თავი V მგზავრის გადაყვანა, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვა



მუხლი 37. მგზავრის გადაყვანა, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვა

posted Apr 14, 2016, 9:07 AM by Forms . GE

1. რკინიგზა ვალდებულია, უზრუნველყოს მგზავრის გადაყვანა, დანიშნულების ადგილზე ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის დროულად მიტანა, რკინიგზის ვაგზალსა და სამგზავრო მატარებელში მგზავრის უსაფრთხოება და ხარისხიანი მომსახურება, მგზავრობისათვის აუცილებელი პირობების შექმნა, ბარგისა და ტვირთ-ბარგის დაცვა.
2. რკინიგზა ვალდებულია უზრუნველყოს სამგზავრო მატარებლების მოძრაობა განრიგის მიხედვით. მგზავრთა მომსახურებისათვის განკუთვნილი სამგზავრო ვაგონი, რკინიგზის ვაგზალი და სხვა ნაგებობები უნდა იყოს ტექნიკურად გამართული და შეესაბამებოდეს სამშენებლო-სანიტარიულ და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
3. სამგზავრო მატარებლის კატეგორიებია :
ა ) მოძრაობის სიჩქარის მიხედვით – ჩქარი და სამგზავრო ;
ბ ) მსვლელობის მანძილის მიხედვით – საერთაშორისო , მაგისტრალური და რეგიონული.
4. სამგზავრო მატარებლის კატეგორიების განსაზღვრის კრიტერიუმები და მათი მოძრაობის სიჩქარე მსვლელობის მანძილის მიხედვით დგინდება „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებით“.
5. მგზავრის გადასაყვანად, ბარგისა და ტვირთ-ბარგის გადასაზიდად განკუთვნილი რკინიგზის სადგურის მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
6. რკინიგზის ვაგზალი უნდა აღიჭურვოს მგზავრთა ჩასასხდომი ბაქნით, ფარდულით და ქვეითად მოსიარულეთათვის გასასვლელი გვირაბითა და გადასასვლელი ხიდით, საბილეთო სალაროთი, ბარგის მიღება-გაცემის სათავსით, ხელბარგის შესანახი საკნით, მოსაცდელი დარბაზით, საცნობარო ბიუროთი, მგზავრთა დასასვენებელი ოთახით, დედათა და ბავშვთა ოთახებით, კვების, აგრეთვე მგზავრთა კულტურულ-საყოფაცხოვრებო და სანიტარიულ-ჰიგიენური მომსახურების ობიექტებით, ხოლო სასაზღვრო რკინიგზის სადგურს ასევე უნდა ჰქონდეს სასაზღვრო და საბაჟო პროცედურების უზრუნველყოფისათვის საჭირო საინჟინრო-ტექნიკური საშუალებები. ამ ნაგებობებისა და საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების დაპროექტებას, მშენებლობასა და კეთილმოწყობას რკინიგზასთან შეთანხმებით უზრუნველყოფენ შესაბამისი სამინისტროები (უწყებები).
7. მგზავრი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამგზავრო მატარებლების რკინიგზის სადგურიდან გასვლისა და რკინიგზის სადგურში შემოსვლის, მგზავრობის, ბარგისა და ტვირთ-ბარგის გადაზიდვის საფასურებისა და მომსახურების შესახებ სხვა საჭირო ინფორმაციით.
8. ვაგზლისპირა მოედანი, რომელიც არ ეკუთვნის რკინიგზას, ისე უნდა მოეწყოს, რომ აკმაყოფილებდეს ქვეითად მოსიარულეთა და საქალაქო ტრანსპორტის უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების მოთხოვნებს. ვაგზლისპირა მოედნის კეთილმოწყობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ შესაბამისი ორგანოები. 

