ამ განყოფილებაში განსაზღვრულია გარემოებები, როდესაც საწარმომ, რომელიც წინამდებარე სტანდარტს იყენებს, უნდა წარადგინოს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, ასევე მისი მომზადების პროცედურები წინამდებარე სტანდარტის შესაბამისად; გარდა ამისა, მოცემულია მითითებები, როგორც ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების, ასევე ნაერთი ფინანსური ანგარიშგებისთვის, თუ ისინი მზადდება ამ სტანდარტის შესაბამისად. თუ თვითონ სათავო საწარმოს არ გააჩნია საჯარო ანაგრიშვალდებულება, მას შეუძლია ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების წარდგენა წინამდებარე სტანდარტის შესაბამისად იმ შემთხვევაშიც კი, თუ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას წარადგენს ფასს სტანდარტების სრული ვერსიის, ან საყოველთაოდ მიღებული ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების (GAAP) სხვა პაკეტის შესაბამისად.
9.3 და 9.3გ პუნქტებში აღწერილი ნებადართული ან სავალდებულო განთავისუფლების შემთხვევების გარდა, ყველა სხვა შემთხვევაში, სათავო საწარმომ უნდა წარადგინოს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, რომელშიც კონსოლიდირებული იქნება შვილობილ საწარმოებში განხორციელებული ინვესტიციები. კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება უნდა მოიცავდეს სათავო საწარმოს ყველა შვილობილ საწარმოს.
სათავო საწარმო ვალდებული არ არის, წარადგინოს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, თუ ის აკმაყოფილებს ქვემოთ განხილულ ორივე პირობას:
(ა) სათავო საწარმო თვითონ არის სხვა საწარმოს შვილობილი საწარმო; და
(ბ) მისი საბოლოო სათავო საწარმო (ან რომელიმე შუალედური სათავო საწარმო) ადგენს კონსოლიდირებულ საერთო დანიშნულების ფინანსურ ანგარიშგებას ფასს სტანდარტების სრული ვერსიის, ან წინამდებარე სტანდარტის შესაბამისად.
9.3ბ პუნქტში აღწერილი შემთხვევების გარდა, სხვა შემთხვევაში შვილობილი საწარმო არ კონსოლიდირდება, თუ ის შეძენილია შეძენის თარიღიდან (ე.ი. თარიღი, როდესაც მყიდველი საწარმო მოიპოვებს შეძენილ საწარმოზე კონტროლს) ერთი წლის განმავლობაში გაყიდვის ან გასვლის მიზნით. სათავო საწარმომ ასეთი შვილობილი საწარმო წინამდებარე განყოფილების შესაბამისად კი არ უნდა ასახოს, არამედ მე-11 განყოფილების - „ძირითადი ფინანსური ინსტრუმენტები“ - მოთხოვნების შესაბამისად, როგორც 11.8(დ) პუნქტში აღწერილი ინვესტიცია. გარდა ამისა, სათავო საწარმომ განმარტებით შენიშვნებში უნდა გაამჟღავნოს ინფორმაცია 9.23ა პუნქტის მიხედვით.
თუ შეძენის თარიღიდან ერთი წლის განმავლობაში არ მოხდა შვილობილი საწარმოს გასვლა (ე.ი. სათავო საწარმო ისევ ინარჩუნებს კონტროლს ამ შვილობილ საწარმოზე), რომელიც 9.3ა პუნქტის შესაბამისად ადრე არ იყო კონსოლიდირებული:
(ა) სათავო საწარმომ ამ შვილობილი საწარმოს კონსოლიდაცია უნდა განახორციელოს შეძენის თარიღიდან, თუ ის არ აკმაყოფილებს 9.3ბ(ბ) პუნქტის პირობას. აქედან გამომდინარე, თუ მისი შეძენის თარიღი წინა პერიოდში იყო, შესაბამისი წინა პერიოდების თანხები უნდა გადაანგარიშდეს;
(ბ) თუ დაგვიანება გამოწვეულია ისეთი გარემოებებით ან მოვლენებით, რომლებიც არ ექვემდებარება საწარმოს კონტროლს და საანგარიშგებო თარიღისთვის არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმისა, რომ სათავო საწარმო ისევ მიჰყვება შვილობილი საწარმოს გაყიდვის ან გასვლის გეგმას, სათავო საწარმომ უნდა გააგრძელოს ამ შვილობილი საწარმოს ასახვა 9.3ა პუნქტის შესაბამისად.
