თავი VI მხარეთა პასუხისმგებლობა



მუხლი 44. მხარეთა პასუხისმგებლობა

posted Apr 14, 2016, 9:12 AM by Forms . GE

1. ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის მხარეებს ეკისრებათ ამ კოდექსით, სხვა ნორმატიული აქტებითა და შესაბამისი ხელშეკრულებებით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.
2. მხარეები პასუხს აგებენ მხოლოდ მათ მიერ ჩადენილი ან მათი მიზეზით გამოწვეული სამართალდარღვევებისათვის. სამართალდარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებასთან ერთად დამრღვევი მხარე ვალდებულია გადაიხადოს მგზავრის გადაყვანის, ტვირთის, ტვირთ-ბარგის გადაზიდვის, ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობისა და სხვა მომსახურების საფასური.
3. ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს), მგზავრსა და რკინიგზას შორის დადებული ყველა სახის ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს ან ათავისუფლებს მათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან, ბათილია. 

მუხლი 45. რკინიგზის პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალებათა გამოუყოფლობისათვის და ტვირთგამგზავნის პასუხისმგებლობა მიწოდებულ სატრანსპორტო საშუალებათა გამოუყენებლობისათვის

posted Apr 14, 2016, 9:12 AM by Forms . GE

1. რკინიგზა ვაგონის (კონტეინერის) ან/და რეფრიჟერატორული ვაგონის (ტრანსპორტიორის) გამოუყოფლობისათვის, ხოლო ტვირთგამგზავნი ტვირთის წარუდგენლობის, მისი დანიშნულების ადგილის შეცვლის, გამოყოფილი ვაგონის (კონტეინერის) ან/და რეფრიჟერატორული ვაგონის (ტრანსპორტიორის) გამოუყენებლობისათვის ან მის/მათ მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვალდებულია, „რკინიგზის სატარიფო პოლიტიკის“ შესაბამისად აანაზღაუროს ზიანი.
2. ტვირთგამგზავნი ზიანის ანაზღაურებისაგან თავისუფლდება, თუ არსებობს შემდეგი გარემოებები:
ა) დაუძლეველი ძალა;
ბ) საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ ტვირთის დატვირთვისა და გადმოტვირთვის აკრძალვა, ტვირთის დატვირთვის შეწყვეტა ან შეზღუდვა;
გ) ავარია, რომლის გამო შეწყდა ტვირთგამგზავნის ძირითადი საქმიანობა;
დ) ტვირთგამგზავნის თანხმობის გარეშე ტვირთმიმღებისათვის ტვირთის გადაზიდვის განაცხადით გათვალისწინებულზე მეტი რაოდენობით მიწოდებული ვაგონების (კონტეინერების) გამოუყენებლობა;
ე) ტვირთის ტონობით გადაზიდვის განაცხადის შესრულება, თუ მისი გადაზიდვა დადგენილია ვაგონითა და ტონობით.
3. თუ ტვირთგამგზავნი ვაგონების (კონტეინერების) შემჭიდროებული დატვირთვის შედეგად იყენებს განაცხადით გათვალისწინებულზე ნაკლები რაოდენობის ვაგონებს (კონტეინერებს), მათი სრულად გამოუყენებლობით მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება.
4. თუ ტვირთგამგზავნი დატვირთვამდე 2 დღით ადრე მაინც გააფრთხილებს რკინიგზის სადგურს ვაგონის (კონტეინერის) გამოუყენებლობის თაობაზე, ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა მესამედით მცირდება.
5. რკინიგზა ზიანის ანაზღაურებისაგან თავისუფლდება, თუ არსებობს შემდეგი გარემოებები:
ა) დაუძლეველი ძალა;
ბ) საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ ტვირთის დატვირთვისა და გადმოტვირთვის აკრძალვა, ტვირთის დატვირთვის შეწყვეტა ან შეზღუდვა;
გ) ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მიერ ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადაუხდელობა.
6. თუ ტვირთმიმღები (ტვირთგამგზავნი) და ნავსადგური დააყოვნებენ ვაგონებს (კონტეინერებს) მათი დატვირთვის, გადმოტვირთვის, გაწმენდისა და გარეცხვის გამო, რკინიგზა თავისუფლდება ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან იმ რაოდენობის ვაგონების (კონტეინერების) გამოუყოფლობისათვის, რომლებიც დაყოვნდა და ამ მიზეზით ვერ მიეწოდა დასატვირთად. 

