თავი IV რკინიგზის მიერ ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვა სხვა სახეობის ტრანსპორტის მონაწილეობით



მუხლი 32. რკინიგზის მიერ ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვა

posted Apr 14, 2016, 9:02 AM by Forms . GE

1. რკინიგზა ტვირთის პირდაპირ შერეულ გადაზიდვას ახორციელებს საზღვაო, სამდინარო, საჰაერო და საავტომობილო სატრანსპორტო საწარმოების (ორგანიზაციების და ა.შ.) მონაწილეობით.
2. რკინიგზის მიერ ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვა წარმოებს ერთიანი ზედნადებისა და სხვა სატრანსპორტო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც მსვლელობის მთელ გზაზე ახლავს ტვირთს. 

მუხლი 33. ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვის წესი

posted Apr 14, 2016, 9:01 AM by Forms . GE

1. ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვის წესი განისაზღვრება შესაბამისი სახეობის სატრანსპორტო საწარმოებს (ორგანიზაციებს და ა.შ.) შორის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დადებული შეთანხმებებითა და ამ კოდექსით.
2. ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვის პირობები განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“. ამ მუხლით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში გამოიყენება შესაბამისი სახეობის ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის წესები.
3. ტვირთის პირდაპირ შერეულ გადაზიდვაში მონაწილეობენ:
ა) რკინიგზის სადგური, რომელიც განკუთვნილია ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურების გასაწევად (სამუშაოს შესასრულებლად);
ბ) საზღვაო ნავსადგური, ავტოსადგური, აეროპორტი.
4. ვაგონ-ცისტერნით გადასაზიდი თხევადი ტვირთი, აგრეთვე ტივად შეკრული ხე-ტყე არ მიიღება პირდაპირ შერეულ გადაზიდვაში, გარდა ტვირთის ბორნით გადაზიდვის შემთხვევისა.
5. პირდაპირი შერეული გადაზიდვისათვის დაშვებული საფრთხეშემცველი ტვირთისა და იმ ტვირთის ნუსხა, რომელსაც უნდა ახლდეს ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) გამცილებელი, განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.
6. გადატვირთვის პუნქტში დაპლომბილი ვაგონით (კონტეინერით) ტვირთის გადაცემა ხორციელდება ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობის მთლიანობისა და გადაზიდვის დოკუმენტებში მითითებული მონაცემების შესაბამისობის შემოწმებით.
7. ტვირთის პირდაპირი შერეული სარკინიგზო-საზღვაო გადაზიდვისას მისი მასა განისაზღვრება გადატვირთვის პუნქტში იმ მხარის მოთხოვნით, რომელიც იღებს ტვირთს:
ა) სავაგონო სასწორზე – რკინიგზის მიერ;
ბ) სატვირთო სასწორზე – ნავსადგურის მიერ.
8. ტვირთის პირდაპირი შერეული სარკინიგზო-საავტომობილო გადაზიდვისას მის მასას განსაზღვრავს მხარე, რომელიც გადატვირთვის პუნქტში ახორციელებს ტვირთის გადმოტვირთვა-დატვირთვას, გადაზიდვაში მონაწილე შესაბამისი სახეობის ტრანსპორტის წარმომადგენელთან ერთად.
9. თუ ტარაში მოთავსებული ცალობრივი ტვირთი, რომელიც გადასაზიდად მიიღეს დახურული ან ღია მოძრავი შემადგენლობით, სტანდარტის შესაბამისი ან ტვირთგამგზავნის მიერ თითოეულ სატვირთო ადგილზე მითითებული მასით, გადატვირთვის პუნქტში შემოვიდა დაუზიანებელი ტარით, ერთი სახეობის ტრანსპორტიდან მეორე სახეობის ტრანსპორტზე იგი გადაიტვირთება აუწონლად, სატვირთო ადგილების დათვლით. ამავე წესით გაიცემა ტვირთი დანიშნულების ადგილზე.
10. ტვირთის დანაკლისის ან დაზიანების (გაფუჭების) ნიშნების არსებობისას იგი გადაიტვირთება (გაიცემა) დანაკლისის ან დაზიანების (გაფუჭების) ნიშნების მქონე ადგილების შემოწმებით, მასისა და ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.
11. ტვირთი, რომლის პირდაპირი შერეული გადაზიდვა ვაგონით (კონტეინერით) წარმოებს, გადაიტვირთება ვაგონისა (კონტეინერისა) და ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობის მთლიანობის შემოწმების შემდეგ.
12. ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვისას ვაგონის (კონტეინერის) გამოყოფის წესი და მისი გამოყენების პირობები განისაზღვრება დაინტერესებულ სატრანსპორტო საწარმოებს (ორგანიზაციებს და ა.შ.) შორის დადებული ხელშეკრულებით. 

