შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №4 830 2012 წლის 26 მარტი ქ. თბილისი

საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პოზიციის აუდიტის დეპარტამენტში განხილვის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პოზიციის აუდიტის დეპარტამენტში წინასწარი განხილვის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული შემოსავლების სამსახურის დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „უ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პოზიციის აუდიტის დეპარტამენტში განხილვის რეგლამენტი“ .

2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პოზიციის აუდიტის დეპარტამენტში განხილვის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის №1161 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი                                                                    ჯ . ებანოიძე


საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პოზიციის აუდიტის დეპარტამენტში განხილვის რეგლამენტი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს რეგლამენტი განსაზღვრავს აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საგადასახადო შემოწმების (შემდგომში – საგადასახადო შემოწმება) შედეგებზე შედგენილი შემოწმების აქტის პროექტთან (შემდგომში – აქტის პროექტი) დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის სათათბირო საბჭოზე (შემდგომში – სათათბირო საბჭო) გადასახადის გადამხდელის ან/და მისი წარმომადგენლის (შემდგომში – გადამხდელი) წერილობითი/ელექტრონული პოზიციის (შემდგომში – გადამხდელის პოზიცია) განხილვის პროცედურებს.

2. სათათბირო საბჭოს რიცხოვნობას და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი.

3. სათათბირო საბჭოს თავმჯდომარეობს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, მისი არყოფნის შემთხვევაში სათათბირო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

4. სათათბირო საბჭოს საქმიანობის ორგანიზებას, სათათბირო საბჭოზე განსახილველი გადამხდელთა პოზიციების (დღის წესრიგის) მომზადებასა და განხილვის ოქმების (შემდგომში – სხდომის ოქმი) სისტემატიზაციას წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით უზრუნველყოფს აუდიტის დეპარტამენტის ხარისხის კონტროლის სამმართველო (შემდგომში – ხარისხის კონტროლის სამმართველო).

5. სათათბირო საბჭო განიხილავს აქტის პროექტთან დაკავშირებით წარდგენილ გადამხდელის დასაბუთებულ პოზიციას, რომლითაც იგი სრულად ან ცალკეული ეპიზოდების მიხედვით არ ეთანხმება აქტის პროექტს სათანადო საფუძვლებზე მითითებით და რომელიც აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილია შეტყობინების და აქტის პროექტის გადამხდელის მიერ ჩაბარებიდან/გაცნობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

6. გადამხდელის პოზიცია სათათბირო საბჭოზე არ განიხილება (გარდა ამ რეგლამენტის მე-6 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა), თუ სახეზეა ერთ-ერთი ქვემოთ მოყვანილი პირობა:

ა) გადამხდელის პოზიცია აუდიტის დეპარტამენ ტ ში წარდგენილია ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადის დარღვევით;

ბ) წარდგენილია გადამხდელის წერილობითი ინფორმაცია, სადაც ფიქსირდება აქტის პროექტთან დაკავშირებით პოზიციის წარდგენის განზრახულობის ან წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ და არაა მითითებული მისი წარდგენის კონკრეტული ვადა. ამასთან, გადამხდელის პოზიცია აუდიტის დეპარტამენში არაა წარდგენილი ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით;

გ) გადამხდელის პოზიცია ან მასზე თანდართული დოკუმენტი არ არის შედგენილი საქართველოს სახელმწიფო ენაზე;

დ) გადამხდელი სრულად ეთანხმება აქტის პროექტს;

ე) გადამხდელის პოზიცია წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;

ვ) გადამხდელის პოზიცია უკვე განხილულია სათათბირო საბჭოზე და სათათბირო საბჭოს სხდომის ოქმი წარდგენილია შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოზე განსახილველად ან შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს მიერ მიღებულია აღნიშნულ საკითხზე საოქმო გადაწყვეტილება ;

ზ) გადამხდელის მიერ სრულად/ნაწილობრივ არის აღიარებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირის მიერ ჩატარებული ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილი აქტით/დასკვნით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში გადამხდელის პოზიცია არ განიხილება აღიარებულ ნაწილში.

