუ მფლობელს ისეთი თანხის მიღების უფლება აქვს, რომელიც შეფასებული იქნება სხვა სტანდარტების საფუძველზე (როგორიცაა, მაგალითად ადგილობრივი საყოველთაოდ მიღებული ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები), მაშინ ინსტრუმენტი კლასიფიცირდება, როგორც ვალდებულება;
(გ) ინსტრუმენტი კლასიფიცირდება, როგორც ვალდებულება, თუ იგი საწარმოს ავალდებულებს, ინსტრუმენტის მფლობელს გადაუხადოს სავალდებულო დივიდენდი;
(დ) დაბრუნებადი ინსტრუმენტი, რომელიც შვილობილი საწარმოს ფინანსურ ანგარიშგებაში კლასიფიცირებულია, როგორც წილობრივი ინსტრუმენტი, მისი სათავო საწარმოს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში უნდა აისახოს, როგორც ვალდებულება;
(ე) პრივილეგირებული აქციები, რომლებიც სავალდებულო გამოსყიდვას ექვემდებარება ემიტენტის მიერ, რაიმე ფიქსირებული ან განსაზღვრადი თანხით, რომელიმე ფიქსირებული ან განსაზღვრადი მომავალი თარიღისათვის, ან აქციების მფლობელს უფლებას აძლევს, ემიტენტისაგან მოითხოვოს აქციების გამოსყიდვა რომელიმე კონკრეტული თარიღისათვის, ან კონკრეტული თარიღის შემდეგ ფიქსირებული ან განსაზღვრადი თანხით, მიიჩნევა ფინანსურ ვალდებულებად.
კოოპერაციული საწარმოს (კოოპერატივის) წევრების წილები, ან სხვა მსგავსი ინსტრუმენტები იმ შემთხვევაში მიიჩნევა საკუთარ კაპიტალად, თუ:
(ა) კოოპერაციულ საწარმოს აქვს უპირობო უფლება, უარი თქვას წევრების წილების გამოსყიდვაზე; ან
(ბ) გამოსყიდვა უპირობოდ არის აკრძალული ადგილობრივი კანონმდებლობის, ან საწარმოს წესდებით.
საწარმომ აქციების, ან სხვა წილობრივი ინსტრუმენტების გამოშვება უნდა აღიაროს, როგორც საკუთარი კაპიტალი, როდესაც მოხდება ამ ინსტრუმენტების გამოშვება და მეორე მხარე ვალდებული ხდება, საწარმოს გადაუხადოს ფულადი სახსრები, ან სხვა რესურსები, წილობრივი ინსტრუმენტების მიღების სანაცვლოდ:
(ა) თუ წილობრივი ინსტრუმენტი გამოშვებულია ფულადი სახსრების ან სხვა რესურსების მიღებამდე, მაშინ საწარმომ მისაღები თანხა ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში უნდა აღიაროს, როგორც საკუთარ კაპიტალთან ურთიერთგადაფარვა და არა როგორც აქტივი;
(ბ) თუ საწარმო წილობრივი ინსტრუმენტის გამოშვებამდე მიიღებს ფულად სახსრებს ან სხვა რესურსს და საწარმოს არ მოეთხოვება მიღებული ფულადი სახსრების, ან სხვა რესურსების დაბრუნება, მაშინ საწარმომ უნდა აღიაროს საკუთარი კაპიტალის შესაბამისი ზრდა, მიღებული ანაზღაურების ფარგლებში; და
(გ) თუ წილობრივი ინსტრუმენტი ხელმოწერილია, მაგრამ ჯერ არ არის გამოშვებული და საწარმოს არც ფულადი სახსრები და არც სხვა რესურსი არ მიუღია, მან არ უნდა აღიაროს საკუთარი კაპიტალის ზრდა.
საწარმომ წილობრივი ინსტრუმენტები (გარდა საწარმოთა გაერთიანების პროცესში გამოშვებული წილობრივი ინსტრუმენტებისა და 22.15ა-22.15ბ პუნქტების შესაბამისად აღრიცხული წილობრივი ინსტრუმენტებისა) უნდა შეაფასოს მიღებული ან მისაღები ფულადი სახსრების ან რესურსების რეალური ღირებულების მიხედვით, გარიგების დანახარჯების გამოკლებით. თუ გადახდა გადავადებულია და ფულის დროითი ღირებულება არსებითია, საწარმომ წილობრივი ინსტრუმენტები თავდაპირველად უნდა შეაფასოს დღევანდელი ღირებულებით.
