შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ

საქართველოს მთავრობა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობა (შემდგომში მოხსენიებული როგორც ხელშემკვრელი მხარეები),

სურთ რა, ხელი შეუწყონ ხელისუფლების მხრიდან მინიმალური ჩარევის პირობებში, ავიაგადამზიდველებს შორის კონკურენციაზე დაფუძნებულ საერთაშორისო საავიაციო სისტემას,

სურთ რა, ხელი შეუწყონ სამოქალაქო ავიაციის სფეროში ორმხრივ ურთიერთობებს და ამგვარად წვლილი შეიტანონ მათ შორის არსებულ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის შესაძლებლობების გაღრმავებაში,

აღიარებენ რა, რომ ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ხელს უწყობს ვაჭრობას, მომხმარებელთა კეთილდღეობასა და ეკონომიკურ წინსვლას;

სურთ რა, ავიაგადამზიდველებისათვის შესაძლებელი გახადონ მოგზაურებისა და სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი პირებისათვის მრავალფეროვანი მომსახურების შეთავაზება და სურთ რა, ხელი შეუწყონ ავიაგადამზიდველებს, განავითარონ და შემოიღონ ინოვაციური და კონკურენტუნარიანი ფასები,

არიან რა ინფორმირებულნი და კვლავაც იღებენ რა ვალდებულებას უზრუნველყონ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხოება და კვლავაც ადასტურებენ რა მათ ღრმა შეშფოთებას საჰაერო ხომალდის წინააღმდეგ მიმართული აქტებისა და საფრთხეების გამო, რომელიც ემუქრება პირთა და ქონების უსაფრთხოებას, მავნე ზეგავლენა გააჩნია საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე და საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ავიაციისადმი საზოგადოების რწმენას და

არიან რა “საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ” კონვენციის წევრები, რომელიც ხელმოსაწერად ღიად გამოცხადდა ჩიკაგოში 1944 წლის 7 დეკემბერს,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

 

მუხლი 1

განსაზღვრებანი

1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს:

a)  ტერმინი „კონვენცია” ნიშნავს 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილ კონვენციას „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ” და მოიცავს მის ნებისმიერ დანართს, რომელიც ძალაშია შესული 90-ე მუხლის თანახმად და მის ან მისი დანართების ნებისმიერ შესწორებას, მიღებულს ამ კონვენციის 90-ე და 94-ე მუხლების თანახმად, იმდენად, რამდენადაც ეს დანართები ან შესწორებები მოქმედია ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის;

b) ტერმინი „შეთანხმება” ნიშნავს ამ შეთანხმებას, მის დანართებს და მათ ნებისმიერ ცვლილებებს;

c) ტერმინი „საავიაციო ხელისუფლება” საქართველოს მთავრობასთან მიმართებაში ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და/ან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ხოლო იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობასთან მიმართებაში ნიშნავს სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელ კომისიას, ან ორივე შემთხვევაში, ხელისუფლების ნებისმიერ ორგანოს ან პირს, რომელიც შესაძლოა ფლობდეს უფლებამოსილებას შეასრულოს ზემოაღნიშნული ხელისუფლების ორგანოების კომპეტენციაში ამჟამად შემავალი ფუნქციები;

d) ტერმინი „შეთანხმებული ხაზები” ნიშნავს რეგულარულ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას, რომელიც ხორციელდება დაწესებულ მარშრუტებზე წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად;

e) ტერმინი „დანიშნული ავიაგადამზიდველები” ნიშნავს ავიაგადამზიდველს, რომელიც არის დანიშნული და უფლებამოსილებით აღჭურვილი წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის თანახმად;

f) ტერმინს „ტერიტორია” აქვს კონვენციის მე-2 მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობა;

g) ტერმინებს „საჰაერო მიმოსვლა”, „საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა”, „ავიაგადამზიდველი” და „გაჩერება არაკომერციული მიზნებით” აქვს კონვენციის 96-ე მუხლით განსაზღვრული შესაბამისი მნიშვნელობები;

h) ტერმინი „ტევადობა”:

(i) საჰაერო ხომალდთან მიმართებით ნიშნავს მარშრუტზე ან მარშრუტის მონაკვეთზე საჰაერო ხომალდში ტვირთისა და მგზავრებისათვის განკუთვნილი ადგილების მოცულობას;

(ii) შეთანხმებულ ხაზებთან მიმართებით ნიშნავს აღნიშნულ მარშრუტზე გამოყენებული საჰაერო ხომალდის ტევადობას, გამრავლებულს ფრენების სიხშირეზე, რომელიც ხორციელდება ამ საჰაერო ხომალდის მიერ შესრულებულ მარშრუტზე ან მარშრუტის მონაკვეთზე დროის მოცემულ პერიოდში;

i) ტერმინი „ტარიფი” ნიშნავს მგზავრთა გადაყვანის, ბარგისა და ტვირთის გადაზიდვის ღირებულებას და იმ პირობებს, რომელთა შესაბამისადაც ეს ღირებულება მოქმედებს, სააგენტოსათვის და სხვა დამატებითი მომსახურებისათვის გადახდილი ანაზღაურებისა და პირობების ჩათვლით, მაგრამ არ ითვალისწინებს ფოსტის გადატანის ღირებულებასა და პირობებს;

j) ტერმინი „გადაყვანა-გადაზიდვა” ნიშნავს მგზავრების, ბარგის, ტვირთის და ფოსტის გადაყვანა-გადაზიდვას;

k) ტერმინი „მომხმარებლის გადასახდელი” ნიშნავს გადასახდელს, რომელიც კომპეტენტური ხელისუფლების მიერ ან მისი ნებართვით არის დაწესებული ავიაგადამზიდველისათვის აეროპორტის ქონებით, საშუალებებით ან აეროსანავიგაციო საშუალებებით უზრუნველყოფისათვის და მოიცავს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის, მგზავრების, ტვირთისათვის საჭირო მოწყობილობებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურების გადასახდელს.