7. აქტის პროექტთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ სხვადასხვა პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, სათათბირო საბჭოზე არსებითად განხილვას ექვემდებარება ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლამდე წარდგენილი ბოლო პოზიცია, მიუხედავად ადრინდელი პოზიციების არსებობისა. სათათბირო საბჭოს მიერ ასევე შესაძლებელია განხილულ იქნეს აქტის პროექტთან დაკავშირებული ის საკითხებიც, რომლებიც არ არის აღნიშნული გადამხდელის პოზიციაში.

8. გადამხდელს უფლება აქვს შეტყობინებისა და აქტის პროექტის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით, ან ელექტრონული ფოსტით აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გადამხდელის პოზიცია აქტის პროექტთან დაკავშირებით შესაბამის მასალებთან/მტკიცებულებებთან ერთად (ასეთის არსებობისას) ან მიმართოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის პოზიციის წარდგენის ვადის გაგრძელების თხოვნით (კონკრეტული ვადის მითითებით).

9. გადამხდელის პოზიცია ან ვადის გაგრძელების შესახებ მიმართვა ვადაში წარდგენილად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ჩაბარდა ფოსტას ან წარდგენილ იქნა შემოსავლების სამსახურის სხვა სტრუქტურულ ერთეულში. ამასთან, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული გადამხდელის პოზიციას ან მიმართვას ვადის გაგრძელებაზე, თანდართულ მასალებთან ერთად (ასეთის არსებობისას), დაუყოვნებლივ უგზავნის აუდიტის დეპარტამენტს.

10. აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების საფუძველზე , გადამხდელს უფლება აქვს დაესწროს სათათბირო საბჭოს სხდომას პირადად ან/და წარმომადგენლის მეშვეობით. ამასთან, მოთხოვნის შემთხვევაში, უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია, პოზიციასთან ერთად, სათათბირო საბჭოს წარუდგინოს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

11. სათათბირო საბჭოს წევრმა, გადასახადის გადამხდელმა/წარმომადგენელმა ან/და სხვა მოწვეულმა პირმა (ასეთის არსებობისას) შესაძლებელია სათათბირო საბჭოს სხდომაზე მონაწილეობა მიიღოს ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებით (ვიდეოჩართვის გზით).

12. სათათბირო საბჭოზე გადამხდელის პოზიცია განიხილება, მიუხედავად იმისა, იგი მონაწილეობს თუ არა სათათბირო საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვაში. თუ გადამხდელი არ მონაწილეობს სათათბირო საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვაში, ასეთ შემთხვევაში სათათბირო საბჭოს სხდომაზე ინფორმაციას წარადგენს საგადასახადო შემოწმების ჩამტარებელი აუდიტორი (შემდგომში – აუდიტორი). 

13. სათათბირო საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვაში სავალდებულო წესით უნდა მონაწილეობდეს აუდიტორი, მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებით (ვიდეო ჩართვის გზით). ამასთან, აუდიტორის არყოფნის შემთხვევაში სათათბირო საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვაში მონაწილეობს საგადასახადო შემოწმების ჩამტარებელი შესაბამისი სამმართველოს უფროსი.

    მუხლი 2. აქტის პროექტისა და აუდიტის დეპარტამენტის შეტყობინების მომზადება და გადამხდელისათვის გაცნობა

1. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გადამხდელს წერილობით / ელექტრონული ფოსტით ეგზავნება/გადაეცემა აუდიტის დეპარტამენტის შეტყობინება შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად და აქტის პროექტი, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ის მასალები, რომლებიც წარმოადგენს გადასახადების, მოსაკრებლების ან/და სანქციის (შემდგომში –თანხები) დარიცხვის საფუძველს, თუ კანონმდებლობით არ არის შეზღუდული მათი გადამხდელისათვის გაცნობა.

2. გადამხდელს უფლება აქვს ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლამდე მიმართოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას გადამხდელისაგან ამოღებული საბუღალტრო ან/და პირველადი საგადასახადო დოკუმენტების გაცნობის ან მათი ასლების გადაცემის თაობაზე, რომელიც საჭიროა აქტის პროექტთან დაკავშირებით გადამხდელის პოზიციის მომზადებისათვის. აუდიტის დეპარტამენტი გადამხდელს აცნობს მოთხოვნილ დოკუმენტაციას ან გადასცემს მათ ასლებს. აღნიშნულ შემთხვევაში, გადამხდელის პოზიციის წარდგენისათვის ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადა აითვლება მოთხოვნილი დოკუმენტაციის გადამხდელისათვის გაცნობის ან ასლების გადაცემის დღიდან.

