მე-11 განყოფილება და მე-12 განყოფილება - „სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული საკითხები“ – ორივე ეხება ფინანსური ინსტრუმენტების (ფინანსური აქტივები და ფინანსური ვალდებულებები) აღიარებას, აღიარების შეწყვეტას, შეფასებასა და განმარტებით შენიშვნებში მათ შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას. მე-11 განყოფილება ეხება ძირითად ფინანსურ ინსტრუმენტებს და შესაფერისია ყველა საწარმოსთვის. მე-12 განყოფილება ეხება სხვა, უფრო რთულ ფინანსურ ინსტრუმენტებსა და ოპერაციებს. იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს გააჩნია მხოლოდ ძირითად ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული ოპერაციები, იგი არ გამოიყენებს მე-12 განყოფილებას. თუმცა, საწარმომ ამ შემთხვევაშიც უნდა განიხილოს მე-12 განყოფილების მოქმედების სფერო, რათა დარწმუნდეს, რომ ამ განყოფილების მოქმედების სფეროში მისი ოპერაციები არ ხვდება.
საწარმომ უნდა განსაზღვროს, რომელ მიდგომას აირჩევს თავისი ყველა ფინანსური ინსტრუმენტის აღრიცხვისთვის:
(ა) მე-11 და მე-12 განყოფილებების მოთხოვნების შესრულება სრულად; ან
(ბ) აღიარებისა და შეფასების მოთხოვნების შესრულება ბასს 39- ის - „ფინანსური ინსტრუმენტები: აღიარება და შეფასება“ 1 - მიხედვით, ხოლო განმარტებითი შენიშვნებში გასამჟღავნებელი ინფორმაციის შესახებ მოთხოვნების შესრულება - წინამდებარე სტანდარტის მე-11 და მე-12 განყოფილებების მიხედვით.
საწარმოს მიერ (ა) ან (ბ) ვარიანტის არჩევა წარმოადგენს სააღრიცხვო პოლიტიკის შერჩევას. 10.8–10.14 პუნქტებში მოცემულია მოთხოვნები, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება, როდის არის მართებული სააღრიცხვო პოლიტიკის შეცვლა, როგორ უნდა აისახოს ეს ცვლილება და რა ინფორმაცია უნდა გაამჟღავნოს საწარმომ განმარტებით შენიშვნებში სააღრიცხვო პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით.
1. სანამ ბასს 39-ს ჩაანაცვლებდა ფასს 9- „ფინანსური ინსტრუმენტები“, საწარმოს უნდა გამოეყენებიბა ბასს 39-ის ის ვერსია, რომელიც ძალაში იყო შესული საწარმოს საანგარიშგებო თარიღისთვის, ფასს სტანდარტების სრული ვერსიის გამოცემის მიხედვით, რომლის სახელწოდებაა International Financial Reporting Standards IFRS® Consolidated without early application (ლურჯი წიგნი). მას შემდეგ, რაც ფასს 9-მ ჩაანაცვლა ბასს 39, საწარმომ უნდა გამოიყენოს ბასს 39-ის ის ვერსია, რომელიც გამოიყენებოდა უშუალოდ ფასს 9-ის მიერ ბასს 39- ის ჩანაცვლების წინა პერიოდში. ამ ვერსიის ასლი შენახული იქნება ბასსს-ის ვებსაიტის მსს-ს ვებგვერდზე (http://go.ifrs.org/IFRSforSMEs).
ფინანსური ინსტრუმენტი არის ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც წარმოშობს როგორც ერთი საწარმოს ფინანსურ აქტივს, ასევე მეორე საწარმოს ფინანსურ ვალდებულებას ან წილობრივ ინსტრუმენტს.
მე-11 განყოფილების თანახმად, საწარმომ ყველა ძირითადი ფინანსური ინსტრუმენტის აღრიცხვისთვის უნდა გამოიყენოს ამორტიზებული ღირებულების მოდელი, გარდა არაკონვერტირებად პრივილეგირებულ აქციებსა და არადაბრუნებად ჩვეულებრივ ან პრივილეგირებულ აქციებში განხორციელებული ინვესტიციებისა, რომლებიც საჯაროდ იყიდება ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, ან რომელთა რეალური ღირებულების საიმედოდ შეფასება სხვაგვარად არის შესაძლებელი მიზანშეუწონელი დანახარჯების, ან ძალისხმევის გარეშე.
ძირითადი ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებსაც ეხება მე-11 განყოფილება, ისეთი ფინანსური ინსტრუმენტებია, რომლებიც აკმაყოფილებს 11.8 პუნქტის პირობებს. ქვემოთ ჩამოთვლილია მაგალითები ფინანსური ინსტრუმენტებისა, რომლებიც, როგორც წესი, აკმაყოფილებს ამ პირობებს:
(ა) ფულადი სახსრები;
(ბ) მოთხოვნამდე დეპოზიტები და ფიქსირებულვადიანი დეპოზიტები, როდესაც საწარმო არის დეპოზიტორი, მაგალითად საბანკო ანგარიშები;
(გ) საწარმოს მფლობელობაში არსებული კომერციული სავალო ფასიანი ქაღალდები და კომერციული (სასაქონლო) თამასუქები;
(დ) ანგარიშებთან, თამასუქებთან და სესხებთან დაკავშირებული მოთხოვნები და ვალდებულებები;
(ე) ობლიგაციები და სხვა მსგავსი სავალო ინსტრუმენტები;
(ვ) ინვესტიციები არაკონვერტირებად პრივილეგირებულ აქციებში, ასევე ინვესტიციები არადაბრუნებად ჩვეულებრივ აქციებსა და პრივილეგირებულ აქციებში; და
(ზ) სესხის მიღების ვალდებულება, თუ მისი დაფარვა წმინდა ფულადი სახსრებით ანგარიშსწორების საფუძველზე შეუძლებელია.
ქვემოთ განხილული ფინანსური ინსტუმენტები, როგორც წესი, არ აკმაყოფილებს 11.8 პუნქტის პირობებს და ამიტომ მე-12 განყოფილების მოქმედების სფეროს მიეკუთვნება:
(ა) აქტივებით უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდები, როგორიცაა იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციები, გამოსყიდვის ხელშეკრულებები და სეკიურიტიზებული მოთხოვნების პაკეტი;
(ბ) ოფციონები, უფლებები, ვარანტები, ფიუჩერსული ხელშეკრულებები, ფორვარდული ხელშეკრულებები და საპროცენტო განაკვეთის სვოპები, რომელთა დაფარვაც შესაძლებელია ფულადი სახსრებით, ან სხვა ფინანსურ ინსტრუმენტზე გაცვლით;
(გ) ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს და კლასიფიცირებულია, როგორც ჰეჯირების ინსტრუმენტები, მე-12 განყოფილების მოთხოვნების შესაბამისად;
(დ) სხვა საწარმოზე სესხის გაცემის ვალდებულებები; და
(ე) სესხის მიღების ვალდებულება, თუ მისი დაფარვა წმინდა ფულადი სახსრებით ანგარიშსწორების საფუძველზე შესაძლებელია.
მე-11 განყოფილება ეხება ყველა ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც აკმაყოფილებს 11.8 პუნქტის პირობებს, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილისა:
(ა) შვილობილ საწარმოებში, მეკავშირე საწარმოებსა და ერთობლივ საქმიანობაში განხორციელებული ინვესტიციები, რომელთა აღრიცხვაც წარმოებს წინამდებარე სტანდარტის შემდეგი განყოფილებების მიხედვით: მე-9 განყოფილება – „კონსოლიდირებული და ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება“, მე-14 განყოფილება – „ინვესტიციები მეკავშირე საწარმოებში“, ან მე-15 განყოფილება – „ინვესტიციები ერთობლივ საქმიანობაში“;
(ბ) ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებს საწარმოს საკუთარი კაპიტალის განმარტებას, მათ შორის საწარმოს მიერ გამოშვებული რთული ფინანსური ინსტრუმენტების წილობრივი კომპონენტი (იხ. 22-ე განყოფილება – „ვალდებულებები და საკუთარი კაპიტალი“);
(გ) იჯარა, რომელსაც ეხება მე-20 განყოფილება – „იჯარა“, ან 12.3 (ვ) პუნქტი. ამასთან, 11.33–11.38 პუნქტებში განსაზღვრული მოთხოვნები აღიარების შეწყვეტის შესახებ, ეხება მეიჯარის მიერ აღიარებული საიჯარო მოთხოვნებისა და მოიჯარის მიერ აღიარებული საიჯარო ვალდებულებების აღიარების შეწყვეტას, ხოლო 11.21-11.26 პუნქტებში განსაზღვრული მოთხოვნები გაუფასურების შესახებ, ეხება მეიჯარის მიერ აღიარებულ საიჯარო მოთხოვნებს;
(დ) დამქირავებლის უფლებები და ვალდებულებები, დაქირავებულ პირთა გასამრჯელოების პროგრამასთან დაკავშირებით, რომელსაც ეხება 28-ე განყოფილება – „დაქირავებულ პირთა გასამრჯელოები“.
