მუხლი 41. ბარგის, ტვირთ-ბარგის გადაზიდვა

posted Apr 14, 2016, 9:05 AM by Forms . GE
1. მგზავრის მიერ ბილეთის წარდგენისას რკინიგზა ვალდებულია, გადასაზიდად მიიღოს მისი ბარგი და გაგზავნოს იგი შესაბამისი დანიშნულების პირველივე გამსვლელი მატარებლით, რომელშიც არის საბარგო ვაგონი.
2. მგზავრს უფლება აქვს, გადასაზიდად წარმოადგინოს გამოცხადებული ფასეულობის ბარგი, რისთვისაც იგი იხდის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ საფასურს.
3. რკინიგზის მიერ ტვირთ-ბარგის გადაზიდვა ხორციელდება ამ კოდექსისა და „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
4. ბარგის სახით მიიღება ისეთი საგანი, რომელიც მოცულობითა და თვისებებით დაუბრკოლებლად შეიძლება ჩაიტვირთოს საბარგო ვაგონში და იგი არ დააზიანებს სხვა მგზავრთა ბარგს. ბარგის მასისა და შეფუთვის მოთხოვნები განისაზღვრება „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებით“. აკრძალულია იმ საფრთხეშემცველი ხელბარგის, ბარგისა და ტვირთ-ბარგის გადაზიდვა, რომლებიც განსაზღვრულია „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებით“.
5. ბარგის, ტვირთ-ბარგის ადგილზე მიტანის ვადა განისაზღვრება დანიშნულების რკინიგზის სადგურამდე იმ მატარებლის მსვლელობის დროით, რომლითაც იგი გაიგზავნა. ბარგის, ტვირთ-ბარგის გაგზავნის თარიღი აღინიშნება გადაზიდვის დოკუმენტებში.
6. თუ ბარგი, ტვირთ-ბარგი მატარებლის მსვლელობის გზაზე უნდა გადაიტვირთოს, მისი დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადა განისაზღვრება იმ მატარებლის მსვლელობის დროით, რომელშიც ჩართულია საბარგო ვაგონი. ამ შემთხვევაში ბარგის ყოველ გადატვირთვაზე ემატება 1 დღე-ღამე, ხოლო ტვირთ-ბარგის ყოველ გადატვირთვაზე – 2 დღე-ღამე.
7. ბარგის, ტვირთ-ბარგის ადგილზე მიტანის თარიღს დანიშნულების რკინიგზის სადგური აღნიშნავს გადაზიდვის დოკუმენტებში.
8. ბარგი, ტვირთ-ბარგი დაკარგულად ჩაითვლება, თუ დანიშნულების რკინიგზის სადგურში იგი არ მიიტანეს მიტანის ვადის გასვლიდან 30 დღე-ღამეში. ამ შემთხვევაში მის საფასურსა და მიყენებულ ზიანს ანაზღაურებს რკინიგზა „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
9. თუ ბარგი, ტვირთ-ბარგი დანიშნულების ადგილზე მიიტანეს ამ მუხლის მე-5 ნაწილში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, ბარგის, ტვირთ-ბარგის მიმღებს უფლება აქვს, ის დაიბრუნოს, თუ დაუბრუნებს რკინიგზას ბარგის, ტვირთ-ბარგის დაკარგვისათვის მისგან მიღებულ თანხას.
10. თუ ბარგის, ტვირთ-ბარგის მიმღები წერილობით განაცხადებს უარს მის მიღებაზე ან არ განკარგავს მას შეტყობინების მიღებიდან 4 დღე-ღამეში, რკინიგზას უფლება აქვს, განახორციელოს ბარგის, ტვირთ-ბარგის რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11. დანიშნულების რკინიგზის სადგურში ბარგი, ტვირთ-ბარგი გაიცემა შესაბამისად ბარგის, ტვირთ-ბარგის ქვითრის წარმდგენ პირზე.
12. დანიშნულების რკინიგზის სადგურში მიტანილი ბარგი, ტვირთ-ბარგი უფასოდ ინახება 24 საათი მიტანის დროის ჩაუთვლელად. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბარგის შენახვისათვის საფასურის გადახდა ხორციელდება „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
13. მოუკითხავი ტვირთ-ბარგი ექვემდებარება რეალიზაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 
Comments