2. წინამდებარე შეთანხმების დანართი და ნებისმიერი მისი ცვლილება წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

 

მუხლი 2

უფლებათა მინიჭება

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრულ უფლებებს ამ შეთანხმების დანართში მოცემულ მარშრუტებზე დაგეგმილი საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველები სარგებლობენ შემდეგი უფლებებით:

a) განახორციელონ გადაფრენა მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე დაჯდომის გარეშე;

b) განახორციელონ დაჯდომა აღნიშნულ ტერიტორიაზე არაკომერციული მიზნით და

c) დაწესებულ მარშრუტზე შეთანხმებული ხაზის ექსპლუატაციისას, საერთაშორისო გადაზიდვებთან დაკავშირებით მგზავრების, ბარგის, ტვირთისა და ფოსტის ბორტიდან გადმოყვანა/გადმოტვირთვის ან ბორტზე აყვანა/ატვირთვის მიზნით განახორციელონ დაჯდომა ამ შეთანხმების დანართში მითითებულ, ამ ხაზისათვის განსაზღვრულ პუნქტში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არც ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველებს არ ანიჭებს უფლებას მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე გასამრჯელოს საფასურად ან დაქირავების გზით ბორტზე აიყვანოს/ატვირთოს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე არსებულ სხვა პუნქტში გადასაყვანად/გადასაზიდად განკუთვნილი მგზავრები, ბარგი, ტვირთი და ფოსტა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დროდადრო შეიძლება ერთობლივად განხილულ იქნეს ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებებს შორის

3. თუ შეიარაღებული კონფლიქტების, სტიქიური უბედურების ან პოლიტიკური არეულობის გამო, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველს არ ძალუძს ჩვეულებრივი მარშრუტით განახორციელოს ხაზის ექსპლუატაცია, მეორე ხელშემკვრელი მხარე მაქსიმალურად ეცდება ხელი შეუწყოს ხაზის განუწყვეტელ ექსპლუატაციას და ამ მიზნით მოახდენს მარშრუტების შესაბამის დროებით რეორგანიზაციას.

 

მუხლი 3

დანიშვნა და უფლებამოსილების მინიჭება

1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს, მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნით, უფლება აქვს დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ავიაგადამზიდველი წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად და გააუქმოს ან შეცვალოს ეს დანიშვნები.

2. ამგვარი დანიშვნის შესახებ შეტყობინებისა და დანიშნული ავიაგადამზიდველიდან განაცხადის მიღებისთანავე, მინიმალური პროცედურული დაყოვნებით, საექსპლუატაციო უფლებამოსილების მინიჭებისათვის დადგენილი ფორმითა და სახით, ხელშემკვრელი მხარე გასცემს შესაბამის საექსპლუატაციო უფლებამოსილებას, თუ:

a) დანიშნულ ავიაგადამზიდველს ძირითადი საქმიანობის ადგილი აქვს მისი დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, როდესაც არსებობს მტკიცებულება, რომ ავიაგადამზიდველს გააჩნია ძირითადი საქმიანობის ადგილი დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად;

b) დანიშნული ავიაგადამზიდველების უპირატეს მფლობელობას და ეფექტურ კონტროლს ახორციელებს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარე ან მისი მოქალაქეები;

c) ავიაგადამზიდველის დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარე ინარჩუნებს ავიაგადამზიდველზე მარეგულირებელ კონტროლს. მარეგულირებელი კონტროლი მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება: ავიაგადამზიდველით, რომელიც ფლობს ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ გაცემულ საექსპლუატაციო ლიცენზიას ან ნებართვას, როგორიცაა საჰაერო ექსპლუატანტის სერტიფიკატი, რომელიც აკმაყოფილებს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის კრიტერიუმებს, ასევე დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარეთი, რომელსაც აქვს და იცავს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაოს) სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფ უსაფრთხოებისა და უშიშროების ზედამხედველობის პროგრამებს;

d) ავიაგადამზიდველის დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარე ასრულებს მე-14 და მე-15 მუხლებით დადგენილ დებულებებს და

e) დანიშნული ავიაგადამზიდველი აკმაყოფილებს იმ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრულ პირობებს, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება დანიშვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელებასთან მიმართებით.

3. მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საექსპლუატაციო უფლებამოსილების მიღებისთანავე, დანიშნულ ავიაგადამზიდველს უფლება აქვს დაიწყოს იმ შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაცია, რომლისთვისაც მოხდა მისი დანიშვნა, თუ ავიაგადამზიდველი ასრულებს წინამდებარე შეთანხმების შესაბამის დებულებებს.

 

მუხლი 4

საექსპლუატაციო უფლებამოსილების გაუქმება და შეჩერება

1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს გააუქმოს საექსპლუატაციო უფლებამოსილება ან შეაჩეროს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის მიერ წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა ან ამ უფლებებით სარგებლობაზე დააწესოს ისეთი პირობები, როგორსაც ჩათვლის საჭიროდ:

a) ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც მას არ გააჩნია საკმაო მტკიცებულება იმისა, რომ ამ დანიშნული ავიაგადამზიდველის უპირატეს მფლობელობას და რეალურ კონტროლს არ ახორციელებენ დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარე ან მისი მოქალაქეები;

b) ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ავიაგადამზიდველი არ იცავს უფლებების მიმნიჭებელი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას, ან

c) ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ავიაგადამზიდველი არ მოქმედებს წინამდებარე შეთანხმებით დადგენილი პირობების დაცვით, ან

2. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული დაუყოვნებელი გაუქმება, შეჩერება ან პირობების დაწესება აუცილებელია შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შემდგომი დარღვევის თავიდან ასაცილებლად, ეს უფლება გამოიყენება მხოლოდ ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებებს შორის კონსულტაციების გამართვის შემდგომ.