3. აქტის პროექტი მზადდება აუდიტორის მიერ, რომელიც არსებითად (დამატებით დასარიცხი/შესამცირებელი საგადასახადო ვალდებულებების კანონმდებლობასთან შესაბამისობის ნაწილში) შეთანხმებული უნდა იყოს საგადასახადო შემოწმების ჩამტარებელი შესაბამისი სამმართველოს უფროსთან. ამასთან, აქტის პროექტში ყოველ გვერდზე მიეთითება „პროექტი“ და არ ხდება მისი დამოწმება აუდიტორის ხელმოწერით.

4. შეტყობინება და აქტის პროექტის ერთი ეგზემპლარი, აგრეთვე შესაბამისი მასალები (ასეთის არსებობისას) გადამხდელს გადაეცემა:

ა) აუდიტორის მიერ – ხელზე, რაც უნდა დასტურდებოდეს შეტყობინების მეორე ეგზემპლარზე გადამხდელის ხელმოწერითა და თარიღის მითითებით. ამასთან, აქტის პროექტის შეთანხმებას შეტყობინების მეორე ეგზემპლარზე ხელმოწერით ადასტურებს საგადასახადო შემოწმების ჩამტარებელი შესაბამისი სამმართველოს უფროსი. დოკუმენტების გადამხდელისათვის გადაცემის შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფორმით (დოკუმენტბრუნვის პროგრამის საშუალებით) ეცნობება აუდიტის დეპარტამენტის აუდიტის საქმისწარმოების სამმართველოს (შემდეგში - აუდიტის საქმისწარმოების სამმართველო), რომელიც ახორციელებს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პროცედურას;

ბ) აუდიტის საქმისწარმოების სამმართველოს მიერ, საგადასახადო შემოწმების ჩამტარებელი შესაბამისი სამმართველოს უფროსის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე. ამასთან, აუდიტის საქმისწარმოების სამმართველო ახორციელებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურებს.

გ) აუდიტორის მიერ – ელექტრონული ფოსტით გადამხდელის ავტორიზებულ ელექტრონულ მისამართზე. ინფორმაცია ელექტრონული ფორმით ეცნობება აუდიტის საქმისწარმოების სამმართველოს, რომელიც ახორციელებს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პროცედურას;

5. აუდიტის საქმისწარმოების სამმართველო, აქტის პროექტის მიღებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა:

ა) ამზადებს შეტყობინებას შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, ორ ეგზემპლარად;

ბ) შეტყობინების ერთ ეგზემპლარს, აქტის პროექტთან და შესაბამის მასალებთან ერთად (ასეთის არსებობისას) უგზავნის გადამხდელს ფოსტით ან გადასცემს ხელზე, რაც უნდა დასტურდებოდეს შეტყობინების მეორე ეგზემპლარზე გადამხდელის ხელმოწერითა და თარიღის მითითებით;

გ) ამზადებს საგადასახადო შემოწმების შეჩერების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის ბრძანების პროექტს.

6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გადამხდელისათვის გაგზავნილი/გადაცემული შეტყობინება და აქტის პროექტი იმავდროულად ინფორმაციის სახით ელექტრონული ფორმით (დოკუმენტბრუნვის პროგრამის საშუალებით) ეცნობება ხარისხის კონტროლის სამმართველოს.

7. გადამხდელისათვის შეტყობინებისა და აქტის პროექტის გადაცემის/გაგზავნის შემდეგ გადამხდელის პოზიციის აუდიტის დეპარტამენტში წარდგენის ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადის კონტროლს ახორციელებს აუდიტის საქმისწარმოების სამმართველო.

8. შეტყობინებისა და აქტის პროექტის გადამხდელის მიერ ჩაბარებიდან/გაცნობიდან 5 სამუშაო დღეში გადამხდელის პოზიციის ან ვადის გაგრძელების თაობაზე მიმართვის წარუდგენლობისას, აგრეთვე აქტის პროექტთან დაკავშირებით გადამხდელის თანხმობის წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის საქმისწარმოების სამმართველო აღნიშნული ვადის გასვლიდან არა უადრეს მე-5 და არაუგვიანეს მე-10 სამუშაო დღისა:

ა) ამზადებს საგადასახადო შემოწმების განახლების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის ბრძანების პროექტს;

ბ) დაუყოვნებლივ აცნობებს ხარისხის კონტროლის სამმართველოს და აუდიტორს ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრძანების გამოცემის თაობაზე.