თუ სათავო საწარმოს არ ჰყავს სხვა შვილობილი საწარმოები, გარდა ისეთის, რომელთა კონსოლიდაცია არ მოითხოვება 9.3ა-9.3ბ პუნქტების შესაბამისად, მან არ უნდა წარადგინოს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება. თუმცა, სათავო საწარმომ განმარტებით შენიშვნებში უნდა გაამჟღავნოს ინფორმაცია 9.23ა პუნქტის მიხედვით.
შვილობილი საწარმო არის საწარმო, რომელსაც აკონტროლებს სათავო საწარმო. კონტროლი ნიშნავს სხვა საწარმოს ფინანსური და სამეურნეო პოლიტიკის მართვის უფლებამოსილებას, მისი საქმიანობიდან ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით. თუ საწარმო ძალიან კონკრეტული და ზუსტად განსაზღვრული მიზნისთვის შექმნის სპეციალური დანიშნულების ეკონომიკურ სუბიექტს (სდეს), მაშინ საწარმომ უნდა მოახდინოს მისი კონსოლიდაცია, თუ მათი ურთიერთობის შინაარსი მიუთითებს, რომ სდეს-ს აკონტროლებს ანგარიშვალდებული საწარმო (იხ. პუნქტი 9.10–9.12).
იმ შემთხვევაში იგულისხმება, რომ კონტროლი არსებობს, როდესაც სათავო საწარმო, პირდაპირ, ან არაპირდაპირ, შვილობილი საწარმოების მეშვეობით, ფლობს საწარმოს ხმის უფლებების ნახევარზე მეტს. გამონაკლის შემთხვევებში, შესაძლებელია ამ დაშვების უარყოფა, როდესაც აშკარად შეიძლება იმის დემონსტრირება, რომ ასეთი საკუთრება არ გულისხმობს კონტროლს. ასევე, კონტროლი იმ შემთხვევაშიც არსებობს, როდესაც სათავო საწარმო ფლობს საწარმოს ხმის უფლებების ნახევარს ან ნახევარზე ნაკლებს, მაგრამ ამასთან:
(ა) საწარმოს ხმის უფლებების ნახევარზე მეტის ფლობის უფლებამოსილება განმტკიცებულია სხვა ინვესტორებთან შეთანხმების ძალით;
(ბ) საწარმოს მიერ ფინანსური და საწარმოო პოლიტიკის მართვის უფლებამოსილება განმტკიცებულია წესდებით ან რაიმე შეთანხმებით
(გ) საწარმოს აქვს იმის უფლებამოსილება, რომ დანიშნოს ან გაათავისუფლოს მოცემული საწარმოს დირექტორთა საბჭოს ან სხვა ანალოგიური მმართველობითი ორგანოს წევრთა უმრავლესობა და ეს საბჭო ან ორგანო აკონტროლებს ამ საწარმოს; ან
(დ) საწარმოს აქვს იმის უფლებამოსილება, რომ ხმის უმრავლესობით ზეგავლენა მოახდინოს მოცემული საწარმოს დირექტორთა საბჭოს ან სხვა ანალოგიური მმართველობითი ორგანოს სხდომებზე და ეს საბჭო ან ორგანო აკონტროლებს ამ საწარმოს.
კონტროლის მიღწევა ასევე შესაძლებელია ოფციონების ან კონვერტირებადი ფინანსური ინსტრუმენტების ფლობით, რომლებიც მიმდინარე პერიოდშია გამოყენებადი, ან ისეთი რწმუნებულის ყოლით, ვისაც გააჩნია მოცემული საწარმოს საქმიანობის მართვის შესაძლებლობა მაკონტროლებელი საწარმოს სასარგებლოდ
შვილობილი საწარმო კონსოლიდაციიდან არ შეიძლება გამოირიცხოს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ინვესტორი არის სარისკო კაპიტალის ორგანიზაცია ან მსგავსი სუბიექტი.
