თავი VIII მოძრაობის უსაფრთხოება, ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვა, განსაკუთრებულ პირობებში მუშაობის ორგანიზება



მუხლი 59. მოძრაობის უსაფრთხოების ძირითადი დებულებანი

posted Apr 14, 2016, 9:24 AM by f o r m s . g e

1. რკინიგზის სადგურების, ვაგზლების, სამგზავრო ბაქნების და სტრუქტურული ერთეულების ტერიტორიები და სარკინიგზო ლიანდაგები, რომლებზედაც მოძრაობენ მატარებლები და სრულდება სამანევრო და დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები, წარმოადგენს მომეტებული საშიშროების ზონებს. ამ ზონებში უცხო პირთა ყოფნა, თუ ეს სამსახურებრივი აუცილებლობით არ არის გამოწვეული, აკრძალულია. მომეტებული საშიშროების ზონაში ყოფნის, იქ სამუშაოების შესრულების, სარკინიგზო ლიანდაგზე მოძრაობისა და გადასვლის წესებს ადგენს რკინიგზა.
2. მგზავრთა მომსახურება, აგრეთვე მოძრავი შემადგენლობა (მათ შორის, სპეციალიზებული), კონტეინერები, ლიანდაგის ზედნაშენის ელემენტები, სხვა ტექნიკური საშუალებები და მექანიზმები უნდა შეესაბამებოდეს მოძრაობისა და სახანძრო უსაფრთხოების, შრომისა და ეკოლოგიური სისუფთავის დაცვის მოთხოვნებს, რომლებიც დადგენილია რკინიგზის ტექნიკური ექსპლუატაციის წესებით.
3. სარკინიგზო მოძრაობისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევათა კლასიფიკაციის, სამსახურებრივი მოკვლევისა და აღრიცხვის წესს განსაზღვრავს რკინიგზა.
4. სარკინიგზო მოძრაობისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ბრალეულ პირებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

მუხლი 60. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ორგანიზების ზოგადი პრინციპები

posted Apr 14, 2016, 9:23 AM by f o r m s . g e

1. სარკინიგზო ტრანსპორტის საწარმოები (ორგანიზაციები და ა. შ.) უზრუნველყოფენ მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის გადაზიდვის, მატარებლებისა და სხვა სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისა და სახანძრო უსაფრთხოებას (მათ შორის, სამანევრო სამუშაოების შესრულების უსაფრთხოებას), აგრეთვე შრომის პირობებისა და გარემოს დაცვას.
2. რკინიგზა მოძრაობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს შემდეგი პრინციპების საფუძველზე:
ა) მოძრაობისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მართვისა და დაგეგმვისადმი სისტემური მიდგომით;
ბ) ნორმატიულ აქტებთან გადაყვანა-გადაზიდვის პროცესისა და ტექნიკური საშუალებების ტექნოლოგიის შესაბამისობით;
გ) მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისას პირებისა და სარკინიგზო ტრანსპორტის კანონიერი ინტერესების დაცვით;
დ) მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში პირებისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ურთიერთპასუხისმგებლობით.
3. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება სათანადო ნორმატიული აქტებით.
4. სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტები, რომელთა ტერიტორიაზედაც ხორციელდება საფრთხეშემცველი ტვირთის წარმოება, შენახვა, დატვირთვა, ტრანსპორტირება და გადატვირთვა, საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგებისა და ნაგებობებისაგან დაშორებული უნდა იყოს იმ მანძილით, რომელიც უზრუნველყოფს რკინიგზის უსაფრთხო ფუნქციონირებას. ამ მანძილს, აგრეთვე სარკინიგზო ლიანდაგების გადაკვეთისა და მასთან მიახლოებულ ადგილებზე ობიექტების მშენებლობისა და შენახვის ნორმებს ადგენს რკინიგზა.
5. სარკინიგზო ლიანდაგების გადამკვეთი ან მათ უშუალო სიახლოვეს არსებული გაზსადენის, ნავთობსადენისა და სხვა კომუნიკაციების მშენებლობასა და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ კომუნიკაციების მფლობელებს.
6. საფრთხეშემცველი ტვირთის გამგზავნი (მიმღები) საწარმო (ორგანიზაცია და ა.შ.) და რკინიგზა ვალდებულნი არიან, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ ამ ტვირთის გადაზიდვის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის უსაფრთხოება, იქონიონ ტექნიკური საშუალებანი და ჰყავდეთ ქვედანაყოფები, რომლებიც საჭიროა ავარიული სიტუაციებისა და ავარიების შედეგების სალიკვიდაციოდ.
7. სარკინიგზო ლიანდაგის სხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალებებით გადაკვეთა დასაშვებია მხოლოდ სარკინიგზო ლიანდაგისა და საავტომობილო გზის სხვადასხვა დონეზე. სარკინიგზო ლიანდაგისა და საავტომობილო გზის ერთ დონეზე გადაკვეთა დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.
8. პასუხისმგებლობა სარკინიგზო ლიანდაგის საავტომობილო გზით ერთ დონეზე გადაკვეთისას უსაფრთხოების დაცვაზე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
9. მაგისტრალური ნავთობსადენითა და გაზსადენით რკინიგზის ლიანდაგების გადაკვეთის ადგილები ნაგებობათა ექსპლუატაციის წესების თანახმად აღინიშნება შესაბამისი მაჩვენებლებით. ამ ნაგებობათა მფლობელები ვალდებულნი არიან, დროულად მიაწოდონ რკინიგზას ინფორმაცია იმ ავარიული სიტუაციების წარმოშობის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის მოძრაობასა და სახანძრო უსაფრთხოებას.
10. გადაკვეთის ადგილებში მატარებლის გასვლისა და ტექნიკური საშუალებების მომსახურების ოპერაციების შესრულებისას რკინიგზის მუშაკები მოქმედებენ შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით. 

