მუხლი 46. რკინიგზის პასუხისმგებლობა ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) დაკარგვის, დაზიანების, გაფუჭებისა და დანაკლისისათვის „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების მიხედვით

posted Apr 14, 2016, 9:11 AM by f o r m s . g e
1. გადასაზიდად ტვირთის მიღებიდან მის გაცემამდე რკინიგზას ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ტვირთის დაუცველობისათვის, თუ ის ვერ დაამტკიცებს, რომ ტვირთი დაიკარგა, დაზიანდა, გაფუჭდა ან ადგილი ჰქონდა დანაკლისს:
ა) ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების მიზეზით;
ბ) ტვირთის ბუნებრივი თვისებების გამო;
გ) ტარის (შეფუთვის) ნაკლოვანებების გამო, რომლებიც არ შეინიშნებოდა ტვირთის მიღების დროს მისი გარეგნული დათვალიერებისას ან ისეთი ტარის (შეფუთვის) გამოყენების გამო, რომელიც არ შეესაბამება ტვირთის თვისებებს;
დ) გადასაზიდად იმ ტვირთის ჩაბარების გამო, რომლის ტენიანობა აღემატება დადგენილ ნორმებს.
2. რკინიგზა თავისუფლდება ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან გადასაზიდად მიღებული ტვირთის დაკარგვისათვის, დაზიანებისათვის, გაფუჭებისათვის ან დანაკლისისათვის, თუ:
ა) ტვირთი მიტანილ იქნა ტვირთგამგზავნის გამართული ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობების მქონე წესივრული ვაგონით (კონტეინერით) და სხვა მოთხოვნების გათვალისწინებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ტვირთის დაცულობას;
ბ) ტვირთი დაზიანდა, გაფუჭდა ან ადგილი ჰქონდა დანაკლისს ღია მოძრავი შემადგენლობით ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ბუნებრივი მიზეზების გამო;
გ) ტვირთის გადაზიდვა განხორციელდა ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) გამცილებლის თანხლებით, „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად;
დ) ტვირთის დანაკლისი არ აღემატება მასის ბუნებრივი დანაკარგის ნორმასა და მასის ნეტოს გაზომვათა ცდომილებას;
ე) ტვირთის დაკარგვა, დაზიანება, გაფუჭება ან დანაკლისი მოხდა ზედნადებში ტვირთგამგზავნის მიერ არასწორი ან არასრული მონაცემების აღნიშვნის გამო.
3. თუ პრეტენზიის წამყენებელი დაამტკიცებს, რომ ტვირთი დაიკარგა, დაზიანდა, გაფუჭდა ან ადგილი ჰქონდა დანაკლისს რკინიგზის მიზეზით, ქონებრივი პასუხისმგებლობა ტვირთის დაუცველობისათვის რკინიგზას ეკისრება.
4. თუ ტვირთმიმღების მოთხოვნით ტვირთი მას არ გადაეცემა ტვირთის ადგილზე მიტანის ვადის გასვლიდან 30 დღის განმავლობაში, პირდაპირი შერეული გადაზიდვისას კი „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვადაში, ტვირთი დაკარგულად მიიჩნევა.
5. თუ ტვირთი მიტანილ იქნა ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ტვირთმიმღებს უფლება აქვს მიიღოს იგი, თუ რკინიგზას დაუბრუნებს ტვირთის დაკარგვისათვის მიღებულ ანაზღაურებას ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით.
6. თუ ტვირთმიმღები უარს განაცხადებს ტვირთის მიღებაზე ან არ განკარგავს მას ტვირთის მიტანის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 4 დღე-ღამის განმავლობაში, რკინიგზას უფლება აქვს, ტვირთის რეალიზაცია მოახდინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. ტვირთის გადაზიდვისას წარმოშობილ ზიანს რკინიგზა ანაზღაურებს შემდეგი ოდენობით:
ა) ტვირთის დაკარგვის ან დანაკლისის შემთხვევაში – დაკარგული ტვირთის ან დანაკლისის ღირებულების ოდენობით;
ბ) ტვირთის დაზიანებისას (გაფუჭებისას) – იმ თანხის ოდენობით, რომლითაც შემცირდა მისი ღირებულება, ხოლო თუ ტვირთის აღდგენა შეუძლებელია – მისი მთლიანი ღირებულების ოდენობით;
გ) გამოცხადებული ფასეულობის ტვირთის დაკარგვის შემთხვევაში –მისი გამოცხადებული ფასეულობის სრული ან იმ ნაწილის ოდენობით, რომელიც შეესაბამება ტვირთის დაკარგულ, დაზიანებულ, გაფუჭებულ ან დანაკლისით მიტანილ ნაწილს. ტვირთის ღირებულება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. ტვირთის დაკარგვით, დაზიანებით, გაფუჭებით ან დანაკლისით გამოწვეული ზიანის დადგენილი ოდენობით ანაზღაურებასთან ერთად რკინიგზა ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) უბრუნებს მისგან მიღებული ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურს დაკარგული, დაზიანებული, გაფუჭებული ან დანაკლისით მიტანილი ტვირთის რაოდენობის პროპორციულად.
9. თუ ბარგი (ტვირთ-ბარგი) დაიკარგა, დაზიანდა, გაფუჭდა ან ადგილი ჰქონდა დანაკლისს იმ გარემოებათა გამო, რომელთა აღმოფხვრა შესაძლებელი იყო გადასაზიდად მისი მიღების დღიდან გაცემამდე, ბარგის (ტვირთ-ბარგის) დაუცველობისათვის ქონებრივი პასუხისმგებლობა რკინიგზას ეკისრება.
10. ბარგის (ტვირთ-ბარგის) გადაზიდვისას წარმოშობილ ზიანს რკინიგზა ანაზღაურებს შემდეგი ოდენობით:
ა) ბარგის (ტვირთ-ბარგის) დაკარგვის ან დანაკლისის შემთხვევაში – დაკარგული ბარგის (ტვირთ-ბარგის) ან დანაკლისის ღირებულების ოდენობით;
ბ) ბარგის (ტვირთ-ბარგის) დაზიანებისას (გაფუჭებისას) – იმ თანხის ოდენობით, რომლითაც შემცირდა მისი ღირებულება, ხოლო თუ ბარგის (ტვირთ-ბარგის) აღდგენა შეუძლებელია – მისი მთლიანი ღირებულების ოდენობით;
გ) გამოცხადებული ფასეულობის ბარგის (ტვირთ-ბარგის) დაკარგვის შემთხვევაში – მისი გამოცხადებული ფასეულობის ოდენობით.
11. ბარგის (ტვირთ-ბარგის) ღირებულება განისაზღვრება „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
12. ბარგის (ტვირთ-ბარგის) დაკარგვით, დაზიანებით, გაფუჭებით ან დანაკლისით გამოწვეული ზიანის დადგენილი ოდენობით ანაზღაურებასთან ერთად რკინიგზა ბარგის (ტვირთ-ბარგის) მიმღებს უბრუნებს მისგან მიღებული ბარგის (ტვირთ-ბარგის) გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურს დაკარგული, დაზიანებული, გაფუჭებული ან დანაკლისით მიტანილი ბარგის (ტვირთ-ბარგის) რაოდენობის პროპორციულად. 
Comments