მუხლი 52. აქტები

posted Apr 14, 2016, 9:17 AM by f o r m s . g e
1. გარემოებები, რომლებიც სარკინიგზო მიმოსვლის მონაწილეთა პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს, დასტურდება კომერციული, ტექნიკური და საერთო ფორმის აქტებით.
2. კომერციული აქტი დგება იმ შემთხვევაში, როდესაც დასტურდება:
ა) გადაზიდვის დოკუმენტებში აღნიშნულ მონაცემებთან ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის სახელწოდების, მასის ან სატვირთო ადგილების რაოდენობის შეუსაბამობა;
ბ) ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის დაზიანება ან/და გაფუჭება;
გ) ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის აღმოჩენა, რომლებსაც არ ახლავს გადაზიდვის დოკუმენტები ან/და იმ გადაზიდვის დოკუმენტების აღმოჩენა, რომლებსაც არ ახლავს ტვირთი, ბარგი, ტვირთ-ბარგი;
დ) დატაცებული ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის რკინიგზისათვის დაბრუნება;
ე) ტვირთის გაცემის შესახებ სატვირთო სალაროში დოკუმენტების გაფორმების შემდეგ 24 საათის განმავლობაში მისასვლელ ლიანდაგზე რკინიგზის მიერ ტვირთის მიუწოდებლობა. ამ შემთხვევაში კომერციული აქტი დგება მხოლოდ ტვირთმიმღების მოთხოვნით.
3. კომერციული აქტი დგება:
ა) ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის გადმოტვირთვისას საერთო სარგებლობის ადგილებზე – გადმოტვირთვის დღეს ან „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ გათვალისწინებულ შემთხვევებში ტვირთმიმღებისათვის ტვირთის გადაცემის დღეს;
ბ) ტვირთის გადმოტვირთვისას არასაერთო სარგებლობის ადგილებზე – ტვირთის გადმოტვირთვის დღეს; ამასთან, ტვირთის შემოწმება უნდა მოხდეს ტვირთის გადმოტვირთვის პროცესში ან უშუალოდ ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ;
გ) ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის მსვლელობის გზაზე – იმ გარემოებათა გამოვლენის დღეს, რომლებიც კომერციული აქტით გაფორმებას ექვემდებარება.
4. თუ კომერციული აქტის შედგენა შეუძლებელია ამ მუხლში აღნიშნულ ვადებში, იგი უნდა შედგეს არა უგვიანეს მომდევნო დღე-ღამისა.
5. სავაგონო გზავნილებისას კომერციული აქტი ფორმდება თითოეულ ვაგონზე. დასაშვებია ერთი კომერციული აქტის შედგენა დღე-ღამეში მოსულ ვაგონთა ჯგუფზე ერთგვაროვანი ტვირთის გაცემისას, თუ ტვირთი გადაზიდულია დაყრით ან დაზვინვით და მიტანილია გამართული ვაგონებით, დაკარგვის ნიშნების გარეშე, ერთი ტვირთგამგზავნისაგან ერთი ტვირთმიმღების მისამართზე:
ა) დანაკლისის შემთხვევაში – თუ ის აღემატება ტვირთის მასის ბუნებრივი დანაკარგის ნორმასა და მასის ნეტოს გაზომვათა ცდომილებას;
ბ) ზედმეტობის შემთხვევაში – თუ არსებობს განსხვავება გაგზავნის რკინიგზის სადგურში განსაზღვრულ ტვირთის მასასა და დანიშნულების რკინიგზის სადგურში განსაზღვრულ ტვირთის მასას შორის, მასის ნეტოს გაზომვათა ცდომილების გათვალისწინებით.
6. იმ ტვირთის დანაკლისი და ზედმეტობა, რომლის გადაზიდვა ხორციელდება დაყრით, დაზვინვით, ჩასხმით ან გზაში გადატვირთვით ერთი ტვირთმიმღების მისამართზე და რომელიც მიტანილია გამართული ვაგონით, დაკარგვის ნიშნების გარეშე, განისაზღვრება ერთდროულად გაცემული ტვირთის მთელი პარტიის შემოწმების შედეგის მიხედვით და ფორმდება ერთი კომერციული აქტით.
