თავი VII აქტები, პრეტენზიები, სარჩელები



მუხლი 52. აქტები

posted Apr 14, 2016, 9:17 AM by f o r m s . g e

1. გარემოებები, რომლებიც სარკინიგზო მიმოსვლის მონაწილეთა პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს, დასტურდება კომერციული, ტექნიკური და საერთო ფორმის აქტებით.
2. კომერციული აქტი დგება იმ შემთხვევაში, როდესაც დასტურდება:
ა) გადაზიდვის დოკუმენტებში აღნიშნულ მონაცემებთან ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის სახელწოდების, მასის ან სატვირთო ადგილების რაოდენობის შეუსაბამობა;
ბ) ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის დაზიანება ან/და გაფუჭება;
გ) ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის აღმოჩენა, რომლებსაც არ ახლავს გადაზიდვის დოკუმენტები ან/და იმ გადაზიდვის დოკუმენტების აღმოჩენა, რომლებსაც არ ახლავს ტვირთი, ბარგი, ტვირთ-ბარგი;
დ) დატაცებული ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის რკინიგზისათვის დაბრუნება;
ე) ტვირთის გაცემის შესახებ სატვირთო სალაროში დოკუმენტების გაფორმების შემდეგ 24 საათის განმავლობაში მისასვლელ ლიანდაგზე რკინიგზის მიერ ტვირთის მიუწოდებლობა. ამ შემთხვევაში კომერციული აქტი დგება მხოლოდ ტვირთმიმღების მოთხოვნით.
3. კომერციული აქტი დგება:
ა) ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის გადმოტვირთვისას საერთო სარგებლობის ადგილებზე – გადმოტვირთვის დღეს ან „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ გათვალისწინებულ შემთხვევებში ტვირთმიმღებისათვის ტვირთის გადაცემის დღეს;
ბ) ტვირთის გადმოტვირთვისას არასაერთო სარგებლობის ადგილებზე – ტვირთის გადმოტვირთვის დღეს; ამასთან, ტვირთის შემოწმება უნდა მოხდეს ტვირთის გადმოტვირთვის პროცესში ან უშუალოდ ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ;
გ) ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის მსვლელობის გზაზე – იმ გარემოებათა გამოვლენის დღეს, რომლებიც კომერციული აქტით გაფორმებას ექვემდებარება.
4. თუ კომერციული აქტის შედგენა შეუძლებელია ამ მუხლში აღნიშნულ ვადებში, იგი უნდა შედგეს არა უგვიანეს მომდევნო დღე-ღამისა.
5. სავაგონო გზავნილებისას კომერციული აქტი ფორმდება თითოეულ ვაგონზე. დასაშვებია ერთი კომერციული აქტის შედგენა დღე-ღამეში მოსულ ვაგონთა ჯგუფზე ერთგვაროვანი ტვირთის გაცემისას, თუ ტვირთი გადაზიდულია დაყრით ან დაზვინვით და მიტანილია გამართული ვაგონებით, დაკარგვის ნიშნების გარეშე, ერთი ტვირთგამგზავნისაგან ერთი ტვირთმიმღების მისამართზე:
ა) დანაკლისის შემთხვევაში – თუ ის აღემატება ტვირთის მასის ბუნებრივი დანაკარგის ნორმასა და მასის ნეტოს გაზომვათა ცდომილებას;
ბ) ზედმეტობის შემთხვევაში – თუ არსებობს განსხვავება გაგზავნის რკინიგზის სადგურში განსაზღვრულ ტვირთის მასასა და დანიშნულების რკინიგზის სადგურში განსაზღვრულ ტვირთის მასას შორის, მასის ნეტოს გაზომვათა ცდომილების გათვალისწინებით.
6. იმ ტვირთის დანაკლისი და ზედმეტობა, რომლის გადაზიდვა ხორციელდება დაყრით, დაზვინვით, ჩასხმით ან გზაში გადატვირთვით ერთი ტვირთმიმღების მისამართზე და რომელიც მიტანილია გამართული ვაგონით, დაკარგვის ნიშნების გარეშე, განისაზღვრება ერთდროულად გაცემული ტვირთის მთელი პარტიის შემოწმების შედეგის მიხედვით და ფორმდება ერთი კომერციული აქტით.