შვილობილი საწარმო კონსოლიდაციიდან არ შეიძლება გამოირიცხოს იმის გამო, რომ მისი სამეწარმეო საქმიანობა განსხვავდება საწარმოთა ჯგუფში შემავალი სხვა საწარმოთა საქმიანობისგან. მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაცია მიიღება ამგვარი შვილობილი საწარმოების კონსოლიდაციის გზით და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში დამატებითი ინფორმაციის მიწოდებით შვილობილი საწარმოს განსხვავებული საქმიანობის შესახებ.
შვილობილი საწარმო კონსოლიდაციიდან არ შეიძლება გამოირიცხოს იმის გამო, რომ ის საქმიანობს ისეთ იურისდიქციაში, სადაც შეზღუდულია ფულადი სახსრების ან სხვა აქტივების გადინება ამ იურისდიქციის ფარგლებს გარეთ.
საწარმო შეიძლება შეიქმნას კონკრეტული მიზნის შესასრულებლად (მაგალითად, იჯარის განსახორციელებლად, სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების შესასრულებლად, ან ფინანსური აქტივების სეკიურიტიზაციისთვის). ამგვარი სპეციალური დანიშნულების ეკონომიკური სუბიექტი შეიძლება დაფუძნდეს ნებისმიერი ფორმით, მაგალითად, როგორც კორპორაცია, სატრასტო კომპანია ან ამხანაგობა. ხშირად სდეს იქმნება ისეთი იურიდიული შეთანხმების საფუძველზე, რომელიც მკაცრ მოთხოვნებს აწესებს სპეციალური დანიშნულების ეკონომიკური სუბიექტის საქმიანობაზე.
საწარმომ უნდა მოამზადოს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, რომელიც მოიცავს თვითონ საწარმოსა და მის მიერ კონტროლირებად თითოეულ სპეციალური დანიშნულების ეკონომიკურ სუბიექტს. 9.5 პუნქტში აღწერილი გარემოებების გარდა, შემდეგი პირობებიც (თუმცა, ეს არ არის სრულყოფილი ჩამონათვალი) შესაძლოა მიუთითებდეს, რომ საწარმო აკონტროლებს სდეს-ს:
(ა) სდეს-ის საქმიანობა ხორციელდება სათავო საწარმოს სახელით, მისი კონკრეტული კომერციული მიზნის მისაღწევად;
(ბ) საწარმოს გააჩნია საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება სდეს-ის საქმიანობაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყოველდღიური გადაწყვეტილების მიღების უფლება გადაცემულია სდეს-ზე;
(გ) საწარმოს გააჩნია სდეს-ის საქმიანობიდან სარგებლის უდიდესი ნაწილის მიღების უფლება და, მაშასადამე, შეიძლება ის დაექვემდებაროს სდეს-ის საქმიანობიდან წარმოშობილ რისკებს; ან
(დ) საწარმო ინარჩუნებს სდეს-თან ან მის აქტივებთან დაკავშირებული დანარჩენი რისკების, ან საკუთრებასთან დაკავშირებული რისკების უდიდეს ნაწილს.
9.10 და 9.11 პუნქტები არ ეხება შრომითი საქმიანობის შემდგომი პერიოდისა და დაქირავებულ პირთა სხვა გრძელვადიანი გასამრჯელოების პროგრამებს, რომელთა მიმართაც გამოიყენება 28-ე განყოფილება - „დაქირავებულ პირთა გასამრჯელოები“.
კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება ასახავს ფინანსურ ინფორმაციას საწარმოთა ჯგუფის, როგორც ერთი მთლიანი ეკონომიკური ერთეულის შესახებ. კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას საწარმომ უნდა:
(ა) გააერთიანოს სათავო და შვილობილი საწარმოების ფინანსური ანგარიშგებები მუხლობრივად, აქტივების, ვალდებულებების, საკუთარი კაპიტალის, შემოსავლებისა და ხარჯების ანალოგიური მუხლების დაჯამებით;
(ბ) უგულებელყოს თითოეულ შვილობილ საწარმოში სათავო საწარმოს მიერ განხორციელებული ინვესტიციის საბალანსო ღირებულება და თითოეული შვილობილი საწარმოს საკუთარი კაპიტალის ის ნაწილი, რომელიც სათავო საწარმოს ეკუთვნის;
(გ) შეაფასოს და ასახოს არამაკონტროლებელი წილი, კონსოლიდირებული შვილობილი საწარმოების საანგარიშგებო პერიოდის მოგებაში ან ზარალში, სათავო საწარმოს მესაკუთრეთა წილისგან განცალკევებით;
(დ) შეაფასოს და ასახოს არამაკონტროლებელი წილი კონსოლიდირებული შვილობილი საწარმოების წმინდა აქტივებში, სათავო საწარმოს აქციონერთა წილისაგან განცალკევებით. არამაკონტროლებელი წილის წმინდა აქტივებში მოიცავს:
(i) არამაკონტროლებელი წილის ოდენობას თავდაპირველი გაერთიანების თარიღისათვის, რომელიც გამოთვლილია მე-19 განყოფილების - „საწარმოთა გაერთიანება და გუდვილი“ – შესაბამისად; და
(ii) გაერთიანების თარიღის შემდეგ საწარმოს საკუთარ კაპიტალში მომხდარ ცვლილებებში არამაკონტროლებელი წილის ნაწილს.
სათავო საწარმოსა და არამაკონტროლებელ წილზე მისაკუთვნებელი მოგების ან ზარალის და საწარმოს საკუთარ კაპიტალში მომხდარი ცვლილებების ნაწილები/ოდენობა განისაზღვრება საკუთრების არსებული წილების საფუძველზე და მასში არ აისახება ოფციონების ან კონვერტირებადი ინსტრუმენტების შესაძლო გამოყენება ან კონვერტაცია.
შიდაჯგუფური ნაშთები და შიდაჯგუფური ოპერაციები, მათ შორის, შემოსავლები, ხარჯები და დივიდენდები, მთლიანად უნდა გამოირიცხოს. ასევე მთლიანად უნდა გამოირიცხოს შიდაჯგუფურ ოპერაციებთან დაკავშირებული მოგება და ზარალი, რომელიც ასახულია ისეთი აქტივების საბალანსო ღირებულებაში, როგორიცაა მარაგი და ძირითადი საშუალებები. შიდაჯგუფური ზარალი შეიძლება გაუფასურების მაჩვენებელი იყოს, რაც აღიარებას საჭიროებს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში (იხ. 27-ე განყოფილება – „აქტივების გაუფასურება“ ). 29-ე განყოფილებაში - „მოგების გადასახადი“ - განხილულია დროებითი სხვაობები, რომლებიც წარმოიქმნება შიდაჯგუფური ოპერაციების შედეგად მიღებული მოგების, ან ზარალის თანხების გამორიცხვის შედეგად.
კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად გამოყენებული, სათავო საწარმოსა და მისი შვილობილი საწარმოების ფინანსური ანგარიშგებები მომზადებული უნდა იყოს ერთი და იმავე საანგარიშგებო თარიღისთვის, თუ ამის გაკეთება შეუძლებელი არ არის. თუ შეუძლებელია შვილობილი საწარმოს ფინანსური ანგარიშგების მომზადება სათავო საწარმოს საანგარიშგებო თარიღისთვის, სათავო საწარმომ ამგვარი შვილობილი საწარმოს ფინანსური ინფორმაციის კონსოლიდაცია უნდა განახორციელოს შვილობილი საწარმოს ყველაზე ბოლო პერიოდის ფინანსური ანგარიშგების საფუძველზე, რომელიც კორექტირებული იქნება იმ მნიშვნელოვანი ოპერაციებისა თუ მოვლენების შედეგების გათვალისწინებით, რომლებიც მოხდა ამ ფინანსური ანგარიშგების თარიღსა და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების თარიღს შორის პერიოდში.
კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება უნდა მომზადდეს ერთნაირი სააღრიცხვო პოლიტიკის გამოყენებით ანალოგიური ოპერაციებისა და მსგავს ვითარებაში მომხდარი სხვა მოვლენების მიმართ. თუ საწარმოთა ჯგუფის რომელიმე წევრი ანალოგიური ოპერაციებისა და მსგავს ვითარებაში მომხდარი სხვა მოვლენების მიმართ გამოიყენებს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში გამოყენებული სააღრიცხვო პოლიტიკისაგან განსხვავებულ სააღრიცხვო პოლიტიკას, აუცილებელია მისი ფინანსური ანგარიშგების სათანადოდ კორექტირება, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადების მიზნებისთვის.
შვილობილი საწარმოს შემოსავლები და ხარჯები კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში აისახება შეძენის თარიღიდან იმ თარიღამდე, როდესაც სათავო საწარმო დაკარგავს კონტროლს შვილობილ საწარმოზე. როდესაც სათავო საწარმო კონტროლს კარგავს შვილობილ საწარმოზე, შვილობილი საწარმოს გასვლიდან მიღებულ შემოსავალსა და კონტროლის დაკარგვის თარიღისთვის არსებულ მის საბალანსო ღირებულებას შორის სხვაობა აღიარდება კონსოლიდირებულ სრული შემოსავლის ანგარიშგებაში (ან მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში, მისი წარდგენის შემთხვევაში), როგორც შვილობილი საწარმოს გასვლის შედეგად მიღებული შემოსულობა ან ზარალი. უცხოურ შვილობილ საწარმოსთან დაკავშირებული საკურსო სხვაობების დაგროვილი თანხა, რომელიც აღიარებულია სხვა სრულ შემოსავალში 30-ე განყოფილების - „ოპერაციები უცხოურ ვალუტაში“ - შესაბამისად, არ რეკლასიფიცირდება მოგებაში ან ზარალში შვილობილი საწარმოს გასვლისას.
თუ საწარმო აღარ კლსიფიცირდება შვილობილ საწარმოდ, მაგრამ ინვესტორი (ყოფილი სათავო საწარმო) კვლავ ფლობს გარკვეულ ინვესტიციას ყოფილ შვილობილ საწარმოში, აღნიშნული ინვესტიცია უნდა აისახოს, როგორც ფინანსური აქტივი მე-11 განყოფილების, ან მე-12 განყოფილების - „სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული საკითხები“ – მიხედვით, იმ თარიღიდან, როდესაც საწარმო აღარ კლასიფიცირდება შვილობილ საწარმოდ, თუ ის არ გამხდარა არც მეკავშირე საწარმო (რა შემთხვევაშიც გამოიყენება მე-14 განყოფილება – „ინვესტიციები მეკავშირე საწარმოებში“) და არც ერთობლივ კონტროლს დაქვემდებარებული საწარმო (რა შემთხვევაშიც გამოიყენება მე-15 განყოფილება – „ინვესტიციები ერთობლივ საქმიანობაში“). იმ თარიღისთვის, როდესაც საწარმო აღარ კლსიფიცირდება შვილობილ საწარმოდ, ინვესტიციის საბალანსო ღირებულება უნდა განიხილებოდეს, როგორც ფინანსური აქტივის თვითღირებულება მისი თავდაპირველი შეფასებისას.
საწარმომ არამაკონტროლებელი წილი უნდა ასახოს კონსოლიდირებულ ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში საკუთარი კაპიტალის განყოფილებაში, სათავო საწარმოს მესაკუთრეთა საკუთარი კაპიტალისაგან განცალკევებით, 4.2 (რ) პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.
