მუხლი 38. მგზავრის გადაყვანის, ბარგისა და ტვირთ-ბარგის გადაზიდვის ხელშეკრულება

posted Apr 14, 2016, 9:07 AM by Forms . GE
1. მგზავრის გადაყვანის ხელშეკრულებით (ბილეთით) რკინიგზა ვალდებულია, უზრუნველყოს მგზავრი სამგზავრო მატარებელში შესაბამისი ადგილით, მიიყვანოს იგი დანიშნულების ადგილამდე და გადაზიდოს მისი ბარგი.
2. მგზავრი ვალდებულია გადაიხადოს მგზავრობისა და ბარგის გადაზიდვის საფასური, ტვირთგამგზავნი კი – ტვირთ-ბარგის გადაზიდვის საფასური.
3. მგზავრის მიერ ბარგის, ხოლო ტვირთგამგზავნის მიერ ტვირთ-ბარგის ჩაბარება დასტურდება შესაბამისად ბარგის ქვითრითა და ტვირთ-ბარგის ქვითრით.
4. თუ მატარებელში თავისუფალი ადგილია, რკინიგზა ვალდებულია, გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეღავათების გათვალისწინებით, დადგენილი საფასურით გააფორმოს ბილეთის გაცემა. შეღავათებით მგზავრობის კომპენსირებას ახდენს სახელმწიფო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. მგზავრი ვალდებულია, თან ჰქონდეს ბილეთი. მგზავრის მიერ ბილეთის დაკარგვის ან გაფუჭების შემთხვევაში ახალი ბილეთი არ გაიცემა და მგზავრს ბილეთის საფასური არ დაუბრუნდება, გარდა „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებით“ განსაზღვრული შემთხვევებისა.
6. რკინიგზის ვაგზლის შესანახ საკანში ხელბარგისა და ბარგის ჩაბარება შეუზღუდავია, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა პირს ბილეთი, გარდა იმ საგნებისა და ნივთიერებებისა, რომელთა შენახვა აკრძალულია „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებით“. 
Comments