7. კომერციული აქტი დგება 3 ეგზემპლარად. კომერციული აქტის ბლანკის შევსებისას დაუშვებელია გადაშლა, ამოფხეკა და შესწორება. კომერციული აქტი უნდა შეიცავდეს:
ა) ტვირთის, ბარგის ან ტვირთ-ბარგის მდგომარეობისა და იმ გარემოებების ზუსტ და დაწვრილებით აღწერას, რომლებმაც გამოიწვია ტვირთის, ბარგის ან ტვირთ-ბარგის დაუცველობა. კითხვებს, რომლებსაც შეიცავს კომერციული აქტის ბლანკი, უნდა გაეცეს ზუსტი პასუხი. დაუშვებელია გადახაზვა ან გამეორების ნიშნის დასმა საჭირო მონაცემების გამეორების ნაცვლად;
ბ) მონაცემებს იმის შესახებ, სწორად არის თუ არა ჩატვირთული, განლაგებული და დამაგრებული ტვირთი, ბარგი ან ტვირთ-ბარგი, აგრეთვე არის თუ არა დამცავი ნიშანდება ღია მოძრავი შემადგენლობით გადასაზიდ ტვირთზე.
8. მალფუჭებადი ტვირთის გაფუჭების თაობაზე კომერციულ აქტს უნდა დაერთოს ამონაწერი ტემპერატურათა დავთრიდან, რომლის შევსების პირობები განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.
9. არასწორი ინფორმაციის შემცველი კომერციული აქტის შემდგენ ან ხელმომწერ პირს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომელიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.
10. „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად კომერციულ აქტს ხელს აწერენ ტვირთმიმღები (თუ იგი მონაწილეობს ტვირთის, ბარგის ან ტვირთ-ბარგის შემოწმებაში), რკინიგზა და მასში მონაწილე სხვა პირები.
11. რკინიგზა ვალდებულია შეადგინოს კომერციული აქტი, თუ მან თვითონ გამოავლინა ამ მუხლში ჩამოთვლილი გარემოებანი თუ ამ გარემოებათაგან თუნდაც ერთი აღნიშნა ტვირთის, ბარგის ან ტვირთ-ბარგის მიმღებმა. მხარეთა წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობენ კომერციული აქტის შედგენაში, უფლება არა აქვთ, უარი განაცხადონ მის ხელმოწერაზე. კომერციული აქტის შინაარსთან უთანხმოების შემთხვევაში მხარეთა წარმომადგენლებს უფლება აქვთ, ჩამოაყალიბონ თავიანთი შენიშვნები.
12. რკინიგზის სადგურის მიერ კომერციული აქტის შედგენაზე უარის თქმის ან არასწორად შედგენის შემთხვევაში ტვირთმიმღებს უფლება აქვს, ამის თაობაზე წერილობითი განცხადება წარუდგინოს რკინიგზას.
13. რკინიგზა ვალდებულია, მოტივირებული პასუხი გასცეს მალფუჭებადი ტვირთის თაობაზე განცხადებას მისი მიღებიდან ერთ დღეში, ხოლო სხვა ტვირთის, ბარგის ან ტვირთ-ბარგის თაობაზე განცხადებას – მიღებიდან 3 დღის განმავლობაში. თუ განცხადება დასაბუთებულია, კომერციული აქტის შედგენის დაყოვნების დროისათვის ტვირთის, ბარგის ან ტვირთ-ბარგის შენახვის საფასურს ტვირთმიმღები არ გადაიხდის.
14. ტვირთმიმღების მოთხოვნით, რკინიგზის სადგური ვალდებულია, 3 დღის განმავლობაში გასცეს კომერციული აქტი. რკინიგზის სტრუქტურულ ერთეულებს შორის კომერციული აქტების გადაგზავნის წესს განსაზღვრავს რკინიგზა.
15. ამ მუხლით გაუთვალისწინებელ სხვა გარემოებათა დასამოწმებლად დგება ტექნიკური და საერთო ფორმის აქტები, „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ და „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად. 

