მუხლი 20. სატრანსპორტო საშუალებათა გამოყოფა და ტვირთის გადასაზიდად წარდგენა

posted Apr 14, 2016, 8:45 AM by Forms . GE
1. რკინიგზა ვალდებულია, ტვირთის გადაზიდვის განაცხადის, ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულების ან ვაგონის (კონტეინერის) გამოყოფის ერთჯერადი ნებართვის საფუძველზე, დადგენილ ვადაში, დასატვირთად გამოყოს ტვირთის გადასაზიდად ვარგისი, ტვირთის ნარჩენებისა და ნაგვისაგან გაწმენდილი და, საჭიროების შემთხვევაში, გარეცხილი და დეზინფიცირებული ვაგონი (კონტეინერი).
2. გაუსუფთავებელი სატრანსპორტო საშუალების დასატვირთად მიწოდება დაიშვება ტვირთგამგზავნის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებას ასუფთავებს ტვირთგამგზავნი, თუ რკინიგზა მას აუნაზღაურებს გაწეულ ხარჯს. მხარეთა შეთანხმებით ტვირთგამგზავნს გამოეყოფა საკმარისი დრო ვაგონის (კონტეინერის) გასაწმენდად.
3. რკინიგზის სადგური ვალდებულია, ტვირთგამგზავნს შეატყობინოს საჭირო ვაგონის (კონტეინერის) დასატვირთად გამოყოფის დრო გამოყოფამდე არა უგვიანეს 2 საათისა.
4. თხევადი ტვირთის ჩასხმისათვის რკინიგზის კუთვნილ ვაგონ-ცისტერნასა და ვაგონ-ბუნკერს ამზადებს რკინიგზა ან ტვირთგამგზავნი რკინიგზის ხარჯით, მათ შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.
5. თხევადი ტვირთის ჩასასხმელად იმ სპეციალიზებული ცისტერნის მომზადებას, რომელიც არ წარმოადგენს რკინიგზის საკუთრებას ან მის მიერ გადაცემულია სხვა პირთა სარგებლობაში, უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი.
6. ტვირთის ცისტერნაში ჩასხმის წინ ცისტერნის ჰერმეტულობის, მისი არმატურისა და უნივერსალური ჩამოსასხმელი მოწყობილობების ტექნიკური გამართულობის შემოწმება ხორციელდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
7. კომერციული თვალსაზრისით ვაგონის ვარგისიანობას ტვირთის გადასაზიდად (ვაგონში (კონტეინერში) სპეციფიკური სუნისა და სხვა ამგვარი ფაქტორების არსებობა, რომლებიც დატვირთვისას და მსვლელობის გზაზე გავლენას ახდენს ტვირთის მდგომარეობაზე, აგრეთვე ვაგონის (კონტეინერის) ძარების შიდა კონსტრუქციების თავისებურებანი და სატვირთო ნაკვეთურების მდგომარეობა) განსაზღვრავს ვაგონის დამტვირთავი, ხოლო კონტეინერისას – ტვირთგამგზავნი.
8. ტვირთგამგზავნს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ტვირთის გადასაზიდად მიწოდებულ უვარგის სატრანსპორტო საშუალებაზე, ხოლო რკინიგზა ვალდებულია შეცვალოს იგი ვარგისი ვაგონით (კონტეინერით).
9. სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე ტვირთის დატვირთვისათვის ვაგონის (კონტეინერის) გამოყოფისას რკინიგზა განსაზღვრავს გასაგზავნი ტვირთის დასატვირთად მის ტექნიკურ ვარგისიანობას. 
Comments