თავი II რკინიგზის მიერ გადაყვანა-გადაზიდვის ორგანიზება



მუხლი 07. მხარეთა უფლება-მოვალეობანი გადაყვანა-გადაზიდვისას

posted Apr 14, 2016, 8:51 AM by f o r m s . g e   [ updated Apr 14, 2016, 8:52 AM ]

1. რკინიგზა ვალდებულია განახორციელოს მგზავრთა გადაყვანა, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვა, თუ:
ა) მგზავრი ან ტვირთგამგზავნი იცავს ამ კოდექსის მოთხოვნებს, აგრეთვე „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებსა“ და „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებს“;
ბ) გადაყვანა-გადაზიდვა შეიძლება განხორციელდეს არსებული პერსონალითა და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით;
გ) გადაყვანა-გადაზიდვას ხელს არ უშლის გარემოებანი, რომლებსაც რკინიგზა თავიდან ვერ აიცილებს;
დ) გადასაზიდად წარდგენილი ტვირთი (ბარგი, ტვირთ-ბარგი, ფოსტა) არ არის შეტანილი იმ ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის, ფოსტის) ნუსხაში, რომლის გადაზიდვა აკრძალულია ან დაშვებულია მხოლოდ გარკვეული პირობებით, „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებისა“ და „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
2. ტვირთის გადასაზიდად შემკვეთს უფლება აქვს, გადაზიდვის დაწყებამდე მოითხოვოს ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებების, მოწყობილობებისა და მათი ექსპლუატაციის პირობების შესახებ.
3. რკინიგზა ვალდებულია, გადასაზიდად მიიღოს მხოლოდ ის ტვირთი, რომლის გადაზიდვაც შეიძლება განხორციელდეს შეუფერხებლად.
4. რკინიგზა ვალდებული არ არის, გადასაზიდად მიიღოს ტვირთი, რომლის დატვირთვის, გადატვირთვისა და გადმოტვირთვისათვის საჭიროა სამარჯვები, თუ ისინი არ გააჩნია შესაბამის რკინიგზის სადგურს.
5. რკინიგზის მომსახურებით სარგებლობისათვის შემკვეთს უფლება აქვს დადოს რკინიგზასთან ხელშეკრულება გადაზიდვასთან დაკავშირებული დამატებითი მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) შესახებ შესაბამისი ანაზღაურებით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კოდექსისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნებს.
6. რკინიგზას უფლება აქვს, დაინტერესებულ ტვირთგამგზავნთან და ტვირთმიმღებთან ერთად, ტვირთის გადაზიდვისათვის დააწესოს განსაკუთრებული პირობები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში განსაზღვროს მხარეთა პასუხისმგებლობა მათი დაუცველობისათვის.
7. რკინიგზა ვალდებულია, მგზავრსა და ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) მიაწოდოს საჭირო და უტყუარი ინფორმაცია მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. ინფორმაცია ცხადდება (ქვეყნდება) ქართულ ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობისა და საქართველოში მყოფი უცხოელების ინტერესების გათვალისწინებით, შეიძლება დამატებით გამოცხადებული (გამოქვეყნებული) იქნეს სხვა ენაზეც. 

მუხლი 08. რკინიგზის მიერ გადაყვანა-გადაზიდვის სატრანსპორტო საშუალებები და მოწყობილობები

posted Apr 14, 2016, 8:50 AM by f o r m s . g e   [ updated Apr 14, 2016, 8:52 AM ]

1. მგზავრთა გადაყვანა, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვა ხორციელდება რკინიგზის ან სხვა პირთა მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებითა და მოწყობილობებით.
2. საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგებით მგზავრთა გადასაყვანად და ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები და მოწყობილობები, მათი საკუთრების ფორმის მიუხედავად, უნდა აკმაყოფილებდეს რკინიგზის ტექნიკური ექსპლუატაციის წესების მოთხოვნებს, დადგენილ ნორმებსა და სტანდარტებს, ხოლო ახალაშენებულ მოძრავ შემადგენლობას უნდა ჰქონდეს არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი მოწმობა (სერტიფიკატი).

