მუხლი 33. ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვის წესი

posted Apr 14, 2016, 9:01 AM by Forms . GE
1. ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვის წესი განისაზღვრება შესაბამისი სახეობის სატრანსპორტო საწარმოებს (ორგანიზაციებს და ა.შ.) შორის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დადებული შეთანხმებებითა და ამ კოდექსით.
2. ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვის პირობები განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“. ამ მუხლით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში გამოიყენება შესაბამისი სახეობის ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის წესები.
3. ტვირთის პირდაპირ შერეულ გადაზიდვაში მონაწილეობენ:
ა) რკინიგზის სადგური, რომელიც განკუთვნილია ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურების გასაწევად (სამუშაოს შესასრულებლად);
ბ) საზღვაო ნავსადგური, ავტოსადგური, აეროპორტი.
4. ვაგონ-ცისტერნით გადასაზიდი თხევადი ტვირთი, აგრეთვე ტივად შეკრული ხე-ტყე არ მიიღება პირდაპირ შერეულ გადაზიდვაში, გარდა ტვირთის ბორნით გადაზიდვის შემთხვევისა.
5. პირდაპირი შერეული გადაზიდვისათვის დაშვებული საფრთხეშემცველი ტვირთისა და იმ ტვირთის ნუსხა, რომელსაც უნდა ახლდეს ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) გამცილებელი, განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.
6. გადატვირთვის პუნქტში დაპლომბილი ვაგონით (კონტეინერით) ტვირთის გადაცემა ხორციელდება ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობის მთლიანობისა და გადაზიდვის დოკუმენტებში მითითებული მონაცემების შესაბამისობის შემოწმებით.
7. ტვირთის პირდაპირი შერეული სარკინიგზო-საზღვაო გადაზიდვისას მისი მასა განისაზღვრება გადატვირთვის პუნქტში იმ მხარის მოთხოვნით, რომელიც იღებს ტვირთს:
ა) სავაგონო სასწორზე – რკინიგზის მიერ;
ბ) სატვირთო სასწორზე – ნავსადგურის მიერ.
8. ტვირთის პირდაპირი შერეული სარკინიგზო-საავტომობილო გადაზიდვისას მის მასას განსაზღვრავს მხარე, რომელიც გადატვირთვის პუნქტში ახორციელებს ტვირთის გადმოტვირთვა-დატვირთვას, გადაზიდვაში მონაწილე შესაბამისი სახეობის ტრანსპორტის წარმომადგენელთან ერთად.
9. თუ ტარაში მოთავსებული ცალობრივი ტვირთი, რომელიც გადასაზიდად მიიღეს დახურული ან ღია მოძრავი შემადგენლობით, სტანდარტის შესაბამისი ან ტვირთგამგზავნის მიერ თითოეულ სატვირთო ადგილზე მითითებული მასით, გადატვირთვის პუნქტში შემოვიდა დაუზიანებელი ტარით, ერთი სახეობის ტრანსპორტიდან მეორე სახეობის ტრანსპორტზე იგი გადაიტვირთება აუწონლად, სატვირთო ადგილების დათვლით. ამავე წესით გაიცემა ტვირთი დანიშნულების ადგილზე.
10. ტვირთის დანაკლისის ან დაზიანების (გაფუჭების) ნიშნების არსებობისას იგი გადაიტვირთება (გაიცემა) დანაკლისის ან დაზიანების (გაფუჭების) ნიშნების მქონე ადგილების შემოწმებით, მასისა და ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.
11. ტვირთი, რომლის პირდაპირი შერეული გადაზიდვა ვაგონით (კონტეინერით) წარმოებს, გადაიტვირთება ვაგონისა (კონტეინერისა) და ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობის მთლიანობის შემოწმების შემდეგ.
12. ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვისას ვაგონის (კონტეინერის) გამოყოფის წესი და მისი გამოყენების პირობები განისაზღვრება დაინტერესებულ სატრანსპორტო საწარმოებს (ორგანიზაციებს და ა.შ.) შორის დადებული ხელშეკრულებით. 
Comments