მუხლი 61. ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვა

posted Apr 14, 2016, 9:23 AM by f o r m s . g e

1. მსვლელობის გზაზე და რკინიგზის სადგურებში ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვას ახორციელებს რკინიგზა სატრანსპორტო პოლიციის მეშვეობით, ხოლო ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკურ მუშაობას, სახანძრო უსაფრთხოებაზე ზედამხედველობასა და ხანძრების ლიკვიდაციას უზრუნველყოფს რკინიგზის შესაბამისი სამსახური.
2. იმ ტვირთის ნუსხას, რომელიც მოითხოვს პოლიციის მიერ დაცვასა და თანხლებას, რკინიგზა ადგენს სატრანსპორტო პოლიციასთან შეთანხმებით. სატრანსპორტო პოლიცია პასუხისმგებელია მისთვის ჩაბარებული ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვაზე.
3. ტვირთს, რომელიც გადაიზიდება განსაკუთრებული პირობებით, იცავს და აცილებს ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად. 

მუხლი 62. საგანგებო, მათ შორის, საომარი მდგომარეობის, მობილიზაციის დროს და სხვა საგანგებო სიტუაციებში რკინიგზის მუშაობის ორგანიზება

posted Apr 14, 2016, 9:22 AM by f o r m s . g e

1. საგანგებო, მათ შორის, საომარი მდგომარეობის, მობილიზაციის დროს და სხვა საგანგებო სიტუაციებში სარკინიგზო ტრანსპორტის საწარმოები (ორგანიზაციები და ა.შ.), სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად, ახორციელებენ შესაბამის დაუყოვნებლივ ღონისძიებებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. პასუხისმგებლობა რკინიგზის მუშაობის განზრახ შეფერხების, შეწყვეტისა და ტექნიკური საშუალებების დაზიანებისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

მუხლი 63. დაზღვევა სარკინიგზო ტრანსპორტზე

posted Apr 14, 2016, 9:22 AM by f o r m s . g e

სარკინიგზო ტრანსპორტზე მგზავრთა, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და სხვა სახის დაზღვევა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

1-5 of 5