(ე) ფინანსური ინსტრუმენტები, ხელშეკრულებები და ვალდებულებები, რომლებიც წარმოქმნილია აქციებზე დაფუძნებული გადახდის ოპერაციებიდან და რეგულირდება 26-ე განყოფილების - „აქციებზე დაფუძნებული გადახდა“ - დებულებებით;
ვ) მესამე მხარის მიერ ასანაზღაურებელი აქტივები , რომლებიც აისახება 21-ე განყოფილების -„ანარიცხები, პირობითი ვლდებულებები და პირობით აქტივები“ - შესაბამისად (იხ. 21.9 პუნქტი).
საწარმომ შემდეგი ფინანსური ინსტრუმენტები უნდა აღრიცხოს, როგორც ძირითადი ფინანსური ინსტრუმენტები მე-11 განყოფილების მიხედვით:
(ა) ფულადი სახსრები;
(ბ) სავალო ინსტრუმენტები (როგორიცაა ანგარიში, თამასუქი, ან სასესხო მოთხოვნები და ვალდებულებები), რომლებიც აკმაყოფილებს 11.9 პუნქტის პირობებს;
(გ) სესხის მიღების ვალდებულება:
(i) რომლის დაფარვა წმინდა ფულადი სახსრებით ანგარიშსწორების საფუძველზე შეუძლებელია; და
(ii) ვალდებულების შესრულების შემდგომ, იგი დააკმაყოფილებს 11.9 პუნქტის პირობებს;
(დ) ინვესტიციები არაკონვერტირებად პრივილეგირებულ აქციებში და ინვესტიციები არადაბრუნებად ჩვეულებრივ ან პრივილეგირებულ აქციებში.
მე-11 განყოფილების მიხედვით უნდა აღირიცხოს სავალო ინსტრუმენტი, რომელიც აკმაყოფილებს (ა)-(დ) ქვეპუნქტების ყველა პირობას:
(ა) ინსტრუმენტის მფლობელის (გამსესხებლის/კრედიტორის) შემოსავალი შეფასებულია იმავე ვალუტაში, რომელშიც გამოსახულია სავალო ინსტრუმენტი და წარმოადგენს:
(i) ფიქსირებულ თანხას; ან
(ii) შემოსავალს ფიქსირებული განაკვეთით, ფინანსური ინსტრუმენტის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში; ან
(iii) შემოსავალს ცვალებადი განაკვეთით, რომელიც ფინანსური ინსტრუმენტის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ტოლი იქნება რომელიმე ერთი მითითებული კოტირებული, ან ბაზარზე დაკვირვებადი (ემპირიული) საპროცენტო განაკვეთის (როგორიცაა, მაგალითად ლონდონის ბანკთაშორისო შეთავაზების განაკვეთი (LIBOR)); ან
(iv) ამგვარი ფიქსირებული და ცვალებადი განაკვეთების გარკვეულ კომბინაციას, თუკი ფიქსირებული და ცვალებადი განაკვეთები ორივე დადებითი სიდიდეა (მაგალითად, საპროცენტო განაკვეთის სვოპი დადებითი ფიქსირებული განაკვეთით და უარყოფითი ცვალებადი განაკვეთით არ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმს).
ფიქსირებული და ცვალებადი საპროცენტო განაკვეთიანი შემოსავლებისთვის ინსტრუმენტის მფლობელის შემოსავალი გამოითვლება შესაბამისი პერიოდის საპროცენტო განაკვეთის გამრავლებით იმავე პერიოდში გადასახდელ დარჩენილ ძირ თანხაზე;
(ბ) არ არსებობს ისეთი სახელშეკრულებო დებულება, რომელსაც, თავისი პირობებიდან გამომდინარე, შეუძლია გამოიწვიოს ინსტრუმენტის მფლობელის (გამსესხებლის/კრედიტორის) მიერ ძირი თანხის, ან მიმდინარე ან წინა პერიოდებზე მისაკუთვნებელი პროცენტის დაკარგვა. ის ფაქტი, რომ სავალო ინსტრუმენტი სუბორდინირებულია სხვა სავალო ინსტრუმენტებთან მიმართებით, არ წარმოადგენს ამგვარი სახელშეკრულებო პირობის მაგალითს;
(გ) სახელშეკრულებო დებულებები, რომლებიც ემიტენტს (მსესხებელს) უფლებას აძლევს, ან ავალდებულებს, წინასწარ დაფაროს სავალო ინსტრუმენტი, ან ინსტრუმენტის მფლობელს (გამსესხებელს/კრედიტორს) აძლევს უფლებას ან ავალდებულებს, მოითხოვოს ვალის გადახდა მისი დაფარვის ვადის დადგომამდე, დამოკიდებული არ არის სხვა მომავალ მოვლენებზე, გარდა ისეთის, რომელიც იცავს:
(i) ინსტრუმენტის მფლობელს ემიტენტის ან ინსტრუმენტის საკრედიტო რისკის ცვლილებისგან (როგორიცაა, მაგალითად დეფოლტი, კრედიტების გადატანა უფრო დაბალ კატეგორიაში ან სესხის პირობების ცვალებადობა), ან ემიტენტის კონტროლის ცვლილებისგან; ან
(ii) მფლობელს ან ემიტენტს შესაბამისი საგადასახადო, ან სხვა კანონების ცვლილებებისგან.
(დ) არ არსებობს პირობითი გადახდის (ვალის დაფარვის), ან პირობითი შემოსავლის მიღების სხვა დებულებები, გარდა (ა) პუნქტში აღწერილი ცვალებადგანაკვეთიანი შემოსავლისა და (გ) პუნქტში აღწერილი წინასწარი გადახდების.
შემდეგი სავალო ინსტრუმენტები ისეთი სავალო ინსტრუმენტების მაგალითებია, რომლებიც, როგორც წესი, აკმაყოფილებს 11.9 (ა)(iv) პუნქტის პირობებს:
(ა) ბანკის სესხი, რომელსაც გარკვეული საწყისი პერიოდისთვის გააჩნია ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი, რაც შემდგომში, ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, გახდება რომელიმე კოტირებული ან ემპირიული ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი; და
(ბ) ბანკის სესხი, რომლის პროცენტი სესხის მთელი ვადის განმავლობაში გადასახდელია რომელიმე კოტირებულ ან ემპირიულ ცვალებად საპროცენტო განაკვეთს პლუს ფიქსირებული განაკვეთით, მაგალითად, ლონდონის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთს დამატებული 200 საბაზისო პუნქტი.
ისეთი სავალო ინსტრუმენტის მაგალითი, რომელიც, როგორც წესი, აკმაყოფილებს 11.9(გ) პუნქტის პირობებს იქნება ბანკის სესხი, რომელიც მსესხებელს ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის უფლებას აძლევს, თუნდაც მსესხებელს მოეთხოვებოდეს ჯარიმის გადახდა ბანკისთვის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტით გამოწვეული დანახარჯების ასანაზღაურებლად.
სხვა მაგალითები ფინანსური ინსტრუმენტებისა, რომლებიც, როგორც წესი, დააკმაყოფილებს 11.9 პუნქტის პირობებს:
(ა) სავაჭრო მოთხოვნები და ვალდებულებები და სათამასუქო მოთხოვნები და ვალდებულებები, ასევე ბანკებიდან და სხვა მესამე მხარეებისგან მიღებული სესხები;
(ბ) მიწოდებიდან და მომსახურებიდან წარმოქმნილი ვალდებულებები, რომლებიც გამოსახულია უცხოურ ვალუტაში. ამასთან, მიწოდებიდან და მომსახურებიდან წარმოქმნილი ვალდებულების ნებისმიერი ცვლილება, რომელიც გამოწვეულია სავალუტო კურსის ცვლილებით, უნდა აღიარდეს მოგებაში ან ზარალში, 30.10 პუნქტის მიხედვით;
(გ) შვილობილი ან მეკავშირე საწარმოებიდან მიღებული, ან მათზე გაცემული სესხები, რომლებიც გადასახდელია მოთხოვნისთანავე;
(დ) სავალო ინსტრუმენტი, რომელიც დაუყოვნებლივ დაფარვას დაექვემდებარება, თუ ემიტენტი არ შეასრულებს პროცენტის ან ძირი თანხის გადახდის პირობებს (მსგავსი სახის პირობა არ ეწინააღმდეგება 11.9 პუნქტის პირობებს).
