მუხლი 55. პრეტენზიის წარდგენის ვადები

posted Apr 14, 2016, 9:15 AM by f o r m s . g e
1. ადგილობრივი გადაზიდვისას რკინიგზას პრეტენზია შეიძლება წარედგინოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილ ვადებში, ხოლო საერთაშორისო გადაზიდვისას – „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში.
2. პრეტენზიის წარდგენის ვადები გამოითვლება:
ა) ტვირთის, ბარგის ან ტვირთ-ბარგის დაზიანების, გაფუჭების ან დანაკლისის გამო – ტვირთის, ბარგის ან ტვირთ-ბარგის გაცემის დღიდან;
ბ) ტვირთის დაკარგვის გამო – ტვირთის ადგილზე მიტანის ვადის გასვლიდან 10 დღის შემდეგ;
გ) ბარგის, ტვირთ-ბარგის დაკარგვის გამო – ფიზიკურ პირთა ტვირთის, ტვირთ-ბარგის ადგილზე მიტანის ვადის გასვლიდან 30 დღის შემდეგ და იურიდიულ პირთა ტვირთ-ბარგის ადგილზე მიტანის ვადის გასვლიდან 10 დღის შემდეგ;
დ) ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის ადგილზე მიტანის ვადის გადაცილების გამო – ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის გაცემის დღიდან;
ე) ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურის დაბრუნებაზე – პრეტენზიის განმცხადებლის მიერ ამ საფასურის გადახდის დღიდან;
ვ) ტვირთის გადაზიდვის განაცხადის შეუსრულებლობის გამო –საფასურის გადახდიდან 5 დღის შემდეგ;
ზ) რკინიგზის მიერ ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან სხვა საწარმოს (ორგანიზაციის და ა.შ.) კუთვნილი ან მათ სარგებლობაში არსებული ვაგონის (კონტეინერის) თვითნებური დაკავებით მიყენებული ზიანის გამო – ასეთი მოძრავი შემადგენლობით ტვირთის ადგილზე მიტანის ან მიწერის რკინიგზის სადგურში მისი დაბრუნების ვადის გასვლის შემდეგ;
თ) გადაზიდვასთან დაკავშირებით წარმოშობილ სხვა შემთხვევაში – იმ მოვლენის დადგომის დღიდან, რომელიც პრეტენზიის წარდგენის საფუძველი გახდა.
3. რკინიგზა ვალდებულია განიხილოს პრეტენზია და მისი განხილვის შედეგები წერილობით შეატყობინოს განმცხადებელს პრეტენზიის მიღების დღიდან 2 თვის განმავლობაში. თუ რკინიგზა ცნობს პრეტენზიას, იგი ვალდებულია, პრეტენზიის ცნობის დღიდან 2 კვირის ვადაში აუნაზღაუროს განმცხადებელს ტვირთის გადაზიდვისას წარმოშობილი ზიანი ამ კოდექსის 46-ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილი ოდენობით.
4. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენზია წარმოდგენილია თანდართული არასრული დოკუმენტებით, იგი განმცხადებელს უნდა დაუბრუნდეს განხილვის გარეშე, 10 დღის ვადაში.
5. თუ რკინიგზამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ან უარყო პრეტენზია, პასუხში უნდა აღინიშნოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი. ამ შემთხვევაში განმცხადებელს უბრუნდება პრეტენზიასთან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტები.
6. რკინიგზას უფლება აქვს, პრეტენზია წარუდგინოს ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) ან სხვა პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. 
Comments