მუხლი 53. პრეტენზიის წარდგენა

posted Apr 14, 2016, 9:16 AM by f o r m s . g e

1. ტვირთის (ტვირთ-ბარგის) გადაზიდვასთან დაკავშირებით სარჩელის წარდგენამდე სავალდებულოა რკინიგზის მიმართ წერილობითი პრეტენზიის წარდგენა.
2. ადგილობრივი გადაზიდვისას წარმოქმნილი ზიანისათვის რკინიგზისადმი პრეტენზიის ან სარჩელის წარდგენის უფლება აქვს:
ა) ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, ტვირთის გადასაზიდად მიღების შესახებ ტვირთის ქვითრის დედნის წარდგენისას, რომელზედაც არსებობს აღნიშვნა დანიშნულების რკინიგზის სადგურის მიერ ტვირთის არმიღების თაობაზე – ტვირთის მთლიანად დაკარგვის შემთხვევაში;
ბ) ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) ზედნადებისა და კომერციული აქტის დედნების წარდგენისას – ტვირთის დაზიანების, გაფუჭების, დანაკლისის, ხარისხის დაქვეითების და სხვა შემთხვევაში;
გ) ტვირთმიმღებს – ტვირთის (ტვირთ-ბარგის) ადგილზე მიტანის ვადის გადაცილების შემთხვევაში, იმ პირობით, თუ იგი წარმოადგენს ზედნადებს (ტვირთ-ბარგის ქვითრის დედანს);
დ) ტვირთმიმღებს – ტვირთის (ტვირთ-ბარგის) გაცემის შეფერხების შემთხვევაში, იმ პირობით, თუ იგი წარმოადგენს სატრანსპორტო ქვითრისა და საერთო ფორმის აქტის დედნებს.
3. საერთაშორისო გადაზიდვისას პრეტენზიის წაყენების პირობები განისაზღვრება „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებით.
4. ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) უფლება აქვს, პრეტენზიის წარდგენის უფლებამოსილება სხვა პირს გადასცეს.
5. მგზავრთა გადაყვანასთან ან ბარგის გადაზიდვასთან დაკავშირებით რკინიგზას პრეტენზია შეუძლია წარუდგინოს:
ა) ბარგის ქვითრის წარმომდგენმა – ბარგის დაკარგვისას;
ბ) შესაბამისი კომერციული აქტის წარმომდგენმა – ბარგის დაზიანებისას, გაფუჭებისას ან დანაკლისისას;
გ) რკინიგზის მიერ გაცემული შესაბამისი საერთო ფორმის აქტის წარმომდგენმა – ბარგის ადგილზე მიტანის ვადის გადაცილებისას;
დ) მგზავრმა, ბილეთის წარმოდგენის შემთხვევაში – მატარებლის გასვლის დაყოვნებისას ან დაგვიანებისას.
6. ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის გადაზიდვასთან და მგზავრთა გადაყვანასთან, აგრეთვე რკინიგზის მიერ მოძრავი შემადგენლობისა და კონტეინერის (რომლებიც ეკუთვნის ტვირთგამგზავნს, ტვირთმიმღებს ან სხვა პირს) დაზიანებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრეტენზიები წარედგინება რკინიგზას.
7. პირდაპირი შერეული მიმოსვლისას ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული პრეტენზიები წარედგინება:
ა) დანიშნულების რკინიგზას – თუ ტვირთის გადაზიდვის ბოლო პუნქტი რკინიგზის სადგურია;
ბ) სხვა სახეობის ტრანსპორტის შესაბამის ადმინისტრაციას, რომელიც ემსახურება ტვირთის გადაზიდვის ბოლო პუნქტს ან რომლის გამგებლობაშიც არის ეს პუნქტი. 

მუხლი 54. პრეტენზიის წარდგენის წესი

posted Apr 14, 2016, 9:16 AM by f o r m s . g e

1. პრეტენზია უნდა შეიცავდეს განმცხადებლის მოთხოვნებს და მას უნდა ერთვოდეს პრეტენზიის დასაბუთებულობის დამამტკიცებელი საბუთები.
2. ტვირთის (ტვირთ-ბარგის) დაკარგვის, დაზიანების, გაფუჭების ან დანაკლისის შესახებ პრეტენზიას აგრეთვე უნდა დაერთოს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გაგზავნილი ტვირთის (ტვირთ-ბარგის) რაოდენობასა და ღირებულებას, მასში მიუღებელი შემოსავლისა და განუხორციელებელი ფაქტობრივი დანახარჯების შეტანის გარეშე, ან დანაკლისი ტვირთის (ტვირთ-ბარგის) დეტალებისა და სათადარიგო ნაწილების ღირებულებას. 