მუხლი 46. რკინიგზის პასუხისმგებლობა ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) დაკარგვის, დაზიანების, გაფუჭებისა და დანაკლისისათვის „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების მიხედვით

posted Apr 14, 2016, 9:11 AM by Forms . GE

1. გადასაზიდად ტვირთის მიღებიდან მის გაცემამდე რკინიგზას ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ტვირთის დაუცველობისათვის, თუ ის ვერ დაამტკიცებს, რომ ტვირთი დაიკარგა, დაზიანდა, გაფუჭდა ან ადგილი ჰქონდა დანაკლისს:
ა) ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების მიზეზით;
ბ) ტვირთის ბუნებრივი თვისებების გამო;
გ) ტარის (შეფუთვის) ნაკლოვანებების გამო, რომლებიც არ შეინიშნებოდა ტვირთის მიღების დროს მისი გარეგნული დათვალიერებისას ან ისეთი ტარის (შეფუთვის) გამოყენების გამო, რომელიც არ შეესაბამება ტვირთის თვისებებს;
დ) გადასაზიდად იმ ტვირთის ჩაბარების გამო, რომლის ტენიანობა აღემატება დადგენილ ნორმებს.
2. რკინიგზა თავისუფლდება ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან გადასაზიდად მიღებული ტვირთის დაკარგვისათვის, დაზიანებისათვის, გაფუჭებისათვის ან დანაკლისისათვის, თუ:
ა) ტვირთი მიტანილ იქნა ტვირთგამგზავნის გამართული ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობების მქონე წესივრული ვაგონით (კონტეინერით) და სხვა მოთხოვნების გათვალისწინებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ტვირთის დაცულობას;
ბ) ტვირთი დაზიანდა, გაფუჭდა ან ადგილი ჰქონდა დანაკლისს ღია მოძრავი შემადგენლობით ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ბუნებრივი მიზეზების გამო;
გ) ტვირთის გადაზიდვა განხორციელდა ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) გამცილებლის თანხლებით, „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად;
დ) ტვირთის დანაკლისი არ აღემატება მასის ბუნებრივი დანაკარგის ნორმასა და მასის ნეტოს გაზომვათა ცდომილებას;
ე) ტვირთის დაკარგვა, დაზიანება, გაფუჭება ან დანაკლისი მოხდა ზედნადებში ტვირთგამგზავნის მიერ არასწორი ან არასრული მონაცემების აღნიშვნის გამო.
3. თუ პრეტენზიის წამყენებელი დაამტკიცებს, რომ ტვირთი დაიკარგა, დაზიანდა, გაფუჭდა ან ადგილი ჰქონდა დანაკლისს რკინიგზის მიზეზით, ქონებრივი პასუხისმგებლობა ტვირთის დაუცველობისათვის რკინიგზას ეკისრება.
4. თუ ტვირთმიმღების მოთხოვნით ტვირთი მას არ გადაეცემა ტვირთის ადგილზე მიტანის ვადის გასვლიდან 30 დღის განმავლობაში, პირდაპირი შერეული გადაზიდვისას კი „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვადაში, ტვირთი დაკარგულად მიიჩნევა.
5. თუ ტვირთი მიტანილ იქნა ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ტვირთმიმღებს უფლება აქვს მიიღოს იგი, თუ რკინიგზას დაუბრუნებს ტვირთის დაკარგვისათვის მიღებულ ანაზღაურებას ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით.