7. კომერციული აქტი დგება 3 ეგზემპლარად. კომერციული აქტის ბლანკის შევსებისას დაუშვებელია გადაშლა, ამოფხეკა და შესწორება. კომერციული აქტი უნდა შეიცავდეს:
ა) ტვირთის, ბარგის ან ტვირთ-ბარგის მდგომარეობისა და იმ გარემოებების ზუსტ და დაწვრილებით აღწერას, რომლებმაც გამოიწვია ტვირთის, ბარგის ან ტვირთ-ბარგის დაუცველობა. კითხვებს, რომლებსაც შეიცავს კომერციული აქტის ბლანკი, უნდა გაეცეს ზუსტი პასუხი. დაუშვებელია გადახაზვა ან გამეორების ნიშნის დასმა საჭირო მონაცემების გამეორების ნაცვლად;
ბ) მონაცემებს იმის შესახებ, სწორად არის თუ არა ჩატვირთული, განლაგებული და დამაგრებული ტვირთი, ბარგი ან ტვირთ-ბარგი, აგრეთვე არის თუ არა დამცავი ნიშანდება ღია მოძრავი შემადგენლობით გადასაზიდ ტვირთზე.
8. მალფუჭებადი ტვირთის გაფუჭების თაობაზე კომერციულ აქტს უნდა დაერთოს ამონაწერი ტემპერატურათა დავთრიდან, რომლის შევსების პირობები განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.
9. არასწორი ინფორმაციის შემცველი კომერციული აქტის შემდგენ ან ხელმომწერ პირს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომელიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.
10. „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად კომერციულ აქტს ხელს აწერენ ტვირთმიმღები (თუ იგი მონაწილეობს ტვირთის, ბარგის ან ტვირთ-ბარგის შემოწმებაში), რკინიგზა და მასში მონაწილე სხვა პირები.
11. რკინიგზა ვალდებულია შეადგინოს კომერციული აქტი, თუ მან თვითონ გამოავლინა ამ მუხლში ჩამოთვლილი გარემოებანი თუ ამ გარემოებათაგან თუნდაც ერთი აღნიშნა ტვირთის, ბარგის ან ტვირთ-ბარგის მიმღებმა. მხარეთა წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობენ კომერციული აქტის შედგენაში, უფლება არა აქვთ, უარი განაცხადონ მის ხელმოწერაზე. კომერციული აქტის შინაარსთან უთანხმოების შემთხვევაში მხარეთა წარმომადგენლებს უფლება აქვთ, ჩამოაყალიბონ თავიანთი შენიშვნები.
12. რკინიგზის სადგურის მიერ კომერციული აქტის შედგენაზე უარის თქმის ან არასწორად შედგენის შემთხვევაში ტვირთმიმღებს უფლება აქვს, ამის თაობაზე წერილობითი განცხადება წარუდგინოს რკინიგზას.
13. რკინიგზა ვალდებულია, მოტივირებული პასუხი გასცეს მალფუჭებადი ტვირთის თაობაზე განცხადებას მისი მიღებიდან ერთ დღეში, ხოლო სხვა ტვირთის, ბარგის ან ტვირთ-ბარგის თაობაზე განცხადებას – მიღებიდან 3 დღის განმავლობაში. თუ განცხადება დასაბუთებულია, კომერციული აქტის შედგენის დაყოვნების დროისათვის ტვირთის, ბარგის ან ტვირთ-ბარგის შენახვის საფასურს ტვირთმიმღები არ გადაიხდის.
14. ტვირთმიმღების მოთხოვნით, რკინიგზის სადგური ვალდებულია, 3 დღის განმავლობაში გასცეს კომერციული აქტი. რკინიგზის სტრუქტურულ ერთეულებს შორის კომერციული აქტების გადაგზავნის წესს განსაზღვრავს რკინიგზა.
15. ამ მუხლით გაუთვალისწინებელ სხვა გარემოებათა დასამოწმებლად დგება ტექნიკური და საერთო ფორმის აქტები, „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ და „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად. 
Comments