 

 

მუხლი 5

შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის გამოყენება

1. ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა, რომელიც ეხება მის სახელმწიფო ტერიტორიაზე საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლაში ჩართული საჰაერო ხომალდის შესვლას, ყოფნასა და გამოსვლას, ან რომელიც ეხება მის სახელმწიფო ტერიტორიაზე საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასა და ნავიგაციას, გამოიყენება ორივე ხელშემკვრელი მხარის საჰაერო ხომალდის მიმართ ეროვნულობის მიუხედავად და მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველები ვალდებული არიან დაიცვან ისინი ხელშემკვრელი მხარის აღნიშნული ტერიტორიაზე შესვლის, გამოსვლის ან ყოფნის დროს.

2. შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა, რომლებიც ეხება შესვლას, გაფორმებას, ტრანზიტს, იმიგრაციას, პასპორტებს, საბაჟოს, ვალუტას, სანიტარულ მოთხოვნებსა და კარანტინს, უნდა იქნას დაცული მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიაგადამზიდველის მიერ და მათი საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლაში ჩართული საჰაერო ხომალდის, ეკიპაჟის, მგზავრების, ბარგის, ტვირთისა და ფოსტის მიერ ან მათი სახელით ამ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ტრანზიტის, შესვლის, გამოსვლისა და ყოფნის დროს.

3. არცერთი ხელშემკვრელი მხარე ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტში მოცემული წესების გამოყენებისას ან მის კონტროლ ქვეშ არსებული აეროპორტების, რკინიგზის, საჰაერო გადაზიდვების და სხვა მსგავსი საშუალებების ექსპლუატაციასთან დაკავშირებით არ მიანიჭებს უპირატესობას თავის ან სხვა ნებისმიერ ავიაგადამზიდველს მსგავს საერთაშორისო მიმოსვლაში ჩართული მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიაგადამზიდველებთან მიმართებით.

 

მუხლი 6

სერტიფიკატების და ლიცენზიის აღიარება

1. საჰაერო ხომალდის ფრენისათვის ვარგისიანობის შესახებ სერტიფიკატი, საკვალიფიკაციო მოწმობა და ლიცენზია, რომელიც გაცემულია ან აღიარებულია ნამდვილად ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ, მათი ნამდვილობის მთელ პერიოდში, აღიარებულ უნდა იქნეს ნამდვილად მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ, თუ მოთხოვნები, რომლების საფუძველზეც გაიცა ან აღიარებულ იქნა ნამდვილად ამგვარი სერტიფიკატები ან ლიცენზიები, უთანაბრდება ან მაღალია კონვენციის თანახმად დადგენილ მინიმალურ სტანდარტებზე.

2. მიუხედავად ზემოთქმულისა, თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას, საკუთარ სახელმწიფო ტერიტორიაზე ფრენების მიზნებიდან გამომდინარე, არ აღიაროს ნამდვილად მეორე ხელშემკვრელი მხარის ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მიერ თავის მოქალაქეებზე გაცემული ან ნამდვილად აღიარებული საკვალიფიკაციო მოწმობები და ლიცენზიები.

 

მუხლი 7

საბაჟო და სხვა მოსაკრებლებისა და გადასახადებისაგან გათავისუფლება

1. ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიაგადამზიდველის მიერ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლაში ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდი, მათ შორის, მისი მოწყობილობები, საწვავის მარაგი, საცხებ-საპოხი საშუალებები, საჰაერო ხომალდის ბორტზე არსებული, განთავსებული ან ბორტზე ატანილი მარაგი, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ამ საჰაერო ხომალდის შიდა მოხმარებისთვის, ყველა სახის იმპორტის გადასახდელთან, შემოწმების და სხვა მსგავსი სახის მოსაკრებლებსა და გადასახადებთან მიმართებით ჩაყენებული იქნება ისეთ პირობებში, რომელიც არ იქნება იმაზე ნაკლები, რაც დადგენილია მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ საკუთარი, გეგმური საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განმახორციელებელი ავიაგადამზიდველებისათვის, ან იმ ავიაგადამზიდველებისათვის, რომლებიც სარგებლობენ უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმით.

2. იგივე ვრცელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიაგადამზიდველის მიერ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის შესანახად და შესაკეთებლად ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე შეტანილ სათადარიგო ნაწილებზე.

3. არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არ იქნება ვალდებული მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველი გაათავისუფლოს ან შეუმციროს მას იმპორტის გადასახდელი, შემოწმების მოსაკრებელი და სხვა მსგავსი გადასახდელი, თუ მეორე ხელშემკვრელი მხარე პირველი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველებს არ გაათავისუფლებს ან არ შეუმცირებს ამგვარ გადასახდელებს.

4. ჩვეულებრივ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის საჰაერო ხომალდის ბორტზე არსებული მოწყობილობები, ასევე საგნები და მარაგი შეიძლება გადმოტანილ იქნეს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე მხოლოდ ამ ტერიტორიის საბაჟო ორგანოს თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, ისინი მოთავსებული იქნებიან აღნიშნული ორგანოს ზედამხედველობის ქვეშ იმ დრომდე, სანამ მოხდება მათი რეექსპორტი ან სხვაგვარად განკარგვა საბაჟო წესების შესაბამისად.

5. ამ მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებში მოხსენიებული საგნები შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო ზედამხედველობისა და კონტროლის ქვეშ შენახვას.