9. აუდიტორი საგადასახადო შემოწმების განახლების თაობაზე ბრძანების გაცნობიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა აფორმებს აქტს, რომელიც ეგზავნება გადამხდელს და ხარისხის კონტროლის სამმართველოს ( ცნობის სახით ),   რის შემდეგაც ხორციელდება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი პროცედურები.

 

    მუხლი 3. სათათბირო საბჭოს სხდომის მომზადება

1. აქტის პროექტთან დაკავშირებით გადამხდელის წერილობითი / ელექტრონული პოზიცია შეიძლება შეტანილ / გაგზავნილ იქნეს აუდიტის დეპარტამენტში, მათ შორის , საფოსტო გზავნილით.

2. გადამხდელის პოზიცია აქტის პროექტთან დაკავშირებით ან მიმართვა ვადის გაგრძელების შესახებ, საქმისწარმოების დადგენილი წესების შესაბამისად (კანცელარიის მეშვეობით), გადაეცემა ხარისხის კონტროლის სამმართველოს, აუდიტორს და აუდიტის საქმისწარმოების სამმართველოს.

3. გადამხდელის პოზიციის წარდგენის ვადის გაგრძელების თხოვნით მიმართვის შემთხვევაში, ვადის გაგრძელების თაობაზე ხარისხის კონტროლის სამმართველოს მიერ ეცნობება გადამხდელს წერილობით ან ნებისმიერი სხვა საკომუნიკაციო საშუალებით (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა და სხვ.). აღნიშნულის შესახებ ელექტრონული ფორმით  (დოკუმენტბრუნვის პროგრამის საშუალებით) ასევე ეცნობება აუდიტის საქმისწარმოების სამმართველოს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გადამხდელის პოზიციის წარდგენის ვადის გაგრძელებისას, დამატებით ვადაში გადამხდელის პოზიციის წარუდგენლობის ან აქტის პროექტთან დაკავშირებით გადამხდელის თანხმობის წარდგენის შემთხვევაში, დამატებითი ვადის გასვლიდან 5 სამუშაო დღეში ხორციელდება ამ რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურები.

5. ხარისხის კონტროლის სამმართველო, აუდიტორისა და გადამხდელის მონაწილეობით, წარდგენილი პრეტენზიის ნაწილში წინასწარ განიხილავს: აქტის პროექტს, აქტის პროექტით გათვალისწინებული დარიცხვის/შემცირების შესაბამისობას კანონმდებლობასთან, გადამხდელის პოზიციას, არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით წარდგენილ მტკიცებულებებს (ასეთის არსებობისას). ამასთან, განხილვა შესაძლებელია ჩატარდეს როგორც შეხვედრით, ისე სატელეფონო ან ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებით (ვიდეოჩართვის გზით). 

6. გადამხდელის პოზიციის წარდგენისას აუდიტის დეპარტამენტი (ხარისხის კონტროლის სამმართველო) ელექტრონული ფოსტით მიმართავს დავების დეპარტამენტს, რომელიც ვალდებულია მიმართვიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს (ხარისხის კონტროლის სამმართველო) ელექტრონული ფოსტით მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე არის თუ არა გადამხდელთან გაფორმებული საგადასახადო შეთანხმება.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღების შემდეგ, ხარისხის კონტროლის სამმართველო ამზადებს საკითხს სათათბირო საბჭოს სხდომაზე განსახილველად, რისთვისაც გადამხდელის პოზიციას, შესაბამის მასალებს (ასეთის არსებობისას) და დავების დეპარტამენტიდან მიღებულ ინფორმაციას, მიღების დღიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა გადასცემს/უგზავნის (მათ შორის , ელექტრონული ფორმით) სათათბირო საბჭოს წევრებს.

8. სათათბირო საბჭოს თავმჯდომარე განსაზღვრავს სათათბირო საბჭოს სხდომის თარიღს (საათი, რიცხვი, თვე და წელი), მაგრამ არა უგვიანეს გადამხდელის პოზიციის მიღების დღიდან 15 სამუშაო დღისა. ხარისხის კონტროლის სამმართველო აცნობებს გადამხდელს (ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში), სათათბირო საბჭოს წევრებს, აუდიტორს და სხვა მოწვეულ პირებს (ასეთის არსებობისას) სხდომამდე არანაკლებ ერთი სამუშაო დღით ადრე, ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა და სხვ.).