6. თუ ტვირთმიმღები უარს განაცხადებს ტვირთის მიღებაზე ან არ განკარგავს მას ტვირთის მიტანის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 4 დღე-ღამის განმავლობაში, რკინიგზას უფლება აქვს, ტვირთის რეალიზაცია მოახდინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. ტვირთის გადაზიდვისას წარმოშობილ ზიანს რკინიგზა ანაზღაურებს შემდეგი ოდენობით:
ა) ტვირთის დაკარგვის ან დანაკლისის შემთხვევაში – დაკარგული ტვირთის ან დანაკლისის ღირებულების ოდენობით;
ბ) ტვირთის დაზიანებისას (გაფუჭებისას) – იმ თანხის ოდენობით, რომლითაც შემცირდა მისი ღირებულება, ხოლო თუ ტვირთის აღდგენა შეუძლებელია – მისი მთლიანი ღირებულების ოდენობით;
გ) გამოცხადებული ფასეულობის ტვირთის დაკარგვის შემთხვევაში –მისი გამოცხადებული ფასეულობის სრული ან იმ ნაწილის ოდენობით, რომელიც შეესაბამება ტვირთის დაკარგულ, დაზიანებულ, გაფუჭებულ ან დანაკლისით მიტანილ ნაწილს. ტვირთის ღირებულება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. ტვირთის დაკარგვით, დაზიანებით, გაფუჭებით ან დანაკლისით გამოწვეული ზიანის დადგენილი ოდენობით ანაზღაურებასთან ერთად რკინიგზა ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) უბრუნებს მისგან მიღებული ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურს დაკარგული, დაზიანებული, გაფუჭებული ან დანაკლისით მიტანილი ტვირთის რაოდენობის პროპორციულად.
9. თუ ბარგი (ტვირთ-ბარგი) დაიკარგა, დაზიანდა, გაფუჭდა ან ადგილი ჰქონდა დანაკლისს იმ გარემოებათა გამო, რომელთა აღმოფხვრა შესაძლებელი იყო გადასაზიდად მისი მიღების დღიდან გაცემამდე, ბარგის (ტვირთ-ბარგის) დაუცველობისათვის ქონებრივი პასუხისმგებლობა რკინიგზას ეკისრება.
10. ბარგის (ტვირთ-ბარგის) გადაზიდვისას წარმოშობილ ზიანს რკინიგზა ანაზღაურებს შემდეგი ოდენობით:
ა) ბარგის (ტვირთ-ბარგის) დაკარგვის ან დანაკლისის შემთხვევაში – დაკარგული ბარგის (ტვირთ-ბარგის) ან დანაკლისის ღირებულების ოდენობით;
ბ) ბარგის (ტვირთ-ბარგის) დაზიანებისას (გაფუჭებისას) – იმ თანხის ოდენობით, რომლითაც შემცირდა მისი ღირებულება, ხოლო თუ ბარგის (ტვირთ-ბარგის) აღდგენა შეუძლებელია – მისი მთლიანი ღირებულების ოდენობით;
გ) გამოცხადებული ფასეულობის ბარგის (ტვირთ-ბარგის) დაკარგვის შემთხვევაში – მისი გამოცხადებული ფასეულობის ოდენობით.
11. ბარგის (ტვირთ-ბარგის) ღირებულება განისაზღვრება „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
12. ბარგის (ტვირთ-ბარგის) დაკარგვით, დაზიანებით, გაფუჭებით ან დანაკლისით გამოწვეული ზიანის დადგენილი ოდენობით ანაზღაურებასთან ერთად რკინიგზა ბარგის (ტვირთ-ბარგის) მიმღებს უბრუნებს მისგან მიღებული ბარგის (ტვირთ-ბარგის) გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურს დაკარგული, დაზიანებული, გაფუჭებული ან დანაკლისით მიტანილი ბარგის (ტვირთ-ბარგის) რაოდენობის პროპორციულად. 

