თავი III სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი



მუხლი 30. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი

posted Apr 14, 2016, 8:59 AM by f o r m s . g e

1. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი წარმოადგენს ცალკეულ პირთა მომსახურებისათვის განკუთვნილ ლიანდაგს, რომელიც სარკინიგზო ქსელთან დაკავშირებულია უწყვეტი რელსის ლიანდით და რკინიგზის, ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან სხვა პირის მფლობელობაშია.
2. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მიერთება სარკინიგზო ქსელთან ხორციელდება რკინიგზის ნებართვით , ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით .
3. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგისა და ვაგონის (კონტეინერის) დატვირთვისთვის, გადმოტვირთვისა და გაწმენდისთვის განკუთვნილი მოწყობილობების მშენებლობა და რეკონსტრუქცია ხორციელდება რკინიგზასთან შეთანხმებით.
4. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის სალიანდაგო მოწყობილობებისა და ტექნიკური ნაგებობების კონსტრუქცია და მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს სამშენებლო მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგზე ვაგონის (კონტეინერის) გატარებას ტექნიკური დატვირთვის დადგენილი ნორმების შესაბამისად, ხოლო ამ ლიანდაგის რკინიგზის ლოკომოტივით მომსახურებისას – რკინიგზის მიერ გამოყოფილი ლოკომოტივის გატარებას.
5. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი ტექნიკური მომსახურებისათვის შეიძლება გადაეცეს რკინიგზას შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.
6. ახალაშენებული სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის საექსპლუატაციოდ გადაცემა და ამ ლიანდაგზე რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის მიწოდება დასაშვებია, თუ მას საექსპლუატაციოდ მიიღებს რკინიგზისა და ლიანდაგის მფლობელის წარმომადგენლებისაგან შემდგარი კომისია.
7. თითოეულ სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგს უნდა ჰქონდეს ტექნიკური პასპორტი, ხელოვნური ნაგებობების ნახაზი, გეგმა და გრძივი პროფილი.
8. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი, მისი ტექნიკური ნაგებობა და მოწყობილობა უნდა უზრუნველყოფდეს ტვირთის რიტმულ დატვირთვა-გადმოტვირთვას, სამანევრო სამუშაოების განხორციელებას გადაზიდვის მოცულობის შესაბამისად და მოძრავი შემადგენლობის რაციონალურ გამოყენებასა და დაცულობას.
9. არსებულ სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგთან მშენებარე სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მიერთებისათვის საჭიროა:
ა) რკინიგზის ნებართვა, თუ სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი ეკუთვნის რკინიგზას;
ბ) იმ პირის ნებართვა რკინიგზასთან წინასწარი შეთანხმებით, რომელსაც ეკუთვნის სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი. 