9. სათათბირო საბჭოს სხდომის ჩატარებამდე ან უშუალოდ სათათბირო საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას გადამხდელის მიმართვის საფუძველზე ან სათათბირო საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით, სათათბირო საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვა შეიძლება გადაიდოს, რის შესახებაც ხარისხის კონტროლის სამმართველო აცნობებს გადამხდელს წერილობით ან ნებისმიერი სხვა საკომუნიკაციო საშუალებით (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა და სხვ.). აღნიშნულის შესახებ ასევე ეცნობება აუდიტის საქმისწარმოების სამმართველოს.

    მუხლი 4. სათათბირო საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვა

1. სათათბირო საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს სათათბირო საბჭოს თავმჯდომარე.

2. სათათბირო საბჭო უფლებამოსილია , თუ სხდომაზე მონაწილეობს სათათბირო საბჭოს წევრთა უმრავლესობა. სათათბირო საბჭოს სტუმრის სტატუსით შეიძლება მოწვეულ იქნეს დავების დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელიც სრულფასოვან მონაწილეობას იღებს საკითხის განხილვაში. მოწვეული სტუმარი გადაწყვეტილების მიღებისას არ სარგებლობს ხმის უფლებით.

3. სათათბირო საბჭო საკითხის განხილვისას ვალდებულია დაეყრდნოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს, აგრეთვე სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის პრინციპებს.

4. განსახილველი საკითხის სირთულისა და სპეციფი კ ურობის გათვალისწინებით, სათათბირო საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით , სათათბირო საბჭოს სხდომაზე შესაძლებელია მოწვეულ იქნეს სპეციალისტი/ექსპერტი, რომელიც ვალდებულია დაიცვას გადამხდელის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოება, აგრეთვე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პრინციპები.

5. სათათბირო საბჭოს სხდომაზე შესაძლებელია განხილულ იქნეს როგორც ერთი, ისე რამდენიმე გადამხდელის პოზიცია, მათ მიმართ შედგენილი აქტების პროექტებთან დაკავშირებით.

6. სათათბირო საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვა იწყება გადამხდელის გარეშე (იმ შემთხვევაში , თუ გადამხდელი ესწრება სათათბირო საბჭოს სხდომას), მხოლოდ შემმოწმებელი აუდიტორ(ებ)ისა და ხარისხის კონტროლის სამმართველოს იმ თანამშრომლის მონაწილეობით, რომელსაც დავალებული ჰქონდა საკითხის შესწავლა. განსახილველი საკითხის შესახებ, სათათბირო საბჭოს წევრებს მათ მიერ წარედგინებათ ინფორმაცია და მტკიცებულებები (ასეთის არსებობისას), აგრეთვე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, რის შემდეგაც განხილვაში ერთვება გადამხდელი.

7. აუდიტორი ვალდებულია სხდომაზე სათათბირო საბჭოს აცნობოს (წარუდგინოს) აქტის პროექტით გათვალისწინებული თანხების დარიცხვის საფუძველი, კერძოდ:

ა) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული სიტუაციური სახელმძღვანელო;

ბ) შემოსავლების სამსახურის სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილება და შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების ამსახველი მოხსენებითი ბარათი;

გ) გადამხდელის მიერ დაშვებული გაანგარიშებითი ხასიათის შეცდომის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) მესამე პირის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ამსახველი მასალები;

ე) საკანონმდებლო ნორმის დამოუკიდებელი ინტერპრეტირებისას, მისი გამოყენების დეტალური განმარტება.

8. საკითხის შემსწავლელი ხარისხის კონტროლის სამმართველოს თანამშრომელი სხდომაზე სათათბირო საბჭოს აცნობს თავის პოზიციას აქტის პროექტით გათვალისწინებული დარიცხვის/შემცირების კანონმდებლობასთან შესაბამისობის, გადამხდელის პოზიციის მართებულობის, ასევე არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებებისა და დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების (ასეთის არსებობისას) გათვალისწინების მიზანშეწონილობის შესახებ.

