მუხლი 37. მგზავრის გადაყვანა, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვა

posted Apr 14, 2016, 9:07 AM by f o r m s . g e
1. რკინიგზა ვალდებულია, უზრუნველყოს მგზავრის გადაყვანა, დანიშნულების ადგილზე ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის დროულად მიტანა, რკინიგზის ვაგზალსა და სამგზავრო მატარებელში მგზავრის უსაფრთხოება და ხარისხიანი მომსახურება, მგზავრობისათვის აუცილებელი პირობების შექმნა, ბარგისა და ტვირთ-ბარგის დაცვა.
2. რკინიგზა ვალდებულია უზრუნველყოს სამგზავრო მატარებლების მოძრაობა განრიგის მიხედვით. მგზავრთა მომსახურებისათვის განკუთვნილი სამგზავრო ვაგონი, რკინიგზის ვაგზალი და სხვა ნაგებობები უნდა იყოს ტექნიკურად გამართული და შეესაბამებოდეს სამშენებლო-სანიტარიულ და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
3. სამგზავრო მატარებლის კატეგორიებია :
ა ) მოძრაობის სიჩქარის მიხედვით – ჩქარი და სამგზავრო ;
ბ ) მსვლელობის მანძილის მიხედვით – საერთაშორისო , მაგისტრალური და რეგიონული.
4. სამგზავრო მატარებლის კატეგორიების განსაზღვრის კრიტერიუმები და მათი მოძრაობის სიჩქარე მსვლელობის მანძილის მიხედვით დგინდება „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებით“.
5. მგზავრის გადასაყვანად, ბარგისა და ტვირთ-ბარგის გადასაზიდად განკუთვნილი რკინიგზის სადგურის მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
6. რკინიგზის ვაგზალი უნდა აღიჭურვოს მგზავრთა ჩასასხდომი ბაქნით, ფარდულით და ქვეითად მოსიარულეთათვის გასასვლელი გვირაბითა და გადასასვლელი ხიდით, საბილეთო სალაროთი, ბარგის მიღება-გაცემის სათავსით, ხელბარგის შესანახი საკნით, მოსაცდელი დარბაზით, საცნობარო ბიუროთი, მგზავრთა დასასვენებელი ოთახით, დედათა და ბავშვთა ოთახებით, კვების, აგრეთვე მგზავრთა კულტურულ-საყოფაცხოვრებო და სანიტარიულ-ჰიგიენური მომსახურების ობიექტებით, ხოლო სასაზღვრო რკინიგზის სადგურს ასევე უნდა ჰქონდეს სასაზღვრო და საბაჟო პროცედურების უზრუნველყოფისათვის საჭირო საინჟინრო-ტექნიკური საშუალებები. ამ ნაგებობებისა და საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების დაპროექტებას, მშენებლობასა და კეთილმოწყობას რკინიგზასთან შეთანხმებით უზრუნველყოფენ შესაბამისი სამინისტროები (უწყებები).
7. მგზავრი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამგზავრო მატარებლების რკინიგზის სადგურიდან გასვლისა და რკინიგზის სადგურში შემოსვლის, მგზავრობის, ბარგისა და ტვირთ-ბარგის გადაზიდვის საფასურებისა და მომსახურების შესახებ სხვა საჭირო ინფორმაციით.
8. ვაგზლისპირა მოედანი, რომელიც არ ეკუთვნის რკინიგზას, ისე უნდა მოეწყოს, რომ აკმაყოფილებდეს ქვეითად მოსიარულეთა და საქალაქო ტრანსპორტის უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების მოთხოვნებს. ვაგზლისპირა მოედნის კეთილმოწყობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ შესაბამისი ორგანოები. 
Comments