შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №10981 2011 წლის 7 დეკემბერი ქ. თბილისი „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის:
 ა) მე-12 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ა) გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალების და მისაბმელის (ნახევარმისაბმელი) სახელმწიფო სანომრე ნიშნები;“;
ბ) მე-14 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) პირველ ნაწილში მიეთითება სარეგისტრაციო მონაცემი (ავტოტრანსპორტის მარკა, მოდელი, საზღვაო, საჰაერო ხომალდის დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის, ბორტის ნომერი) (არ მიეთითება სარკინიგზო ვაგონის ნომერი);“.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 7 დეკემბრიდან. 
ჯ. ებანოიძე 

Comments