 

მუხლი 8

პირდაპირი ტრანზიტი

მგზავრები, ბარგი და ტვირთი ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე პირდაპირი ტრანზიტის დროს, როდესაც ისინი არ ტოვებენ ასეთი მიზნისთვის განკუთვნილ აეროპორტის ფარგლებს, ექვემდებარება მხოლოდ გამარტივებულ კონტროლს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე ეხება საავიაციო უშიშროებასა და ნარკოტიკულ ნივთიერებათა კონტროლთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. ბარგი და ტვირთი პირდაპირი ტრანზიტის დროს თავისუფლდება საბაჟო მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელებისაგან.

 

მუხლი 9

მომხმარებლის გადასახდელი

1. არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არ დაუწესებს ან გასცემს ნებართვას, დაუწესდეთ მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველებს იმაზე დიდი სამომხმარებლო გადასახდელი, რაც დაწესებულია საკუთარი ავიაგადამზიდველებისათვის, რომლებიც ახორციელებენ მსგავს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ხელს შეუწყობს გადასახდელის დამწესებელ კომპეტენტურ ხელისუფლების ორგანოებსა და ამ ორგანოების მიერ მიწოდებული მომსახურებითა და საშუალებებით მოსარგებლე ავიაგადამზიდველს შორის, სადაც ეს მიზანშეწონილია, ამ ავიაგადამზიდველების წარმომადგენელი ორგანიზაციების მეშვეობით, კონსულტაციების გამართვას. სამომხმარებლო გადასახდელებში ცვლილების შეტანის წინადადების შესახებ ამგვარ მომხმარებლებს უგზავნიან გონივრულ შეტყობინებას, რათა მათ შეძლონ საკუთარი აზრის გამოხატვა ცვლილებების განხორციელებამდე.

 

მუხლი 10

კომერციული საქმიანობა

1. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველებს უფლება აქვთ, ნაცვალგების საფუძველზე ჰქონდეთ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე თავიანთი ოფისები და ჰყავდეთ წარმომადგენლები, ასევე კომერციული, საექსპლუატაციო და ტექნიკური პერსონალი, რაც აუცილებელია შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციასთან დაკავშირებით.

2. მოთხოვნა საშტატო შემადგენლობაზე შეიძლება დაკმაყოფილდეს, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველების არჩევანის შესაბამისად, საკუთარი პერსონალით ან ნებისმიერი სხვა ასეთი მომსახურების გაწევაზე უფლებამოსილი ორგანიზაციის, კომპანიის ან მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე მოქმედი ავიაგადამზიდველის მომსახურების გამოყენებით.

3. წარმომადგენლებისა და საშტატო შემადგენლობის მიმართ გამოიყენება მეორე ხელშემკვრელი მხარის მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა და ამ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად:

a) თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ნაცვალგების საფუძველზე, მინიმალური დაყოვნებით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მოხსენიებულ წარმომადგენლებსა და საშტატო შემადგენლობაზე გასცემს საჭირო სამუშაო უფლებამოსილებას, ტურისტულ ვიზას ან სხვა მსგავს დოკუმენტებს;

b) ორივე ხელშემკვრელი მხარე სწრაფად აკმაყოფილებს სამუშაო უფლებამოსილების მინიჭების მოთხოვნას გარკვეული დროებითი მოვალეობების შემსრულებელ პერსონალთან მიმართებით.

 

მუხლი 11

ფინანსური დებულებები

1. თითოეულ დანიშნულ ავიაგადამზიდველს უფლება აქვს, გამოსცეს და გაყიდოს გადაყვანა-გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე უშუალოდ და, საკუთარი შეხედულებისამებრ, მისი საკუთარი აგენტების მეშვეობით. ნებისმიერ პირს ექნება საშუალება შეიძინოს ამგვარი გადაყვანა-გადაზიდვები ადგილობრივი ან ნებისმიერ თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტით, ამ ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. თითოეულ დანიშნულ ავიაგადამზიდველს უფლება აქვს, მოთხოვნისამებრ, გადარიცხოს საკუთარ ქვეყანაში, ვალუტის გადაცვლის ოფიციალური კურსით, ადგილობრივი დანახარჯისაგან თავისუფალი შემოსავალი, რომელიც მიღებულია მგზავრების, ბარგის, ტვირთისა და ფოსტის გადაყვანა-გადაზიდვის შედეგად. ზემოხსენებული გადარიცხვები შესაძლებელია განხორციელდეს კონვერტირებადი ვალუტით, შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და ვალუტის გადაცვლის მარეგულირებელი სათანადო უცხოური შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად.

3. იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელ მხარეებს შორის არსებობს სპეციალური გარიგებები, რომლებიც არეგულირებენ გადახდას, ამ გარიგებების დებულებები გავრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად თანხების გადარიცხვაზე.

 

მუხლი 12

კომერციული საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპები

1. ხელშემკვრელი მხარეები, ნაცვალგების საფუძველზე, აძლევენ შესაძლებლობას ავიაგადამზიდველებს თავისუფლად ჩაერთონ კონკურენციაში ამ შეთანხმების შესაბამისად შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის თვალსაზრისით, იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელი მხარეების მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველები უზრუნველყოფილნი არიან სამართლიანი და თანაბარი შესაძლებლობებით, რათა მათ განახორციელონ დაწესებულ მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაცია ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფო ტერიტორიებს შორის.

2. არავითარი შეზღუდვა არ შეიძლება დაუწესდეთ ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველებს მათ მიერ შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისას, იქნება ეს მგზავრები, ტვირთი ან/და ფოსტა, ტევადობასთან, განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან (სიხშირე), ან/და ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ტიპთან მიმართებით. ხელშემკვრელი მხარეების მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველებს უფლება აქვთ, თავისუფლად განსაზღვრონ შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის სიხშირე და ტევადობა.

