მუხლი 27. დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთის შენახვისა და გაცემის წესი

posted Apr 14, 2016, 8:41 AM by Forms . GE
1. დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთის შენახვა და გაცემა ხორციელდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
2. დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთი უფასოდ ინახება 24 საათის განმავლობაში. ამ ვადის ათვლა იწყება რკინიგზის მიერ თავისი საშუალებებით ვაგონის (კონტეინერის) გადმოტვირთვის დღის 24 საათიდან ან ტვირთმიმღების საშუალებებით ვაგონის (კონტეინერის) გადმოტვირთვის ადგილზე მიწოდების დღის 24 საათიდან. რკინიგზის სადგურში აღნიშნულზე მეტი ვადით ტვირთის შენახვისათვის დადგენილია შესაბამისი საფასური, რომელსაც რკინიგზას უხდის ტვირთმიმღები ან ექსპედიტორი ან ტვირთის გატანაზე უფლებამოსილი სხვა პირი.
3. დანიშნულების რკინიგზის სადგურზე ტვირთის გაცემისას რკინიგზა ამოწმებს მის მდგომარეობას, მასასა და სატვირთო ადგილების რაოდენობას, თუ:
ა) ტვირთი მიტანილია გაუმართავი ვაგონით (კონტეინერით), დაზიანებული ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობებით ან სხვა რკინიგზის სადგურის ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობების მქონე ვაგონით (კონტეინერით);
ბ) ტვირთი ღია მოძრავი შემადგენლობით გადაზიდვისას მიტანილია დაზიანების, გაფუჭების ან დანაკლისის ნიშნებით;
გ) მალფუჭებადი ტვირთი დანიშნულების ადგილზე მიტანილია მიტანის ვადის ან რეფრიჟერატორული ვაგონით გადაზიდვისათვის დადგენილი ტემპერატურის დარღვევით;
დ) ტვირთი დატვირთულია რკინიგზის მიერ;
ე) ტვირთი რკინიგზის მიერ გადმოტვირთულია საერთო სარგებლობის ადგილებზე;
ვ) შექმნილია ისეთი პირობები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ ტარაში მოთავსებული ან ცალობრივი ტვირთის მდგომარეობასა და მასაზე.
4. გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული შემთხვევებისა, დანიშნულების რკინიგზის სადგურზე ტვირთის გაცემისას რკინიგზა ამოწმებს მხოლოდ დაზიანებულ ტარაში (შესაფუთში) მოთავსებული ტვირთის მდგომარეობასა და მასას.
5. ვაგონზე (კონტეინერზე) შემოსავლების სამსახურის პლომბების აღმოჩენისას რკინიგზა არ ამოწმებს ტვირთის მდგომარეობას, მასასა და სატვირთო ადგილების რაოდენობას, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რის შესახებაც რკინიგზა ატყობინებს შემოსავლების სამსახურს.
6. დანიშნულების რკინიგზის სადგურზე ტვირთის გაცემისას მისი მასის შემოწმება ხორციელდება დატვირთვის დროს მასის შემოწმების ანალოგიურად. თუ ტვირთმიმღებს და დანიშნულების რკინიგზის სადგურს არ გააჩნიათ სავაგონო სასწორი, ფხვიერი და ნაყარი ტვირთი, რომელიც დანიშნულების რკინიგზის სადგურზე მიტანილია დანაკლისის ნიშნების გარეშე, გაიცემა მასის შეუმოწმებლად.
7. ტვირთის მასა სწორად მიიჩნევა, თუ დანიშნულების რკინიგზის სადგურზე დადგენილ მასასა და გაგზავნის რკინიგზის სადგურზე დადგენილ მასას შორის განსხვავება არ აღემატება ტვირთის მასის ბუნებრივი დანაკლისისა და მასის ნეტოს განმსაზღვრელი ხელსაწყოების განსხვავებების ზღვრულ ნორმებს, რომლებიც დადგენილია „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.
8. გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე რკინიგზას უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ტვირთის მდგომარეობის, მასისა და სატვირთო ადგილების რაოდენობის შემოწმებაში.
9. თუ დანიშნულების რკინიგზის სადგურზე ტვირთის მდგომარეობის, მასისა და სატვირთო ადგილების რაოდენობის შემოწმებისას გამოვლინდა ტვირთის დანაკლისი ან დაზიანება (გაფუჭება) ან ეს დადგენილია გზად მდებარე რკინიგზის სადგურის კომერციული აქტით, დანიშნულების რკინიგზის სადგური ვალდებულია განსაზღვროს ტვირთის დაზიანების, გაფუჭების ან დანაკლისის ფაქტობრივი ოდენობა და გასცეს კომერციული აქტი.
10. საჭიროებისამებრ, რკინიგზა თავისი ინიციატივით ან ტვირთმიმღების მოთხოვნით იწვევს ექსპერტებსა და სპეციალისტებს. 
Comments