შემდეგი სახის ფინანსური ინსტრუმენტები არ აკმაყოფილებს 11.9 პუნქტის პირობებს (და ამიტომ ისინი მე-12 განყოფილების მოქმედების სფეროს მიეკუთვნება):
(ა) სხვა საწარმოს წილობრივ ინსტრუმენტებში განხორციელებული ინვესტიციები, რომლებიც არ მოიცავს არაკონვერტირებად პრივილეგირებულ აქციებსა და არადაბრუნებად ჩვეულებრივ და პრივილეგირებულ აქციებს (იხ. პუნქტი 11.8 (დ));
(ბ) საპროცენტო განაკვეთის სვოპი, რომელიც წარმოშობს დადებითი ან უარყოფითი ფულადი ნაკადების მოძრაობას, ან ფორვარდული ვალდებულება საბირჟო საქონლის ან ფინანსური ინსტრუმენტების შესყიდვის შესახებ, რომლის დაფარვა შესაძლებელია ფულადი სახსრებით და დაფარვის დროს შეიძლება წარმოიქმნას დადებითი ან უარყოფითი ფულადი ნაკადები, რადგან მსგავსი სახის სვოპები და ფორვარდული ხელშეკრულებები არ აკმაყოფილებს 11.9(ა) პუნქტის პირობებს;
(გ) ოფციონები და ფორვარდული ხელშეკრულებები, რადგან მფლობელის შემოსავალი არ არის ფიქსირებული და არ აკმაყოფილებს 11.9(ა) პუნქტის პირობებს; და
(დ) ინვესტიციები კონვერტირებად სავალო ინსტრუმენტებში, რადგან მფლობელის შემოსავალი/უკუგება შეიძლება იცვლებოდეს არა მარტო საბაზრო საპროცენტო განაკვეთებიდან გამომდინარე, არამედ ემიტენტის საკუთარი კაპიტალის (ჩვეულებრივი აქციების) ფასიდან გამომდინარეც.
საწარმო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიარებს ფინანსურ აქტივს, ან ფინანსურ ვალდებულებას, თუ საწარმო ხდება ინსტრუმენტის სახელშეკრულებო პირობების მონაწილე.
როდესაც ფინანსური აქტივი ან ფინანსური ვალდებულება პირველად აღიარდება, საწარმომ ისინი უნდა შეაფასოს გარიგების ფასით (გარიგების დანახარჯების ჩათვლით, ისეთი ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებებისა გარდა, რომლებიც შემდგომში უნდა შეფასდეს რეალური ღირებულებით, მოგებაში ან ზარალში ასახვით), თუ შეთანხმება, თავისი არსით, არ წარმოადგენს ფინანსურ ოპერაციას საწარმოსთვის (ფინანსური ვალდებულების დაფინანსება), ან მისი სახელშეკრულებო კონტრაჰენტისთვის (ფინანსური აქტივის დაფინანსება). შეთანხმება ფინანსურ ოპერაციად მიიჩნევა, თუ გადახდა გადავადებულია ბიზნესის ჩვეულებრივი პირობებისგან განსხვავებული პირობებით, როგორიცაა, მაგალითად, საქონლის ან მომსახურების მყიდველისთვის უპროცენტო კრედიტის მიცემა, ან დაფინანსება ხდება ისეთი საპროცენტო განაკვეთით, რომელიც არ არის საბაზრო განაკვეთი, მაგალითად, დაქირავებული პირისთვის სესხის მიცემა უპროცენტოდ, ან საბაზრო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით. თუ შეთანხმება ფინანსურ ოპერაციას წარმოადგენს, საწარმომ ფინანსური აქტივი ან ფინანსური ვალდებულება უნდა შეაფასოს მომავალი გადასახდელების დღევანდელი ღირებულებით, რომელიც დისკონტირებულია მსგავსი სავალო ინსტრუმენტისთვის გამოყენებული საბაზრო საპროცენტო განაკვეთით და განისაზღვრება თავდაპირველი აღიარებისას.
1. სხვა საწარმოზე გაცემულ გრძელვადიან სესხთან დაკავშირებით, მოთხოვნა უნდა აღიარდეს მისაღები ფულადი სახსრების (მათ შორის, გადასახდელი ძირი თანხისა და პროცენტების) დღევანდელი ღირებულებით.
2. მომხმარებელზე მოკლევადიანი საკრედიტო პირობებით საქონლის გაყიდვის შემთხვევაში, მოთხოვნა აღიარდება ამ საწარმოსგან მისაღები ფულადი სახსრების არადისკონტირებული ღირებულებით, რომელიც, როგორც წესი, წარმოადგენს ანგარიშ-ფაქტურაში მითითებულ ფასს.
3. მომხმარებელზე ორწლიანი უპროცენტო კრედიტით საქონლის გაყიდვის შემთხვევაში, მოთხოვნა უნდა აღიარდეს ამ საქონლის ნაღდი ანგარიშსწორებით გასაყიდი მიმდინარე ფასით. თუ ცნობილი არ არის საქონლის ნაღდი ანგარიშსწორებით გასაყიდი მიმდინარე ფასი, იგი შეიძლება შეფასდეს მომავალში მისაღები ფულადი სახსრების დღევანდელი ღირებულებით, რომელიც დისკონტირებულია მსგავსი მოთხოვნებისთვის გამოყენებული, გავრცელებული საბაზრო საპროცენტო განაკვეთ(ებ)ით.
4. საწარმოს მიერ სხვა საწარმოს ჩვეულებრივი აქციების ნაღდი ანგარიშსწორებით შეძენის შემთხვევაში, ინვესტიცია უნდა აღიარდეს ამ აქციების შესაძენად გადახდილი ფულადი სახსრების ოდენობით.
1. ბანკიდან აღებული სესხის შემთხვევაში, ვალდებულების თავდაპირველი აღიარება უნდა მოხდეს ბანკისთვის გადასახდელი ფულადი სახსრების (მათ შორის, გადასახდელი ძირი თანხისა და პროცენტების) დღევანდელი ღირებულებით.
2. მომწოდებლისგან მოკლევადიანი საკრედიტო პირობებით საქონლის შეძენის შემთხვევაში, ვალდებულება უნდა აღიარდეს მომწოდებლისთვის გადასახდელი დავალიანების არადისკონტირებული ღირებულებით, რომელიც, როგორც წესი, არის ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული ფასი
ყოველი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს საწარმომ ფინანსური ინსტრუმენტები უნდა შეაფასოს იმგვარად, როგორც განსაზღვრულია ქვემოთ, გარიგების დანახარჯების გამოქვითვის გარეშე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ინსტრუმენტის გაყიდვისას, ან სხვა ფორმით გასვლისას:
(ა) სავალო ინსტრუმენტები, რომლებიც 11.8(ბ) პუნქტის პირობებს აკმაყოფილებს, უნდა შეფასდეს ამორტიზებული ღირებულებით, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მეთოდით. 11.15-11.20 პუნქტებში მოცემულია მითითებები ამორტიზებული ღირებულების განსაზღვრის შესახებ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით. სავალო ინსტრუმენტები, რომლებიც კლასიფიცირებულია, როგორც მოკლევადიანი აქტივები ან მოკლევადიანი ვალდებულებები, უნდა შეფასდეს გადასახდელი ან მისაღები ფულადი სახსრების ან სხვა სახის კომპენსაციის არადისკონტირებული ღირებულებით (ანუ გაუფასურების გამოკლებით - იხ. 11.21-11.26 პუნქტები), იმ შემთხვევის გარდა, როდესაც შეთანხმება შინაარსით ფინანსურ ოპერაციას წარმოადგენს (იხ. 11.13 პუნქტი);
(ბ) სესხის მიღების ვალდებულება, რომელიც აკმაყოფილებს 11.8 (გ) პუნქტის პირობებს, უნდა შეფასდეს თვითღირებულებით (რომელიც ზოგჯერ წარმოადგენს ნულს), გაუფასურების თანხის გამოკლებით;
(გ) არაკონვერტირებად პრივილეგირებულ აქციებში და არადაბრუნებად ჩვეულებრივ ან პრივილეგირებულ აქციებში განხორციელებული ინვესტიციები უნდა შეფასდეს შემდეგნაირად (რეალური ღირებულების შესახებ მითითებები მოცმულია 11.27-11.32 პუნქტებში):
(i) თუ აქციები საჯაროდ იყიდება ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, ან მისი რეალური ღირებულების საიმედოდ შეფასება სხვა მხრივ არის შესაძლებელი, მიზანშეუწონელი დანახარჯების, ან ძალისხმევის გარეშე, ინვესტიცია უნდა შეფასდეს რეალური ღირებულებით, ხოლო რეალურ ღირებულებაში მომხდარი ცვლილებები აღიარდეს მოგებაში ან ზარალში; და
(ii) ყველა სხვა ამგვარი ინვესტიცია უნდა შეფასდეს თვითღირებულებიდან გაუფასურების ზარალის გამოკლების შედეგად მიღებული თანხით.