3. არც ერთი ხელშემკვრელი მხარე ცალმხრივად არ დააწესებს შეზღუდვებს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიაგადამზიდველის მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ტევადობაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია საბაჟო, ტექნიკური, საექსპლუატაციო, ან/და გარემოს დაცვის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ერთგვაროვანი პირობების შესაბამისად.

4. კონკურენციის კანონმდებლობის დაცვით და ბაზარზე კომერციული მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიაგადამზიდველებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა კომერციულ საფუძველზე განსაზღვრონ საკუთარი ტარიფები.

5. ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველები არ არიან ვალდებული შეუთანხმონ ტარიფები სხვა ავიაგადამზიდველებს, რომლებიც მთლიანად მარშრუტის ან მარშრუტის მონაკვეთის ექსპლუატაციას ახორციელებენ.

6. ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეუძლია მოსთხოვოს დანიშნული ავიაგადამზიდველის მონიტორინგის მიზნით ტარიფების წარმოდგენა. ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას არ აქვს ამგვარად წარმოდგენილი ტარიფის უარყოფის უფლება გონივრული მიზეზის წარმოდგენის გარეშე.

7. ხელშემკვრელ მხარეები არ არიან უფლებამოსილი ცალმხრივად უარყონ დანიშნული ავიაგადამზიდველების ტარიფები და შეაჩერონ მათი გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საავიაციო ხელისუფლება ჩათვლის, რომ ამგვარი ტარიფების გამოყენება არღვევს ან მომავალში დაარღვევს შესაბამის კონკურენციის კანონმდებლობას.

8. თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე მიიჩნევს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის ტარიფები ეწინააღმდეგება შესაბამის კონკურენციის კანონმდებლობას, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა. ამგვარი კონსულტაციები იმართება კონსულტაციის გამართვის შესახებ თხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. ხელშემკვრელი მხარეები თანამშრომლობენ საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო ინფორმაციის წარმოდგენის კუთხით.

 

მუხლი 13

ფრენის განრიგის დამტკიცება

1. ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველი ვალდებულია ფრენის განრიგის განხორციელების დაწყებამდე სულ მცირე სამოცი (60) დღით ადრე მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას დასამტკიცებლად წარუდგინოს შეთანხმებულ ხაზებზე ფრენის განრიგი. ამგვარი ფრენის განრიგის ნებისმიერი ცვლილება ასევე უნდა წარედგინოს დასამტკიცებლად მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას. აღნიშნულ განრიგში განსაზღვრული იქნება ექსპლუატაციის სიხშირე, დრო, საჰაერო ხომალდის ტიპი და კონფიგურაცია.

2. დანიშნული ავიაგადამზიდველები ასევე წარმოადგენენ ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც საჭიროა მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლების დასარწმუნებლად, რომ ამ შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნები ჯეროვნად სრულდება.

 

მუხლი 14

საავიაციო უშიშროება

1. საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების საფუძველზე მინიჭებული უფლებებისა და ნაკისრი ვალდებულებების თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები ადასტურებენ, რომ მათი ურთიერთვალდებულებები, უზრუნველყონ სამოქალაქო ავიაციის უშიშროება უკანონო ხელყოფის ქმედებების შემთხვევაში, წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მათი უფლებებისა და ვალდებულებების განზოგადების შეუზღუდავად, ხელშემკვრელი მხარეები იხელმძღვანელებენ ქ. ტოკიოში 1963 წლის 14 სექტემბერს ხელმოწერილი კონვენციით „საჰაერო ხომალდში ჩადენილ დანაშაულობათა და ზოგიერთ სხვა მოქმედებათა შესახებ”; 1970 წლის 16 დეკემბერს ქ. ჰააგაში ხელმოწერილი საერთაშორისო კონვენციით „საჰაერო ხომალდის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ”; 1971 წლის 23 სექტემბერს ქ. მონრეალში ხელმოწერილი კონვენციით „სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ”; 1988 წლის 24 თებერვალს ქ. მონრეალში ხელმოწერილი ოქმით „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტებში ძალადობის უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ” და ამ სფეროში არსებული ნებისმიერი სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტი, რომელთა მონაწილენიც არიან ხელშემკვრელი მხარეები.

2. მოთხოვნის საფუძველზე, ხელშემკვრელი მხარეები ყოველგვარ აუცილებელ დახმარებას აღმოუჩენენ ერთმანეთს, რათა თავიდან აიცილონ სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება და საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრების, ეკიპაჟის, აეროპორტებისა და სანავიგაციო საშუალებების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა ამგვარი უკანონო ქმედებები და მათი განხორციელების ნებისმიერი მუქარა, რომელიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას.

3. ხელშემკვრელი მხარეები, ორმხრივი ურთიერთობისას, იმოქმედებენ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (შემდგომში მოხსენიებული როგორც „იკაო”) მიერ განსაზღვრული და კონვენციის დამატებებად წოდებული საავიაციო უშიშროების დებულებების შესაბამისად, იმდენად, რამდენადაც ამგვარი უშიშროების დებულებები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ხელშემკვრელ მხარეებთან მიმართებით; ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა მოსთხოვონ მათი რეგისტრაციის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს, რომელთა საქმიანობის ძირითადი ადგილი და მუდმივი ადგილსამყოფელი არის მათ სახელმწიფო ტერიტორიაზე, მათ ტერიტორიაზე არსებული აეროპორტების ექსპლუატანტებს, რომ მათ იმოქმედონ სამოქალაქო ავიაციის უშიშროების აღნიშნულ დებულებათა შესაბამისად.

