მუხლი 22. ანგარიშსწორების წესი

posted Apr 14, 2016, 8:44 AM by Forms . GE
1. ტვირთის გადაზიდვის საფასური განისაზღვრება დანიშნულების რკინიგზის სადგურამდე უმოკლესი მიმართულების მანძილის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაშიც, როდესაც ეს მანძილი გაზრდილია რკინიგზის მიერ. უმოკლესი მიმართულების მანძილი განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.
2. ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურს ტვირთგამგზავნი იხდის წინასწარ, რკინიგზის სადგურიდან ტვირთის გაგზავნამდე, თუ ამ კოდექსით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. რკინიგზას უფლება აქვს, საფასურის გადახდამდე შეაჩეროს ტვირთის გაგზავნა.
3. ვაგონის (კონტეინერის) გამოყოფა შემდგომი დატვირთვისათვის შეჩერდება ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდამდე.
4. ადგილობრივი გადაზიდვისას რკინიგზას უფლება აქვს, ტვირთგამგზავნთან (ტვირთმიმღებთან) შეთანხმებით მიიღოს გადაწყვეტილება ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის დანიშნულების რკინიგზის სადგურში გადახდის შესახებ, თუ არსებობს მისი გადახდის გარანტია. ამგვარი შეთანხმებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მხარეთა პასუხისმგებლობა ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის.
5. ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საბოლოო ანგარიშსწორებას ტვირთმიმღები ახორციელებს დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთის მიტანის შემდეგ.
6. ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასური გადაიხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გამგზავნ რკინიგზის სადგურში ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდის ვადა არის გადასაზიდად ტვირთის მიღების დღე, ხოლო დანიშნულების რკინიგზის სადგურში – ტვირთმიმღებისათვის ტვირთის გადაცემის დღე, რომელიც აღინიშნება ზედნადებში.
7. ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდამდე ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისა და ტვირთის ვაგონში (კონტეინერში) შენახვისათვის პასუხისმგებლობა, აგრეთვე ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულება მისი დაყოვნების მთელი დროისათვის ეკისრება ტვირთმფლობელს ან ექსპედიტორს ხელშეკრულების შესაბამისად. 
Comments