მუხლი 15. ტვირთის მასა

posted Apr 14, 2016, 8:47 AM by Forms . GE
1. გადასაზიდად ტვირთის წარდგენისას ტვირთგამგზავნის მიერ ზედნადებში აღნიშნული უნდა იქნეს მისი მასა, რომელიც განისაზღვრება აწონვით, ტრაფარეტით, სტანდარტით, გაანგარიშებით, აზომვით ან პირობითად. აკრძალულია ტვირთის მასის განსაზღვრა გაანგარიშებით ან აზომვით, თუ მის დატვირთვას ვაგონის (კონტეინერის) მთლიან ტევადობამდე შეიძლება მოჰყვეს ვაგონის (კონტეინერის) დასაშვები ტვირთამწეობის გადამეტება.
2. ტვირთის მასას დატვირთვისას განსაზღვრავს:
ა) რკინიგზა – საერთო სარგებლობის ადგილებში, თუ ის ტვირთავს ტვირთს ტვირთგამგზავნის თხოვნით;
ბ) ტვირთგამგზავნი – საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში.
3. ტრაფარეტით, სტანდარტით, გაანგარიშებით, აზომვით ან პირობითად ტვირთის მასას, როგორც წესი, განსაზღვრავს ტვირთგამგზავნი. ტვირთს ტვირთგამგზავნის თხოვნით წონის რკინიგზა და იღებს შესაბამის საფასურს.
4. ტვირთის მასისა და რაოდენობის დადგენის და ამ მონაცემების ზედნადებში აღნიშვნის პირობები განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.
5. ტვირთის ასაწონად რკინიგზას საერთო სარგებლობის ადგილებში, ხოლო ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში, მათ შორის, საზღვაო ნავსადგურებში, უნდა ჰქონდეთ საჭირო რაოდენობის ასაწონი მოწყობილობები.
6. ასაწონი მოწყობილობები ექვემდებარება დადგენილი წესით სახელმწიფო შემოწმებასა და დადამღვას. ხელშეკრულების საფუძველზე რკინიგზას უფლება აქვს უზრუნველყოს ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) და სხვა პირთა მფლობელობაში არსებული ასაწონი მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება (საუწყებო კონტროლი, რემონტი, საკონტროლო შემოწმება).
7. ტვირთის მსვლელობის გზაზე მდებარე რკინიგზის სადგურის მიერ ვაგონში (კონტეინერში) გადამეტტვირთის გამოვლენისას ზედმეტი ტვირთი გადმოტვირთული უნდა იქნეს. რკინიგზა ვალდებულია, დაუყოვნებლივ გამოითხოვოს ტვირთგამგზავნისაგან (ტვირთმიმღებისაგან) მითითებანი ზედმეტი ტვირთის განკარგვის თაობაზე. ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ვალდებულია, ზედმეტი ტვირთის გადაზიდვის, გადმოტვირთვისა და შენახვისათვის გადაუხადოს რკინიგზას შესაბამისი საფასური. 
Comments