მუხლი 30. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი

posted Apr 14, 2016, 8:59 AM by f o r m s . g e
1. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი წარმოადგენს ცალკეულ პირთა მომსახურებისათვის განკუთვნილ ლიანდაგს, რომელიც სარკინიგზო ქსელთან დაკავშირებულია უწყვეტი რელსის ლიანდით და რკინიგზის, ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან სხვა პირის მფლობელობაშია.
2. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მიერთება სარკინიგზო ქსელთან ხორციელდება რკინიგზის ნებართვით , ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით .
3. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგისა და ვაგონის (კონტეინერის) დატვირთვისთვის, გადმოტვირთვისა და გაწმენდისთვის განკუთვნილი მოწყობილობების მშენებლობა და რეკონსტრუქცია ხორციელდება რკინიგზასთან შეთანხმებით.
4. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის სალიანდაგო მოწყობილობებისა და ტექნიკური ნაგებობების კონსტრუქცია და მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს სამშენებლო მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგზე ვაგონის (კონტეინერის) გატარებას ტექნიკური დატვირთვის დადგენილი ნორმების შესაბამისად, ხოლო ამ ლიანდაგის რკინიგზის ლოკომოტივით მომსახურებისას – რკინიგზის მიერ გამოყოფილი ლოკომოტივის გატარებას.
5. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი ტექნიკური მომსახურებისათვის შეიძლება გადაეცეს რკინიგზას შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.
6. ახალაშენებული სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის საექსპლუატაციოდ გადაცემა და ამ ლიანდაგზე რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის მიწოდება დასაშვებია, თუ მას საექსპლუატაციოდ მიიღებს რკინიგზისა და ლიანდაგის მფლობელის წარმომადგენლებისაგან შემდგარი კომისია.
7. თითოეულ სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგს უნდა ჰქონდეს ტექნიკური პასპორტი, ხელოვნური ნაგებობების ნახაზი, გეგმა და გრძივი პროფილი.
8. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი, მისი ტექნიკური ნაგებობა და მოწყობილობა უნდა უზრუნველყოფდეს ტვირთის რიტმულ დატვირთვა-გადმოტვირთვას, სამანევრო სამუშაოების განხორციელებას გადაზიდვის მოცულობის შესაბამისად და მოძრავი შემადგენლობის რაციონალურ გამოყენებასა და დაცულობას.
9. არსებულ სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგთან მშენებარე სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მიერთებისათვის საჭიროა:
ა) რკინიგზის ნებართვა, თუ სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი ეკუთვნის რკინიგზას;
ბ) იმ პირის ნებართვა რკინიგზასთან წინასწარი შეთანხმებით, რომელსაც ეკუთვნის სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი. 
Comments