მუხლი 36. შრომითი ურთიერთობის შეჩერება

1. შრომითი ურთიერთობის შეჩერება არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით
შეუსრულებლობა, რომელიც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.
2. შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლებია:
ა) გაფიცვა;
ბ) ლოკაუტი;
გ) აქტიური ან/და პასიური საარჩევნო უფლების განხორციელება;
დ) საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგამოძიებო, პროკურატურის ან სასამართლო
ორგანოებში გამოცხადება;
ე) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით შესაბამის ორგანოში გამოცხადება ან სამხედრო
შეკრებაზე გაწვევა;
ვ) შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო
და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო;
ზ) დროებითი შრომისუუნარობა, თუ მისი ვადა არ აღემატება ზედიზედ 30 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში
საერთო ვადა არ აღემატება 50 კალენდარულ დღეს;
თ) კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული გადამზადება ან სწავლა, რომლის ხანგრძლივობა წელიწადში არ უნდა
აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს;
ი) ანაზღაურების გარეშე შვებულება;
კ) ანაზღაურებადი შვებულება.
3. დასაქმებულის მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით (გარდა „ბ“ ქვეპუნქტისა) შრომითი
ურთიერთობის შეჩერების მოთხოვნის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შრომითი ურთიერთობა გონივრული ვადით
შეაჩეროს.
4. შრომითი ურთიერთობის შეჩერების შემთხვევაში დასაქმებულს არ მიეცემა შრომის ანაზღაურება, თუ
კანონმდებლობით ან შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
5. საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგამოძიებო, პროკურატურის ან სასამართლო
ორგანოებში გამოცხადება ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. შრომითი ურთიერთობის შეჩერებისას დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების მოშლა.


Comments