მუხლი 12. ზედნადები

posted Apr 14, 2016, 8:49 AM by f o r m s . g e
1. ზედნადების საფუძველზე რკინიგზა ვალდებულებას კისრულობს, ტვირთგამგზავნის მიერ მისთვის გადაცემული ტვირთი, გადაზიდვის პირობების დაცვით, მიიტანოს დანიშნულების რკინიგზის სადგურამდე და გადასცეს ტვირთმიმღებს, ხოლო ტვირთგამგზავნი ვალდებულია გადაიხადოს ტვირთის გადაზიდვისა და სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) დადგენილი საფასური.
2. ზედნადების ფორმა და რეკვიზიტები, აგრეთვე მისი შევსების წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.
3. ზედნადები დგება ტვირთმიმღების სახელზე, ტვირთგამგზავნისა და რკინიგზის ხელმოწერით და დანიშნულების რკინიგზის სადგურში გადაეცემა ტვირთმიმღებს ტვირთთან ერთად.
4. გადასაზიდად ტვირთის მიღების დღედ ითვლება ზედნადებზე რკინიგზის სადგურის კალენდარული შტემპელით აღნიშნული თარიღი.
5. გადასაზიდად ტვირთვის მიღების დასადასტურებლად რკინიგზის სადგური ვალდებულია გადასცეს ტვირთგამგზავნს ზედნადების ერთი ეგზემპლარი და გადასაზიდად ტვირთის მიღების ქვითარი.
6. გადასაზიდად ტვირთის წარდგენისას ტვირთგამგზავნმა ტვირთის თითოეულ გზავნილზე უნდა წარმოადგინოს სათანადოდ შევსებული ზედნადები და შესაბამისი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
7. ტვირთგამგზავნი პასუხს აგებს მის მიერ ან მისი მოთხოვნით ზედნადებში შეტანილი მონაცემების სისწორეზე, ზედნადებში არასწორი ან არასრული მონაცემების აღნიშვნის გამო წარმოშობილი ზიანისათვის, აგრეთვე გადასაზიდად აკრძალული ტვირთის გაგზავნისათვის.
8. რკინიგზას უფლება აქვს, შერჩევით შეამოწმოს ტვირთგამგზავნის მიერ ზედნადებში მითითებული ტვირთის მასისა და სხვა მონაცემების სისწორე.
Comments