მუხლი 38. მგზავრის გადაყვანის, ბარგისა და ტვირთ-ბარგის გადაზიდვის ხელშეკრულება

posted Apr 14, 2016, 9:07 AM by Forms . GE

1. მგზავრის გადაყვანის ხელშეკრულებით (ბილეთით) რკინიგზა ვალდებულია, უზრუნველყოს მგზავრი სამგზავრო მატარებელში შესაბამისი ადგილით, მიიყვანოს იგი დანიშნულების ადგილამდე და გადაზიდოს მისი ბარგი.
2. მგზავრი ვალდებულია გადაიხადოს მგზავრობისა და ბარგის გადაზიდვის საფასური, ტვირთგამგზავნი კი – ტვირთ-ბარგის გადაზიდვის საფასური.
3. მგზავრის მიერ ბარგის, ხოლო ტვირთგამგზავნის მიერ ტვირთ-ბარგის ჩაბარება დასტურდება შესაბამისად ბარგის ქვითრითა და ტვირთ-ბარგის ქვითრით.
4. თუ მატარებელში თავისუფალი ადგილია, რკინიგზა ვალდებულია, გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეღავათების გათვალისწინებით, დადგენილი საფასურით გააფორმოს ბილეთის გაცემა. შეღავათებით მგზავრობის კომპენსირებას ახდენს სახელმწიფო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. მგზავრი ვალდებულია, თან ჰქონდეს ბილეთი. მგზავრის მიერ ბილეთის დაკარგვის ან გაფუჭების შემთხვევაში ახალი ბილეთი არ გაიცემა და მგზავრს ბილეთის საფასური არ დაუბრუნდება, გარდა „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებით“ განსაზღვრული შემთხვევებისა.
6. რკინიგზის ვაგზლის შესანახ საკანში ხელბარგისა და ბარგის ჩაბარება შეუზღუდავია, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა პირს ბილეთი, გარდა იმ საგნებისა და ნივთიერებებისა, რომელთა შენახვა აკრძალულია „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებით“. 

მუხლი 39. მგზავრის უფლება-მოვალეობანი

posted Apr 14, 2016, 9:06 AM by Forms . GE

1. საერთაშორისო და მაგისტრალური მატარებლებით მგზავრობისას მგზავრს უფლება აქვს:
ა) შეიძინოს ბილეთი ნებისმიერ მატარებელსა და ვაგონში, მის მიერ დასახელებულ რკინიგზის სადგურამდე, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად;
ბ) უფასოდ გადაიყვანოს 5 წლამდე ერთი ბავშვი, თუ იგი არ იკავებს ცალკე ადგილს, და 5-დან 10 წლამდე ბავშვები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეღავათიანი საფასურის გადახდის შემდეგ;
გ) წვრილმან ნივთებთან ერთად უფასოდ გადაიტანოს 36 კილოგრამამდე წონის ხელბარგი;
დ) ბილეთის წარდგენისა და შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ ჩააბაროს ბარგი გადასაზიდად;
ე) შეწყვიტოს მგზავრობა და მიიღოს გაუვლელ მანძილზე გადაყვანის საფასური;
ვ) დროებით შეწყვიტოს მგზავრობა და გააგრძელოს ბილეთის მოქმედების ვადა მგზავრობის შეწყვეტიდან არა უმეტეს 10 დღე-ღამისა;
ზ) მგზავრობისას ავადმყოფობის შემთხვევაში, თუ ეს დასტურდება სამედიცინო დაწესებულების ცნობით, გააგრძელოს ბილეთის მოქმედების ვადა ავადმყოფობის მთელი პერიოდისთვის ან დაიბრუნოს ბილეთის საფასური;
თ) რკინიგზის სადგურის საბილეთო სალაროს მიერ ბილეთში შესაბამისი აღნიშვნის შეტანის შემდეგ გაემგზავროს ბილეთში მითითებულ ვადაზე ადრე გამსვლელი მატარებლით;
