მუხლი 53. პრეტენზიის წარდგენა

posted Apr 14, 2016, 9:16 AM by f o r m s . g e
1. ტვირთის (ტვირთ-ბარგის) გადაზიდვასთან დაკავშირებით სარჩელის წარდგენამდე სავალდებულოა რკინიგზის მიმართ წერილობითი პრეტენზიის წარდგენა.
2. ადგილობრივი გადაზიდვისას წარმოქმნილი ზიანისათვის რკინიგზისადმი პრეტენზიის ან სარჩელის წარდგენის უფლება აქვს:
ა) ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, ტვირთის გადასაზიდად მიღების შესახებ ტვირთის ქვითრის დედნის წარდგენისას, რომელზედაც არსებობს აღნიშვნა დანიშნულების რკინიგზის სადგურის მიერ ტვირთის არმიღების თაობაზე – ტვირთის მთლიანად დაკარგვის შემთხვევაში;
ბ) ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) ზედნადებისა და კომერციული აქტის დედნების წარდგენისას – ტვირთის დაზიანების, გაფუჭების, დანაკლისის, ხარისხის დაქვეითების და სხვა შემთხვევაში;
გ) ტვირთმიმღებს – ტვირთის (ტვირთ-ბარგის) ადგილზე მიტანის ვადის გადაცილების შემთხვევაში, იმ პირობით, თუ იგი წარმოადგენს ზედნადებს (ტვირთ-ბარგის ქვითრის დედანს);
დ) ტვირთმიმღებს – ტვირთის (ტვირთ-ბარგის) გაცემის შეფერხების შემთხვევაში, იმ პირობით, თუ იგი წარმოადგენს სატრანსპორტო ქვითრისა და საერთო ფორმის აქტის დედნებს.
3. საერთაშორისო გადაზიდვისას პრეტენზიის წაყენების პირობები განისაზღვრება „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებით.
4. ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) უფლება აქვს, პრეტენზიის წარდგენის უფლებამოსილება სხვა პირს გადასცეს.
5. მგზავრთა გადაყვანასთან ან ბარგის გადაზიდვასთან დაკავშირებით რკინიგზას პრეტენზია შეუძლია წარუდგინოს:
ა) ბარგის ქვითრის წარმომდგენმა – ბარგის დაკარგვისას;
ბ) შესაბამისი კომერციული აქტის წარმომდგენმა – ბარგის დაზიანებისას, გაფუჭებისას ან დანაკლისისას;
გ) რკინიგზის მიერ გაცემული შესაბამისი საერთო ფორმის აქტის წარმომდგენმა – ბარგის ადგილზე მიტანის ვადის გადაცილებისას;
დ) მგზავრმა, ბილეთის წარმოდგენის შემთხვევაში – მატარებლის გასვლის დაყოვნებისას ან დაგვიანებისას.
6. ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის გადაზიდვასთან და მგზავრთა გადაყვანასთან, აგრეთვე რკინიგზის მიერ მოძრავი შემადგენლობისა და კონტეინერის (რომლებიც ეკუთვნის ტვირთგამგზავნს, ტვირთმიმღებს ან სხვა პირს) დაზიანებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრეტენზიები წარედგინება რკინიგზას.
7. პირდაპირი შერეული მიმოსვლისას ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული პრეტენზიები წარედგინება:
ა) დანიშნულების რკინიგზას – თუ ტვირთის გადაზიდვის ბოლო პუნქტი რკინიგზის სადგურია;
ბ) სხვა სახეობის ტრანსპორტის შესაბამის ადმინისტრაციას, რომელიც ემსახურება ტვირთის გადაზიდვის ბოლო პუნქტს ან რომლის გამგებლობაშიც არის ეს პუნქტი. 
Comments