4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანხმდება, რომ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ შესაძლოა მოსთხოვოს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს დაიცვან ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული საავიაციო უშიშროების დებულებები, რომლებიც სავალდებულოა ამ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე შესვლის, გამოსვლისა და ყოფნისათვის.

5. თითოეული ხელშემკვრელი მხარე საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიის ფარგლებში უზრუნველყოფს საჰაერო ხომალდის დაცვისათვის საჭირო ღონისძიებების ეფექტურ განხორციელებას და შეამოწმებს მგზავრებს, ეკიპაჟს, ხელბარგს, ბარგს, ტვირთს და საჰაერო ხომალდის მარაგს, ჩასხდომა-ჩატვირთვამდე და ჩასხდომა-ჩატვირთვისას. თითოეული ხელშემკვრელი მხარე დადებითად შეხვდება მეორე ხელშემკვრელი მხარის თხოვნას უშიშროების სპეციალურ ღონისძიებათა გონივრულ ფარგლებში გატარების თაობაზე კონკრეტულ მუქარასთან დაკავშირებით.

6. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების ან მისი უკანონოდ ხელში ჩაგდების მუქარის არსებობისას, ან ასეთი საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტებისა და საჰაერო ნავიგაციის საშუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა უკანონო ქმედებების დროს, ხელშემკვრელი მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს კომუნიკაციებისა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების ხელშეწყობით, რომლებიც მიმართული იქნება ამ ინციდენტის ან მუქარის რაც შეიძლება სწრაფად უსაფრთხოდ აღკვეთისაკენ.

7. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იღებს ზომებს, რომლებსაც ის ჩათვლის მიზანშეწონილად, რათა ხმელეთზე დააკავოს უკანონოდ ხელში ჩაგდებული საჰაერო ხომალდი ან საჰაერო ხომალდი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია უკანონო ჩარევის სხვა მოქმედებები და რომელიც დაეშვა მის სახელმწიფო ტერიტორიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჰაერო ხომალდის გაფრენის აუცილებლობა განპირობებულია ადამიანის სიცოცხლის დაცვის უზენაესი მოვალეობით. სადაც შესაძლებელია, ამგვარი ღონისძიებები უნდა გამოიყენებოდეს ორმხრივი კონსულტაციების საფუძველზე.

8. იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეს გააჩნია პრობლემები ამ მუხლის საავიაციო უსაფრთხოების დებულებებთან დაკავშირებით, თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეუძლია მოითხოვოს დაუყოვნებლივი კონსულტაციები მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებასთან.

 

მუხლი 15

საავიაციო უსაფრთხოება

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს კონსულტაცია მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დამტკიცებულ ფრენის უსაფრთხოების სტანდარტებზე საჰაერო ხომალდის ეკიპაჟთან, საჰაერო ხომალდთან ან მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სფეროში. ასეთი კონსულტაციები ტარდება ამგვარი თხოვნით მიღებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში

2. თუ ამგვარი კონსულტაციების შედეგად, ერთი ხელშემკვრელი მხარე გამოავლენს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარე ეფექტურად არ ინარჩუნებს და არ წარმართავს უსაფრთხოების სტანდარტებს იმ ნებისმიერ სფეროში, რომელიც უთანაბრდება ამ დროისათვის ჩიკაგოს კონვენციის მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს, პირველი ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელ მხარეს ატყობინებს ამ ვითარების შესახებ და იმ ზომებზე, რაც ამ მინიმალური სტანდარტების შესასრულებლად არის საჭირო და მეორე ხელშემკვრელმა მხარემ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიების გატარება. თუ მეორე ხელშემკვრელი მხარე ვერ გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს თხუთმეტი (15) დღის ან შესაძლო შეთანხმებული პერიოდის განმავლობაში, ეს იქნება ამ შეთანხმების მე-4 მუხლის (საექსპლუატაციო უფლებამოსილების გაუქმება და შეჩერება) გამოყენების საფუძველი.

3. მიუხედავად იმ ვალდებულებებისა, რაც დადგენილია ჩიკაგოს კონვენციის 33-ე მუხლში, თანხმდებიან იმაზე, რომ ნებისმიერი საჰაერო ხომალდი, რომელიც ექსპლუატირებულია ან ლიზინგით არის აღებული ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს მიერ და რომელიც ახორციელებს მიმოსვლას მეორე მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან, შეიძლება, მეორე მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე ყოფნის დროს შემოწმდეს მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ბორტზე ან საჰაერო ხომალდის ირგვლივ, რათა გაირკვეს საჰაერო ხომალდისა და მისი ეკიპაჟის დოკუმენტთა ვარგისიანობა და საჰაერო ხომალდისა და მისი შემადგენლობის (ამ მუხლში „შემოწმება ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”) რეალური მდგომარეობა, იმ პირობით, რომ ეს არ გამოიწვევს საჰაერო ხომალდის არამიზანშეწონილ შეფერხებას.

4. თუ ნებისმიერი ამგვარი შემოწმება ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან მთელი რიგი ამგვარი შემოწმებებისა გამოიწვევს:

a) სერიოზულ ეჭვს, რომ საჰაერო ხომალდი და მისი ექსპლუატაციის პირობები არ შეესაბამება ჩიკაგოს კონვენციის მიერ იმ დროისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს; ან

b) სერიოზულ ეჭვს, რომ არსებობს ჩიკაგოს კონვენციის მიერ იმ დროისათვის დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტების ეფექტური წარმართვისა და შენარჩუნების ნაკლოვანება, მხარეს, რომელიც ახორციელებს შემოწმებას ჩიკაგოს კონვენციის 33-ე მუხლის მიზნებისთვის, შეუძლია დაასკვნას, რომ მოთხოვნები, რომლის საფუძველზეც გაცემული საჰაერო ხომალდების და საჰაერო ხომალდების ეკიპაჟების მოწმობები და ლიცენზიები აღიარებულია ვარგისად და ასევე მოთხოვნები, რომლის საფუძველზეც საჰაერო ხომალდი არის ექსპლუატირებული, არ უთანაბრდება ან არ შეესაბამება ჩიკაგოს კონვენციის მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.

