შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ

საქართველოს მთავრობა და უნგრეთის მთავრობა,

სურთ რა, განავითარონ და გაამარტივონ ორმხრივი ურთიერთობები შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების დადების გზით,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

 

მუხლი 1

პირები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება

ეს შეთანხმება ვრცელდება პირებზე, რომლებიც არიან ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები.

 

მუხლი 2

გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება

1. ეს შეთანხმება ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შემოსავლებსა და კაპიტალზე დაწესებულ გადასახადებზე, მათი გადახდის წესის მიუხედავად.

2. შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება მთელი შემოსავალი, მთელი კაპიტალი, ან შემოსავლის ან კაპიტალის ცალკეული ელემენტი, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებული ნამეტი შემოსავლის ჩათვლით, საწარმოების მიერ გადახდილი მთელი ხელფასები ან ანაზღაურება და ასევე კაპიტალის აფასებით მიღებული შემოსავალი.

3. არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება:

a) საქართველოს შემთხვევაში:

(i) მოგების გადასახადი;

(ii) საშემოსავლო გადასახადი;

(iii) ქონების გადასახადი;

(შემდგომში „საქართველოს გადასახადი”).

b) უნგრეთის შემთხვევაში:

(i) ინდივიდუალური საშემოსავლო გადასახადი ;

(ii) კორპორაციული გადასახადი ;

(iii) მიწის გადასახადი ;

(iv) გადასახადი მშენებლობაზე ;

(შემდგომში „ უნგრეთის გადასახადი”).

4. ეს შეთანხმება ასევე ვრცელდება ყველა იდენტურ ან არსებითად ანალოგიურ გადასახადებზე, რომლებიც ამ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ დაწესებულია არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ თავიანთი სახელმწიფოების შესაბამის საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახებ.

 

მუხლი 3

ზოგადი განსაზღვრებები

1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:

a) საქართველოს ტერიტორია ნიშნავს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ ტერიტორიას, საქართველოს სახელმწიფო ფარგლებში, მათ შორის სახმელეთო სივრცეს, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომლის მიმართ საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს; ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;

b) ტერმინი „ უნგრეთი” ნიშნავს უნგრეთს და, გეოგრაფიული მნიშვნელობით გამოყენებისას, უნგრეთის ტერიტორიას;

c) ტერმინი ხელშემკვრელი სახელმწიფო და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო ნიშნავს საქართველოს ან უნგრეთს, კონტექსტის შესაბამისად;

d) ტერმინი პირი მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;

e) ტერმინი კომპანია ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ სხვა ერთეულს, რომელიც საგადასახადო მიზნებისათვის განიხილება როგორც კორპორაციული ერთეული;

f) ტერმინი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;

g) ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა” ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო ან საჰაერო ხომალდით, რომლის ექსპლოატაცია ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საზღვაო და საჰაერო ხომალდის ექსპლოატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;

h) ტერმინი „კომპეტენტური ორგანო” ნიშნავს:

(i) საქართველოს შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;

(ii) უნგრეთის შემთხვევაში, საგადასახადო პოლიტიკის გატარებაზე პასუხისმგებელ მინისტრს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;

(i) ტერმინი „ნაციონალური პირი” ხელშემკვრელ სახელმწიფოსთან მიმართებაში ნიშნავს:

(i) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც გააჩნია ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალობა ან მოქალაქეობა;

(ii) ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას, ასოციაციას ან სხვა ერთეულს, რომელიც ამ სტატუსს იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე .

2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების ნებისმიერ დროს გამოყენებისას, ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ დროს ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ სახელმწიფოში მოქმედი სხვა სამართლებრივი ნორმებით.

 

მუხლი 4

რეზიდენტი

1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი” ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება დაბეგვრას მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, რეზიდენტობის, მართვის ადგილის, რეგისტრაციის ადგილის ან ანალოგიური შინაარსის მქონე ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის საფუძველზე და ასევე მოიცავს ამ სახელმწიფოს, მის ნებისმიერ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს ან ადგილობრივ ორგანოს. ეს ტერმინი, ამასთან, არ მოიცავს პირს, რომელიც ამ სახელმწიფოში დაბეგვრას ექვემდებარება მხოლოდ მასში არსებული წყაროდან ან იქ განთავსებული კაპიტალიდან მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებით.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად:

a) ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი; თუ მას მუდმივი საცხოვრებელი აქვს ორივე სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი);

b) თუ შეუძლებელია იმ სახელმწიფოს დადგენა, სადაც მას აქვს სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი, ან თუ მას არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არც ერთ ამ სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს;

c) თუ ის ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე სახელმწიფოში ან არც ერთ მათგანში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის ნაციონალურ პირსაც წარმოადგენს;

d) თუ ის არის ორივე სახელმწიფოს ან არც ერთი მათგანის ნაციონალური პირი, მაშინ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები საკითხს გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, პირი, გარდა ფიზიკური პირისა, არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, იგი ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მდებარეობს მისი ფაქტობრივი მართვის ადგილი.

 

 

 

 

 

მუხლი 5

მუდმივი დაწესებულება

1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” ნიშნავს საქმიანობის ფიქსირებულ ადგილს, რომლის მეშვეობითაც საწარმოს საქმიანობა ხორციელდება მთლიანად ან ნაწილობრივ.

2. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” მოიცავს, კერძოდ:

a) მართვის ადგილს;

b) ფილიალს;

c) ოფისს;

d) ფაბრიკას;

e) სახელოსნოს და

f) მაღაროს, ნავთობის, ან გაზის ჭაბურღილს, კარიერს ან ბუნებრივი რესურსების მოპოვების ნებისმიერ სხვა ადგილს.

3. სამშენებლო მოედანი ან სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტი მუდმივ დაწესებულებად ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის არსებობს 12 (თორმეტ) თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.

4. ამ მუხლის წინა დებულებათა მიუხედავად, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” არ მოიცავს:

a) შენობა-ნაგებობების გამოყენებას საწარმოს კუთვნილი საქონლის ან შუალედური პროდუქტის მხოლოდ მარაგად შენახვის, დემონსტრირების ან დანიშნულების ადგილამდე მიტანის მიზნით;

b) საწარმოს კუთვნილი საქონლის ან შუალედური პროდუქტის მარაგის დასაწყობებას მხოლოდ მარაგად შენახვის დანიშნულების ადგილამდე მიტანის ან დემონსტრირების მიზნით;

c) საწარმოს კუთვნილი საქონლის ან შუალედური პროდუქტის მარაგების შენახვას, მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით;

d) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის საქონლის ან შუალედური პროდუქტის მხოლოდ შესყიდვის ან მხოლოდ ინფორმაციის შეგროვების მიზნით;

e) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის მხოლოდ მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით;

f) ფიქსირებული ადგილის ამ პუნქტის a)-e) ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა ნებისმიერი ერთობლიობისათვის გამოყენებას, იმ შემთხვევაში, თუ ფიქსირებული ადგილის საქმიანობის ამგვარი ერთობლიობა არის მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის.

5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, თუ პირი, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტისა, მოქმედებს საწარმოს სახელით, აქვს და ჩვეულებრივ იყენებს ხელშემკვრელ სახელმწიფოში საწარმოს სახელით კონტრაქტის დადების უფლებამოსილებას, მაშინ ეს საწარმო ამ პირის მიერ საწარმოსათვის განხორციელებულ ნებისმიერ საქმიანობასთან მიმართებით განიხილება ამ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ, თუ ამ პირის საქმიანობა არ შემოიფარგლება მე-4 პუნქტში აღნიშნული საქმიანობებით, რომელიც, ამავე პუნქტის დებულებების შესაბამისად, ამ საქმიანობის ფიქსირებული ადგილის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში არ გადააქცევს საქმიანობის ასეთ ფიქსირებულ ადგილს მუდმივ დაწესებულებად.

6. საწარმო არ განიხილება ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ამ სახელმწიფოში საქმიანობას ახორციელებს ბროკერის, კომისიონერის ან დამოუკიდებელი სტატუსის მქონე ნებისმიერი სხვა აგენტის მეშვეობით, იმ პირობით, რომ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული პროფესიული საქმიანობის ფარგლებში.

7. ის ფაქტი, რომ კომპანია, რომელიც არის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, აკონტროლებს ან კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ ან რომელიც საქმიანობას ახორციელებს მეორე სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სხვა სახით), თავისთავად, არ გადააქცევს ერთ-ერთ ამ კომპანიას მეორის მუდმივ დაწესებულებად.

 

მუხლი 6

შემოსავალი უძრავი ქონებიდან

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი (სოფლისა და სატყეო მეურნეობიდან მიღებული შემოსავლის ჩათვლით), შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ტერმინს „უძრავი ქონება” ექნება ის მნიშვნელობა, რომელიც მას გააჩნია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომელშიც მდებარეობს განსახილველი ქონება. ტერმინი, ნებისმიერ შემთხვევაში, მოიცავს უძრავი ქონების მიმართ დამხმარე ხასიათის ქონებას, სასოფლო და სატყეო მეურნეობაში გამოყენებულ პირუტყვსა და მოწყობილობებს, უფლებებს, რომლებზეც ვრცელდება მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ზოგადი სამართლის დებულებები, უძრავი ქონების უზუფრუქტსა და უფლებებს, რომლებიც წარმოადგენენ ცვლადი ან ფიქსირებული ანაზღაურებების კომპენსაციას მინერალური წიაღისეულის, საბადოების და სხვა ბუნებრივი რესურსების დამუშავებისთვის ან დამუშავების უფლებისთვის; საზღვაო და საჰაერო ხომალდები უძრავ ქონებად არ განიხილება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ვრცელდება უძრავი ქონების პირდაპირი გამოყენების, გაქირავების ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენების შედეგად მიღებულ შემოსავლებზე.

4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დებულებები ვრცელდება აგრეთვე საწარმოს უძრავი ქონებიდან და დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის დროს გამოყენებული უძრავი ქონებიდან მიღებულ შემოსავლებზე.

 

მუხლი 7

მოგება ეკონომიკური საქმიანობიდან

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო თავის საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ ახორციელებს იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას.

2. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ახორციელებს საქმიანობას იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან ანალოგიურ პირობებში მყოფ ცალკე გამოყოფილ, დამოუკიდებელ საწარმოს, იმ საწარმოს მიმართ სრულიად დამოუკიდებელი მოქმედებით, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც ის წარმოადგენს.

3. მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დასაშვებია მუდმივი დაწესებულებისთვის გაწეული ხარჯების გამოქვითვა, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმის მიუხედავად, ეს ხარჯები იმ სახელმწიფოშია გაწეული, რომელშიც განთავსებულია მუდმივი დაწესებულება, თუ მის ფარგლებს გარეთ.

4. თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ჩვეულებრივ მიღებულია მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრა საწარმოს მთლიანი მოგების მის ცალკეულ ნაწილებზე განაწილების საფუძველზე, მაშინ ამ მუხლის მე-2 პუნქტი ვერანაირად შეუშლის ხელს ხელშემკვრელ სახელმწიფოს განსაზღვროს დასაბეგრი მოგების ოდენობა ამგვარი განაწილების წესით; განაწილების მეთოდი ამასთან უნდა იყოს ისეთი, რომ შედეგი იმყოფებოდეს ამ მუხლის პრინციპებთან შესაბამისობაში.

5. მუდმივ დაწესებულებას არ მიეკუთვნება მოგება ამ მუდმივი დაწესებულების მიერ საწარმოსათვის საქონლის ან შუალედური პროდუქტის მხოლოდ შეძენის საფუძველზე.

6. წინა პუნქტების მიზნებიდან გამომდინარე, მუდმივი დაწესებულებისათვის მისაკუთვნებელი მოგება ყოველწლიურად განისაზღვრება ერთი და იმავე მეთოდით, თუ არ არის სხვაგვარად განსაზღვრის რაიმე დამაჯერებელი და საკმარისი მიზეზი.

7. იმ შემთხვევაში, როდესაც მოგება შეიცავს შემოსავლის ისეთ სახეობებს, რომლებიც ამ შეთანხმების სხვა მუხლებში ცალკეა განხილული, მაშინ ამ მუხლის დებულებები გავლენას ვერ მოახდენს იმ მუხლების დებულებებზე.

 

მუხლი 8

საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო და საჰაერო ხომალდების ექსპლოატაციიდან მიღებული მოგება იბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ასევე ვრცელდება პულში, ერთობლივ საქმიანობაში ან საერთაშორისო საოპერაციო სააგენტოების მუშაობაში მონაწილეობით მიღებულ მოგებაზე.

 

მუხლი 9

ურთიერთდამოკიდებული საწარმოები

1. იმ შემთხვევაში, როდესაც:

a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, ან

b) ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოსა და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში,

და ორივე შემთხვევაში ამ ორ საწარმოს შორის კომერციულ ან ფინანსურ ურთიერთობებში შექმნილი ან დაწესებული პირობები განსხვავდება იმ პირობებისაგან, რომლებსაც ადგილი ექნებოდა ორ დამოუკიდებელ საწარმოს შორის ურთიერთობაში, მაშინ ნებისმიერი მოგება, რომელიც ამ პირობების არ- არსებობის შემთხვევაში წარმოიშვებოდა რომელიმე მათგანს, მაგრამ ამ პირობების არსებობის გამო არ წარმოეშვა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს მოგებაში და დაიბეგროს შესაბამისად.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფო ამ სახელმწიფოს საწარმოს მოგებაში რთავს და, შესაბამისად, გადასახადით ბეგრავს იმ მოგებას, რომელთან მიმართებაში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო დაექვემდებარა დაბეგვრას ამ მეორე სახელმწიფოში, და ასეთი სახით ჩართული მოგება წარმოადგენს მოგებას, რომელიც შეიძლება დარიცხოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს საწარმოს, თუ ამ ორ საწარმოს შორის იქნებოდა იგივე ურთიერთობა, როგორც დამოუკიდებელ საწარმოებს შორის, მაშინ ეს მეორე სახელმწიფო მოახდენს მის მიერ ამ მოგებაზე დარიცხული გადასახადის შესაბამის კორექტირებას, თუ ეს ემთხვევა პირველად ხსენებული სახელმწიფოს კორექტირებებს. ასეთი კორექტირების განსაზღვრის დროს სათანადო წესით უნდა იქნეს გათვალისწინებული ამ შეთანხმების სხვა დებულებებიც, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთთან გამართავენ კონსულტაციებს.

 

მუხლი 10

დივიდენდები

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი დივიდენდები შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ამასთან, ამგვარი დივიდენდები შესაძლოა აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ, თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს:

a) დივიდენდების საერთო თანხის 0 პროცენტს, თუ ბენეფიციური მფლობელი კომპანია (ამხანაგობის გარდა, რომელიც არ ექვემდებარება დაბეგვრას), უშუალოდ დივიდენდების განაწილების გადაწყვეტილების მიღებამდე სულ მცირე უწყვეტი 12 თვის განმავლობაში პირდაპირ ფლობდა დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალის სულ მცირე 25 პროცენტს;

b) დივიდენდების საერთო თანხის 5 პროცენტს, სხვა დანარჩენ შემთხვევაში.

ეს პუნქტი არ შეეხება კომპანიის იმ მოგებების დაბეგვრას, საიდანაც გადაიხდება დივიდენდები.

ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური უწყებები, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ადგენენ ამ შეზღუდვების გამოყენების მეთოდებს.

3. ამ მუხლში გამოყენებისას, ტერმინი „დივიდენდი” ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან, „jouissance-ის” აქციებიდან ან „jouissance-ის” უფლებებიდან, სამთო საქმიანობასთან დაკავშირებული აქციებიდან, დამფუძნებელთა აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, თუ ისინი არ წარმოადგენენ მოგებაში მონაწილე სავალე მოთხოვნებს, ასევე შემოსავალს სხვა კორპორაციული უფლებებიდან, რომელიც ექვემდებარება ისეთივე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც აქციებიდან მიღებული შემოსავალი, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი კომპანია.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ახორციელებს საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან ახორციელებს იმ მეორე სახელმწიფოში დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით, და ფლობა, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ბაზას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 ან მე-14 მუხლის დებულებები.

5. როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იღებს შემოსავალს ან მოგებას, ამ მეორე სახელმწიფოს არ შეუძლია კომპანიას გადასახადი დააკისროს გადახდილ დივიდენდებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დივიდენდების გადახდა ხდება ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტისთვის, ან როდესაც ფლობა, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ამ მეორე სახელმწიფოში არსებულ მუდმივ დაწესებულებას. მეორე სახელმწიფოს ასევე არ შეუძლია დაბეგროს კომპანიის გაუნაწილებელი მოგება იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადახდილი დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე სახელმწიფოში წარმოშობილი მოგებიდან ან შემოსავლიდან.

 

მუხლი 11

პროცენტი

1. პროცენტი, რომელიც წარმოიშობა ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში და რომლის ბენეფიციური მფლობელია მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, დაიბეგრება მხოლოდ ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ტერმინი „პროცენტი” ამ მუხლში გამოყენებისას ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალო მოთხოვნიდან, მისი იპოთეკური უზრუნველყოფისა და მოვალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის მიუხედავად, კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან და ობლიგაციებიდან ან სავალო ვალდებულებებიდან მათზე დარიცხული პრემიებისა და მოგებების ჩათვლით, მაგრამ არ მოიცავს ამ შეთანხმების მე-10 მუხლით განხილულ შემოსავალს. ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ჯარიმები დაგვიანებულ გადახდაზე პროცენტად არ განიხილება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ პროცენტის ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა პროცენტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან ახორციელებს იმ მეორე სახელმწიფოში დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით, ან სავალო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც ხდება პროცენტის გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ბაზას. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისად, გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 ან მე-14 მუხლის დებულებები.

4. პროცენტი ითვლება ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილად, თუ გადამხდელი არის ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ პროცენტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, რომელთან დაკავშირებული ვალდებულებიდანაც წარმოიშვა გადახდილი პროცენტი და ამ პროცენტის ხარჯის მატარებელია ასეთი მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, მაშინ პროცენტი ჩაითვლება იმ სახელმწიფოში წარმოშობილად, რომელშიც მდებარეობს ასეთი მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა.

5. თუ პროცენტის გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო, პროცენტის თანხა, იმ სავალო ვალდებულების გათვალისწინებით, რომლის საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში გადასახდელი თანხის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.

 

მუხლი 12

როიალტი

1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი როიალტი, რომლის ბენეფიციური მფლობელია მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, დაიბეგრება მხოლოდ ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ამ მუხლში გამოყენებისას, ტერმინი „როიალტი” ნიშნავს გადახდის ნებისმიერ სახეს, რომელიც ანაზღაურების სახით მიიღება ნებისმიერ ლიტერატურულ, ხელოვნების ან მეცნიერულ ნამუშევარზე, კინემატოგრაფიული ფილმების ჩათვლით, საავტორო უფლებით სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლებისათვის, ნებისმიერი პატენტის, სასაქონლო ნიშნის, პროექტის ან მოდელის, გეგმის, საიდუმლო ფორმულის ან პროცესის, ასევე სამრეწველო, კომერციული ან მეცნიერული გამოცდილების შემცველი ინფორმაციით სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლებისთვის.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ როიალტის ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა როიალტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან ახორციელებს ამ მეორე სახელმწიფოში დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით, და უფლება ან ქონება, რის საფუძველზეც ხდება როიალტის გადახდა, უშუალოდ არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან ან ფიქსირებულ ბაზასთან. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 ან მე-14 მუხლის დებულებები.

4. როიალტი წარმოშობილად ჩაითვლება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, როდესაც გადამხდელი არის ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ როიალტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, რომელთან დაკავშირებითაც წარმოიშვა როიალტის გადახდის ვალდებულება და ამგვარი როიალტის ხარჯის მატარებელია ასეთი მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, მაშინ ჩაითვლება, რომ მსგავსი როიალტი წარმოიქმნა იმ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა.

5. თუ გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გამო, როიალტის თანხა, რომელიც დაკავშირებულია სარგებლობასთან, უფლებასთან ან ინფორმაციასთან, რომლის საფუძველზე ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში გადასახდელი თანხის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.

 

მუხლი 13

შემოსავლები კაპიტალის მატებიდან

1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე მე-6 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონების გასხვისებიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. შემოსავლები მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, ან შემოსავლები მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის მიზნით მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებულ ფიქსირებულ ბაზასთან დაკავშირებული ქონების ნაწილს, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთად) ან ფიქსირებული ბაზის გასხვისებიდან მიღებული ასეთი შემოსავლების ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

3. ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპანიის შემოსავალი, რომელიც მიიღება საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებული საზღვაო და საჰაერო ხომალდების, ან მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებით, დაიბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ აქციების ან მსგავსი მონაწილეობის უფლების გასხვისებით, რომლის ღირებულების 50%-ზე მეტი პირდაპირ ან არაპირდაპირ იქმნება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონების ღირებულებიდან, მიღებული შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს იმ მეორე სახელმწიფოში.

5. ამ მუხლის 1-ლ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული ქონების გარდა, შემოსავლები ნებისმიერი ქონების გასხვისებიდან დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირი.