ი) მატარებლის გასვლის მომენტიდან მატარებელზე არა უმეტეს 3 საათით დაგვიანებისას ან ავადმყოფობის (უბედური შემთხვევის) გამო არა უმეტეს 3 დღე-ღამით დაგვიანებისას განაახლოს ბილეთის მოქმედება სხვა მატარებელზე, პლაცკარტის საფასურის გადახდით, ხოლო მგზავრობაზე უარის თქმისას დაიბრუნოს მგზავრობის საფასური ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
კ) დაიკავოს თავისუფალი ადგილი უფრო მაღალი კლასის ვაგონში, „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
2. მგზავრს უფლება აქვს, დააბრუნოს გამოუყენებელი ბილეთი და მიიღოს:
ა) ბილეთის მთლიანი საფასური – მატარებლის გასვლამდე არა უგვიანეს 15 საათისა;
ბ) ბილეთის საფასურის 85% – მატარებლის გასვლამდე 15-დან 4 საათამდე დროში;
გ) ბილეთის საფასურის 70% – მატარებლის გასვლამდე 4 საათზე ნაკლებ დროში;
დ) უკან გამოსამგზავრებელი ბილეთის არსებობის შემთხვევაში: მისი მთლიანი საფასური – ბილეთის შეძენის ან მობრუნების სადგურში დაბრუნებისას მატარებლის გასვლამდე არა უგვიანეს 24 საათისა, ხოლო ბილეთის საფასურის 70% – ამ დროის გადაცილებისას;
ე) გაუვლელ მანძილზე მგზავრობის საფასურის 70% – გზაში მგზავრობის შეწყვეტისას.
3. მგზავრობის საფასური მგზავრს ასევე მთლიანად უბრუნდება მატარებლის მოხსნის, გასვლის დაყოვნების, ავადმყოფობის ან ბილეთში აღნიშნული ადგილით დაკმაყოფილების შეუძლებლობისა და მის ნაცვლად შეთავაზებული სხვა ადგილით სარგებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც გადასასხდომ პუნქტში შეთანხმებულ მატარებელზე მგზავრის დაგვიანება გამოწვეულია რკინიგზის მიზეზით.
4. რკინიგზისაგან დამოუკიდებელი მიზეზით მატარებლის მოძრაობის შეფერხების გამო მგზავრობის შეწყვეტისას მგზავრს უბრუნდება გაუვლელ მანძილზე მგზავრობის საფასური, ხოლო რკინიგზის მიზეზით მგზავრობის შეწყვეტისას – მგზავრობის მთლიანი საფასური.
5. თუ შეუძლებელია მგზავრისათვის ბილეთში აღნიშნული ადგილის გამოყოფა, რკინიგზა ვალდებულია, მგზავრის თანხმობით მას გამოუყოს სხვა ადგილი, მათ შორის, უფრო მაღალი კლასის ვაგონში, საფასურის სხვაობის გადახდის გარეშე.
6. თუ მგზავრის თანხმობით გამოიყო ადგილი, რომლის ღირებულება შეძენილი ბილეთის საფასურზე ნაკლებია, მგზავრს უბრუნდება საფასურის სხვაობა „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
7. რეგიონული მატარებლით მგზავრობისას მგზავრს უფლება აქვს:
ა) შეიძინოს რკინიგზის მიერ დადგენილი ფორმის ბილეთი (სააბონემენტო ბილეთი);
ბ) უფასოდ გადაიტანოს ხელბარგი;
გ) უფასოდ გადაიყვანოს 5 წლამდე ერთი ბავშვი.
8. მგზავრი ვალდებულია, რკინიგზის სადგურსა (ვაგზალსა) და მატარებელში დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, გაუფრთხილდეს რკინიგზის ქონებას, აგრეთვე დაიცვას საკუთარი ხელბარგი.
9. (ამოღებულია – 08.05.2012, №6146).
10. (ამოღებულია – 08.05.2012, №6146).
11. სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაკისათვის, საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიძლება განსაზღვროს შესაბამისი შეღავათები.

