მუხლი 50. ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური

posted Apr 14, 2016, 9:09 AM by f o r m s . g e
1. ამ კოდექსის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 29-ე, 36-ე (გარდა სამგზავრო მატარებლის გაჩერების დროის გადამეტებისა) და 48-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ან ექსპედიტორი, რკინიგზის მიერ მასთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, გაგზავნისა და დანიშნულების ადგილის რკინიგზის სადგურებში (სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგების ჩათვლით) თითოეული ვაგონით (დახურული, ნახევარვაგონი, პლატფორმა) სარგებლობისათვის რკინიგზას უხდის შესაბამის საფასურს. საფასურის ოდენობა განისაზღვრება „რკინიგზის სატარიფო პოლიტიკით“ დადგენილი წესით.
2. ცისტერნით, ცემენტმზიდით, ბუნკერული ნახევარვაგონით, მინერალმზიდით და სხვა სპეციალური ვაგონებით სარგებლობისათვის ამ მუხლით განსაზღვრული საფასური გადაიხდება ორმაგი ოდენობით, ხოლო რეფრიჟერატორული ვაგონითა და ტრანსპორტიორით სარგებლობისათვის – სამმაგი ოდენობით.
3. თუ ტვირთგამგზავნი რკინიგზის სადგურს შეატყობინებს, რომ უარს აცხადებს ვაგონის დატვირთვაზე, ამ ვაგონით სარგებლობის საფასური გადაიხდება რკინიგზის სადგურის მიერ შეტყობინების მიღების დღემდე.
4. ამ კოდექსის 29-ე, 36-ე და 48-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უნივერსალური კონტეინერით სარგებლობისათვის ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) რკინიგზას უხდის საფასურს „რკინიგზის სატარიფო პოლიტიკის“ შესაბამისად.
5. ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) და ნავსადგური თავისუფლდებიან ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურის გადახდისაგან, თუ:
ა) დაუძლეველი ძალის გამო შეწყდა მოძრაობა სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე ან აიკრძალა ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციების შესრულება, აგრეთვე მოხდა ავარია, რომლის შედეგად შეუძლებელი გახდა ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან ნავსადგურის ძირითადი საქმიანობის განხორციელება;
ბ) რკინიგზის მიერ მიწოდებული ვაგონების (კონტეინერების) რაოდენობა აღემატება სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონის (კონტეინერის) მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებით დადგენილ ოდენობას.
6. თუ ტვირთგამგზავნი უარს ამბობს განაცხადის შესაბამისად რკინიგზის სადგურში მისული ცარიელი სპეციალური ვაგონის დატვირთვაზე და სხვა ტვირთგამგზავნის მიერ მისი გამოყენება შეუძლებელია საანგარიშო დღე-ღამის განმავლობაში, ტვირთგამგზავნი ვალდებულია გადაუხადოს რკინიგზას ამ ვაგონის ფაქტობრივი გარბენის საფასური, მაგრამ არა უმეტეს 300 კილომეტრისათვის. 
Comments