საწარმომ წილობრივი ინსტრუმენტების გამოშვებასთან დაკავშირებული გარიგების დანახარჯები უნდა გამოქვითოს საკუთარი კაპიტალიდან. მოგების გადასახადი, რომელიც დაკავშირებულია გარიგების დანახარჯებთან, უნდა აისახოს 29-ე განყოფილების - „მოგების გადასახადი“ - შესაბამისად.
როგორ უნდა აისახოს საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში აქციების, ან სხვა წილობრივი ინსტრუმენტის გამოშვებით განპირობებული საკუთარი კაპიტალის ზრდა, განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით. მაგალითად, კანონმდებლობით შეიძლება მოითხოვებოდეს აქციის ნომინალური ღირებულებისა და ერთ აქციაში გადახდილი, ნომინალურ ღირებულებაზე ნამეტი თანხის ცალ-ცალკე წარდგენა.
22.7-22.10 პუნქტებში მოცემული პრინციპები საწარმომ უნდა გამოიყენოს ისეთი წილობრივი ინსტრუმენტების მიმართ, რომელთა გამოშვება ხდება ოფციონების, უფლებების, ვარანტებისა და სხვა მსგავსი წილობრივი ინსტრუმენტების გაყიდვის მეშვეობით.
კაპიტალიზაცია, ანუ აქციების ბონუსური ემისია (ზოგჯერ უწოდებენ დივიდენდების გადახდას აქციებით) არის ახალი აქციების გამოშვება არსებული აქციონერებისთვის, მათი კუთვნილი წილის პროპორციულად. მაგალითად, საწარმომ შეიძლება აქციონერებს მისცეს ერთი დივიდენდი ან ბონუსური აქცია ყოველ 5 აქციაზე, რომელსაც აქციონერი ფლობს. აქციების დანაწევრება არის არსებული აქციების დაყოფა რამდენიმე აქციად. მაგალითად, აქციების დანაწევრების დროს, აქციონერმა შეიძლება მიიღოს ერთი დამატებითი აქცია ყოველ ერთ აქციაზე, რომელსაც იგი ფლობდა დანაწევრებამდე. ზოგიერთ შემთხვევაში, მიმოქცევაში ადრე გაშვებული აქციები შეიძლება გაუქმდეს და შეიცვალოს ახალი აქციებით. კაპიტალიზაცია და ბონუსური ემისია და აქციების დანაწევრება არ გამოიწვევს მთლიანი საკუთარი კაპიტალის ცვლილებას. საწარმომ თანხების რეკლასიფიკაცია საკუთარი კაპიტალის ფარგლებში უნდა მოახდინოს შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით.
როდესაც საწარმო უშვებს კონვერტირებად სავალო ინსტრუმენტს ან რთულ ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც მოიცავს როგორც ვალდებულების, ასევე წილობრივ კომპონენტს, შესაბამისი შემოსულობა უნდა განაწილდეს ვალდებულებისა და წილობრივ კომპონენტებზე. ამისათვის, საწარმომ პირველად უნდა განსაზღვროს ვალდებულების კომპონენტის სიდიდე, რაც იქნება მსგავსი ვალდებულების რეალური ღირებულება, რომელსაც არ გააჩნია კონვერტაციის უფლება, ან დაკავშირებული მსგავსი წილობრივი კომპონენტი. ინსტრუმენტის დარჩენილი ღირებულება უნდა მიეკუთვნოს წილობრივ კომპონენტს. გარიგების დანახარჯების განაწილება ვალდებულებისა და წილობრივ კომპონენტებზე უნდა მოხდეს მათი შესაბამისი რეალური ღირებულებების საფუძველზე.
საწარმომ შემდგომ პერიოდებში არ უნდა შეასწოროს ზემოაღნიშნული განაწილება.
ფინანსური ინსტრუმენტების გამოშვების შემდგომ პერიოდებში, საწარმომ ფინანსური ინსტრუმენტების ვალდებულების კომპონენტი უნდა ასახოს:
(ა) მე-11 განყოფილების - „ძირითადი ფინანსური ინსტრუმენტები“ - შესაბამისად, თუ ვალდებულების კომპონენტი აკმაყოფილებს 11.9 პუნქტში განსაზღვრულ პირობებს. ასეთ შემთხვევაში, საწარმომ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მეთოდის გამოყენებით, სისტემატურად უნდა აღიაროს, როგორც დამატებითი საპროცენტო ხარჯი, სხვაობა ვალდებულების კომპონენტსა და ძირ თანხას შორის, რომელიც გადასახდელია ინსტრუმენტის ვადის გასვლისას (იხილეთ პუნქტები 11.15–11.20);
(ბ) მე-12 განყოფილების - „სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული საკითხები“- შესაბამისად, თუ ვალდებულების კომპონენტი არ აკმაყოფილებს 11.9 პუნქტში განსაზღვრულ პირობებს.