9. სათათბირო საბჭო სხდომაზე განიხილავს წარდგენილ ინფორმაციას და მტკიცებულებებს (ასეთის არსებობისას), ამასთან, თუ გადამხდელი მონაწილეობს/ესწრება სათათბირო საბჭოს სხდომას იგი დროებით ტოვებს სხდომას და საკითხის განხილვაში მონაწილე სათათბირო საბჭოს თითოეული წევრი და აუდიტორი ვალდებულია განსახილველ ყოველ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დააფიქსიროს თავისი პოზიცია, რის შემდეგაც სათათბირო საბჭო აქტის პროექტთან დაკავშირებით გადამხდელის პოზიციის თაობაზე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) სრულად გაზიარების შესახებ;

ბ) ნაწილობრივ გაზიარების შესახებ (ცალკეული ეპიზოდების მიხედვით);

გ) განსაზღვრულ ვადაში საკითხის დამატებითი შესწავლის და გადაანგარიშების შესახებ (მათ შორის , გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე) ;

დ) სრულად უარყოფის შესახებ.

10. სათათბირო საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღება განხილვაში მონაწილე სათათბირო საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით.

11. სათათბირო საბჭოს წევრის, გადამხდელის, ხარისხის კონტროლის სამმართველოს თანამშრომლის, აუდიტორის ან/და სხვა მოწვეული პირის (ასეთის არსებობისას) მიერ სათათბირო საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში (მათ შორის, ელექტრონული ფორმით მონაწილეობისას – ტექნიკური ხარვეზის გამო), საკითხის განხილვა შესაძლებელია გადაიდოს, თუ შესაბამისი პირის არყოფნამ შეიძლება ხელი შეუშალოს არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენასა და საკითხის ობიექტურად გადაწყვეტას. ამ შემთხვევაში ინიშნება საკითხის დამატებითი განხილვა სათათბირო საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით (ფორმდება სხდომის ოქმი) განსაზღვრულ ვადაში, რის შესახებაც ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხარისხის კონტროლის სამმართველო აცნობებს გადამხდელს წერილობით ან ნებისმიერი სხვა საკომუნიკაციო საშუალებით (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა და სხვ.). აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის სახით, ელექტრონული ფორმით (დოკუმენტბრუნვის პროგრამის საშუალებით) ეცნობება აუდიტის საქმისწარმოების სამმართველოს.

12. სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილება, განხილული საკითხის თითოეული ეპიზოდის შესაბამისად, გამოცხადდება სხდომაზე და განემარტება აუდიტორს, გადამხდელს (იმ შემთხვევაში , თუ გადამხდელი ესწრება სათათბირო საბჭოს სხდომას) და ხარისხის კონტროლის სამმართველოს თანამშრომელს. ხარისხის კონტროლის სამმართველო ამზადებს გადაწყვეტილების პროექტს, რომელიც ამ რეგლამენტის მე-5 მუხლის შესაბამისად ფორმდება სათათბირო საბჭოს სხდომის ოქმის სახით.

13. თუ აქტის პროექტით გათვალისწინებულ პერიოდზე ან/და საკითხზე გადასახადის გადამხდელის მიერ არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების მიზნით გაფორმებულია საგადასახადო შეთანხმება ან შემოსავლების სამსახურში წარდგენილია განცხადება საგადასახადო შეთანხმებაზე, საკითხის განხილვა შეჩერდება.

14. გადამხდელის მიერ არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების მიზნით გაფორმებული საგადასახადო შეთანხმების შესრულების (საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული თანხების გადახდის) შემდეგ აუდიტის საქმისწარმოების სამმართველო აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან (მოპოვებიდან) არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა ამზადებს საგადასახადო შემოწმების შეწყვეტის თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის ბრძანების პროექტს.

15. გადამხდელის მიერ არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების მიზნით გაფორმებული საგადასახადო შეთანხმების შეუსრულებლობის საფუძველზე საგადასახადო შეთანხმების გაუქმების ან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – შეწყვეტილი/შეჩერებული საკითხის განხილვა განახლდება.

    მუხლი 5. სათათბირო საბჭოს მიერ საკითხის განხილვის შედეგები

1. სათათბირო საბჭოს სხდომაზე განხილულ თითოეულ საკითხზე ფორმდება სათათბირო საბჭოს სხდომის ოქმი, რომელშიც აისახება სათათბირო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება.