(ა), (ბ) და (გ) (ii) ქვეპუნქტებში აღწერილი ფინანსური აქტივებისთვის საწარმომ უნდა შეაფასოს გაუფასურება ან თანხის ამოღების შეუძლებლობა (უიმედო ვალი). ამ საკითხების შესახებ მითითებები მოცემულია 11.21-11.26 პუნქტებში.
ფინანსური აქტივის ან ფინანსური ვალდებულების ამორტიზებული ღირებულება ყოველი საანგარიშგებო პერიოდისთვის წარმოადგენს შემდეგი სიდიდეების ნეტო ღირებულებას:
(ა) თანხა, რომლითაც ფინანსური აქტივი ან ფინანსური ვალდებულება შეფასებულია თავდაპირველი აღიარებისას;
(ბ) გამოკლებული ძირი თანხის დასაფარად გადახდილი თანხები;
(გ) მიმატებული ან გამოკლებული დაგროვილი ამორტიზაციის თანხა, რომელიც მიიღება ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მეთოდის გამოყენებით თავდაპირველად აღიარებულ და დასაფარ თანხებს შორის განსხვავების მიმართ; და
(დ) გამოკლებული, ფინანსური აქტივის შემთხვევაში, გაუფასურების ზარალის ან უიმედო ვალის შემცირების თანხა (პირდაპირ, ან რეზერვების ანგარიშების გამოყენებით).
ფინანსური აქტივები და ფინანსური ვალდებულებები, რომლებსაც არ გააჩნია ნომინალური საპროცენტო განაკვეთი, დაკავშირებული არ არის ისეთ შეთანხმებასთან, რომელიც ფინანსურ ოპერაციას წარმოადგენს და კლასიფიცირდება, როგორც მოკლევადიანი აქტივები ან მოკლევადიანი ვალდებულებები, თავდაპირველად შეფასდება არადისკონტირებული ღირებულებით, 11.13 პუნქტის მიხედვით. აქედან გამომდინარე, მათზე არ ვრცელდება (გ) პუნქტის მოთხოვნა.
ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მეთოდი არის ფინანსური აქტივის ან ფინანსური ვალდებულების (ან ფინანსური აქტივების, ან ფინანსური ვალდებულებების ჯგუფის) ამორტიზებული ღირებულების გამოთვლისა და საპროცენტო შემოსავლების ან ხარჯების შესაბამის პერიოდზე მიკუთვნების მეთოდი. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის განაკვეთი, რომლის მეშვეობით ფინანსური ინსტრუმენტის მოსალოდნელი ვადის ან, როდესაც შესაფერისია, უფრო მოკლე ვადის განმავლობაში მისაღები ან გადასახდელი სავარაუდო ფულადი სახსრები ზუსტად დისკონტირდება ფინანსური აქტივის ან ფინანსური ვალდებულების წმინდა საბალანსო ღირებულებამდე. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი უნდა განისაზღვროს ფინანსური აქტივის ან ფინანსური ვალდებულების საბალანსო ღირებულებაზე დაყრდნობით, რომელიც მას გააჩნია საწყისი აღიარებისას. ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მეთოდის მიხედვით:
(ა) ფინანსური აქტივის (ვალდებულების) ამორტიზებული ღირებულება არის მომავალში მისაღები (გადასახდელი) ფულადი სახსრების დღევანდელი ღირებულება, რომელიც დისკონტირებულია ეფექტური საპროცენტო განაკვეთით; და
(ბ) პერიოდის საპროცენტო ხარჯი (შემოსავალი) ტოლია მოცემული პერიოდის ეფექტური საპროცენტო განაკვეთისა და ფინანსური ვალდებულების (აქტივის) საბალანსო ღირებულების ნამრავლის, რომელიც მას ჰქონდა პერიოდის დასაწყისში.
ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლისას, საწარმომ ფულადი ნაკადები უნდა შეაფასოს ფინანსური ინსტრუმენტის ყველა სახელშეკრულებო პირობის (მაგალითად, წინასწარგადახდის ოფციონი, ქოლ-ოფციონები და მსგავსი სახის ოფციონები) გათვალისწინებით; ასევე უნდა გაითვალისწინოს იმ მომენტისთვის ცნობილი, უკვე წარმოშობილი საკრედიტო დანაკარგები, მაგრამ არ უნდა გაითვალისწინოს შესაძლო სამომავლო საკრედიტო დანაკარგები.
ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლისას, საწარმომ ფინანსური ინსტრუმენტის სავარაუდო ვადის მიხედვით უნდა მოახდინოს ამ ფინანსურ ინსტრუმენტთან დაკავშირებული ყველანაირი საზღაურის, გადახდილი ფინანსური ხარჯის ან მიღებული ფინანსური შემოსავლის (როგორიცაა ე.წ. „სხვა თანხები“), გარიგების დანახარჯების, პრემიების ან დისკონტების ამორტიზება, ყველა შემთხვევაში, გარდა შემდეგისა: საწარმომ უნდა გამოიყენოს უფრო მოკლე ამორტიზაციის პერიოდი, თუ ეს არის პერიოდი, რომელსაც უკავშირდება საზღაურების, გადახდილი ფინანსური ხარჯების ან მიღებული ფინანსური შემოსავლების, გარიგების დანახარჯების, პრემიების ან დისკონტების წარმოშობა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ცვლადი, რომელთანაც დაკავშირებულია საზღაურები, გადახდილი ფინანსური ხარჯები ან მიღებული ფინანსური შემოსავლები, გარიგების დანახარჯები, პრემიები ან დისკონტები იცვლება/ხელახლა შეფასდება საბაზრო განაკვეთების მიხედვით, ფინანსური ინსტრუმენტის დაფარვის ვადის დადგომამდე. ასეთ სიტუაციაში, ამორტიზაციის მიზანშეწონილი პერიოდი იქნება მომდევნო ამგვარი ხელახალი შეფასების თარიღამდე პერიოდი.
ცვალებადი განაკვეთის მქონე ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებებისთვის, ფულადი ნაკადების პერიოდული ხელახალი შეფასებები, რომლებმაც უნდა ასახოს საბაზრო განაკვეთებში მომხდარი ცვლილებები, იწვევს ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ცვლილებას. იმ შემთხვევაში, თუ ცვალებადი განაკვეთის მქონე ფინანსური აქტივი ან ვალდებულება თავდაპირველად აღიარებულია თანხით, რომელიც ტოლია ინსტრუმენტის ვადის გასვლისას მისაღები ან გადასახდელი ძირი თანხის, სამომავლო საპროცენტო გადასახდელების ხელახალი შეფასება, როგორც წესი, მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს აქტივის ან ვალდებულების საბალანსო ღირებულებაზე.
თუ საწარმო ცვლის გადასახდელი ან მისაღები თანხების სააღრიცხვო შეფასებებს, მან უნდა დააკორექტიროს ფინანსური აქტივის ან ფინანსური ვალდებულების (ან ფინანსური ინსტრუმენტების ჯგუფის) საბალანსო ღირებულება, რათა ასახოს ფულადი ნაკადების ფაქტობრივი და შესწორებული შეფასებები. საწარმომ ფინანსური ინსტრუმენტის შესწორებული საბალანსო ღირებულება უნდა განსაზღვროს შეფასებული მომავალი ფულადი ნაკადების დღევანდელი ღირებულების გამოთვლით, ფინანსური ინსტრუმენტის თავდაპირველი ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით. საწარმომ კორექტირების თანხა შემოსავლის ან ხარჯის სახით უნდა აღიაროს მოგებაში ან ზარალში იმ თარიღისთვის, როდესაც განხორციელდა შესწორება.
20X0 წლის 1 იანვარს საწარმომ შეიძინა ობლიგაცია 900 ფე-ად და გარიგების დანახარჯებმა შეადგინა 50 ფე.(ა) საპროცენტო შემოსავლის მიღება, რომელიც 40 ფე-ს შეადგენს, მოხდება ყოველწლიურად პერიოდის ბოლოს, მომდევნო 5 წლის განმავლობაში (20X0 წლის 31 დეკემბრიდან 20X4 წლის 31 დეკემბრამდე). ობლიგაციის გამოსყიდვის სავალდებულო ვადაა 20X4 წლის 31 დეკემბერი, ხოლო სავალდებულო გამოსასყიდი თანხა - 1,100 ფე.