საწარმომ კრედიტორთან მოლაპარაკების გზით შეიძლება შეცვალოს ფინანსური ვალდებულების პირობები, რომლის თანახმადაც საწარმო ვალდებულებას მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარავს წილობრივი ინსტრუმენტების გამოშვებით კრედიტორისთვის. წილობრივი ინსტრუმენტების გამოშვება მიიჩნევა გადახდილ კომპენსაციად, 11.38 პუნქტის შესაბამისად. საწარმომ გამოშვებული წილობრივი ინსტრუმენტები უნდა შეაფასოს რეალური ღირებულებით. თუმცა, თუ შეუძლებელია გამოშვებული წილობრივი ინსტრუმენტების რეალური ღირებულების საიმედოდ შეფასება მიზანშეუწონელი დანახარჯების, ან ძალისხმევის გარეშე, მაშინ ასეთი წილობრივი ინსტრუმენტები შეფასდება დაფარული ფინანსური ვალდებულების რეალური ღირებულებით. საწარმომ ფინანსური ვალდებულების, ან ფინანსური ვალდებულების ნაწილის აღიარება უნდა შეწყვიტოს 11.36-11.38 პუნქტების შესაბამისად.
თუ გადახდილი კომპენსაციის ნაწილი დაკავშირებულია ვალდებულების დარჩენილი ნაწილის პირობების შეცვლასთან, საწარმომ გადახდილი კომპენსაცია უნდა გაანაწილოს ვალდებულების დაფარულ ნაწილსა და ვალდებულების იმ ნაწილს შორის, რომელიც ისევ გადავადებული რჩება. კომპენსაციის განაწილება უნდა განხორციელდეს რაიმე გონივრული (რაციონალური) საფუძვლით. თუ დარჩენილი ვალდებულება არსებითად შეიცვალა, საწარმომ აღნიშნული ცვლილება უნდა ასახოს როგორც თავდაპირველი ვალდებულების დაფარვა და ახალი ვალდებულების აღიარება, როგორც მოითხოვება 11.37 პუნქტით.
საწარმომ 22.15ა-22.15ბ პუნქტები არ უნდა გამოიყენოს ისეთ სიტუაციებში განხორციელებულ ოპერაციებთან მიმართებით, როდესაც:
(ა) კრედიტორი ამავე დროს არის პირდაპირი ან არაპირდაპირი აქციონერი და მოქმედებს ამ სტატუსით - როგორც არსებული პირდაპირი ან არაპირდაპირი აქციონერი;
(ბ) კრედიტორსა და მოცემულ საწარმოს ერთი და იგივე მხარე ან მხარეები აკონტროლებენ ამ ოპერაციამდე და მის შემდეგ და ოპერაციის შინაარსი ითვალისწინებს საწარმოს მიერ წილობრივი ინსტრუმენტების განაწილებას (აქციონერებზე), ან წილობრივი ინსტრუმენტების შეტანას საწარმოს სააქციო კაპიტალში წილის სახით; ან
(გ) ფინანსური ვალდებულების დაფარვა წილობრივი ინსტრუმენტების გამოშვებით შეესაბამება ფინანსური ვალდებულების თავდაპირველ პირობებს (იხ. პუნქტები 22.13-22.15).
გამოსყიდული საკუთარი აქცია არის საწარმოს წილობრივი ინსტრუმენტი, რომელიც საწარმომ გამოუშვა და შემდგომში ხელახლა შეისყიდა. საწარმომ საკუთარ კაპიტალს უნდა გამოაკლოს აქციების გამოსასყიდად გაცემული კომპენსაციის რეალური ღირებულება. საწარმომ მოგებაში ან ზარალში არ უნდა აღიაროს გამოსყიდული საკუთარი აქციების შესყიდვიდან, გაყიდვიდან, გამოშვებიდან ან გაუქმებიდან მიღებული შემოსულობა ან ზარალი.