საწარმომ ჯგუფის მოგებაში ან ზარალში არამაკონტროლებელი წილის კუთვნილი ნაწილი განცალკევებით უნდა წარმოადგინოს სრული შემოსავლის ანგარიშგებაში, 5.6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად (ან მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში, მისი წარდგენის შემთხვევაში, 5.7 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად).
მოგება ან ზარალი და სხვა სრული შემოსავლის თითოეული კომპონენტი განაწილდება სათავო საწარმოს მესაკუთრეებსა და არამაკონტროლებელ წილზე. მთლიანი სრული შემოსავალი სათავო საწარმოს მესაკუთრეებსა და არამაკონტროლებელ წილებს მიეკუთვნება მაშინაც კი, თუ ეს გამოიწვევს არამაკონტროლებელი წილების უარყოფით ნაშთს.
კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში უნდა გამჟღავნდეს შემდეგი ინფორმაცია:
(ა) ის ფაქტი, რომ ფინანსური ანგარიშგება წარმოადგენს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას;
(ბ) კონტროლის არსებობის დასკვნის გამოტანის საფუძველი, როდესაც სათავო საწარმო პირდაპირ ან არაპირდაპირ, შვილობილი საწარმოების მეშვეობით არ ფლობს ხმის უფლებების ნახევარზე მეტს;
(გ) სათავო და იმ შვილობილი საწარმოების ფინანსური ანგარიშგებების საანგარიშგებო თარიღებში არსებული ნებისმიერი განსხვავება, რომლებიც გამოყენებული იყო კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას; და
(დ) შვილობილი საწარმოების შესაძლებლობების მნიშვნელოვანი შეზღუდვების (მაგალითად, რომელიც გამოწვეულია სასესხო შეთანხმებებით ან მარეგულირებელი მოთხოვნებით) ხასიათი და მასშტაბი, გადასცენ ფულადი სახსრები სათავო საწარმოს ფულადი დივიდენდების სახით, ან დააბრუნონ სესხი.
მე-11 განყოფილებით მოთხოვნილი ინფორმაციის გარდა, სათავო საწარმომ ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში ან შენიშვნებში უნდა გაამჟღავნოს იმ შვილობილ საწარმოებში განხორციელებული ინვესტიციების საბალანსო ღირებულების ჯამური თანხა საანგარიშგებო თარიღისთვის, რომლებიც არ კონსოლიდირდება (იხ. 9.3ა9.3გ პუნქტები).
წინამდებარე სტანდარტით ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების წარდგენა არ მოეთხოვება არც სათავო და არც შვილობილ საწარმოებს.
. ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება არის ფინანსური ანგარიშგების მეორე პაკეტი, რომელსაც საწარმო წარადგენს ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ანგარიშგების დამატებით:
(ა) სათავო საწარმოს მიერ მომზადებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება;
(ბ) იმ სათავო საწარმოს მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიშგება, რომელიც განთავისუფლებულია კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადების მოთხოვნისგან 9.3გ პუნქტის მიხედვით; ან
(გ) იმ საწარმოს მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიშგება, რომელიც არ არის სათავო საწარმო, მაგრამ არის მეკავშირე საწარმოს ინვესტორი, ან ფლობს სრულუფლებიანი მონაწილის წილს ერთობლივ საქმიანობაში.
როდესაც სათავო საწარმო, მეკავშირე საწარმოს ინვესტორი ან სრულუფლებიანი მონაწილე, რომელსაც წილი გააჩნია ერთობლივ კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოში, ამზადებს ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებას და აცხადებს, რომ იგი შეესაბამება მსს ფასს-ს, ეს ანგარიშგება უნდა შეესაბამებოდეს ამ სტანდარტის ყველა მოთხოვნას, შემდეგის გარდა. საწარმომ შვილობილ, მეკავშირე და ერთობლივ კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოებში განხორციელებული ინვესტიციების ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებაში აღრიცხვისთვის უნდა აირჩიოს ერთ-ერთი შემდეგი პოლიტიკა:
(ა) თვითღირებულება, გაუფასურების ზარალის გამოკლებით;
(ბ) რეალური ღირებულება, რეალური ღირებულების ცვლილების მოგებაში ან ზარალში ასახვით; ან
(გ) წილობრივი მეთოდის გამოყენება 14.8 პუნქტში აღწერილი პროცედურების შესაბამისად.