 

მუხლი 14

დამოუკიდებელი პირადი მომსახურება

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ პროფესიული მომსახურების ან დამოუკიდებელი ხასიათის მქონე სხვა საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია რეგულარულად ხელმისაწვდომი ფიქსირებული ბაზა თავისი საქმიანობის განსახორციელებლად. თუ მას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია ასეთი ფიქსირებული ბაზა, შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში, მაგრამ შემოსავლის მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ ფიქსირებულ ბაზას.

2. ტერმინი „პროფესიული მომსახურება” მოიცავს, კერძოდ: დამოუკიდებელ სამეცნიერო, ლიტერატურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო და პედაგოგიურ საქმიანობას, აგრეთვე ექიმების, ადვოკატების, არქიტექტორების, სტომატოლოგების და ბუღალტრების დამოუკიდებელ საქმიანობას.

 

მუხლი 15

შემოსავალი დაქირავებით მუშაობიდან

1. ამ შეთანხმების მე-16, მე-18, მე-19, მე-20 და 21-ე მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებით მუშაობით მიღებული ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ დაქირავებით მუშაობა არ განხორციელებულა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. თუ დაქირავებით მუშაობა ხორციელდება ამგვარი სახით, მაშინ ასეთი ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებით მუშაობიდან მიღებული ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ:

a) ანაზღაურების მიმღები იმყოფება მეორე სახელმწიფოში პერიოდით, ან პერიოდებით, რომელთა საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება 183 დღეს ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ საგადასახადო წელს, და

b) ანაზღაურება გაიცემა დამქირავებლის მიერ, ან მისი სახელით, რომელიც არ წარმოადგენს მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს, და

c) ანაზღაურების ხარჯის მატარებელი არ არის მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, რომელიც დამქირავებელს გააჩნია მეორე სახელმწიფოში.

3. ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპანიის მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებულ საზღვაო ან საჰაერო ხომალდებზე დაქირავებით მუშაობით მიღებული ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს იმ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს კომპანია.

 

მუხლი 16

დირექტორთა ჰონორარები

დირექტორთა ჰონორარები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის დირექტორთა საბჭოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

 

 

 

 

მუხლი 17

ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები

1. ამ შეთანხმების მე-7, მე-14 და მე-15 მუხლების დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, კერძოდ, როგორც თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი, ან მუსიკოსი, ან როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც ახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, ერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, ამ შეთანხმების მე-7, მე-14 და მე-15 მუხლების დებულებების მიუხედავად, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა.

3. ამ მუხლის წინა პუნქტების დებულებების მიუხედავად, ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ხელოვნების მუშაკებისა და სპორტსმენების მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი თავისუფლდება გადასახადისაგან ამ მეორე სახელმწიფოში, თუ ეს ღონისძიება გათვალისწინებულია ხელშემკვრელ სახელმწიფოთა მთავრობებს შორის გაფორმებული კულტურული გაცვლის შესახებ პროგრამის შესაბამისად.

 

მუხლი 18

პენსიები

წარსულში დაქირავებით მუშაობასთან დაკავშირებით ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისთვის გადახდილი პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ ამ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში.

 

მუხლი 19

საჯარო სამსახური

1. a) ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომელსაც ხელშემკვრელი სახელმწიფო, მისი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული ან ადგილობრივი ორგანო უხდის ფიზიკურ პირს ამ სახელმწიფოს, მისი ერთეულის, ან ადგილობრივი ორგანოსთვის გაწეული სამსახურისათვის, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;

b) ამასთან, ამგვარი ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ სამსახური გაწეულ იქნა ამ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს:

(i) არის ამ სახელმწიფოს ნაციონალური პირი; ან

(ii) არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი მხოლოდ სამსახურის გაწევის მიზნით.

2. ამ შეთანხმების მე-15, მე-16, მე-17 და მე-18 მუხლების დებულებები ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ გაწეული კომერციული საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ მომსახურებასთან დაკავშირებულ ხელფასზე, გასამრჯელოზე და სხვა მსგავს ანაზღაურებაზე.

 

მუხლი 20

სტუდენტები

1. ანაზღაურება, მიღებული სტუდენტის ან სტაჟიორის მიერ, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, თუ იგი განკუთვნილია მხოლოდ მისი ცხოვრებისთვის, განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად, არ დაიბეგრება ამ სახელმწიფოში, თუ დაფინანსების წყარო მდებარეობს ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ.

2. სტუდენტის ან სტაჟიორის, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, დაქირავებით მუშაობიდან მიღებული ანაზღაურება, რომელსაც იგი იღებს პირველად ხსენებულ სახელმწიფოში პერიოდში ან პერიოდებში, რომელთა საერთო ხანგრძლივობა მოცემული საგადასახადო წლის განმავლობაში არ აღემატება 183 დღეს, არ იბეგრება პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ ამგვარი მუშაობა პირდაპირ უკავშირდება მის სწავლას ან პრაქტიკის გავლას პირველად ხსენებულ სახელმწიფოში.

 

მუხლი 21

პროფესორები და მასწავლებლები

1. პროფესორის ან მასწავლებლის მიერ, რომელიც ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, უნივერსიტეტში, კოლეჯსა ან სხვა მსგავს ავტორიზებულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო ან სამეცნიერო საქმიანობის (კვლევითი სამუშაობის ჩათვლით) განხორციელებიდან მიღებული შემოსავალი გათავისუფლებული უნდა იქნეს გადასახადისგან პირველად ხსენებულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ამგვარი საგანმანათლებლო ან სასწავლო საქმიანობა ხორციელდება ჩამოსვლიდან არა უმეტეს ორი წლისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულება არ გავრცელდება პროფესორებისა ან მასწავლებლების მიერ გატარებული კვლევითი სამუშაოებიდან მიღებულ ანაზღაურებაზე, თუ ასეთი კვლევა ტარდება პირის ან პირთა მიერ კერძო სარგებლის მიღების მიზნით.