მუხლი 47. პასუხისმგებლობა ტვირთის დანიშნულების ადგილზე დაგვიანებით მიტანისათვის

posted Apr 14, 2016, 9:10 AM by Forms . GE

1. ადგილობრივი გადაზიდვისას ტვირთის დანიშნულების ადგილზე დაგვიანებით მიტანისას, აგრეთვე ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მფლობელობაში არსებული ცარიელი ვაგონების დანიშნულების ადგილზე დაგვიანებით მიყვანისას რკინიგზა ზიანს ანაზღაურებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
2. ადგილობრივი გადაზიდვისას ბარგის (ტვირთ-ბარგის) დანიშნულების ადგილზე დაგვიანებით მიტანით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.
3. საერთაშორისო გადაზიდვისას ტვირთის დანიშნულების ადგილზე დაგვიანებით მიტანისას, აგრეთვე ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მფლობელობაში არსებული ცარიელი ვაგონების დანიშნულების ადგილზე დაგვიანებით მიყვანისას რკინიგზა ან ის მხარე, რომლის მიზეზითაც მოხდა ვადის გადაცილება პირდაპირი შერეული გადაზიდვისას, ზიანს ანაზღაურებს „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებით განსაზღვრული ოდენობით. 

მუხლი 48. პასუხისმგებლობა მოძრავი შემადგენლობის თვითნებურად გამოყენებისათვის

posted Apr 14, 2016, 9:10 AM by Forms . GE

თუ ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ან სხვა პირი საამისოდ უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე იყენებს სარკინიგზო ტრანსპორტის საწარმოს (ორგანიზაციის და ა.შ.) ვაგონს (კონტეინერს), აგრეთვე თუ რკინიგზა საამისოდ უფლებამოსილი პირის ნებართის გარეშე იყენებს ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან სხვა პირის მფლობელობაში არსებულ ვაგონს (კონტეინერს), დამრღვევი მხარე იხდის ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურს სამმაგი ოდენობით. 

მუხლი 49. პასუხისმგებლობა გადასაზიდად აკრძალული ან გადაზიდვისას განსაკუთრებულად მოსაფრთხილებელი ტვირთის წარდგენისათვის

posted Apr 14, 2016, 9:10 AM by Forms . GE

ზედნადებში ტვირთის სახელწოდების, განსაკუთრებული აღნიშვნების ან ტვირთის გადაზიდვისას აუცილებლად მისაღები ზომების არასწორი მითითებისათვის, აგრეთვე გადასაზიდად აკრძალული ტვირთის გაგზავნისათვის ან ტვირთის თვისებათა არასწორი აღნიშვნისათვის ტვირთგამგზავნი ვალდებულია გადაიხადოს ამ ტვირთის გადაზიდვის გაზრდილი საფასური „რკინიგზის სატარიფო პოლიტიკით“ დადგენილი ოდენობით.

მუხლი 50. ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური

posted Apr 14, 2016, 9:09 AM by Forms . GE

1. ამ კოდექსის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 29-ე, 36-ე (გარდა სამგზავრო მატარებლის გაჩერების დროის გადამეტებისა) და 48-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ან ექსპედიტორი, რკინიგზის მიერ მასთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, გაგზავნისა და დანიშნულების ადგილის რკინიგზის სადგურებში (სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგების ჩათვლით) თითოეული ვაგონით (დახურული, ნახევარვაგონი, პლატფორმა) სარგებლობისათვის რკინიგზას უხდის შესაბამის საფასურს. საფასურის ოდენობა განისაზღვრება „რკინიგზის სატარიფო პოლიტიკით“ დადგენილი წესით.
2. ცისტერნით, ცემენტმზიდით, ბუნკერული ნახევარვაგონით, მინერალმზიდით და სხვა სპეციალური ვაგონებით სარგებლობისათვის ამ მუხლით განსაზღვრული საფასური გადაიხდება ორმაგი ოდენობით, ხოლო რეფრიჟერატორული ვაგონითა და ტრანსპორტიორით სარგებლობისათვის – სამმაგი ოდენობით.
3. თუ ტვირთგამგზავნი რკინიგზის სადგურს შეატყობინებს, რომ უარს აცხადებს ვაგონის დატვირთვაზე, ამ ვაგონით სარგებლობის საფასური გადაიხდება რკინიგზის სადგურის მიერ შეტყობინების მიღების დღემდე.
4. ამ კოდექსის 29-ე, 36-ე და 48-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უნივერსალური კონტეინერით სარგებლობისათვის ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) რკინიგზას უხდის საფასურს „რკინიგზის სატარიფო პოლიტიკის“ შესაბამისად.
5. ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) და ნავსადგური თავისუფლდებიან ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურის გადახდისაგან, თუ:
ა) დაუძლეველი ძალის გამო შეწყდა მოძრაობა სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე ან აიკრძალა ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციების შესრულება, აგრეთვე მოხდა ავარია, რომლის შედეგად შეუძლებელი გახდა ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან ნავსადგურის ძირითადი საქმიანობის განხორციელება;
ბ) რკინიგზის მიერ მიწოდებული ვაგონების (კონტეინერების) რაოდენობა აღემატება სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონის (კონტეინერის) მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებით დადგენილ ოდენობას.
6. თუ ტვირთგამგზავნი უარს ამბობს განაცხადის შესაბამისად რკინიგზის სადგურში მისული ცარიელი სპეციალური ვაგონის დატვირთვაზე და სხვა ტვირთგამგზავნის მიერ მისი გამოყენება შეუძლებელია საანგარიშო დღე-ღამის განმავლობაში, ტვირთგამგზავნი ვალდებულია გადაუხადოს რკინიგზას ამ ვაგონის ფაქტობრივი გარბენის საფასური, მაგრამ არა უმეტეს 300 კილომეტრისათვის. 