წელი
საბალანსო ღირებულება პერიოდის დასაწყისში
საპროცენტო შემოსავალი 6.9584%-ზე*
ფულადი სახსრების მიღება
საბალანსო ღირებულება პერიოდის ბოლოს
ფე
ფე
ფე
ფე
20X0
950.00
66.11
(40.00)
976.11
20X1
976.11
67.92
(40.00)
1,004.03
20X2
1, 004.03
69.86
(40.00)
1,033.89
20X3
1, 033.89
71.94
(40.00)
1,065.83
20X4
1, 065.83
74.17
(40.00)
1,100.00
(1,100.00)
-
* ეფექტური საპროცენტო განაკვეთია - 6.9584%. ამ განაკვეთით ხდება ობლიგაციასთან დაკავშირებული, მოსალოდნელი ფულადი ნაკადების დისკონტირება თავდაპირველ საბალანსო ღირებულებამდე: 40 ÷ (1.069584)¹ + 40 ÷ (1.069584)² + 40 ÷ (1.069584)³ + 40 ÷ (1.069584)⁴ + 1,140 ÷ (1.069584)⁵ = 950 (ა) წინამდებარე მსს ფასს-ში ყველგან ფულადი მუხლები გამოსახულია „ფულად ერთეულებში“ (ფე).
საწარმომ ყოველი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს უნდა განსაზღვროს, არსებობს თუ არა რაიმე ობიექტური მტკიცებულება იმ ფინანსური აქტივების გაუფასურების, რომლებიც შეფასებულია თვითღირებულებით ან ამორტიზებული ღირებულებით. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გაუფასურების ობიექტური მტკიცებულება, საწარმომ დაუყოვნებლივ უნდა აღიაროს გაუფასურების ზარალი მოგებაში ან ზარალში.
ფინანსური აქტივების ან აქტივების ჯგუფის გაუფასურების ობიექტური მტკიცებულება მოიცავს ისეთ ემპირიულ მონაცემებს, რომლებიც აქტივის მფლობელისთვის გახდება ცნობილი გაუფასურების გამომწვევი შემდეგი მოვლენების შესახებ:
(ა) ემიტენტის ან მევალის მნიშვნელოვანი ფინანსური სიძნელეები;
(ბ) ხელშეკრულების პირობების დარღვევა, მაგალითად, პროცენტის ან ძირი თანხის გადაუხდელობა, ან ვადაგადაცილება;
(გ) საწარმო, დებიტორის ფინანსურ სიძნელეებთან დაკავშირებული ეკონომიკური ან იურიდიული მიზეზების გამო, დებიტორს სთავაზობს ისეთ დათმობებს, რომლებსაც სხვა შემთხვევაში არ შესთავაზებდა;
(დ) როდესაც მოსალოდნელი გახდება, რომ დებიტორთან დაკავშირებით დაიწყება გაკოტრების, ან სხვა სახის ფინანსური რეორგანიზაციის პროცესი; ან
(ე) ობიექტური ნიშნების არსებობა, რომლებიც იმაზე მიუთითებს, რომ შემცირდა ფინანსური აქტივების ჯგუფთან დაკავშირებული მომავალი ფულადი ნაკადები მათი საწყისი აღიარების შემდეგ, თუმცა ამგვარი შემცირების ოდენობის განსაზღვრა ჯგუფში შემავალი ცალკეული ფინანსური აქტივისთვის ჯერჯერობით შეუძლებელია. ამგვარ ნიშნებს განეკუთვნება, მაგალითად ქვეყნის ან რეგიონის არახელსაყრელი ეკონომიკური პირობები, ან დარგში მომხდარი არახელსაყრელი ცვლილებები.
გაუფასურების მაჩვენებელი შესაძლოა იყოს სხვა ფაქტორებიც, რაც გულისხმობს საწარმოსთვის უარყოფითი ეფექტის მქონე მნიშვნელოვან ცვლილებებს ტექნოლოგიურ, საბაზრო, ეკონომიკურ ან სამართლებრივ გარემოში, სადაც ემიტენტი ეწევა საქმიანობას.
საწარმომ ცალ-ცალკე უნდა შეაფასოს გაუფასურება შემდეგი ფინანსური აქტივებისთვის:
(ა) ყველა წილობრივი ინსტრუმენტი, მათი მნიშვნელობის მიუხედავად; და
(ბ) სხვა ფინანსური აქტივები, რომლებიც ინდივიდუალურად მნიშვნელოვანია. სხვა ფინანსური აქტივების გაუფასურება საწარმომ უნდა შეაფასოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, მსგავს საკრედიტო რისკის მახასიათებლებზე დაყრდნობით.
საწარმომ თვითღირებულებით ან ამორტიზებული ღირებულებით შეფასებული შემდეგი ფინანსური აქტივების გაუფასურების ზარალი უნდა შეაფასოს შემდეგნაირად:
(ა) ფინანსური აქტივებისთვის, რომელიც შეფასებულია ამორტიზებული ღირებულებით 11.14(ა) პუნქტის მიხედვით, გაუფასურების ზარალი იქნება სხვაობა აქტივის საბალანსო ღირებულებასა და შეფასებული მომავალი ფულადი ნაკადების დღევანდელ ღირებულებას შორის, რომელიც დისკონტირებულია აქტივის თავდაპირველი ეფექტური საპროცენტო განაკვეთით. იმ შემთხვევაში, თუ ასეთ ფინანსურ აქტივს გააჩნია ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი, დისკონტირების განაკვეთი გაუფასურების ზარალის შეფასებისთვის იქნება ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული მიმდინარე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი;
(ბ) ისეთი ფინანსური აქტივისთვის, რომელიც შეფასებულია თვითღირებულებიდან გაუფასურების ზარალის გამოკლების შედეგად მიღებული თანხით, 11.14 (ბ) და (გ)(ii) პუნქტების მიხედვით, გაუფასურების ზარალი არის სხვაობა აქტივის საბალანსო ღირებულებასა და იმ თანხის (რომელიც შეიძლება ნულის ტოლი იყოს) საუკეთესო შეფასებას (რომელიც აუცილებლად იქნება მიახლოებითი სიდიდე) შორის, რომელსაც საწარმო მიიღებდა მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდში აქტივის გაყიდვის შემთხვევაში.
თუ შემდგომ პერიოდში აქტივის გაუფასურების ზარალის თანხა შემცირდება და ამ შემცირების ობიექტურად დაკავშირება შესაძლებელი იქნება გაუფასურების აღიარების შემდგომ წარმოშობილ მოვლენასთან (როგორიცაა, მაგალითად დებიტორის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება), საწარმომ უნდა აღადგინოს (უკუგატარებით) წინა პერიოდებში წარმოშობილი გაუფასურების ზარალი პირდაპირ, ან გაუფასურების რეზერვის ანგარიშის კორექტირებით. გაუფასურების ზარალის აღდგენის შედეგად ფინანსური აქტივის საბალანსო ღირებულება (გაუფასურების რეზერვის ანგარიშის თანხების გამოკლებით) არ უნდა იყოს იმ თანხაზე მეტი, რაც იქნებოდა აქტივის საბალანსო ღირებულება იმ შემთხვევაში, თუ წინა პერიოდებში არ მოხდებოდა გაუფასურების აღიარება. საწარმომ გაუფასურების კომპენსირების თანხა დაუყოვნებლივ უნდა აღიაროს მოგებაში ან ზარალში.
საწარმომ აქტივის რეალური ღირებულების შეფასებისას უნდა გამოიყენოს შემდეგი იერარქია:
(ა) რეალური ღირებულების საუკეთესო მტკიცებულებაა იდენტური აქტივის (ან ანალოგიური აქტივის) კოტირებული ფასი აქტიურ ბაზარზე. ჩვეულებრივ, ეს წარმოადგენს მიმდინარე მყიდველის ფასს;
(ბ) როდესაც კოტირებული ფასი ხელმისაწვდომი არ არის, რეალური ღირებულების მტკიცებულებას წარმოადგენს იდენტური აქტივის (ან ანალოგიური აქტივის) მბოჭავი ნასყიდობის ხელშეკრულების, ან ბოლო გარიგების ფასი, რომელიც განხორციელებულია „გაშლილი ხელის მანძილის“ პრინციპით საქმის მცოდნე და გარიგების მსურველ მხარეებს შორის. თუმცა, ზემოაღნიშნული ფასი შეიძლება არ იყოს რეალური ღირებულების საუკეთესო შეფასება, თუ ეკონომიკურ გარემოში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მომხდარი, ან მბოჭავი ნასყიდობის ხელშეკრულების, ან ბოლო ოპერაციის განხორციელების თარიღიდან შეფასების თარიღამდე მნიშვნელოვანი დროა გასული. იმ შემთხვევაში, თუ საწარმო შეძლებს იმის დემონსტრირებას, რომ ბოლო ოპერაციის ფასი არ წარმოადგენს რეალური ღირებულების საუკეთესო შეფასებას (მაგალითად, იმის გამო, რომ ასახავს თანხას, რომელსაც საწარმო მიიღებდა ან გადაიხდიდა იძულებითი ოპერაციის, იძულებითი ლიკვიდაციის, ან კრიზისულ სიტუაციაში უკიდურესად დაბალ ფასად გაყიდვის შემთხვევაში), მაშინ ამგვარი ფასი უნდა დაკორექტირდეს;
(გ) იმ შემთხვევაში, როდესაც მოცემული აქტივის ბაზარი არ არის აქტიური და იდენტურ აქტივთან (ან ანალოგიურ აქტივთან) დაკავშირებული მბოჭავი ნასყიდობის ხელშეკრულების, ან ბოლო ოპერაციების ფასი, თავისთავად, არ წარმოადგენს რეალური ღირებულების საუკეთესო შეფასებას, საწარმომ რეალური ღირებულება უნდა განსაზღვროს შეფასების სხვა მეთოდების გამოყენებით. შეფასების ნებისმიერი მეთოდის გამოყენების მიზანია იმის დადგენა, რა იქნებოდა შეფასების თარიღისთვის გარიგების ფასი „გაშლილი ხელის მანძილის“ პრინციპით შესრულებულ გაცვლაში, რომელიც მოტივირებული იყო ნორმალური კომერციული მოსაზრებებით.