საწარმომ ერთი და იგივე სააღრიცხვო პოლიტიკა უნდა გამოიყენოს ერთი კლასის ინვესტიციებისათვის (შვილობილი საწარმო, მეკავშირე საწარმო და ერთობლივ კონტროლს დაქვემდებარებული საწარმო), მაგრამ შეუძლია განსხვავებული პოლიტიკის არჩევა განსხვავებული კლასის ინვესტიციებისთვის.
როდესაც სათავო საწარმო, მეკავშირე საწარმოს ინვესტორი ან სრულუფლებიანი მონაწილე, რომელსაც წილი გააჩნია ერთობლივ კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოში, ამზადებს ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებას, მის შენიშვნებში:
(ა) აღნიშნული უნდა იყოს, რომ ანგარიშგება არის ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება; და
(ბ) აღწერილი უნდა იყოს შვილობილ საწარმოებში, ერთობლივ კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოებსა და მეკავშირე საწარმოებში განხორციელებული ინვესტიციების აღრიცხვისათვის გამოყენებული მეთოდები;
ასევე მითითებული უნდა იყოს კონსოლიდირებული ან სხვა ძირითადი (საწყისი) ფინანსური ანგარიშგება, რომელსაც უკავშირდება.
ნაერთი ფინანსური ანგარიშგება არის საერთო კონტროლს დაქვემდებარებული ორი ან მეტი საწარმოს ფინანსური ანგარიშგების ერთი პაკეტი (როგორც აღწერილია 19.2(ა) პუნქტში). წინამდებარე სტანდარტი არ მოითხოვს ნაერთი ფინანსური ანგარიშგების მომზადებას.
თუ ინვესტორი ამზადებს ნაერთ ფინანსურ ანგარიშგებას და იგი შეესაბამება მსს ფასს-ს, ეს ანგარიშგება უნდა შეესაბამებოდეს ამ სტანდარტის ყველა მოთხოვნას. საწარმოთაშორისი ოპერაციები და ნაშთები უნდა გამოირიცხოს; ასევე უნდა გამოირიცხოს საწარმოთაშორის ოპერაციებთან დაკავშირებული მოგება ან ზარალი, რომელიც ასახულია ისეთი აქტივების საბალანსო ღირებულებაში, როგორიცაა მარაგი და ძირითადი საშუალებები. ნაერთ ფინანსურ ანგარიშგებაში შემავალ საწარმოთა ფინანსური ანგარიშგებები მომზადებული უნდა იყოს ერთი და იმავე საანგარიშგებო თარიღისთვის, თუ ამის გაკეთება შეუძლებელი არ არის; ანალოგიური ოპერაციებისა და ერთსა და იმავე ვითარებაში მომხდარი სხვა მოვლენების მიმართ გამოყენებული უნდა იყოს ერთნაირი სააღრიცხვო პოლიტიკა.
ნაერთი ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში უნდა გამჟღავნდეს:
(ა) ის ფაქტი, რომ ფინანსური ანგარიშგება არის ნაერთი ფინანსური ანგარიშგება;
(ბ) მიზეზი, თუ რატომ არის მომზადებული ნაერთი ფინანსური ანგარიშგება;
(გ) რის საფუძველზე განისაზღვრა, რომელი საწარმო უნდა შესულიყო ნაერთ ფინანსურ ანგარიშგებაში;
(დ) ნაერთი ფინანსური ანგარიშგების მომზადების საფუძველი; და
(ე) ინფორმაცია დაკავშირებულ მხარეთა შესახებ, რომელიც მოითხოვება 33-ე განყოფილებით - „დაკავშირებულ მხარეთა განმარტებითი შენიშვნები“.