მუხლი 51. მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების სხვა პირობების დარღვევისათვის

posted Apr 14, 2016, 9:09 AM by Forms . GE

1. ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის, უხარისხო ელექტროენერგიის მიწოდების ან რკინიგზისაგან დამოუკიდებელი სხვა მიზეზებით სამგზავრო და სატვირთო მატარებლების განრიგით გათვალისწინებული დგომის დროის გადამეტებისათვის დამრღვევი პირი რკინიგზას უნაზღაურებს მატარებლის დაყოვნებით გამოწვეულ ზიანს.
2. ვაგონის (კონტეინერის) ტვირთამწეობის გადამეტებისათვის ტვირთგამგზავნი რკინიგზას უხდის ზედმეტი ტვირთის გადაზიდვის საფასურს ხუთმაგი ოდენობით. ტვირთგამგზავნი რკინიგზას აგრეთვე უნაზღაურებს ზედმეტი ტვირთის გადმოტვირთვისა და შენახვის ხარჯსა და ვაგონის (კონტეინერის) გადამეტტვირთვის გამო მომხდარი ავარიით მიყენებულ ზიანს.
3. რკინიგზის მიერ მიწოდებული ვაგონის (კონტეინერის) ან მისი მოსახსნელი დეტალებისა და სამარჯვების დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) და სხვა შესაბამისი პირი, რომელთა მიზეზითაც დაზიანდა ან დაიკარგა ვაგონი (კონტეინერი) ან მისი დეტალები და სამარჯვები, ვალდებულნი არიან, აღადგინონ (დააბრუნონ) ისინი ან აუნაზღაურონ რკინიგზას ამ დაზიანებით მიყენებული ზარალი ღირებულების სამმაგი ოდენობით, ხოლო თუ აღდგენა (დაბრუნება) შეუძლებელია – გადაიხადონ მათი სამმაგი ღირებულება.
4. თუ რკინიგზამ დააზიანა ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან სხვა პირის კუთვნილი ვაგონი (კონტეინერი), რკინიგზა ვალდებულია შეაკეთოს ასეთი ვაგონი (კონტეინერი) ან აუნაზღაუროს მფლობელს ვაგონის (კონტეინერის) დაზიანებით მიყენებული ზარალი ღირებულების სამმაგი ოდენობით.
5. ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან სხვა პირის კუთვნილი ვაგონის (კონტეინერის) დაკარგვისას რკინიგზა, მისი მოთხოვნით, ვალდებულია გადასცეს მას შესაბამისი სახეობის ვაგონი (კონტეინერი) გარკვეული ვადით უფასოდ სარგებლობის უფლებით, ხოლო თუ რკინიგზა 3 თვის განმავლობაში ვერ დაუბრუნებს მფლობელს დაკარგულ ვაგონს (კონტეინერს) – გადასცეს ის მას საკუთრებაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. რკინიგზის მიერ იჯარით გაცემული, დაზიანებული ან დაკარგული ვაგონის (კონტეინერის) შეცვლის წესი განისაზღვრება იჯარის ხელშეკრულებით.
7. თუ რკინიგზამ, ტვირთგამგზავნის თანხმობით, დასატვირთად მიაწოდა მას ცარიელი, გაუწმენდავი ვაგონი (კონტეინერი), რომელსაც გახსნილი ლუკები, კარები და მოუხსნელი დასამაგრებელი სამარჯვები აქვს, რკინიგზამ ტვირთგამგზავნს უნდა აუნაზღაუროს შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად გაწეული ხარჯები. მათ შესასრულებლად ტვირთგამგზავნს ეძლევა გონივრული ვადა.
8. თუ ტვირთმიმღები დაარღვევს ამ კოდექსის 28-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია, რკინიგზას აუნაზღაუროს ამ მუხლით გათვალისწინებული სამუშაოების ხარჯები და გადაუხადოს ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური „რკინიგზის სატარიფო პოლიტიკის“ შესაბამისად. 

1-8 of 8