წინამდებარე სტანდარტის სხვა განყოფილებებში, მათ შორის, მე-9, მე-12, მე-14, მე-15, მე-16 _ „საინვესტიციო ქონება“, მე-17 - „ძირითადი საშუალებები“ და 28-ე განყოფილებაში - მინიშნება კეთდება რეალური ღირებულების განსაზღვრისთვის განკუთვნილ მითითებებზე, რომლებიც განხილული 11.27-11.32 პუნქტებში.
შეფასების მეთოდები მოიცავს: იდენტურ აქტივთან დაკავშირებული უახლესი საბაზრო ოპერაციების გამოყენებას, რომლებიც შესრულებულია საქმის მცოდნე და გარიგების მსურველ მხარეებს შორის „გაშლილი ხელის მანძილის“ პრინციპით; თუ შესაძლებელია, სხვა მსგავსი აქტივის მიმდინარე რეალური ღირებულების გათვალისწინებას, რომელიც შესაფასებელი აქტივის მსგავსია თავისი ძირითადი მახასიათებლებით; დისკონტირებული ფულადი ნაკადების ანალიზისა და ოფციონის ფასის განსაზღვრის მოდელების გამოყენებას. თუ არსებობს შეფასების ისეთი მეთოდი, რომელსაც ფართოდ იყენებენ ბაზრის მონაწილეები აქტივის შესაფასებლად და ეს მეთოდი უზრუნველყოფს საიმედო ღირებულების განსაზღვრას ფაქტობრივი საბაზრო ოპერაციებიდან მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საწარმომ უნდა გამოიყენოს ეს მეთოდი.
შეფასების ნებისმიერი მეთოდის გამოყენების მიზანია განისაზღვროს, რა იქნებოდა შეფასების თარიღისთვის ოპერაციის (გარიგების) ფასი „გაშლილი ხელის მანძილის“ პრინციპით შესრულებულ გაცვლაში, რომელიც მოტივირებული იყო ნორმალური კომერციული მოსაზრებებით. რეალური ღირებულება განისაზღვრება შეფასების ისეთი მეთოდის გამოყენებით მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, რომელიც მაქსიმალურად იყენებს საბაზრო მონაცემებს და, შეძლებისდაგვარად, ნაკლებად ეყრდნობა საწარმოს მიერ განსაზღვრულ მონაცემებს. იგულისხმება, რომ შეფასების მეთოდი უზრუნველყოფს რეალური ღირებულების საიმედო შეფასებას, თუ:
(ა) იგი საკმარისად ასახავს ბაზრის მოლოდინს, აქტივის ფასის შესახებ; და
(ბ) შეფასების მეთოდში გამოყენებული საბაზისო მონაცემები საკმარისად ასახავს ბაზრის მოლოდინს და ითვალისწინებს აქტივისთვის დამახასიათებელი რისკის ფაქტორების შეფასებას.
ისეთ აქტივში განხორციელებული ინვესტიციების საიმედოდ შეფასება, რომლისთვისაც არ არსებობს აქტიურ ბაზარზე კოტირებული საბაზრო ფასი, იმ შემთხვევაში არის შესაძლებელი, თუ:
(ა) ამ აქტივის რეალური ღირებულების დასაბუთებული შეფასებების დიაპაზონში ცვალებადობა არსებითი არ არის; ან
(ბ) შესაძლებელია ამ დიაპაზონში მოხვედრილი განსხვავებული შეფასებების ალბათობების დასაბუთებულად შეფასება და მათი გამოყენება რეალური ღირებულების დასადგენად.
არსებობს ბევრი სიტუაცია, როდესაც რეალური ღირებულების დასაბუთებული შეფასებების დიაპაზონში ცვალებადობა არსებითი არ არის ისეთი აქტივებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ აქტიურ ბაზარზე კოტირებული საბაზრო ფასი. როგორც წესი, საწარმოს შეუძლია გარეშე მხარისგან შეძენილი აქტივის რეალური ღირებულების შეფასება. თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც რეალური ღირებულების დასაბუთებული შეფასებების დიაპაზონი მნიშვნელოვანია, მაგრამ შეუძლებელია სხვადასხვა შეფასების ალბათობების დასაბუთებულად განსაზღვრა, საწარმომ ასეთი აქტივი არ უნდა შეაფასოს რეალური ღირებულებით.
თუ რეალური ღირებულებით შეფასებული აქტივისთვის რეალური ღირებულების საიმედოდ განსაზღვრა აღარ არის შესაძლებელი (ან შეუძლებელია მისი განსაზღვრა მიზანშეუწონელი დანახარჯების, ან ძალისხმევის გარეშე, როდესაც დაშვებულია ამგვარი გამონაკლისი (იხ. 11.14(გ) და 12.8(ბ) პუნქტები)), მაშინ ამ აქტივის ახალი თვითღირებულება გახდება მისი საბალანსო ღირებულება, რომელიც ჰქონდა იმ ბოლო თარიღისთვის, როდესაც შესაძლებელი იყო აქტივის საიმედოდ შეფასება. საწარმომ აქტივი უნდა შეაფასოს ამ თვითღირებულებით, რომელსაც გამოკლებული აქვს გაუფასურების ზარალი მანამ, სანამ ისევ შესაძლებელი არ გახდება მისი რეალური ღირებულების საიმედოდ შეფასება (ან რეალური ღირებულების განსაზღვრა შესაძლებელი არ გახდება მიზანშეუწონელი დანახარჯების, ან ძალისხმევის გარეშე, როდესაც დაშვებულია ამგვარი გამონაკლისი).
საწარმო წყვეტს ფინანსური აქტივის აღიარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც:
(ა) ფინანსური აქტივიდან მისაღები ფულადი სახსრების მიღების სახელშეკრულებო უფლებებს ვადა გასდის, ან ფულადი სახსრები მთლიანად უკვე მიღებულია;
(ბ) საწარმო ფინანსური აქტივის საკუთრებასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან რისკსა და სარგებელს გადასცემს სხვა მხარეს; ან
(გ) საწარმო, მიუხედავად იმისა, რომ იტოვებს აქტივის საკუთრებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ მნიშვნელოვან რისკსა და სარგებელს, სხვა მხარეს გადასცემს აქტივის კონტროლის უფლებას, რომელსაც გააჩნია ამ აქტივის მთლიანად გაყიდვის პრაქტიკული შესაძლებლობა ნებისმიერ არადაკავშირებულ მესამე მხარეზე, შეუძლია ამ შესაძლებლობის გამოყენება ცალმხრივად და აქტივის გადაცემაზე დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობის გარეშე _ ამ შემთხვევაში, საწარმომ უნდა:
(i) შეწყვიტოს აქტივის აღიარება; და
(ii) ცალ-ცალკე აღიაროს ყველა უფლება და ვალდებულება, რომელიც მას რჩება ან წარმოიშობა აქტივის გადაცემისას.
გადაცემული აქტივის საბალანსო ღირებულების გადანაწილება უნდა მოხდეს შენარჩუნებულ და გადაცემულ უფლებებს ან ვალდებულებებს შორის, გადაცემის თარიღისთვის განსაზღვრული მათი რეალური ღირებულებების საფუძველზე. ახლად წარმოშობილი უფლებები და ვალდებულებები უნდა შეფასდეს ამ თარიღისთვის განსაზღვრული რეალური ღირებულებით. ნებისმიერი განსხვავება მიღებულ ანაზღაურებასა და ამ პუნქტის მიხედვით აღიარებულ ღირებულებებსა და ასევე იმ ღირებულებებს შორის, რომელთა აღიარებაც შეწყდა წინამდებარე პუნქტის შესაბამისად, უნდა აისახოს იმ პერიოდის მოგებაში ან ზარალში, როდესაც გადაცემა განხორციელდა.
