მსს ფასს გამიზნულია მცირე და საშუალო საწარმოებში (მსს) გამოყენებისთვის. ამ განყოფილებაში აღწერილია მსს-ის მახასიათებლები
(ა) არ გააჩნიათ საჯარო ანგარიშვალდებულება; და
(ბ) აქვეყნებენ საერთო დანიშნულების ფინანსურ ანგარიშგებას გარე მომხმარებლებისათვის. მაგალითად, გარე მომხმარებლები შესაძლოა იყვნენ საწარმოს მესაკუთრეები, რომლებიც მონაწილეობას არ იღებენ საწარმოს საქმიანობის მართვაში, არსებული და პოტენციური კრედიტორები და საკრედიტო რეიტინგის სააგენტოები.
(ა) მისი სავალო და წილობრივი ინსტრუმენტები იყიდება ფასიანი ქაღალდების საჯარო ბაზარზე, ან საწარმო იმყოფება ამგვარი ინსტრუმენტების გამოშვების პროცესში, ფასიანი ქაღალდების საჯარო ბაზარზე სავაჭრო მიზნებისთვის (როგორიცაა, ადგილობრივი ან უცხოური საფონდო ბირჟები, ან არასაბირჟო ფასიანი ქაღალდების (მეორადი) ბაზარი, როგორც ადგილობრივი, ისე რეგიონალური); ან
(ბ) საწარმო განკარგავს აქტივებს, როგორც გარე სუბიექტების ფართო ჯგუფის ფიდუციარი, რაც საწარმოს ერთ-ერთ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს (ამ მეორე კრიტერიუმს დააკმაყოფილებს ბანკების უმეტესობა, საკრედიტო კავშირები, სადაზღვევო კომპანიები, ფასიანი ქაღალდების ბროკერები/დილერები, ერთობლივი (საინვესტიციო) ფონდები და საინვესტიციო ბანკები).
ზოგიერთი საწარმო შეიძლება აქტივებს განკარგავდეს, როგორც გარე სუბიექტების ფართო ჯგუფის ფიდუციარი, ე.ი. განკარგავს და მართავს იმ დამკვეთების, მომხმარებლების ან წევრების მიერ მისთვის მინდობილ ფინანსურ რესურსებს, რომლებიც არ მონაწილეობენ საწარმოს საქმიანობის მართვაში. თუმცა, თუ ზემოაღნიშნული საქმიანობა საწარმოს ძირითადი საქმიანობისთვის თანმდევ საქმიანობას წარმოადგენს (როგორიცაა, მაგალითად ტურისტული ან უძრავი ქონების სააგენტოები, სკოლები, საქველმოქმედო ორგანიზაციები, კოოპერატივები, რომლებიც ნომინალურ შენატანებს ითხოვენ წევრობისთვის და გამყიდველები, რომლებიც საავანსო გადახდებს იღებენ საქონლის ან მომსახურების მიწოდებისთვის, როგორიცაა კომუნალური მომსახურების საწარმოები), ასეთი საწარმო არ მიიჩნევა საჯარო ანგარიშვალდებულების მქონედ.
თუ საჯარო ანგარიშვალდებულების მქონე საწარმო იყენებს წინამდებარე სტანდარტს, მან თავის ფინანსურ ანგარიშგებაში არ უნდა მიუთითოს, რომ ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია მსს ფასს-ის შესაბამისად მაშინაც კი, თუ მის ქვეყანაში კანონმდებლობით ნებადართულია ან მოითხოვება, რომ საჯარო ანგარიშვალდებულების მქონე საწარმომ ფინანსური ანგარიშგების მომზადებისთვის გამოიყენოს წინამდებარე სტანდარტი.
შვილობილ საწარმოს, რომლის სათავო საწარმო ფასს სტანდარტების სრულ ვერსიას იყენებს, ან, რომელიც კონსოლიდირებული ჯგუფის ნაწილია და ჯგუფი იყენებს ფასს სტანდარტების სრულ ვერსიას, არ ეკრძალება წინამდებარე სტანდარტის გამოყენება თავისი ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას, თუ ამ შვილობილ საწარმოს თვითონ არ გააჩნია საჯარო ანგარიშვალდებულება. თუ საწარმოს ფინანსურ ანგარიშგებაში მითითებულია, რომ იგი მომზადებული და წარდგენილია მსს
ფასს-ის შესაბამისად, მაშინ მან ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას უნდა დაიცვას ამ სტანდარტის ყველა დებულება.
სათავო საწარმო (მათ შორის საბოლოო, ან შუალედური სათავო საწარმო) თავის ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებაში წინამდებარე სტანდარტის გამოყენების უფლებამოსილებას ადგენს საკუთარი სტატუსის შესაბამისად ისე, რომ არ ითვალისწინებს, ჯგუფის სხვა საწარმოებს ან მთლიანად ჯგუფს გააჩნია თუ არა საჯარო ანგარიშვალდებულება. თუ თვითონ სათავო საწარმოს არ გააჩნია საჯარო ანგარიშვალდებულება, მას ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების წარდგენა შეუძლია წინამდებარე სტანდარტის შესაბამისად (იხ. მე-9 განყოფილება - „კონსოლიდირებული და ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება“) იმ შემთხვევაშიც კი, თუ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას წარადგენს ფასს სტანდარტების სრული ვერსიის, ან საყოველთაოდ მიღებული ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების (GAAP) სხვა პაკეტის შესაბამისად, როგორიცაა მისი ეროვნული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები. მსს ფასს-ის შესაბამისად მომზადებული ფინანსური ანგარიშგება ნათლად უნდა იყოს გამიჯნული სხვა მოთხოვნებით მომზადებული ფინანსური ანგარიშგებისგან.