მუხლი 31. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაცია

posted Apr 14, 2016, 8:58 AM by f o r m s . g e

1. რკინიგზისა და სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მფლობელის ურთიერთობა ხორციელდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
2. საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგზე იმ მოძრავი შემადგენლობის გასვლის წესს, რომელიც რკინიგზას არ ეკუთვნის, ადგენს რკინიგზა.
3. პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგზე მატარებლების მოძრაობასთან, სამანევრო სამუშაოებთან, ტვირთის დატვირთვა-დამაგრებასა და გადმოტვირთვასთან, უნდა ჰქონდეს რკინიგზის მიერ გაცემული საბუთი, რომელიც ადასტურებს მისი კვალიფიკაციის შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან.
4. რკინიგზის წარმომადგენელს უფლება აქვს, სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მფლობელის მონაწილეობით შეამოწმოს მოძრაობის უსაფრთხოება, მოძრავი შემადგენლობისა და კონტეინერის დაცულობა და სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მდგომარეობა.
5. სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე გაუმართავობის გამოვლენისას, რომელიც საფრთხეს უქმნის მოძრაობას, მოძრავი შემადგენლობის, გადასაზიდი ტვირთისა და ვაგონის (კონტეინერის) დაცულობას, რკინიგზის წარმომადგენელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი აქტი. ამ აქტის საფუძველზე რკინიგზის სადგურის უფროსი ან მოძრაობის უსაფრთხოების რევიზორი გაუმართავობის აღმოფხვრამდე კრძალავს აქტში მითითებულ ლიანდაგზე (ლიანდაგის მონაკვეთზე) მოძრავი შემადგენლობის მიწოდებას. ასეთ შემთხვევაში ვაგონის (კონტეინერის) მიწოდების ან გამოყვანის დაყოვნების, აგრეთვე ტვირთის შენახვის, დაცვისა და გადაზიდვის შესახებ მიღებული განაცხადის შეუსრულებლობის გამო ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის (მისი მონაკვეთის) მფლობელს.
6. თუ ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) სამანევრო საშუალებების მფლობელია, თავის სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე ვაგონის (კონტეინერის) მიწოდება-გამოყვანასა და სამანევრო სამუშაოებს იგი ახორციელებს საკუთარი სამანევრო საშუალებებით მიღება-ჩაბარების ლიანდაგიდან, ხოლო თუ ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) არ ფლობს სამანევრო საშუალებებს, ვაგონის (კონტეინერის) მიწოდება-გამოყვანასა და სამანევრო სამუშაოების შესრულებას იგი უზრუნველყოფს რკინიგზის სამანევრო საშუალებებით, რისთვისაც იხდის გადაზიდვის ხელშეკრულებით დადგენილ საფასურს.
7. რკინიგზის კუთვნილ სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე რკინიგზისა და ლიანდაგისპირა საწყობებისა და სატვირთო ბაქნების მქონე პირების ურთიერთობა წესრიგდება ვაგონის (კონტეინერის) მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებით, რომლის ტიპობრივი ფორმა და რეკვიზიტები განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“. ვაგონის (კონტეინერის) მიწოდება-გამოყვანა და სამანევრო სამუშაოები ხორციელდება რკინიგზის ლოკომოტივის მეშვეობით, გადაზიდვის ხელშეკრულებით დადგენილი საფასურით.
8. პირი თავის ტერიტორიაზე არსებული სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ნაგვისა და თოვლისაგან გაწმენდასა და განათებას ახორციელებს საკუთარი ხარჯით.
9. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონების (კონტეინერების) მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებები იდება რკინიგზის სადგურისა და მასთან მიერთებული სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მუშაობის ტექნიკური პროცესის ან ერთიანი ტექნიკური პროცესის გათვალისწინებით. ამ ხელშეკრულებებით დგინდება ვაგონის (კონტეინერის) მიწოდება-გამოყვანის წესი.
10. იმ ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მომსახურების წესი, რომელსაც სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ფარგლებში ჰყავს ერთი ან რამდენიმე ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) – კონტრაჰენტი და აქვს თავისი საწყობები ან მასთან მიერთებული სარკინიგზო ლიანდაგები, განისაზღვრება უშუალოდ კონტრაჰენტსა და იმ ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) შორის დადებული ხელშეკრულებით, რომელსაც ეკუთვნის სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი და ამ ლიანდაგის მომსახურე სამანევრო საშუალებები. ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების საფასური არ უნდა აღემატებოდეს რკინიგზის მიერ ანალოგიური მომსახურებისთვის დადგენილ საფასურს.
11. რკინიგზის მიერ თავისი სამანევრო საშუალებებით სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მომსახურებისას რკინიგზასა და კონტრაჰენტს შორის იდება ვაგონების (კონტეინერების) მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულება. ვაგონის (კონტეინერის) მიწოდება-გამოყვანისა და სამანევრო სამუშაოების შესრულებისათვის კონტრაჰენტი იხდის დადგენილ საფასურს.
12. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მფლობელ პირს, ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) და კონტრაჰენტს ეკისრებათ ქონებრივი პასუხისმგებლობა სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე მოძრავი შემადგენლობის დაზიანებისა და უსაფრთხოების წესების დაუცველობისათვის. ტვირთის გადაზიდვისას სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მფლობელი და კონტრაჰენტი სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და მათ ეკისრებათ თანაბარი პასუხისმგებლობა.
13. თუ ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მფლობელია, მისი თანხმობით რკინიგზას უფლება აქვს, სამანევრო სამუშაოების შესრულებისა და ვაგონების (კონტეინერების) დროებითი განლაგების ხელშეკრულების შესაბამისად გამოიყენოს მისი კუთვნილი სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი.
14. გასხვისების ზოლში განლაგებულ სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე პირების მიერ დაკავებული მიწის ფართობისა და ამ ლიანდაგის შენახვის ხარჯი განისაზღვრება სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონების (კონტეინერების) მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებებით და რკინიგზას უნაზღაურდება ამ ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად.
15. რკინიგზისაგან მიღებული დატვირთული და დაცლილი ვაგონის (კონტეინერის) დაცვა სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე ხორციელდება მიმღები მხარის საშუალებებითა და ხარჯით.
16. სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე ვაგონის (კონტეინერის) ყოფნის დრო გამოითვლება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
17. რკინიგზის სამანევრო საშუალებებით სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მომსახურებისას ვაგონის (კონტეინერის) დატვირთვა-გადმოტვირთვის დრო გამოითვლება ვაგონის (კონტეინერის) დატვირთვა-გადმოტვირთვის ადგილზე მისი ფაქტობრივი მიწოდების მომენტიდან რკინიგზის სადგურის მიერ ტვირთგამგზავნისაგან (ტვირთმიმღებისაგან) ვაგონის (კონტეინერის) გასაყვანად მზადყოფნის შესახებ შეტყობინების მიღების მომენტამდე.
18. ვაგონის (კონტეინერის) ყოფნის დრო იმ სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე, რომელსაც არ ემსახურება რკინიგზის სამანევრო საშუალებები, გამოითვლება ამ ვაგონის (კონტეინერის) გადაცემის მომენტიდან იმ ლიანდაგზე დაბრუნების მომენტამდე, რომელზედაც მხარეთა შორის ხორციელდება მისი მიღება-ჩაბარება.
19. ვაგონის (კონტეინერის) სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე და ამ ლიანდაგიდან გადაცემის პირობები, ტვირთის მიწოდების ადგილი და წესი განისაზღვრება ვაგონების (კონტეინერების) მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებით.
20. ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) და რკინიგზას უფლება არა აქვთ, საკუთარი ტვირთის გადასაზიდად, შესანახად და დასატვირთად მფლობელის უნებართვოდ გამოიყენონ ის ვაგონი (კონტეინერი), რომელიც მათ არ ეკუთვნის.
21. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონების (კონტეინერების) მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებები იდება არანაკლებ 3 წლის ვადით.
22. რკინიგზის სადგურისა და სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ტექნიკური აღჭურვილობის ან მუშაობის ტექნოლოგიის შეცვლის შემთხვევაში მხარეებს უფლება აქვთ, სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონების (კონტეინერების) მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებები მათი მოქმედების ვადის გასვლამდე შეცვალონ მთლიანად ან ნაწილობრივ. 

1-2 of 2