მუხლი 36. ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადები, ანგარიშსწორება და მხარეთა პასუხისმგებლობა

posted Apr 14, 2016, 9:00 AM by Forms . GE
1. ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვისას მისი დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადები განისაზღვრება რკინიგზისა და სხვა სახეობის ტრანსპორტით ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის დადგენილი ვადების ერთობლიობის გათვალისწინებით და გამოითვლება ტრანსპორტის თითოეული სახეობისათვის ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადების გამოთვლის წესების შესაბამისად. ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის საერთო ვადის დარღვევისას ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეს, რომელმაც ეს ვადა დაარღვია.
2. ტვირთის პირდაპირი შერეული სარკინიგზო-საზღვაო გადაზიდვისას მისი გადაზიდვის საფასურის გადახდა წარმოებს:
ა) ტვირთის გამგზავნ სარკინიგზო სადგურში – ტვირთგამგზავნის მიერ, რკინიგზით გადაზიდვის მანძილის შესაბამისად;
ბ) ტვირთის გადატვირთვის ან დანიშნულების ნავსადგურში –ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მიერ, ზღვით გადაზიდვის მანძილის შესაბამისად.
3. ტვირთის პირდაპირი შერეული საზღვაო-სარკინიგზო გადაზიდვისას მისი გადაზიდვის საფასურის გადახდა წარმოებს:
ა) ტვირთის გამგზავნ ნავსადგურში – ტვირთგამგზავნის მიერ, ზღვით გადაზიდვის მანძილის შესაბამისად;
ბ) ტვირთის გადატვირთვის რკინიგზის სადგურში – ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მიერ, რკინიგზით გადაზიდვის მანძილის შესაბამისად.
4. ტვირთის გადაზიდვის საფასური შეიძლება გადაიხადოს ექსპედიტორმა, რომელიც ასრულებს ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) დავალებას.
5. ნავსადგურში რკინიგზის ლოკომოტივით ვაგონის (კონტეინერის) მიწოდებისათვის (გამოყვანისათვის) გადაიხდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ განსაზღვრული საფასური.
6. ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე ტვირთის სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებიდან საზღვაო სატრანსპორტო საშუალებებზე და პირიქით გადატვირთვის ნორმების შესრულების პარამეტრები ტვირთის სახეობის გათვალისწინებით შეიტანება სააღრიცხვო ბარათში. სააღრიცხვო ბარათის ფორმა და მისი შევსების მოთხოვნები განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.
7. ტვირთის პირდაპირი შერეული სარკინიგზო-საზღვაო გადაზიდვისას მისი გადატვირთვის ნორმების დარღვევისათვის რკინიგზას (ნავსადგურს) ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ტვირთის გადაზიდვის განაცხადის შეუსრულებლობის ანალოგიურად.
8. რკინიგზა (ნავსადგური) ტვირთის გადატვირთვის ნორმების დარღვევისათვის ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება:
ა) დაუძლეველი ძალის მოქმედებისას, როდესაც აკრძალულია ან/და შეუძლებელია ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა, აგრეთვე სატრანსპორტო საწარმოში (ორგანიზაციაში და ა.შ.) ავარიისას;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტვირთის გადაზიდვის შეწყვეტის ან შეზღუდვის სხვა შემთხვევებში.
9. საზღვაო გემის დატვირთვა-გადმოტვირთვისას ნავსადგურისა და რკინიგზის პასუხისმგებლობა და უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება მათ შორის დადებული ერთობლივი შეთანხმებით.
10. ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან ექსპედიტორის მიზეზით რკინიგზის სადგურში ან ნავსადგურის მისამართზე მისული ან დატვირთვა-გადმოტვირთვის (გადატვირთვის) სამუშაოების ჩატარების ადგილზე მიწოდებული ან ამ ადგილის გათავისუფლების მოლოდინში მდგარი ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისას, აგრეთვე ამავე პირების მისამართზე მისული ვაგონის (კონტეინერის) გზად მდებარე რკინიგზის სადგურში დაყოვნებისას აღნიშნული პირები ვალდებულნი არიან რკინიგზას გადაუხადონ ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობისა და ტვირთის შენახვის დადგენილი საფასური მისი დაყოვნების მთელი დროისათვის.
11. გადატვირთვის პუნქტში ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან ექსპედიტორის მიზეზით ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისათვის, აგრეთვე სასაზღვრო საკონტროლო პოსტზე საგადასახადო ორგანოებისა და სასაზღვრო კონტროლის ორგანოების მიზეზით საექსპორტო და საიმპორტო ტვირთით დატვირთული ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისათვის ან სამგზავრო მატარებლის განრიგით გათვალისწინებული დგომის დროის გადამეტებისათვის დამრღვევ მხარეს ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ამ კოდექსის 50-ე და 51-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
12. გადატვირთვის პუნქტში ტვირთის გადაცემამდე მისი დაუცველობისათვის ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ტვირთის გადამცემ მხარეს, ხოლო ტვირთის გადაცემის შემდეგ – მიმღებ მხარეს.
13. ნავსადგურის ტერიტორიაზე დატვირთული ან ცარიელი ვაგონის (კონტეინერის) დაცვას უზრუნველყოფს ნავსადგური.
14. გადატვირთვის პუნქტში გადასატვირთად მიწოდებული ვაგონიდან (კონტეინერიდან) ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობის მოხსნა და ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვისათვის განკუთვნილ ვაგონზე (კონტეინერზე) ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობის დამონტაჟება (დაპლომბვა) წარმოებს „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
15. სარკინიგზო და სხვა სახეობის ტრანსპორტის საწარმოების (ორგანიზაციების და ა.შ.) ქონებრივი პასუხისმგებლობა პირდაპირი შერეული გადაზიდვისათვის მიღებული ტვირთის დაუცველობისათვის განისაზღვრება შესაბამისი სახეობის ტრანსპორტის შესახებ მოქმედი წესებით. თუ ტვირთის დაკარგვის, დაზიანების, გაფუჭების ან დანაკლისის დადგინდა რკინიგზის ან ნავსადგურის ბრალეულობა, პასუხისმგებლობა შესაბამისად ეკისრება რკინიგზას ან ნავსადგურს. 
Comments