 

მუხლი 22

სხვა შემოსავლები

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლების სახეები, რომლებიც არ არის განხილული ამ შეთანხმების წინა მუხლებში, მათი წარმოშობის ადგილის მიუხედავად, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გავრცელდება შემოსავლებზე, გარდა ამ შეთანხმების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლებისა, თუ ასეთი შემოსავლების მიმღები წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს და თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან ახორციელებს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით და უფლება ან ქონება, რომლებთან დაკავშირებითაც ხდება შემოსავლის გადახდა რეალურად არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან ან ფიქსირებულ ბაზასთან. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 ან მე-14 მუხლის დებულებები.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში აზარტული თამაშებიდან და ლატარიებიდან მიღებული შემოსავლები შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

 

მუხლი 23

კაპიტალი

1. კაპიტალი, წარმოდგენილი ამ შეთანხმების მე-6 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონებით, რომელსაც ფლობს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც მდებარეობს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. მოძრავი ქონებით წარმოდგენილი კაპიტალი, რომელიც ქმნის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, ან დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის მიზნით ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მეორე სახელმწიფოში არსებულ ფიქსირებულ ბაზასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით წარმოდეგენილი კაპიტალი, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

3. ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპანიის კაპიტალი, რომელიც წარმოდგენილია საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებული საზღვაო და საჰაერო ხომალდებით, ან მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის კაპიტალის ყველა სხვა ელემენტი დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

 

მუხლი 24

ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა

1. საქართველოს შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა ხორციელდება:

a) როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს უნგრეთში, საქართველო დაუშვებს:

(i) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც უნგრეთში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;

(ii) ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც უნგრეთში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია.

ამასთან, ასეთი გამოქვითვა, ორივე შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე ან კაპიტალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება, ვითარების შესაბამისად, შემოსავალს ან კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს უნგრეთში.

b) თუ ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან მის მფლობელობაში არსებული კაპიტალი გადასახადისგან გათავისუფლებულია საქართველოში, ამის მიუხედავად, საქართველოს შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი ან კაპიტალი.

2. უნგრეთში ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა ხორციელდება:

a) როდესაც უნგრეთის რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად, შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, უნგრეთი, b) და c) ქვეპუნქტების დებულებათა გათვალისწიენებით, ათავისუფლებს ამ შემოსავალსა და კაპიტალს გადასახადისგან.

b) როდესაც უნგრეთის რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც ამ შეთანხმების მე-10 მუხლის თანახმად შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, უნგრეთი დაუშვებს, ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია. ამასთან, ასეთი გამოქვითვა, არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება საქართველოში წარმოშობილ შემოსავალს.

c) თუ ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, უნგრეთის რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან მის მფლობელობაში არსებული კაპიტალი გადასახადისგან გათავისუფლებულია უნგრეთში, ამის მიუხედავად, უნგრეთს შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი ან კაპიტალი.

d) ამ პუნქტის a) ქვეპუნქტის დებულება არ გამოიყენება მიღებულ შემოსავალზე ან უნგრეთში რეზიდენტის მფლობელობაში არსებულ კაპიტალზე, თუ საქართველო, ამ შეთამხმების დებულებათა შესაბამისად, ათავისუფლებს ამ შემოსავალსა და კაპიტალს გადასახადისგან ან ამგვარი შემოსავლის მიმართ გამოიყენება მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის დებულება.

 

მუხლი 25

დისკრიმინაციის თავიდან აცილება

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალური პირები არ დაექვემდებარებიან მეორე სახელმწიფოში განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ მეორე სახელმწიფოს ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ, რეზიდენტობის თვალსაზრისით. ეს დებულება, ამ შეთანხმების პირველი მუხლის დებულებების მიუხედავად, ვრცელდება აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც არ არიან ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები.

2. მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც წარმოადგენენ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს, არც ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ სახელმწიფოთა ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ, რეზიდენტობის თვალსაზრისით.

3. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში კუთვნილი მუდმივი დაწესებულების დაბეგვრა არ უნდა განხორციელდეს ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში, ვიდრე იმ საწარმოთა დაბეგვრა, რომლებიც ანალოგიურ საქმიანობას ახორციელებენ ამ მეორე სახელმწიფოში. ეს დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ის ხელშემკვრელ სახელმწიფოს ავალდებულებდეს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტების რომელიმე გადასახადისგან გათავისუფლებას, მათთვის რაიმე საგადასახადო შეღავათის მინიჭებას ან გადასახადის შემცირებას მათი სამოქალაქო სტატუსის ან ოჯახური მდგომარეობის საფუძველზე, რომლებსაც ის ანიჭებს საკუთარ რეზიდენტებს.

4. იმ შემთხვევების გარდა, რომლებზეც ამ შეთანხმების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის ან მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის დებულებები ვრცელდება, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი, როიალტი ან სხვა გადასახდელები, ამ საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრის მიზნით ექვემდებარება იგივე პირობით გამოქვითვას, როგორც ეს მოხდებოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტთან მიმართებაში. ანალოგიურად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს ნებისმიერი ვალი მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიმართ, ამ საწარმოს დასაბეგრი კაპიტალის განსაზღვრის მიზნით, ექვემდებარება იგივე პირობებით გამოქვითვას, როგორც ეს მოხდებოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტის შემთხვევაში.

5. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოები, რომელთა კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნის, ან პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე რეზიდენტის მიერ, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ პირველად ხსენებული სახელმწიფოს სხვა მსგავსი საწარმოები.

6. მე-2 მუხლის დებულებათა მიუხედავად, ამ მუხლის დებულებები ვრცელდება ნებისმიერი სახისა და ფორმის გადასახადებზე.

 

მუხლი 26

ურთიერთშეთანხმების პროცედურა

1. თუ პირი თვლის, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედება იწვევს ან გამოიწვევს მის დაბეგვრას ამ შეთანხმების დებულებების შეუსაბამოდ, მას შეუძლია ამ სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობებით გათვალისწინებული ზომებისგან დამოუკიდებლად, თავისი საქმე განსახილველად წარადგინოს იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოში, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს; ან, თუ მისი შემთხვევა ექვემდებარება ამ შეთანხმების 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედებას, იმ სახელმწიფოში, რომლის ნაციონალურ პირსაც იგი წარმოადგენს. განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს ამ შეთანხმების დებულებათა შეუსაბამოდ დაბეგვრის გამომწვევი მოქმედების შესახებ პირველი შეტყობინებიდან სამი წლის განმავლობაში.

2. კომპეტენტური ორგანო, თუ განცხადებას დასაბუთებულად ჩათვლის და დამოუკიდებლად არ შეუძლია საკითხის დამაკმაყოფილებლად გადაწყვეტა, უნდა შეეცადოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყვიტოს საკითხი ამ შეთანხმების დებულებებთან შეუსაბამო დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება ექვემდებარება აღსრულებას ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული დროში შეზღუდვების მიუხედავად.

3. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეეცდებიან გადაჭრან ნებისმიერი სირთულე ან ბუნდოვნება, რომლებიც წარმოიშობა ამ შეთანხმების განმარტების ან გამოყენების დროს. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, მათ აგრეთვე შეუძლიათ ერთმანეთთან კონსულტაციების წარმოება ამ შეთანხმებით გაუთვალისწინებელ შემთხვევებშიც.

4. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს, წინა პუნქტებით გათვალისწინებული შეთანხმების მიღწევის მიზნით, შეუძლიათ ერთმანეთთან პირდაპირი კონტაქტი იქონიონ, მათ შორის, მათი ან მათი წარმომადგენლების მონაწილეობით შემდგარი ერთობლივი კომისიის საშუალებით.

 

მუხლი 27

ინფორმაციის გაცვლა

1. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გაცვალონ ისეთი ინფორმაცია, რომელიც სავარაუდოდ საჭირო იქნება ამ შეთანხმების დებულებათა შესასრულებლად ან შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ადმინისტრირების ან გატარების მიზნით, ხელშემკვრელი სახელმწიფოების, მათი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაწესებულ ნებისმიერი სახისა და აღწერილობის გადასახადებთან მიმართებაში, რომლებით დაბეგვრა არ ეწინააღმდეგება ამ შეთანხმებას. ინფორმაციის გაცვლა არ არის შეზღუდული პირველი და მე-2 მუხლებით.

2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება საიდუმლოდ, ისევე, როგორც ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და მათზე წვდომა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს ან უწყებებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს იმ გადასახადების შეფასება ან შეგროვება, იძულებითი წესით ამოღება ან სასამართლო წარმოება ან იმ გადასახადებთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა, რომლებსაც ეხება ამ მუხლის პირველი პუნქტი ან ზემოაღნიშნულის ზედამხედველობა. ეს პირები ან უწყებები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ ამგვარი მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამოყენება სასამართლოს ღია სხდომაზე ან სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღების დროს.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება:

a) გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობას ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას;

b) მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მოპოვება არ არის ნებადართული ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკით;

c) მიაწოდოს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გაამჟღავნოს ნებისმიერი სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება ან სავაჭრო პროცესი, ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება სახელმწიფო პოლიტიკის უსაფრთხოებას (საზოგადოებრივ წესრიგს).

4. თუ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო ინფორმაციას მოითხოვს ამ მუხლის დებულებათა შესაბამისად, მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება მოთხოვნილი ინფორმაციის მოსაძიებლად, მიუხედავად იმისა, ესაჭიროება თუ არა ამგვარი ინფორმაცია ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს თავისი საგადასახადო მიზნებისათვის. წინა წინადადებაში აღნიშნული ვალდებულება ექვემდებარება მე-3 მუხლით განსაზღვრულ შეზღუდვებს, მაგრამ ეს შეზღუდვები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ენიჭება უფლება უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ამგვარი ინფორმაცია მას არ ესაჭიროება შიდასახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის.

5. მე-3 პუნქტის დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ენიჭება უფლება უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ინფორმაცია ბანკის, სხვა ფინანსური ინსტიტუტის, ნდობით აღჭურვილი პირის, აგენტის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის სტატუსის მქონე პირის განკარგულებაშია ან უკავშირდება პირის საკუთრების უფლების ინტერესებს.

 

მუხლი 28

დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და

საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლები

ეს შეთანხმება გავლენას ვერ მოახდენს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომელთა საგადასახადო პრივილეგიებზე, რომლებიც დადგენილია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების ან სპეციალური შეთანხმებების დებულებების საფუძველზე.