2. სხდომის ოქმს ამზადებს ხარისხის კონტროლის სამმართველო, სხდომის ჩატარების დღიდან არა უგვიანეს  7 სამუშაო დღისა, რომელსაც ხელს აწერს სათათბირო საბჭოს თავმჯდომარე, საკითხის განხილვაში მონაწილე სათათბირო საბჭოს თითოეული წევრი და ხარისხის კონტროლის სამმართველოს ის თანამშრომელი, რომელმაც შეისწავლა საკითხი და განსახილველად წარადგინა სათათბირო საბჭოს სხდომაზე. სხდომის ოქმი შეიძლება მომზადდეს როგორც მატერიალური (წერილობითი) , ისე ელექტრონული ფორმით „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ცენტრალურ აპარატში და სისტემაში შემავალ ზოგიერთ ორგანოში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის დანერგვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის № 391 ბრძანების შესაბამისად.

3. სხდომის ოქმში უნდა მიეთითოს:

ა) ოქმის სათაური;

ბ) ოქმის რიგითი ნომერი და თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

გ) სათათბირო საბჭოს სხდომის თავმჯდომარის, განხილვაში მონაწილე სათათბირო საბჭოს წევრთა, სათათბირო საბჭოს მდივნის, აუდიტორის და ხარისხის კონტროლის სამმართველოს თანამშრომლის სახელი, გვარი და თანამდებობა;

დ) გადამხდელის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, წარმომადგენლის ან/და მოწვეული სხვა პირების მონაცემები (ასეთის არსებობისას);

ე) განხილული საკითხის თითოეული ეპიზოდის შესაბამისად, გადამხდელის პოზიციის მოკლე შინაარსი და მიღებული გადაწყვეტილება;

ვ) სხვა ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში.

4. სათათბირო საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხის აქტუალობისა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო ორგანოების ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით, სათათბირო საბჭოს თავმჯდომარის მიერ შეიძლება გაიცეს ზეპირი დავალება შესაბამისი სიტუაციური სახელმძღვანელოს პროექტის მომზადების თაობაზე.   

5. სხდომის ოქმის ასლი ხარისხის კონტროლის სამმართველოს მიერ მომზადებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა შესაბამისი მასალების (ასეთის არსებობისას) ასლებთან ერთად ეგზავნება საგადასახადო შემოწმების ჩამტარებელ შესაბამის სამმართველოს ( რომელიც ვალდებულია კონტროლი გაუწიოს ამ ოქმის საფუძველზე სათანადო დასკვნის დროულად მომზადებას და გადამხდელისათვის გაგზავნას ) და აუდიტის საქმისწარმოების სამმართველოს.

6. სათათბირო საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე, აუდიტორი ამზადებს წერილობით დასკვნას, რომელიც შესაბამისი სამმართველოს უფროსთან შეთანხმების შემდეგ გადაეცემა გადამხდელს:

ა) აუდიტორის მიერ – ხელზე, რაც უნდა დასტურდებოდეს დასკვნის მეორე ეგზემპლარზე გადამხდელის ხელმოწერითა და თარიღის მითითებით. ამ შემთხვევაში სამმართველოს უფროსთან შეთანხმება დასტურდება დასკვნის მეორე ეგზემპლარზე ხელმოწერით;         

ბ) აუდიტორის მიერ – ელექტრონული ფოსტით , გადამხდელის მიერ ავტორიზებულ მისამართზე ;

გ) საგადასახადო შემოწმების ჩამტარებელი შესაბამისი სამმართველოს უფროსის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, აუდიტის საქმისწარმოების სამმართველოს მიერ – ფოსტით (მათ შორის ელექტრონული) ან ხელზე, რაც უნდა დასტურდებოდეს დასკვნის მეორე ეგზემპლარზე გადამხდელის ხელმოწერითა და თარიღის მითითებით.

7. გადამხდელისათვის დასკვნის გადაცემის შესახებ ინფორმაცია ამ მუხლის მე-6  პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტების შემთხვევაში ელექტრონული ფორმით (დოკუმენტბრუნვის პროგრამის საშუალებით) ეცნობება აუდიტის საქმისწარმოების სამმართველოს.