თუ გადაცემა არ იწვევს აქტივის აღიარების შეწყვეტას, რადგან საწარმო ინარჩუნებს გადაცემულ აქტივთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან რისკებსა და სარგებელს, საწარმომ უნდა გააგრძელოს გადაცემული აქტივის აღიარება მთლიანად, ხოლო მიღებულ ანაზღაურებასთან დაკავშირებით აღიაროს ფინანსური ვალდებულება. არ შეიძლება მოცემული აქტივისა და ვალდებულების ურთიერთგადაფარვა. შემდგომ პერიოდებში, საწარმომ უნდა აღიაროს გადაცემულ აქტივთან დაკავშირებული ნებისმიერი შემოსავალი და ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებით გაწეული ნებისმიერი ხარჯი
თუ გადამცემი მხარე მიმღებ მხარეს გადასცემს არაფულადი სახის უზრუნველყოფას (როგორიცაა სავალო ან წილობრივი ინსტრუმენტი), გადამცემი და მიმღები მხარეების მიერ ამ უზრუნველყოფის აღრიცხვა დამოკიდებულია იმაზე, გააჩნია თუ არა მიმღებ მხარეს უზრუნველყოფის გაყიდვის ან გადაგირავების უფლება, ხოლო გადამცემმა მხარემ შეასრულა თუ არა ვალდებულება. გადამცემმა და მიმღებმა მხარეებმა ზემოაღნიშნული უზრუნველყოფა უნდა ასახონ შემდეგნაირად:
(ა) თუ მიმღებ მხარეს გააჩნია უზრუნველყოფის გაყიდვის ან გადაგირავების უფლება ხელშეკრულების, ან საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკის შესაბამისად, გადამცემმა მხარემ უნდა მოახდინოს აქტივის რეკლასიფიკაცია და სხვა აქტივებისგან განცალკევებით უნდა ასახოს ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში (მაგალითად, როგორც გასესხებული აქტივი, დაგირავებული წილობრივი ინსტრუმენტი ან უკუშესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა);
(ბ) თუ მიმღები მხარე ყიდის მიღებულ უზრუნველყოფას, მან უნდა აღიაროს გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი და რეალური ღირებულებით შეფასებული ვალდებულება, როგორც უზრუნველყოფის დაბრუნების ვალდებულება;
(გ) თუ გადამცემი მხარე არღვევს სახელშეკრულებო პირობებს და აღარ აქვს უფლება, გამოისყიდოს უზრუნველყოფის საშუალება, მან უნდა შეწყვიტოს უზრუნველყოფის აღიარება; ხოლო მიმღებმა მხარემ უნდა აღიაროს ეს უზრუნველყოფა, როგორც საკუთარი აქტივი, რომელიც თავდაპირველად შეფასებული იყო რეალური ღირებულით, მაგრამ თუ მან უკვე გაყიდა უზრუნველყოფა, უნდა შეწყვიტოს უზრუნველყოფის დაბრუნების ვალდებულების აღიარება; და
(დ) (გ) ქვეპუნქტში განხილული შემთხვევის გარდა, სხვა შემთხვევებში გადამცემმა მხარემ უნდა გააგრძელოს უზრუნველყოფის აღრიცხვა საკუთარი აქტივის სახით, ხოლო მიმღებმა მხარემ არ უნდა აღიაროს უზრუნველყოფა, როგორც აქტივი.
საწარმო ბანკზე ყიდის მოთხოვნების ანგარიშების ჯგუფს ნომინალურ ღირებულებაზე ნაკლები თანხით. საწარმო აგრძელებს დებიტორებისგან მისაღები თანხების ამოღებას ბანკის სახელით, ამასთან ბანკში აგზავნის ყოველთვიურ ანგარიშებს, ხოლო ბანკი საწარმოს მოთხოვნების მომსახურებისთვის ანაზღაურებას უხდის საბაზრო განაკვეთით. საწარმო ვალდებულია, დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს ბანკს ყველა ამოღებული თანხა, მაგრამ მას არ გააჩნია ბანკის წინაშე ვალდებულება დებიტორების მიერ თანხების გადახდის დაგვიანებაზე, ან დავალიანების არგადახდაზე. ამ შემთხვევაში, საწარმოს ბანკისთვის აქვს გადაცემული მოთხოვნების საკუთრებასთან დაკავშირებული პრაქტიკულად ყველა რისკი და სარგებელი. შესაბამისად, საწარმო მოთხოვნის თანხას ამოიღებს ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებიდან (ე.ი. საწარმო წყვეტს მათ აღიარებას) და აჩვენებს, რომ მას არ გააჩნია ვალდებულება ბანკისგან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით. საწარმო აღიარებს ზარალის თანხას, რომელიც გამოითვლება როგორც სხვაობა მოთხოვნის გაყიდვის თარიღისთვის მის საბალანსო ღირებულებასა და ბანკიდან მიღებულ შემოსავალს შორის. საწარმო აღიარებს იმ ოდენობის ვალდებულებას, რომელიც მან ამოიღო დებიტორებისგან, მაგრამ ჯერ არ გადაურიცხია ბანკისთვის.
პირობა იგივეა, რაც წინა მაგალითში, მაგრამ ამ შემთხვევაში საწარმო შეუთანხმდა ბანკს იმ მოთხოვნის თანხის გამოსყიდვაზე, რომლის ძირი თანხის ან პროცენტის გადახდის ვადას დებიტორი გადააცილებს 120 დღეს ან მეტს. ამ შემთხვევაში, საწარმოსთან რჩება მოთხოვნასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკი - დებიტორებისგან გადახდის დაგვიანების ან არგადახდის რისკი. შესაბამისად, საწარმო არ მიიჩნევს ამ მოთხოვნებს ბანკზე გაყიდულად და არ წყვეტს მათ აღიარებას. ამის მაგიერ, საწარმო ბანკიდან მიღებულ თანხებს აღიარებს, როგორც მოთხოვნით უზრუნველყოფილ სესხს. საწარმო განაგრძობს მოთხოვნების აქტივად აღიარებას მანამ, სანამ არ მოხდება მათი ამოღება, ან ჩამოწერა, როგორც უიმედო ვალის.
საწარმომ ფინანსური ვალდებულების (ან ფინანსური ვალდებულების ნაწილის) აღიარება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შეწყვიტოს, როდესაც ის შესრულდება, ე.ი. როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება დაიფარება, გაუქმდება ან ვადა გაუვა.
თუ არსებული მსესხებელი და გამსესხებელი ერთმანეთში ცვლიან არსებითად განსხვავებული პირობების მქონე ფინანსურ ინსტრუმენტებს, საწარმომ ეს ოპერაცია უნდა განიხილოს, როგორც თავდაპირველი ფინანსური ვალდებულების ანულირება და ახალი ფინანსური ვალდებულების აღიარება. ანალოგიურად, არსებული ფინანსური ვალდებულების ან მისი ნაწილის პირობების არსებითად შეცვლა (იმის მიუხედავად, დაკავშირებულია თუ არა ეს ცვლილება დებიტორის ფინანსურ სიძნელეებთან) საწარმომ უნდა ასახოს, როგორც თავდაპირველი ფინანსური ვალდებულების ანულირება და ახალი ფინანსური ვალდებულების აღიარება.
საწარმომ მოგებაში ან ზარალში უნდა აღიაროს დაფარული ან სხვა მხარისათვის გადაცემული ფინანსური ვალდებულების (ან ფინანსური ვალდებულების ნაწილის) საბალანსო ღირებულებასა და გადახდილ კომპენსაციის თანხას შორის (ნებისმიერი გადაცემული არაფულადი აქტივებისა და აღებული ვალდებულებების ჩათვლით) სხვაობა.
მომდევნო პუნქტებში განხილული განმარტებითი შენიშვნები ეხება ფინანსურ ვალდებულებებს, რომლებიც შეფასებულია რეალური ღირებულებით, მოგებაში ან ზარალში ასახვით. საწარმოებს, რომლებსაც მხოლოდ ძირითადი ფინანსური ინსტრუმენტები გააჩნიათ (და ამიტომ ისინი არ იყენებენ წინამდებარე სტანდარტის მე-12 განყოფილებას), არ ექნებათ რეალური ღირებულებით შეფასებული ფინანსური ვალდებულებები, მოგებაში ან ზარალში ასახვით და, შესაბამისად, არ დასჭირდებათ ამგვარი განმარტებითი შენიშვნების წარმოდგენა.