5. შემთხვევა, როდესაც ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების წარმომადგენლების მიერ უარყოფილი იქნება ამ ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოებაზე შემოწმების უფლება, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით მეორე მხარისათვის წარმოშობს ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნულ სერიოზული ეჭვებს

6. თითოეული ხელშემკვრელი მხარე სარგებლობს უფლებით შეაჩეროს ან შეცვალოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების საექსპლუატაციო უფლებამოსილება იმ შემთხვევაში, თუ პირველი ხელშემკვრელი მხარე დაასკვნის, რომ ფრენის უსაფრთხოებაზე ან ამგვარი შემოწმების უარყოფის ან კონსულტაციის და სხვაგვარი საქმიანობის უფლების უარყოფის შედეგად, ავიასაწარმოს ექსპლუატაციის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია გადაუდებელი მოქმედება.

7. ერთი ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერი მოქმედება ამ მუხლის (2) და (6) პუნქტების მიხედვით ვერ გაგრძელდება, როგორც კი ამ მოქმედების განხორციელების საფუძველი შეწყვეტს არსებობას.

8. მხარეთა მიერ აღნიშნული გადამზიდავები არ უნდა იყვნენ რიცხულნი უსაფრთხოების სააგენტოს ან სახელმწიფო ვარგისიანობის „აკრძალვის სიაში”.

 

მუხლი 16

კონსულტაციები და ცვლილებები

1. თითოეულ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციები წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციასთან, განმარტებასთან, გამოყენებასა და ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება გაიმართოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის და რომელიც შეიძლება განხორციელდეს ზეპირი განხილვების ან მიმოწერის გზით. კონსულტაციები უნდა დაიწყოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ წერილობითი თხოვნის მიღების თარიღიდან სამოცი (60) დღის ვადაში.

2. ნებისმიერი შეთანხმებული ცვლილება ძალაში შედის შესაბამისი კონსტიტუციური ფორმალობების დასრულებისთანავე, დიპლომატიური ნოტების გაცვლის გზით მათი დამტკიცების შემდეგ.

3. ცვლილებები დანართში შესაძლებელია განხორციელდეს პირდაპირ ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებების მიერ.

 

მუხლი 17

დავების მოგვარება

1. თუ ხელშემკვრელ მხარეთა შორის წარმოიშვება დავა წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, ხელშემკვრელი მხარეები შეეცდებიან მოაგვარონ დავა მოლაპარაკებების გზით.

2. თუ ხელშემკვრელი მხარეები ვერ მოაგვარებენ დავას მოლაპარაკებების გზით, ისინი თანხმდებიან სარეკომენდაციო მოსაზრებისათვის დავა გადასცენ რომელიმე პირს ან ორგანოს.

3. თუ ხელშემკვრელი მხარეები ვერ მოაგვარებენ დავას პირველი და მე-2 პუნქტის შესაბამისად, დავა გადაეცემა სამი არბიტრისაგან შემდგარ ტრიბუნალს, რომელთაგან თითოს წარადგენს თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ხოლო ერთს _ ურთიერთთანხმობით დასახელებული ორი არბიტრი. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა წარადგინოს არბიტრი ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დიპლომატიური არხებით დავის ამგვარი ტრიბუნალის მიერ განხილვის მოთხოვნის შესახებ მეორე ხელშემკვრელი მხარის შეტყობინების მიღებიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში, ხოლო მესამე არბიტრი უნდა დაინიშნოს შემდგომი სამოცი (60) დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე არ წარადგენს არბიტრს განსაზღვრულ ვადაში, ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიმართოს იკაოს საბჭოს პრეზიდენტს, საჭიროებიდან გამომდინარე, არბიტრის ან არბიტრების დანიშვნის თხოვნით; თუ იკაოს საბჭოს პრეზიდენტი არის ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე, საბჭოს უხუცეს ვიცე-პრეზიდენტს, თუ ის არ არის ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე, ხოლო თუ ის წარმოადგენს ასეთ მოქალაქეს, საბჭოს უხუცეს წევრს, რომელიც არ წარმოადგენს რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეს, შეიძლება ეთხოვოს შესაბამისი დანიშვნების განხორციელება. მესამე არბიტრი უნდა იყოს მესამე სახელმწიფოს მოქალაქე. ის თავმჯდომარეობს ტრიბუნალს და განსაზღვრავს, თუ სად უნდა ჩატარდეს არბიტრაჟი.

4. ტრიბუნალი განსაზღვრავს საკუთარ პროცედურას.

5. ტრიბუნალის ხარჯები თანაბრად განაწილდება ხელშემკვრელ მხარეებს შორის.

6. ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებას შეასრულონ ამ მუხლის გამოყენებით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება.

7. თუ ხელშემკვრელი მხარე ან მის მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველი არ ასრულებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიღებულ გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილების შესრულებამდე, მეორე ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს შეზღუდოს, შეაჩეროს ან გააუქმოს წინამდებარე შეთანხმების ძალით მის მიერ მინიჭებული უფლებები ან პრივილეგიები.

 

მუხლი 18

საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში რეგისტრაცია

წინამდებარე შეთანხმება და მისი შემდგომი ნებისმიერი ცვლილება უნდა დარეგისტრირდეს იკაოში საქართველოს მთავრობის მიერ.