 

მუხლი 29

სხვა დებულებები

1. ეს შეთანხმება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს არ ენიჭება უფლება გამოიყენოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთისა და გადასახადების გადაუხდელობის წინააღმდეგ ბრძოლოსათვის. იმ შემთხვევაში, თუ ამ შეთანხმების დებულებების გამოყენება გამოიწვევს ორმაგი დაბეგვრის წარმოქმნას, კომპეტენტური უწყებები, 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გადიან კონსულტაციებს, თუ როგორ შეიძლება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება.

2. ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ამ შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმის სახით და წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. ეს ცვლილებები ძალაში შევა ამ შეთანხმების 30-ე მუხლის დებულებების შესაბამისად.

 

მუხლი 30

ძალაში შესვლა

1. თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფო დიპლომატიური არხების საშუალებით ერთმანეთს აცნობებს ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შესახებ.

2. ეს შეთანხმება ძალაში შედის პირველ პუნქტში აღნიშნული უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან 30-ე დღეს და ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მისი დებულებები იმოქმედებს:

a) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომელიც მიღებული იქნა ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;

b) შემოსავალსა და კაპიტალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.

 

მუხლი 31

მოქმედების შეწყვეტა

ეს შეთანხმება ძალაშია ვიდრე ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ შეწყვეტს მის მოქმედებას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება მისი ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე დიპლომატიური არხებით შეტყობინების გაგზავნის საშუალებით.

ასეთ შემთხვევაში, ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში შეთანხმება წყვეტს მოქმედებას:

a) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომელიც მიღებული იქნა ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;

b) შემოსავალსა და კაპიტალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.

 

 

 

რის დასტურადაც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შედგენილია 2012 წლის 16 თებერვალს, ქ. ბუდაპეშტში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, უნგრულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განმარტებასთან დაკავშირებით უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

 

საქართველოს მთავრობის

სახელით

(ხელმოწერილია)

უნგრეთის მთავრობის

სახელით

(ხელმოწერილია)

 

 

 

 

ოქმი

საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმების ხელმოწერის დროს ხელმომწერნი შეთანხმდნენ, რომ შემდეგი დებულებები წარმოადგენენ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს:

1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის „ეფექტური მართვის ადგილიგანიხილება როგორც ადგილი, სადაც საწარმოს მენეჯმენტი და აღმასრულებელი დირექტორი ან საწარმოს უფროსი დირექტორთა ჯგუფი, რომელიც აკონტროლებს საწარმოს ყოველდღიური მუშაობის პროცესს, ახორციელებს თავიანთ სამუშაოს.

მართვის ადგილისა და ყოველდღიური მაკონტროლებელი საქმიანობის ადგილის განსხავების მიზნით, „ფაქტობრივი მართვის ადგილი  განისაზღვრება როგოც ადგილი, სადაც წარმოებული იქნება ყოველდღიური მაკონტროლებელი სამუშაოები.

2. იგულისხმება, რომ უნგრეთში დაარსებული ამხანაგობა (beteti tarsasag, Kozjereseti tarsasag) იბეგრება უნგრეთში როგორც კორპორაცია, წარმოადგენს უნგრეთის რეზიდენტს და მასზე ვრცელდება ტერმინი „კომპანიას » განმარტება.

3. იგულისხმება, რომ საქართველოს შემთხვევაში, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის e) ქვეპუნქტის ტერმინი „კომპანია » ნიშნავს საწარმოს ან ნებისმიერ ერთეულს, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას.

4. 27-ე მუხლთან მიმართებით :

იგულისხმება, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ამ შეთანხმების ან მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საფუძველზე გაცვლილი პირადი მონაცემების დაცვა. პირადი მონაცემების დამუშავებისას, ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა მხედველობაში უნდა მიიღონ ამ შეთანხმების დებულებები, რომლებიც არეგულირებენ ინფორმაციის გაცვლის კონფიდენციალურობისა და გამოყენების საკითხებს. მათ შეუძლიათ გაცვალონ მხოლოდ ის პირადი მონაცემები, რომლებიც მნიშვნელოვანი ან გამოსადეგია 27-ე მუხლით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, ხოლო მიღებული მონაცემების დამუშავება ხორციელდება ამ შეთანხმების გამოყენებისთვის საჭირო პერიოდის ფარგლებში. ხელშემკვრელმა მხარეებმა, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ცალკეული უწყებების მეშვეობით, უნდა უზრუნველყონ მონაცემების დამუშავების კანონიერება. ამასთანავე, პირს, რომელსაც ეხება ეს ინფორმაცია, ამ შეთანხმების დებულებათა საფუძველზე, გააჩნია უფლება :

(i) მოითხოვოს მასთან დაკავშირებული დამუშავებული ინფორმაცია,

(ii) მოახდინოს არალეგალურად დამუშავებული მონაცემების განადგურების და მონაცემების შესწორების პროცესის ინიცირება, და

(iii) აქვს დამოუკიდებელი უწყების მიერ იურიდიული დაცვის უფლება მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში.

5. ეს შეთანხმება არც ერთ შემთხვევაში არ უნდა არღვევდეს უნგრეთის მიერ ევროკავშირის წევრობიდან ნაკისრ ვალდებულებებს.

რის დასტურადაც, ამ ოქმს ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შედგენილია 2012 წლის 16 თებერვალს, ქ. ბუდაპეშტში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, უნგრულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განმარტებასთან დაკავშირებით უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის

სახელით

 

(ხელმოწერილია)

უნგრეთის მთავრობის

სახელით

 

(ხელმოწერილია)

 

Comments