მუხლი 40. მგზავრთა ჯგუფების გადაყვანა

posted Apr 14, 2016, 9:06 AM by Forms . GE

1. რკინიგზა საწარმოების (ორგანიზაციების და ა.შ.) წინასწარი განაცხადის საფუძველზე ახორციელებს ბილეთების გაყიდვას მგზავრთა ჯგუფების გადასაყვანად.
2. წინასწარი განაცხადის მიღება და სამგზავრო დოკუმენტების გაფორმება, აგრეთვე მგზავრობაზე უარის თქმის შემთხვევაში ბილეთების საფასურის დაბრუნება ხორციელდება „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად. 

მუხლი 41. ბარგის, ტვირთ-ბარგის გადაზიდვა

posted Apr 14, 2016, 9:05 AM by Forms . GE

1. მგზავრის მიერ ბილეთის წარდგენისას რკინიგზა ვალდებულია, გადასაზიდად მიიღოს მისი ბარგი და გაგზავნოს იგი შესაბამისი დანიშნულების პირველივე გამსვლელი მატარებლით, რომელშიც არის საბარგო ვაგონი.
2. მგზავრს უფლება აქვს, გადასაზიდად წარმოადგინოს გამოცხადებული ფასეულობის ბარგი, რისთვისაც იგი იხდის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ საფასურს.
3. რკინიგზის მიერ ტვირთ-ბარგის გადაზიდვა ხორციელდება ამ კოდექსისა და „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
4. ბარგის სახით მიიღება ისეთი საგანი, რომელიც მოცულობითა და თვისებებით დაუბრკოლებლად შეიძლება ჩაიტვირთოს საბარგო ვაგონში და იგი არ დააზიანებს სხვა მგზავრთა ბარგს. ბარგის მასისა და შეფუთვის მოთხოვნები განისაზღვრება „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებით“. აკრძალულია იმ საფრთხეშემცველი ხელბარგის, ბარგისა და ტვირთ-ბარგის გადაზიდვა, რომლებიც განსაზღვრულია „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებით“.
5. ბარგის, ტვირთ-ბარგის ადგილზე მიტანის ვადა განისაზღვრება დანიშნულების რკინიგზის სადგურამდე იმ მატარებლის მსვლელობის დროით, რომლითაც იგი გაიგზავნა. ბარგის, ტვირთ-ბარგის გაგზავნის თარიღი აღინიშნება გადაზიდვის დოკუმენტებში.
6. თუ ბარგი, ტვირთ-ბარგი მატარებლის მსვლელობის გზაზე უნდა გადაიტვირთოს, მისი დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადა განისაზღვრება იმ მატარებლის მსვლელობის დროით, რომელშიც ჩართულია საბარგო ვაგონი. ამ შემთხვევაში ბარგის ყოველ გადატვირთვაზე ემატება 1 დღე-ღამე, ხოლო ტვირთ-ბარგის ყოველ გადატვირთვაზე – 2 დღე-ღამე.
7. ბარგის, ტვირთ-ბარგის ადგილზე მიტანის თარიღს დანიშნულების რკინიგზის სადგური აღნიშნავს გადაზიდვის დოკუმენტებში.
8. ბარგი, ტვირთ-ბარგი დაკარგულად ჩაითვლება, თუ დანიშნულების რკინიგზის სადგურში იგი არ მიიტანეს მიტანის ვადის გასვლიდან 30 დღე-ღამეში. ამ შემთხვევაში მის საფასურსა და მიყენებულ ზიანს ანაზღაურებს რკინიგზა „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
9. თუ ბარგი, ტვირთ-ბარგი დანიშნულების ადგილზე მიიტანეს ამ მუხლის მე-5 ნაწილში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, ბარგის, ტვირთ-ბარგის მიმღებს უფლება აქვს, ის დაიბრუნოს, თუ დაუბრუნებს რკინიგზას ბარგის, ტვირთ-ბარგის დაკარგვისათვის მისგან მიღებულ თანხას.
10. თუ ბარგის, ტვირთ-ბარგის მიმღები წერილობით განაცხადებს უარს მის მიღებაზე ან არ განკარგავს მას შეტყობინების მიღებიდან 4 დღე-ღამეში, რკინიგზას უფლება აქვს, განახორციელოს ბარგის, ტვირთ-ბარგის რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11. დანიშნულების რკინიგზის სადგურში ბარგი, ტვირთ-ბარგი გაიცემა შესაბამისად ბარგის, ტვირთ-ბარგის ქვითრის წარმდგენ პირზე.
12. დანიშნულების რკინიგზის სადგურში მიტანილი ბარგი, ტვირთ-ბარგი უფასოდ ინახება 24 საათი მიტანის დროის ჩაუთვლელად. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბარგის შენახვისათვის საფასურის გადახდა ხორციელდება „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
13. მოუკითხავი ტვირთ-ბარგი ექვემდებარება რეალიზაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

მუხლი 42. საფოსტო გზავნილის გადაზიდვა

posted Apr 14, 2016, 9:05 AM by Forms . GE

1. რკინიგზა საფოსტო გზავნილის გადაზიდვას ახორციელებს საფოსტო საწარმოსთან (ორგანიზაციასთან და ა.შ.) დადებული გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც ეს საწარმო (ორგანიზაცია და ა.შ.) ვალდებულია რკინიგზას გადასაზიდად დროულად წარუდგინოს საფოსტო გზავნილი, დატვირთოს იგი გამოყოფილ ვაგონში, გადაიხადოს გადაზიდვის საფასური და მიიღოს საფოსტო გზავნილი დანიშნულების პუნქტში, ხოლო რკინიგზა ვალდებულია, გადასაზიდად მიიღოს საფოსტო გზავნილი და დროულად მიიტანოს დანიშნულების ადგილზე.
2. საფოსტო გზავნილის გადაზიდვა ხორციელდება მატარებელში ჩართული საფოსტო ვაგონით, თუ გადაზიდვის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. მატარებელში საფოსტო ვაგონის ჩართვისა და საფოსტო გზავნილის გადაზიდვის პირობები განისაზღვრება „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებით“. 

მუხლი 43. მგზავრის მომსახურება საფოსტო და სატელეგრაფო-სატელეფონო კავშირებით

posted Apr 14, 2016, 9:05 AM by Forms . GE

რკინიგზა მგზავრის საფოსტო და სატელეგრაფო-სატელეფონო კავშირებით მომსახურებისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, კავშირგაბმულობის საწარმოებს (ორგანიზაციებს და ა.შ.) განსაზღვრული ვადითა და საფასურით გამოუყოფს სათავსოებს რკინიგზის სადგურებში. 

1-7 of 7