მუხლი 51. მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების სხვა პირობების დარღვევისათვის

posted Apr 14, 2016, 9:09 AM by Forms . GE
1. ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის, უხარისხო ელექტროენერგიის მიწოდების ან რკინიგზისაგან დამოუკიდებელი სხვა მიზეზებით სამგზავრო და სატვირთო მატარებლების განრიგით გათვალისწინებული დგომის დროის გადამეტებისათვის დამრღვევი პირი რკინიგზას უნაზღაურებს მატარებლის დაყოვნებით გამოწვეულ ზიანს.
2. ვაგონის (კონტეინერის) ტვირთამწეობის გადამეტებისათვის ტვირთგამგზავნი რკინიგზას უხდის ზედმეტი ტვირთის გადაზიდვის საფასურს ხუთმაგი ოდენობით. ტვირთგამგზავნი რკინიგზას აგრეთვე უნაზღაურებს ზედმეტი ტვირთის გადმოტვირთვისა და შენახვის ხარჯსა და ვაგონის (კონტეინერის) გადამეტტვირთვის გამო მომხდარი ავარიით მიყენებულ ზიანს.
3. რკინიგზის მიერ მიწოდებული ვაგონის (კონტეინერის) ან მისი მოსახსნელი დეტალებისა და სამარჯვების დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) და სხვა შესაბამისი პირი, რომელთა მიზეზითაც დაზიანდა ან დაიკარგა ვაგონი (კონტეინერი) ან მისი დეტალები და სამარჯვები, ვალდებულნი არიან, აღადგინონ (დააბრუნონ) ისინი ან აუნაზღაურონ რკინიგზას ამ დაზიანებით მიყენებული ზარალი ღირებულების სამმაგი ოდენობით, ხოლო თუ აღდგენა (დაბრუნება) შეუძლებელია – გადაიხადონ მათი სამმაგი ღირებულება.
4. თუ რკინიგზამ დააზიანა ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან სხვა პირის კუთვნილი ვაგონი (კონტეინერი), რკინიგზა ვალდებულია შეაკეთოს ასეთი ვაგონი (კონტეინერი) ან აუნაზღაუროს მფლობელს ვაგონის (კონტეინერის) დაზიანებით მიყენებული ზარალი ღირებულების სამმაგი ოდენობით.
5. ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან სხვა პირის კუთვნილი ვაგონის (კონტეინერის) დაკარგვისას რკინიგზა, მისი მოთხოვნით, ვალდებულია გადასცეს მას შესაბამისი სახეობის ვაგონი (კონტეინერი) გარკვეული ვადით უფასოდ სარგებლობის უფლებით, ხოლო თუ რკინიგზა 3 თვის განმავლობაში ვერ დაუბრუნებს მფლობელს დაკარგულ ვაგონს (კონტეინერს) – გადასცეს ის მას საკუთრებაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. რკინიგზის მიერ იჯარით გაცემული, დაზიანებული ან დაკარგული ვაგონის (კონტეინერის) შეცვლის წესი განისაზღვრება იჯარის ხელშეკრულებით.
7. თუ რკინიგზამ, ტვირთგამგზავნის თანხმობით, დასატვირთად მიაწოდა მას ცარიელი, გაუწმენდავი ვაგონი (კონტეინერი), რომელსაც გახსნილი ლუკები, კარები და მოუხსნელი დასამაგრებელი სამარჯვები აქვს, რკინიგზამ ტვირთგამგზავნს უნდა აუნაზღაუროს შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად გაწეული ხარჯები. მათ შესასრულებლად ტვირთგამგზავნს ეძლევა გონივრული ვადა.
8. თუ ტვირთმიმღები დაარღვევს ამ კოდექსის 28-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია, რკინიგზას აუნაზღაუროს ამ მუხლით გათვალისწინებული სამუშაოების ხარჯები და გადაუხადოს ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური „რკინიგზის სატარიფო პოლიტიკის“ შესაბამისად. 
Comments