საწარმომ საკუთარი კაპიტალის ოდენობა უნდა შეამციროს მესაკუთრეებზე (მისი წილობრივი ინსტრუმენტების მფლობელებზე) განაწილებული თანხის ოდენობით. მესაკუთრეებზე განაწილებულ თანხასთან დაკავშირებული მოგების გადასახადი უნდა აისახოს 29- ე განყოფილების შესაბამისად
ზოგჯერ საწარმო თავის მესაკუთრეებზე ანაწილებს არა ფულად სახსრებს, არამედ სხვა აქტივებს („არაფულადი აქტივების განაწილება“). როდესაც საწარმო გამოაცხადებს ამგვარი განაწილების შესახებ და მას გააჩნია ვალდებულება, მესაკუთრეებზე გაანაწილოს არაფულადი აქტივები, მან უნდა აღიაროს ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულება საწარმომ უნდა შეაფასოს გასანაწილებელი აქტივების რეალური ღირებულებით, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც დაკმაყოფილებულია 22.18ა პუნქტის პირობები. ყოველი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს და ანგარიშსწორების თარიღისთვის, საწარმომ უნდა განიხილოს და დააკორექტიროს გადასახდელი დივიდენდების საბალანსო ღირებულება, რათა ასახოს გასანაწილებელი აქტივების რეალური ღირებულების ცვლილება. ამასთან, გადასახდელი დივიდენდების საბალანსო ღირებულებაში მომხდარი ცვლილებები უნდა აისახოს საკუთარ კაპიტალში როგორც გასანაწილებელი თანხის კორექტირება. როდესაც საწარმო იხდის დივიდენდების დავალიანებას, მან მოგებაში ან ზარალში უნდა აღიაროს განაწილებული აქტივების საბალანსო ღირებულებასა და გადასახდელი დივიდენდების საბალანსო ღირებულებას შორის არსებული სხვაობა.
თუ შეუძლებელია გასანაწილებელი აქტივების რეალური ღირებულების საიმედოდ შეფასება მიზანშეუწონელი დანახარჯების, ან ძალისხმევის გარეშე, მაშინ ეს ვალდებულება უნდა შეფასდეს გასანაწილებელი აქტივების საბალანსო ღირებულებით. თუ ვალდებულების დაფარვამდე შესაძლებელი გახდება გასანაწილებელი აქტივების რეალური ღირებულების საიმედოდ შეფასება მიზანშეუწონელი დანახარჯების, ან ძალისხმევის გარეშე, მაშინ ვალდებულება შეფასდება გასანაწილებელი აქტივების რეალური ღირებულებით, შესაბამისი კორექტირება გაკეთდება გასანაწილებელ თანხაში და აისახება 22.18 პუნქტის შესაბამისად.
22.18-22.18ა პუნქტები არ ეხება ისეთი არაფულადი აქტივის განაწილებას, რომელსაც განაწილებამდეც და განაწილების შემდეგაც, ფაქტობრივად, ერთი და იგივე მხარე აკონტროლებს. ზემოაღნიშნული გამონაკლისი ეხება იმ საწარმოს ინდივიდუალურ და კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას, რომელიც განაწილებას ახორციელებს.
კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში შვილობილი საწარმოს წმინდა აქტივების შემადგენელი არამაკონტროლებელი წილი აისახება საკუთარ კაპიტალში. შვილობილ საწარმოში სათავო საწარმოს კუთვნილ მაკონტროლებელ წილში მომხდარი ნებისმიერი ცვლილება, რომელიც არ იწვევს კონტროლის დაკარგვას, საწარმომ უნდა ასახოს, როგორც მესაკუთრეებთან განხორციელებული ოპერაციები (ანუ, როგორც მესაკუთრეებთან მესაკუთრის რანგში განხორციელებული ოპერაციები). შესაბამისად, არამაკონტროლებელი წილის საბალანსო ღირებულება უნდა დაკორექტირდეს, რათა აისახოს სათავო საწარმოს წილის ცვლილება შვილობილი საწარმოს წმინდა აქტივებში. სხვაობა, არამაკონტროლებელი წილის კორექტირების თანხასა და მიღებული ან გაცემული კომპენსაციის რეალურ ღირებულებას შორის, პირდაპირ უნდა აღიარდეს საკუთარ კაპიტალში და განაწილდეს სათავო საწარმოს მესაკუთრეებზე. ამგვარი ცვლილების შედეგად საწარმო არ აღიარებს შემოსულობას ან ზარალს. ასევე, საწარმომ ასეთი ოპერაციების შედეგად წარმოშობილი ცვლილება არ უნდა აღიაროს აქტივების (მათ შორის გუდვილის), ან ვალდებულებების საბალანსო ღირებულებებში.
თუ შეუძლებელია გასანაწილებელი აქტივების რეალური ღირებულების საიმედოდ შეფასება მიზანშეუწონელი დანახარჯების, ან ძალისხმევის გარეშე, როგორც აღწერილია 22.18-22.18ა პუნქტებში, საწარმომ უნდა გაამჟღავნოს თავად ეს ფაქტი და ასევე მიზეზები, რის გამოც რეალური ღირებულების საიმედოდ შეფასებას დასჭირდება მიზანშეუწონელი დანახარჯები ან ძალისხმევა