8.5 პუნქტის თანახმად, საწარმომ განმარტებით შენიშვნაში, რომელშიც მიმოხილულია ყველა მნიშვნელოვანი სააღრიცხვო პოლიტიკა, უნდა განმარტოს ფინანსური ინსტრუმენტების შეფასებისთვის გამოყენებული საფუძველი (ან საფუძვლები) და ფინანსური ინსტრუმენტების მიმართ გამოყენებული ნებისმიერი სხვა სააღრიცხვო პოლიტიკა, რომელთა ცოდნა აუცილებელია ფინანსური ანგარიშგების გასაგებად.
საწარმომ ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში, ან განმარტებით შენიშვნებში უნდა გაამჟღავნოს ინფორმაცია ფინანსური აქტივებისა და ფინანსური ვალდებულებების საბალანსო ღირებულებების შესახებ, საანგარიშგებო თარიღის მდგომარეობით, აგრეგირებულად, თითოეული შემდეგი კატეგორიის მიხედვით:
(ა) რეალური ღირებულებით შეფასებული ფინანსური აქტივები, მოგებაში ან ზარალში ასახვით (11.14 (გ)(i), 12.8 და 12.9 პუნქტები);
(ბ) ფინანსური აქტივები, რომლებიც წარმოადგენს ამორტიზებული ღირებულებით შეფასებულ სავალო ინსტრუმენტებს (11.14(ა) პუნქტი);
(გ) ფინანსური აქტივები, რომლებიც წარმოადგენს თვითღირებულებიდან გაუფასურების ზარალის გამოკლების შედეგად მიღებული თანხით შეფასებულ წილობრივ ინსტრუმენტებს (11.14 (გ)(ii) და 12.8 და 12.9 პუნქტები);
(დ) რეალური ღირებულებით შეფასებული ფინანსური ვალდებულებები, მოგებაში ან ზარალში ასახვით (12.8 და 12.9 პუნქტები);
(ე) ამორტიზებული ღირებულებით შეფასებული ფინანსური ვალდებულებები (11.14 (ა) პუნქტი); და
(ვ) სესხის გაცემის ვალდებულებები, რომლებიც შეფასებულია თვითღირებულებიდან გაუფასურების ზარალის გამოკლების შედეგად მიღებული თანხით (11.14(ბ) პუნქტი).
საწარმომ განმარტებით შენიშვნებში უნდა ასახოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც ფინანსური ანგარიშგების მომხმარებელს საშუალებას მისცემს, სწორად შეაფასოს ფინანსური ინსტრუმენტების მნიშვნელობა საწარმოს ფინანსური მდგომარეობისა და მისი საქმიანობის ფინანსური შედეგებისთვის. მაგალითად, გრძელვადიანი ნასესხები სახსრებისთვის ასეთი ინფორმაცია, როგორც წესი, იქნება სავალო ინსტრუმენტის პირობები (როგორიცაა საპროცენტო განაკვეთი, დაფარვის ვადა, გადახდის გრაფიკი და საწარმოს მიმართ სავალო ინსტრუმენტით განსაზღვრული შეზღუდვები).
რეალური ღირებულებით შეფასებული ყველა ფინანსური აქტივისა და ფინანსური ვალდებულებისთვის, საწარმომ უნდა განმარტოს რეალური ღირებულების განსაზღვრის საფუძველი, მაგალითად აქტიური ბაზრის კოტირებული საბაზრო ფასი, ან შეფასების მეთოდი. როდესაც საწარმო რეალური ღირებულების დასადგენად შეფასების რომელიმე მეთოდს იყენებს, მან უნდა განმარტოს ფინანსური აქტივებისა და ფინანსური ვალდებულებების თითოეული კატეგორიის რეალური ღირებულების განსაზღვრისთვის გამოყენებული დაშვებები. მაგალითად, თუ შესაფერისია, საწარმო გაამჟღავნებს ინფორმაციას გადახდის განაკვეთების, შეფასებული საკრედიტო დანაკარგების განაკვეთების, საპროცენტო განაკვეთების ან დისკონტირების განაკვეთების მიმართ გამოყენებული დაშვებებს შესახებ.
თუ რეალური ღირებულების საიმედოდ შეფასება აღარ არის შესაძლებელი, ან შეუძლებელია მისი შეფასება მიზანშეუწონელი დანახარჯების, ან ძალისხმევის გარეშე, როდესაც დაშვებულია ამგვარი გამონაკლისი, ისეთი ფინანსური ინსტრუმენტებისთვის, რომელთა შეფასება სხვა შემთხვევაში, წინამდებარე სტანდარტის შესაბამისად სავალდებულო იქნებოდა რეალური ღირებულებით, მოგებაში ან ზარალში ასახვით, საწარმომ განმარტებით შენიშვნებში უნდა გაამჟღავნოს თავად ეს ფაქტი და ამგვარი ფინანსური ინსტრუმენტების საბალანსო ღირებულება, თუკი მან გამოიყენა მიზანშეუწონელი დანახარჯების, ან ძალისხმევით განპირობებული გამონაკლისი მიდგომა, ასევე მიზეზები, რის გამოც რეალური ღირებულების საიმედო შეფასების განსაზღვრას სჭირდება მიზანშეუწონელი დანახარჯები ან ძალისხმევა.
თუ საწარმომ ფინანსური აქტივი სხვა მხარეს გადასცა ისეთი ოპერაციის თანახმად, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტივის აღიარების შეწყვეტის კრიტერიუმებს (იხ. 11.33-11.35 პუნქტები), საწარმომ ასეთი ფინანსური აქტივების თითოეული კლასისთვის უნდა გაამჟღავნოს შემდეგი ინფორმაცია:
(ა) აქტივების ხასიათი;
(ბ) საკუთრებასთან დაკავშირებული რისკებისა და სარგებლის ხასიათი, რომელიც საწარმოსთან რჩება; და
(გ) ყველა იმ აქტივისა და მასთან დაკავშირებული ვალდებულების საბალანსო ღირებულება, რომელთა აღიარებასაც განაგრძობს საწარმო.
როდესაც საწარმო ფინანსურ აქტივს იყენებს ვალდებულების ან პირობითი ვალდებულების უზრუნველყოფის სახით, მან უნდა გაამჟღავნოს შემდეგი ინფორმაცია:
(ა) უზრუნველყოფის სახით გადაცემული ფინანსური აქტივის საბალანსო ღირებულება; და
(ბ) ამ გირაოსთან დაკავშირებული ვადები და პირობები.
საწარმომ შემდეგი ინფორმაცია უნდა გაამჟღავნოს საანგარიშგებო თარიღისთვის აღიარებული იმ სასესხო ვალდებულებების შესახებ, რომელთა ვადებიც ირღვევა, ან არ სრულდება ვალდებულებები, რომლებიც დაკავშირებულია სესხის ძირი თანხის, პროცენტის დაფარვასთან, ვალის დაფარვის ფონდთან ან სესხის დაფარვის პირობებთან და საანგარიშგებო თარიღისთვის სიტუაცია არ გამოსწორებულა:
(ა) დეტალები ვადების დარღვევის ან ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ;
(ბ) შესაბამისი სასესხო ვალდებულებების საბალანსო ღირებულება საანგარიშგებო თარიღისთვის; და
(გ) გამოსწორდა თუ არა ვადების დარღვევა, ან მოხდა თუ არა შეუსრულებელი ვალდებულებების დაფარვა, ან სასესხო ვალდებულების პირობები ხომ არ შეიცვალა ახალი პირობებით მანამ, სანამ ფინანსური ანგარიშგება გამოსაცემად დამტკიცდებოდა.
საწარმომ შემოსავლების, ხარჯების, შემოსულობის ან ზარალის მუხლების შესახებ უნდა გაამჟღავნოს შემდეგი ინფორმაცია:
(ა) შემოსავლები, ხარჯები, შემოსულობა ან ზარალი, მათი რეალური ღირებულებების ცვლილებების ჩათვლით, რომლებიც აღიარებულია:
(i) ფინანსურ აქტივებთან დაკავშირებით, რომლებიც შეფასებულია რეალური ღირებულებით, მოგებაში ან ზარალში ასახვით;
(ii) ფინანსურ ვალდებულებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეფასებულია რეალური ღირებულებით, მოგებაში ან ზარალში ასახვით;
(iii) ამორტიზებული ღირებულებით შეფასებულ ფინანსურ აქტივებთან დაკავშირებით; და
(iv) ამორტიზებული ღირებულებით შეფასებულ ფინანსურ ვალდებულებებთან დაკავშირებით.
(ბ) საპროცენტო შემოსავლების მთლიანი თანხა და საპროცენტო ხარჯების მთლიანი თანხა (რომლებიც გაანგარიშებულია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მეთოდით) იმ ფინანსური აქტივებისა და ფინანსური ვალდებულებებისთვის, რომლებიც შეფასებული არ არის რეალური ღირებულებით, მოგებაში ან ზარალში ასახვით; და
(გ) გაუფასურების ზარალის თანხა ფინანსური აქტივის თითოეული კატეგორიისთვის.