 

მუხლი 19

მრავლმხრივი კონვენციების გამოყენება

იმ შემთხვევაში, თუ მრავალმხრივი საჰაერო კონვენცია ძალაში შევა ხელშემკვრელი მხარეების მიმართ, უპირატესობა ენიჭება ასეთი კონვენციის დებულებებს.

 

 

მუხლი 20

გაუქმება

თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს დიპლომატიური არხების მეშვეობით მეორე ხელშემკვრელ მხარეს გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება წინამდებარე შეთანხმების გაუქმების განზრახვის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, შეთანხმების მოქმედება წყდება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ შეტყობინების მიღების დღიდან თორმეტი (12) თვის გასვლის შემდეგ, თუ გაუქმების შესახებ შეტყობინება არ იქნება უკან გამოთხოვილი ამ ვადის ამოწურვამდე. გაუქმების შესახებ შეტყობინება იმავდროულად უნდა გაეგზავნოს იკაოს. მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ შეტყობინების მიღების შესახებ დასტურის არარსებობის შემთხვევაში, შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება იკაოს მიერ შეტყობინების მიღების დღიდან თოთხმეტი (14) დღის გასვლის შემდეგ.

 

მუხლი 21

ძალაში შესვლა

1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის დიპლომატიური არხების მეშვეობით ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღეს, რომლითაც ხელშემკვრელი მხარეები ატყობინებენ ერთმანეთს, რომ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები დასრულებულია.

რის დასტურადაც, ქვემორე ხელმომწერნი, არიან რა შესაბამისი მთავრობების მიერ უფლებამოსილებით აღჭურვილნი, ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას.

შესრულებულია ქ. ამანში, 2011 წლის 25 ოქტომბერს ორ დედნად, ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს

მთავრობის სახელით

                                          (ხელმოწერილია)

იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს

    მთავრობის სახელით

                                             (ხელმოწერილია)

 

 

 

 

დანართი

სამარშრუტო განრიგი

A. საქართველოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველი ან ავიაგადამზიდველები უფლებამოსილი არიან განახორციელონ დადგენილი საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ორივე მიმართულებით ქვემოთ მოცემულ მარშრუტებზე:

 

პუნქტები საქართველოში

შუალედური პუნქტები

პუნქტები იორდანიაში

საზღვრებს გარეთ არსებული პუნქტები

ნებისმიერი პუნქტი

ნებისმიერი პუნქტი

ნებისმიერი პუნქტი

ნებისმიერი პუნქტი

 

B. იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველი ან ავიაგადამზიდველები უფლებამოსილი არიან განახორციელონ დადგენილი საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ორივე მიმართულებით ქვემოთ მოცემულ მარშრუტებზე:

 

პუნქტები იორდანიაში

შუალედური პუნქტები

პუნქტები საქართველოში

საზღვრებს გარეთ არსებული პუნქტები

ნებისმიერი პუნქტი

ნებისმიერი პუნქტი

ნებისმიერი პუნქტი

ნებისმიერი პუნქტი

 

 

 

შენიშვნები:

1. ნებისმიერი პუნქტი ან პუნქტები დაწესებულ მარშრუტებზე შესაძლებელია გამოტოვებულ იქნეს თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიაგადამზიდველების მიერ ერთი ან ყველა ფრენის განხორციელებისას, თუ საწყისი პუნქტი ან ჩასვლის პუნქტი არის ამ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე.

2. შუალედური და საზღვრებს გარეთ არსებული პუნქტები შეიძლება გამოყენებულ იქნეს თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიაგადამზიდველების მიერ საჰაერო მიმოსვლის მე-5 თავისუფლების გამოყენების გარეშე, გარდა იმ პუნქტებისა, რომელზეც საჰაერო ხელისუფლებებს შორის არსებობს შესაბამისი შეთანხმება.

3. დაწესებულ მარშრუტზე საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისას, ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველს შეუძლია დადოს კოდის ერთობლივი გამოყენების გარიგება:

a) იმავე ხელშემკვრელი მხარის ავიაგადამზიდველთან ან ავიაგადამზიდველებთან;

b) მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიაგადამზიდველთან ან ავიაგადამზიდველებთან,

c) მესამე მხარის ავიაგადამზიდველთან ან ავიაგადამზიდველებთან. თუ ასეთი მესამე მხარე არ უშვებს მსგავსი გარიგებების დადებას მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიაგადამზიდველებსა და იმ ავიაგადამზიდველებს შორის, რომლებიც ახორციელებენ მიმოსვლას მესამე სახელმწიფოში, მესამე სახელმწიფოდან და მესამე სახელმწიფოს გავლით, შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას უფლება აქვს უარყოს, არ მიიღოს ამგვარი გარიგებები.

4. ზემოთ მოცემული დებულებები მესამე მხარესთან კოდის ერთობლივი გამოყენების შესახებ ექვემდებარება პირობებს, რომლის თანახმად ასეთი გარიგებების მონაწილე:

a) ავიაგადამზიდველებს ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებისგან მიღებული აქვთ თანხმობა და ისინი აკმაყოფილებენ ამ საავიაციო ხელისუფლების მოთხოვნებს, რომლებსაც ისინი იყენებენ ამგვარი გარიგებების მიმართ;

b) ავიაგადამზიდველებს გააჩნიათ შესაბამისი სატრანსპორტო უფლებები და ასრულებენ წინამდებარე შეთანხმების პირობებს;

c) ავიაგადამზიდველები აწვდიან მომხმარებლებს შესაბამის ინფორმაციას კოდის ერთობლივი გამოყენების ამგვარი გარიგებების შესახებ.

Comments