მუხლი 16. ტვირთის გადაზიდვის დაგეგმვა

posted Apr 14, 2016, 8:47 AM by Forms . GE
1. რკინიგზა შეიმუშავებს ტვირთის გადაზიდვის წლიურ და კვარტალურ ინდიკატურ გეგმებს, რომელთა შედგენა ხდება ტვირთგამგზავნთა განაცხადების მიხედვით. ტვირთის გადაზიდვის განაცხადის ფორმა, მისი შევსების, წარდგენის, შესრულებისა და აღრიცხვის წესი განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.
2. ტვირთგამგზავნი ვალდებულია, განაცხადი წარუდგინოს რკინიგზას ადგილობრივი გადაზიდვისას – ტვირთის დატვირთვამდე არა უგვიანეს 10 დღისა, ხოლო საერთაშორისო ან პირდაპირი შერეული გადაზიდვისას – კალენდარული თვის დაწყებამდე არა უგვიანეს 15 დღისა. ამავე ვადებში უნდა იქნეს წარდგენილი განაცხადი ტვირთის დამატებითი ოდენობისა და გეგმით გაუთვალისწინებელი ტვირთის გადაზიდვაზე.
3. საგანგებო სიტუაციების შედეგების აღმოსაფხვრელად განკუთვნილი ტვირთის გადაზიდვას რკინიგზა ახორციელებს ამ ტვირთის მიღებისთანავე.
4. განაცხადი რკინიგზას წარედგინება 3 ეგზემპლარად. განაცხადში აღნიშნული უნდა იყოს: საერთაშორისო გადაზიდვისას – ტვირთის გადაზიდვის მოცულობა, ტვირთის სახეობა, დანიშნულების რკინიგზა (ქვეყანა) და დატვირთვის თარიღი, ხოლო ადგილობრივი გადაზიდვისას – ტვირთის სახეობა, დანიშნულების რკინიგზის სადგური და დატვირთვის თარიღი. განაცხადის 1 ეგზემპლარი, მისი მიღების თარიღის აღნიშვნით, ეგზავნება ტვირთგამგზავნს, მეორე – ტვირთის გამგზავნ რკინიგზის სადგურს, ხოლო მესამე რჩება რკინიგზას.
5. რკინიგზა ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე დასაბუთებული უარის თქმის შესახებ და ამის თაობაზე აცნობოს ტვირთგამგზავნს განაცხადის მიღებიდან 10 დღის ვადაში, „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
6. თუ ტვირთგამგზავნი განაცხადში შეიტანს ცვლილებას, რომელიც ითვალისწინებს ტვირთის გადაზიდვის გადანაწილებას დანიშნულების რკინიგზებისა და რკინიგზის სადგურების შეცვლით, მან დამატებით უნდა გადაიხადოს შეცვლილი ვაგონებით (კონტეინერებით) გადაზიდვის საფასურის 5 პროცენტი – საერთო განაცხადის შესრულებისას, ხოლო 10 პროცენტი – საერთო განაცხადის შეუსრულებლობისას.
7. რკინიგზის სადგურის უფროსი ვალდებულია, ტვირთგამგზავნთან ერთად, განაცხადის შესრულების დაწყებამდე არა უგვიანეს 3 დღისა შეიტანოს მის შესასრულებლად საჭირო მონაცემები სააღრიცხვო ბარათში, რომელსაც ყოველი საანგარიშგებო დღე-ღამის დასრულების შემდეგ ხელს აწერენ რკინიგზის სადგურის უფროსი და ტვირთგამგზავნი. სააღრიცხვო ბარათის ფორმა და რეკვიზიტები განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.
8. ტვირთგამგზავნის თხოვნით, რკინიგზას უფლება აქვს:
ა) დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ დართოს ტვირთის შიდასასადგურო გადაზიდვის (ერთი რკინიგზის სადგურის ფარგლებში) ნება. ამგვარი გადაზიდვა აღინიშნება განაცხადში და გათვალისწინებული იქნება ტვირთის გადაზიდვის შესრულებულ მოცულობაში;
ბ) შეცვალოს განაცხადით გათვალისწინებული დახურული სატრანსპორტო საშუალება ღიათი, თუ ტვირთის ღია სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა დაშვებულია „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“, აგრეთვე შეცვალოს ერთი სახეობის ღია მოძრავი შემადგენლობა მეორეთი;
გ) შეცვალოს განაცხადით გათვალისწინებული დანიშნულების რკინიგზა (ქვეყანა) და რკინიგზის სადგური. 
Comments