მუხლი 07. მხარეთა უფლება-მოვალეობანი გადაყვანა-გადაზიდვისას

posted Apr 14, 2016, 8:51 AM by f o r m s . g e   [ updated Apr 14, 2016, 8:52 AM ]
1. რკინიგზა ვალდებულია განახორციელოს მგზავრთა გადაყვანა, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვა, თუ:
ა) მგზავრი ან ტვირთგამგზავნი იცავს ამ კოდექსის მოთხოვნებს, აგრეთვე „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებსა“ და „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებს“;
ბ) გადაყვანა-გადაზიდვა შეიძლება განხორციელდეს არსებული პერსონალითა და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით;
გ) გადაყვანა-გადაზიდვას ხელს არ უშლის გარემოებანი, რომლებსაც რკინიგზა თავიდან ვერ აიცილებს;
დ) გადასაზიდად წარდგენილი ტვირთი (ბარგი, ტვირთ-ბარგი, ფოსტა) არ არის შეტანილი იმ ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის, ფოსტის) ნუსხაში, რომლის გადაზიდვა აკრძალულია ან დაშვებულია მხოლოდ გარკვეული პირობებით, „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებისა“ და „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
2. ტვირთის გადასაზიდად შემკვეთს უფლება აქვს, გადაზიდვის დაწყებამდე მოითხოვოს ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებების, მოწყობილობებისა და მათი ექსპლუატაციის პირობების შესახებ.
3. რკინიგზა ვალდებულია, გადასაზიდად მიიღოს მხოლოდ ის ტვირთი, რომლის გადაზიდვაც შეიძლება განხორციელდეს შეუფერხებლად.
4. რკინიგზა ვალდებული არ არის, გადასაზიდად მიიღოს ტვირთი, რომლის დატვირთვის, გადატვირთვისა და გადმოტვირთვისათვის საჭიროა სამარჯვები, თუ ისინი არ გააჩნია შესაბამის რკინიგზის სადგურს.
5. რკინიგზის მომსახურებით სარგებლობისათვის შემკვეთს უფლება აქვს დადოს რკინიგზასთან ხელშეკრულება გადაზიდვასთან დაკავშირებული დამატებითი მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) შესახებ შესაბამისი ანაზღაურებით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კოდექსისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნებს.
6. რკინიგზას უფლება აქვს, დაინტერესებულ ტვირთგამგზავნთან და ტვირთმიმღებთან ერთად, ტვირთის გადაზიდვისათვის დააწესოს განსაკუთრებული პირობები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში განსაზღვროს მხარეთა პასუხისმგებლობა მათი დაუცველობისათვის.
7. რკინიგზა ვალდებულია, მგზავრსა და ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) მიაწოდოს საჭირო და უტყუარი ინფორმაცია მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. ინფორმაცია ცხადდება (ქვეყნდება) ქართულ ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობისა და საქართველოში მყოფი უცხოელების ინტერესების გათვალისწინებით, შეიძლება დამატებით გამოცხადებული (გამოქვეყნებული) იქნეს სხვა ენაზეც. 
Comments