მუხლი 14. ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა და დახარისხება

posted Apr 14, 2016, 8:48 AM by f o r m s . g e
1. გადასაზიდი ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა და დახარისხება შეიძლება განხორციელდეს როგორც საერთო, ისე არასაერთო სარგებლობის ადგილებში.
2. ვაგონის (კონტეინერის) შეუფერხებელი დამუშავებისა და ტვირთისა და მოძრავი შემადგენლობის დაცულობის უზრუნველსაყოფად, საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილები მათი მფლობელების მიერ აღჭურვილი უნდა იქნეს სათანადო ნაგებობებითა და მოწყობილობებით, რომლებიც აკმაყოფილებს გარემოს დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს.
3. ვაგონსა და სატვირთო ავტომობილებში ტვირთის დატვირთვას, გადმოტვირთვას და დახარისხებას ახორციელებს:
ა) რკინიგზა – ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) თხოვნით, საერთო სარგებლობის ადგილებში, სათანადო მექანიზმებისა და მოწყობილობების არსებობისას, გარდა: საფრთხეშემცველი ან მალფუჭებადი ტვირთისა; ნედლი ცხოველური პროდუქტებისა; დახურული ვაგონებით გადასაზიდი ტვირთისა, რომლის სატვირთო ადგილის წონა 0,5 ტონაზე მეტია; არაგაბარიტული, თხევადი, ფხვიერი ან ნაყარი ტვირთისა, რომელიც გადაიზიდება სპეციალური მოძრავი შემადგენლობით. აღნიშნულ შემთხვევებში ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ვალდებულია გადაუხადოს რკინიგზას ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის და დახარისხების შეთანხმებული საფასური;
ბ) ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) – საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში, თუ რკინიგზას არ აკისრია ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის და დახარისხების ვალდებულება.
4. კონტეინერში ტვირთის დატვირთვას, გადმოტვირთვას და დახარისხებას ახორციელებს ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები). რკინიგზას უფლება აქვს, ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) თხოვნით, თვითონ უზრუნველყოს ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა და დახარისხება, თუ მას აქვს სათანადო მექანიზმები და სამარჯვები.
5. დაუძლეველი ძალის (ხანძარი, თოვლი, ნამქერი, წყალდიდობა, საომარი მოქმედებები, ეპიდემია და ა.შ.), აგრეთვე გადაზიდვისათვის ხელის შემშლელი სხვა გარემოებების არსებობისას, რკინიგზას უფლება აქვს შეზღუდოს ან შეწყვიტოს ტვირთის დატვირთვა, რის შესახებაც დაუყოვნებლივ წერილობით უნდა შეატყობინოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოსა და დანიშნულების რკინიგზის სადგურს, დატვირთვის შეზღუდვის ან შეწყვეტის მოქმედების ვადის მითითებით.
6. ტვირთგამგზავნი ვალდებულია, რკინიგზის სადგურის უფროსის შესაბამისი წერილობითი მოთხოვნისთანავე შეწყვიტოს გადასაზიდად ტვირთის წარდგენა ან შეზღუდოს დატვირთვა აკრძალული მიმართულებებით.
7. ტვირთის დატვირთვის შეზღუდვის ან შეწყვეტის გამო წარმოშობილი უკმარტვირთის შევსება ხორციელდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
8. ვაგონში (კონტეინერში) ტვირთის დატვირთვა ხორციელდება დატვირთვის ტექნიკური ნორმების შესაბამისად, მაგრამ მისი მასა არ უნდა აღემატებოდეს ვაგონის (კონტეინერის) დასაშვებ ტვირთამწეობას.
9. ვაგონსა (მათ შორის, ღია მოძრავ შემადგენლობაში) და კონტეინერში ტვირთის განლაგება და დამაგრება ხდება ტექნიკური მოთხოვნების დაცვით. ნუსხა იმ ტვირთისა, რომლის გადაზიდვა დაშვებულია ღია მოძრავი შემადგენლობით, აგრეთვე ფხვიერი და ნაყარი ტვირთისა, განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.
10. ტვირთის დასატვირთად, დასამაგრებლად და გადასაზიდად საჭირო მასალების, პაკეტირების საშუალებებისა და სხვა მოწყობილობების დაყენებასა (დატვირთვისას) და მოხსნას (გადმოტვირთვისას) უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ან რკინიგზა – იმის მიხედვით, თუ ვინ ახდენს ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვას. ამ მოწყობილობების მიწოდებას უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი, რის შესახებაც მიუთითებს ზედნადებში. მოწყობილობები დანიშნულების რკინიგზის სადგურში გადაეცემა ტვირთმიმღებს ტვირთთან ერთად.
11. ტვირთგამგზავნი პასუხს აგებს მის მიერ ტვირთის არასწორად დატვირთვა-გადმოტვირთვის, დახარისხების გამო წარმოშობილი ზიანისათვის. 
Comments