მუხლი 55. პრეტენზიის წარდგენის ვადები

posted Apr 14, 2016, 9:15 AM by f o r m s . g e

1. ადგილობრივი გადაზიდვისას რკინიგზას პრეტენზია შეიძლება წარედგინოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილ ვადებში, ხოლო საერთაშორისო გადაზიდვისას – „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში.
2. პრეტენზიის წარდგენის ვადები გამოითვლება:
ა) ტვირთის, ბარგის ან ტვირთ-ბარგის დაზიანების, გაფუჭების ან დანაკლისის გამო – ტვირთის, ბარგის ან ტვირთ-ბარგის გაცემის დღიდან;
ბ) ტვირთის დაკარგვის გამო – ტვირთის ადგილზე მიტანის ვადის გასვლიდან 10 დღის შემდეგ;
გ) ბარგის, ტვირთ-ბარგის დაკარგვის გამო – ფიზიკურ პირთა ტვირთის, ტვირთ-ბარგის ადგილზე მიტანის ვადის გასვლიდან 30 დღის შემდეგ და იურიდიულ პირთა ტვირთ-ბარგის ადგილზე მიტანის ვადის გასვლიდან 10 დღის შემდეგ;
დ) ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის ადგილზე მიტანის ვადის გადაცილების გამო – ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის გაცემის დღიდან;
ე) ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურის დაბრუნებაზე – პრეტენზიის განმცხადებლის მიერ ამ საფასურის გადახდის დღიდან;
ვ) ტვირთის გადაზიდვის განაცხადის შეუსრულებლობის გამო –საფასურის გადახდიდან 5 დღის შემდეგ;
ზ) რკინიგზის მიერ ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან სხვა საწარმოს (ორგანიზაციის და ა.შ.) კუთვნილი ან მათ სარგებლობაში არსებული ვაგონის (კონტეინერის) თვითნებური დაკავებით მიყენებული ზიანის გამო – ასეთი მოძრავი შემადგენლობით ტვირთის ადგილზე მიტანის ან მიწერის რკინიგზის სადგურში მისი დაბრუნების ვადის გასვლის შემდეგ;
თ) გადაზიდვასთან დაკავშირებით წარმოშობილ სხვა შემთხვევაში – იმ მოვლენის დადგომის დღიდან, რომელიც პრეტენზიის წარდგენის საფუძველი გახდა.
3. რკინიგზა ვალდებულია განიხილოს პრეტენზია და მისი განხილვის შედეგები წერილობით შეატყობინოს განმცხადებელს პრეტენზიის მიღების დღიდან 2 თვის განმავლობაში. თუ რკინიგზა ცნობს პრეტენზიას, იგი ვალდებულია, პრეტენზიის ცნობის დღიდან 2 კვირის ვადაში აუნაზღაუროს განმცხადებელს ტვირთის გადაზიდვისას წარმოშობილი ზიანი ამ კოდექსის 46-ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილი ოდენობით.
4. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენზია წარმოდგენილია თანდართული არასრული დოკუმენტებით, იგი განმცხადებელს უნდა დაუბრუნდეს განხილვის გარეშე, 10 დღის ვადაში.
5. თუ რკინიგზამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ან უარყო პრეტენზია, პასუხში უნდა აღინიშნოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი. ამ შემთხვევაში განმცხადებელს უბრუნდება პრეტენზიასთან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტები.
6. რკინიგზას უფლება აქვს, პრეტენზია წარუდგინოს ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) ან სხვა პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. 

მუხლი 56. სარჩელის წარდგენის ვადები

posted Apr 14, 2016, 9:15 AM by f o r m s . g e

ამ კოდექსით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან გამომდინარე სარჩელის წარდგენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. 

მუხლი 57. სარჩელის წარდგენის წესი

posted Apr 14, 2016, 9:15 AM by f o r m s . g e

1. ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) გადაზიდვასთან დაკავშირებით სარჩელი რკინიგზის მიმართ შეიძლება წარდგენილ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ რკინიგზა მთლიანად ან ნაწილობრივ უარს იტყვის პრეტენზიის დაკმაყოფილებაზე, ან იმ შემთხვევაში, თუ რკინიგზა არ გასცემს პასუხს განმცხადებელს პრეტენზიის მიღების დღიდან 2 თვის განმავლობაში.
2. სარჩელის წარდგენა ხდება სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. მგზავრთა გადაყვანასთან, ბარგის ან ტვირთ-ბარგის გადაზიდვასთან დაკავშირებით სარჩელის წარდგენა დაიშვება ამ კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი ვადების გასვლამდე, თუ პრეტენზიაზე მიღებულია რკინიგზის პასუხი. 

მუხლი 58. ტვირთზე გირავნობის უფლება

posted Apr 14, 2016, 9:14 AM by f o r m s . g e

რკინიგზას გადაზიდვის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ხარჯების გამო აქვს ტვირთზე გირავნობის უფლება, ვიდრე იგი უფლებამოსილია განკარგოს ეს ტვირთი.

1-7 of 7