მუხლი 60. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ორგანიზების ზოგადი პრინციპები

posted Apr 14, 2016, 9:23 AM by Forms . GE
1. სარკინიგზო ტრანსპორტის საწარმოები (ორგანიზაციები და ა. შ.) უზრუნველყოფენ მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის გადაზიდვის, მატარებლებისა და სხვა სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისა და სახანძრო უსაფრთხოებას (მათ შორის, სამანევრო სამუშაოების შესრულების უსაფრთხოებას), აგრეთვე შრომის პირობებისა და გარემოს დაცვას.
2. რკინიგზა მოძრაობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს შემდეგი პრინციპების საფუძველზე:
ა) მოძრაობისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მართვისა და დაგეგმვისადმი სისტემური მიდგომით;
ბ) ნორმატიულ აქტებთან გადაყვანა-გადაზიდვის პროცესისა და ტექნიკური საშუალებების ტექნოლოგიის შესაბამისობით;
გ) მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისას პირებისა და სარკინიგზო ტრანსპორტის კანონიერი ინტერესების დაცვით;
დ) მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში პირებისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ურთიერთპასუხისმგებლობით.
3. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება სათანადო ნორმატიული აქტებით.
4. სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტები, რომელთა ტერიტორიაზედაც ხორციელდება საფრთხეშემცველი ტვირთის წარმოება, შენახვა, დატვირთვა, ტრანსპორტირება და გადატვირთვა, საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგებისა და ნაგებობებისაგან დაშორებული უნდა იყოს იმ მანძილით, რომელიც უზრუნველყოფს რკინიგზის უსაფრთხო ფუნქციონირებას. ამ მანძილს, აგრეთვე სარკინიგზო ლიანდაგების გადაკვეთისა და მასთან მიახლოებულ ადგილებზე ობიექტების მშენებლობისა და შენახვის ნორმებს ადგენს რკინიგზა.
5. სარკინიგზო ლიანდაგების გადამკვეთი ან მათ უშუალო სიახლოვეს არსებული გაზსადენის, ნავთობსადენისა და სხვა კომუნიკაციების მშენებლობასა და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ კომუნიკაციების მფლობელებს.
6. საფრთხეშემცველი ტვირთის გამგზავნი (მიმღები) საწარმო (ორგანიზაცია და ა.შ.) და რკინიგზა ვალდებულნი არიან, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ ამ ტვირთის გადაზიდვის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის უსაფრთხოება, იქონიონ ტექნიკური საშუალებანი და ჰყავდეთ ქვედანაყოფები, რომლებიც საჭიროა ავარიული სიტუაციებისა და ავარიების შედეგების სალიკვიდაციოდ.
7. სარკინიგზო ლიანდაგის სხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალებებით გადაკვეთა დასაშვებია მხოლოდ სარკინიგზო ლიანდაგისა და საავტომობილო გზის სხვადასხვა დონეზე. სარკინიგზო ლიანდაგისა და საავტომობილო გზის ერთ დონეზე გადაკვეთა დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.
8. პასუხისმგებლობა სარკინიგზო ლიანდაგის საავტომობილო გზით ერთ დონეზე გადაკვეთისას უსაფრთხოების დაცვაზე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
9. მაგისტრალური ნავთობსადენითა და გაზსადენით რკინიგზის ლიანდაგების გადაკვეთის ადგილები ნაგებობათა ექსპლუატაციის წესების თანახმად აღინიშნება შესაბამისი მაჩვენებლებით. ამ ნაგებობათა მფლობელები ვალდებულნი არიან, დროულად მიაწოდონ რკინიგზას ინფორმაცია იმ ავარიული სიტუაციების წარმოშობის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის მოძრაობასა და სახანძრო უსაფრთხოებას.
10. გადაკვეთის ადგილებში მატარებლის გასვლისა და ტექნიკური საშუალებების მომსახურების ოპერაციების შესრულებისას რკინიგზის მუშაკები მოქმედებენ შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით. 
Comments