მუხლი 13. გენერალური შეთანხმებები (ხელშეკრულებები) რკინიგზის მიერ ტვირთის გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის ორგანიზების შესახებ

posted Apr 14, 2016, 8:48 AM by f o r m s . g e
1. რკინიგზასა და ტვირთგამგზავნს უფლება აქვთ, საჭიროების შემთხვევაში დადონ ტვირთის გადაზიდვის ორგანიზების გრძელვადიანი გენერალური შეთანხმება (ხელშეკრულება), რომლითაც განისაზღვრება გადასაზიდი ტვირთის მოცულობა, წარდგენის ვადა, გამოსაყოფი სატრანსპორტო საშუალებები და სხვა პირობები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ კოდექსითა და „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გენერალური შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე რკინიგზა ვალდებულებას კისრულობს, გადასაზიდად ტვირთი მიიღოს შეთანხმებული ოდენობით, ხოლო ტვირთგამგზავნი ვალდებულია, გადასაზიდად ტვირთი წარადგინოს შეთანხმებულ ვადაში.
3. რკინიგზას უფლება აქვს, შესაბამის პირთან დადოს მგზავრთა გადაყვანის ორგანიზების გრძელვადიანი გენერალური შეთანხმება (ხელშეკრულება), რომლითაც განისაზღვრება მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებული მოთხოვნები, გადაყვანის საფასურის ოდენობა და სხვა პირობები. 
Comments