მუხლი 34. გადატვირთვის პუნქტში ტვირთის გადატვირთვისა და სატრანსპორტო საშუალებების მომზადების წესი

posted Apr 14, 2016, 9:01 AM by Forms . GE

1. ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვისას გადატვირთვის პუნქტში მისი გადატვირთვა ხორციელდება:
ა) ნავსადგურის მიერ – საზღვაო გემიდან და ნავსადგურის საწყობიდან სატვირთო ვაგონში, აგრეთვე სატვირთო ვაგონიდან საზღვაო გემზე და ნავსადგურის საწყობში გადატვირთვისას;
ბ) რკინიგზის მიერ – სატვირთო ვაგონიდან და რკინიგზის სადგურის საწყობიდან სატვირთო ავტომობილზე, აგრეთვე სატვირთო ავტომობილიდან სატვირთო ვაგონში და რკინიგზის სადგურის საწყობში გადატვირთვისას.
2. სატვირთო ვაგონის და საზღვაო გემის სპეციალურ მომზადებასა და მოწყობას ტვირთის რამდენიმე იარუსად განსათავსებლად, აგრეთვე მძიმე წონის, დიდი სიგრძისა და მოცულობის ტვირთის დასამაგრებლად ახორციელებს ნავსადგური.
3. სატვირთო ვაგონში და საზღვაო გემზე ტვირთის დასატვირთად, დასამაგრებლად და გადასაზიდად საჭირო მასალების, პაკეტირების საშუალებების სხვა მოწყობილობებისა და საჭირო სამარჯვების მომარაგებას უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი.
4. ნავსადგურის მიერ გაწეული მომსახურების (შესრულებული სამუშაოს) საფასური მასალებზე გაწეულ ხარჯთან ერთად, აღინიშნება ზედნადებში და გადაიხდება ტვირთმიმღების (ტვირთგამგზავნის) მიერ. 

მუხლი 35. ერთობლივი შეთანხმება

posted Apr 14, 2016, 9:00 AM by Forms . GE

1. ტვირთის პირდაპირ შერეულ გადაზიდვაში მონაწილე სარკინიგზო სადგურის, ნავსადგურისა და სატრანსპორტო საწარმოების (ორგანიზაციების და ა.შ.) მუშაობის პირობები განისაზღვრება მხარეთა შორის დადებული ერთობლივი შეთანხმებით, რომელიც ფორმდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად, 3 წლით. რკინიგზის სადგურის ან ნავსადგურის ტექნიკური აღჭურვილობის და მუშაობის ტექნოლოგიის შეცვლასთან დაკავშირებით ერთობლივი შეთანხმება მისი მოქმედების ვადის გასვლამდე შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ შეიცვალოს ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით.
2. ერთობლივ შეთანხმებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

მუხლი 36. ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადები, ანგარიშსწორება და მხარეთა პასუხისმგებლობა