8. დასკვნაში აისახება სათათბირო საბჭოს სხდომაზე განხილული საკითხის მხოლოდ ის ეპიზოდ(ებ)ი, რომელზეც მიღებული იქნა გადაწყვეტილება.

9. სათათბირო საბჭოს სხდომის ოქმის ასლი მის საფუძველზე აუდიტორის მიერ შედგენილ დასკვნასთან, აღნიშნული დასკვნის გადამხდელისათვის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტთან და სხვა მასალებთან ერთად (დოკუმენტბრუნვის პროგრამის საშუალებით) აუდიტის საქმისწარმოების სამმართველოს მიერ დასამტკიცებლად ეგზავნება შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს (აპარატი – დავების დეპარტამენტი).

10. თუ გადამხდელი არ ეთანხმება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ დასკვნას, მას უფლება აქვს მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოში წარადგინოს წერილობითი პოზიცია დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც მედიაციის საბჭოს მიერ განიხილება შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 25 იანვრის №766 ბრძანებით დამტკიცებული რეგლამენტის შესაბამისად.

11. სხდომის ოქმის შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოზე განსახილველად გაგზავნის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს სხდომაზე ინფორმაციას წარადგენს აუდიტის დეპარტამენტის ხარისხის კონტროლის სამმართველო, საჭიროების შემთხვევაში აუდიტორი (შემმოწმებელი).

12. შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭო გადამხდელის პრეტენზიასთან ერთად (ასეთის არსებობისას) განიხილავს აუდიტის დეპარტამენტიდან წარდგენილ სხდომის ოქმს და შესაბამის მასალებს, რის შემდეგაც შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭო იღებს საოქმო გადაწყვეტილებას, კერძოდ:

ა) თუ დადგენილ ვადაში გადამხდელის მიერ არაა შემოსავლების სამსახურში წარდგენილი პრეტენზია აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან (ოქმთან, დასკვნასთან) დაკავშირებით:

ა.ა) იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას ან

ა.ბ) არ იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და აძლევს კონკრეტულ მითითებას აუდიტის დეპარტამენტის საოქმო გადაწყვეტილებასა და აქტის პროექტთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც კორექტირდება შემოწმების აქტის პროექტი;

ბ) თუ დადგენილ ვადაში გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილია პრეტენზია აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან (ოქმთან, დასკვნასთან) დაკავშირებით, დამატებით განიხილავს საკითხს გადამხდელის მონაწილეობით და

ბ.ა) იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას ან

ბ.ბ) არ იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და აძლევს კონკრეტულ მითითებას აუდიტის დეპარტამენტის საოქმო გადაწყვეტილებასა და აქტის პროექტთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც კორექტირდება შემოწმების აქტის პროექტი.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტში აღნიშნულ ოთხივე მედიაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება  მისი მიღებიდან  და ხელმოწერიდან ერთ სამუშაო დღეში ელექტრონული ფორმით  ეგზავნება აუდიტის დეპარტამენტს.

14. ამ მუხლის მე-12 პუნქტის გათვალისწინებით:

ა) აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა აუდიტის დეპარტამენტი ახორციელებს ამ რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ პროცედურებს;

ბ) თუ მიღებული გადაწყვეტილება იწვევს ცვლილებებს აქტის პროექტში, აქტის გაფორმებისას მიეთითება შესაბამისი საფუძველი, რომლის ერთი ეგზემპლარი უნდა ინახებოდეს საგადასახადო შემოწმების მასალებთან ერთად.

    მუხლი 6. დასკვნითი დებულებები

ცალკეულ შემთხვევებში შემოსავლების სამსახურის უფროსის/მოადგილის ან/და აუდიტის დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის დავალების (მათ შორის, სიტყვიერი) შესაბამისად, აქტის პროექტთან დაკავშირებით გადამხდელის პოზიციის განხილვა შესაძლებელია განხორციელდეს ამ რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურებისაგან განსხვავებული წესით. განსაკუთრებულ შემთხვევებში (მაგალითად, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვასთან მიმართებაში ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადის გასვლა და სხვა) შესაძლებელია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შემოწმების აქტის პროექტის გარეშე პირდაპირ შედგეს საგადასახადო შემოწმების აქტი.
Comments