ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს მთავრობა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში მხარეებადწოდებულნი),

მიზნად ისახავენ რა განამტკიცონ და განავითარონ ეკონომიკური ურთიერთობები თავიანთ ქვეყნებს შორის,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

 

    მუხლი 1

1. მხარეები ხელს შეუწყობენ ურთიერთხელსაყრელი ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას მხარეთა სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმიფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობის მიზანია:

a) მხარეების ეკონომიკური პოტენციალის გამოყენება ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცების მიზნით; და

b) ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება, ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ინოვაციების სფეროების ჩათვლით.

    მუხლი 2

1.  ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის პირველ მუხლში მითითებული თანამშრომლობა განხორციელდება შემდეგი საშუალებებით:

a) თანამშრომლობა მხარეთა ეკონომიკურ ორგანიზაციებს შორის;

b) ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროში გამოცდილების სხვადასხვა ფორმით გაზიარების ხელშეწყობა, ექსპერტებისა და ტექნიკური პერსონალის გაცვლისა და ტრეინინგების ორგანიზების ჩათვლით; და

c) მხარეთა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ორგანიზებულ გამოფენებსა და ბაზრობებზე, ბიზნეს მისიებსა და სხვა ვაჭრობის ხელისშემწყობ ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობა.

2. მხარეთა თანამშრომლობა არ შემოიფარგლება ამ მუხლში მითითებული ფორმებით და შეიძლება განხორციელდეს სხვა საშუალებებითაც.

    მუხლი 3

1.    მხარეთა შესაბამისი ორგანოები ხელს შეუწყობენ წარმომადგენლობითი ოფისების, ფილიალებისა და შვილობილი კომპანიების შექმნას და საქმიანობას ერთი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიიდან მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

2. წარმომადგენლობითი ოფისების, ფილიალების და შვილობილი კომპანიების შექმნისა და მათი საქმიანობის განხორციელების წესი განისაზღვრება იმ მხარის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც ეს ორგანიზაციები ახორციელებენ საქმიანობას.

    მუხლი 4

მხარეთა შესაბამისი ორგანოები, მხარეთა სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაცვლიან ინფორმაციას, რომელიც შეეხება:

a) კანონებს, რომლებიც არეგულირებს: ეკონომიკური საქმიანობის, ინვესტიციების, ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაბამისობის დადგენის პროცედურებს, ლიცენზიების, ნებართვების გაცემის პირობებს, სამრეწველო და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვას და საერთო ინტერესის სხვა სფეროებს; და

b) საქმიანობას, რომელიც მიმართულია მხარეთა კომპანიებსა და ბიზნეს ასოციაციებს შორის მჭიდრო ურთიერთობათა განმტკიცებისაკენ, საერთაშორისო გამოფენების, ბაზრობებისა და ბიზნეს მისიების ორგანიზების ჩათვლით.

    მუხლი 5

1. ეს ურთიერთგაგების მემორანდუმი არ აძლევს მხარეს უფლებას განახორციელოს რაიმე ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება, ან შეუსაბამობაში მოდის მის საერთაშორისო ვალდებულებებთან ან შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობასთან.

2. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი, არ ითვალისწინებს, რეგულარული დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერთობების წახალისებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებს გარეთ, ერთი მხარის მიერ მეორე მხარისათვის კაპიტალის გადაცემას ან სხვა ისეთ ქმედებას, რომელმაც შესაძლოა წარმოიშვას რაიმე ეროვნული სახაზინო ვალდებულება.

3. წინამდებარე მემორანდუმი ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და ძალაში რჩება განუსაზღვრელი ვადით.

4. წინამდებარე მემორანდუმში ცვლილებებისა და შესწორებების შეტანა შესაძლებელია მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დიპლომატიური არხების საშუალებით.

5. ნებისმიერ მხარეს შეუძლია, ნებისმიერ დროს, დიპლომატიური არხების საშუალებით შეატყობინოს მეორე მხარეს საკუთარი გადაწყვეტილება ურთიერთგაგების მემორანდუმის შეწყვეტის შესახებ. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი მოქმედებას წყვეტს შეტყობინების მიღებიდან 90- დღეს.

შესრულებულია . ბრაზილიაში, 2012 წლის 16 აპრილს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, პორტუგალიურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან სამივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის

სახელით

(ხელმოწერილია)

 

ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

 

Comments