posted Apr 14, 2016, 9:00 AM by Forms . GE

1. ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვისას მისი დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადები განისაზღვრება რკინიგზისა და სხვა სახეობის ტრანსპორტით ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის დადგენილი ვადების ერთობლიობის გათვალისწინებით და გამოითვლება ტრანსპორტის თითოეული სახეობისათვის ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადების გამოთვლის წესების შესაბამისად. ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის საერთო ვადის დარღვევისას ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეს, რომელმაც ეს ვადა დაარღვია.
2. ტვირთის პირდაპირი შერეული სარკინიგზო-საზღვაო გადაზიდვისას მისი გადაზიდვის საფასურის გადახდა წარმოებს:
ა) ტვირთის გამგზავნ სარკინიგზო სადგურში – ტვირთგამგზავნის მიერ, რკინიგზით გადაზიდვის მანძილის შესაბამისად;
ბ) ტვირთის გადატვირთვის ან დანიშნულების ნავსადგურში –ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მიერ, ზღვით გადაზიდვის მანძილის შესაბამისად.
3. ტვირთის პირდაპირი შერეული საზღვაო-სარკინიგზო გადაზიდვისას მისი გადაზიდვის საფასურის გადახდა წარმოებს:
ა) ტვირთის გამგზავნ ნავსადგურში – ტვირთგამგზავნის მიერ, ზღვით გადაზიდვის მანძილის შესაბამისად;
ბ) ტვირთის გადატვირთვის რკინიგზის სადგურში – ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მიერ, რკინიგზით გადაზიდვის მანძილის შესაბამისად.
4. ტვირთის გადაზიდვის საფასური შეიძლება გადაიხადოს ექსპედიტორმა, რომელიც ასრულებს ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) დავალებას.
5. ნავსადგურში რკინიგზის ლოკომოტივით ვაგონის (კონტეინერის) მიწოდებისათვის (გამოყვანისათვის) გადაიხდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ განსაზღვრული საფასური.
6. ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე ტვირთის სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებიდან საზღვაო სატრანსპორტო საშუალებებზე და პირიქით გადატვირთვის ნორმების შესრულების პარამეტრები ტვირთის სახეობის გათვალისწინებით შეიტანება სააღრიცხვო ბარათში. სააღრიცხვო ბარათის ფორმა და მისი შევსების მოთხოვნები განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.
7. ტვირთის პირდაპირი შერეული სარკინიგზო-საზღვაო გადაზიდვისას მისი გადატვირთვის ნორმების დარღვევისათვის რკინიგზას (ნავსადგურს) ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ტვირთის გადაზიდვის განაცხადის შეუსრულებლობის ანალოგიურად.
8. რკინიგზა (ნავსადგური) ტვირთის გადატვირთვის ნორმების დარღვევისათვის ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება:
ა) დაუძლეველი ძალის მოქმედებისას, როდესაც აკრძალულია ან/და შეუძლებელია ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა, აგრეთვე სატრანსპორტო საწარმოში (ორგანიზაციაში და ა.შ.) ავარიისას;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტვირთის გადაზიდვის შეწყვეტის ან შეზღუდვის სხვა შემთხვევებში.
9. საზღვაო გემის დატვირთვა-გადმოტვირთვისას ნავსადგურისა და რკინიგზის პასუხისმგებლობა და უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება მათ შორის დადებული ერთობლივი შეთანხმებით.
10. ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან ექსპედიტორის მიზეზით რკინიგზის სადგურში ან ნავსადგურის მისამართზე მისული ან დატვირთვა-გადმოტვირთვის (გადატვირთვის) სამუშაოების ჩატარების ადგილზე მიწოდებული ან ამ ადგილის გათავისუფლების მოლოდინში მდგარი ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისას, აგრეთვე ამავე პირების მისამართზე მისული ვაგონის (კონტეინერის) გზად მდებარე რკინიგზის სადგურში დაყოვნებისას აღნიშნული პირები ვალდებულნი არიან რკინიგზას გადაუხადონ ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობისა და ტვირთის შენახვის დადგენილი საფასური მისი დაყოვნების მთელი დროისათვის.
11. გადატვირთვის პუნქტში ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან ექსპედიტორის მიზეზით ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისათვის, აგრეთვე სასაზღვრო საკონტროლო პოსტზე საგადასახადო ორგანოებისა და სასაზღვრო კონტროლის ორგანოების მიზეზით საექსპორტო და საიმპორტო ტვირთით დატვირთული ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისათვის ან სამგზავრო მატარებლის განრიგით გათვალისწინებული დგომის დროის გადამეტებისათვის დამრღვევ მხარეს ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ამ კოდექსის 50-ე და 51-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
12. გადატვირთვის პუნქტში ტვირთის გადაცემამდე მისი დაუცველობისათვის ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ტვირთის გადამცემ მხარეს, ხოლო ტვირთის გადაცემის შემდეგ – მიმღებ მხარეს.
13. ნავსადგურის ტერიტორიაზე დატვირთული ან ცარიელი ვაგონის (კონტეინერის) დაცვას უზრუნველყოფს ნავსადგური.
14. გადატვირთვის პუნქტში გადასატვირთად მიწოდებული ვაგონიდან (კონტეინერიდან) ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობის მოხსნა და ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვისათვის განკუთვნილ ვაგონზე (კონტეინერზე) ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობის დამონტაჟება (დაპლომბვა) წარმოებს „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
15. სარკინიგზო და სხვა სახეობის ტრანსპორტის საწარმოების (ორგანიზაციების და ა.შ.) ქონებრივი პასუხისმგებლობა პირდაპირი შერეული გადაზიდვისათვის მიღებული ტვირთის დაუცველობისათვის განისაზღვრება შესაბამისი სახეობის ტრანსპორტის შესახებ მოქმედი წესებით. თუ ტვირთის დაკარგვის, დაზიანების, გაფუჭების ან დანაკლისის დადგინდა რკინიგზის ან ნავსადგურის ბრალეულობა, პასუხისმგებლობა შესაბამისად ეკისრება რკინიგზას ან ნავსადგურს. 

1-5 of 5