მუხლი 09. რკინიგზის სადგური

posted Apr 14, 2016, 8:50 AM by f o r m s . g e   [ updated Apr 14, 2016, 8:52 AM ]

1. რკინიგზის სადგურები ახორციელებენ ტვირთის მიღებას, დატვირთვას, გადმოტვირთვასა და გაცემას, აგრეთვე მგზავრთა გადაყვანასთან, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვასთან დაკავშირებულ მომსახურებას (სამუშაოს).
2. რკინიგზა ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვას შესაბამისი მომსახურების გასაწევად (სამუშაოს შესასრულებლად) განკუთვნილ რკინიგზის სადგურებს შორის.
3. გადაყვანა-გადაზიდვის დოკუმენტების გასაფორმებლად, აგრეთვე მგზავრისა და ტვირთგამგზავნისათვის (ტვირთმიმღებისათვის) გადაყვანა-გადაზიდვისა და სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდევინების უზრუნველსაყოფად რკინიგზის სადგურებში იქმნება სატვირთო განყოფილებები, სატვირთო და საბილეთო სალაროები და სხვა შესაბამისი სამსახურები.
4. რკინიგზის სადგურების გახსნა-დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით იღებს და მათ მიერ გასაწევი მომსახურების (შესასრულებელი სამუშაოს) ნუსხას განსაზღვრავს რკინიგზა.

მუხლი 10. რკინიგზის მიერ გადაყვანა-გადაზიდვის საფასური

posted Apr 14, 2016, 8:50 AM by f o r m s . g e

რკინიგზის მიერ მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის ტარიფებისა და დამატებითი საფასურების დაწესება ხორციელდება გადაზიდვა-გადაყვანის მონაწილე მხარეთა ინტერესების, აღიარებული საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების, ტრანსპორტის სფეროში სატარიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 11. რკინიგზის მიერ ტვირთის გადაზიდვის საფუძვლები

posted Apr 14, 2016, 8:49 AM by f o r m s . g e

1. რკინიგზის მიერ ტვირთის გადაზიდვა ხორციელდება გადაზიდვის ხელშეკრულების (ზედნადების და სხვ.) საფუძველზე.
2. თუ ტვირთის გადაზიდვის გარკვეული პირობები არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ისინი განისაზღვრება ხელშეკრულებით. 

მუხლი 12. ზედნადები

posted Apr 14, 2016, 8:49 AM by f o r m s . g e

1. ზედნადების საფუძველზე რკინიგზა ვალდებულებას კისრულობს, ტვირთგამგზავნის მიერ მისთვის გადაცემული ტვირთი, გადაზიდვის პირობების დაცვით, მიიტანოს დანიშნულების რკინიგზის სადგურამდე და გადასცეს ტვირთმიმღებს, ხოლო ტვირთგამგზავნი ვალდებულია გადაიხადოს ტვირთის გადაზიდვისა და სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) დადგენილი საფასური.
2. ზედნადების ფორმა და რეკვიზიტები, აგრეთვე მისი შევსების წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.
3. ზედნადები დგება ტვირთმიმღების სახელზე, ტვირთგამგზავნისა და რკინიგზის ხელმოწერით და დანიშნულების რკინიგზის სადგურში გადაეცემა ტვირთმიმღებს ტვირთთან ერთად.
4. გადასაზიდად ტვირთის მიღების დღედ ითვლება ზედნადებზე რკინიგზის სადგურის კალენდარული შტემპელით აღნიშნული თარიღი.
5. გადასაზიდად ტვირთვის მიღების დასადასტურებლად რკინიგზის სადგური ვალდებულია გადასცეს ტვირთგამგზავნს ზედნადების ერთი ეგზემპლარი და გადასაზიდად ტვირთის მიღების ქვითარი.
6. გადასაზიდად ტვირთის წარდგენისას ტვირთგამგზავნმა ტვირთის თითოეულ გზავნილზე უნდა წარმოადგინოს სათანადოდ შევსებული ზედნადები და შესაბამისი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
7. ტვირთგამგზავნი პასუხს აგებს მის მიერ ან მისი მოთხოვნით ზედნადებში შეტანილი მონაცემების სისწორეზე, ზედნადებში არასწორი ან არასრული მონაცემების აღნიშვნის გამო წარმოშობილი ზიანისათვის, აგრეთვე გადასაზიდად აკრძალული ტვირთის გაგზავნისათვის.
8. რკინიგზას უფლება აქვს, შერჩევით შეამოწმოს ტვირთგამგზავნის მიერ ზედნადებში მითითებული ტვირთის მასისა და სხვა მონაცემების სისწორე.

მუხლი 13. გენერალური შეთანხმებები (ხელშეკრულებები) რკინიგზის მიერ ტვირთის გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის ორგანიზების შესახებ

posted Apr 14, 2016, 8:48 AM by f o r m s . g e

1. რკინიგზასა და ტვირთგამგზავნს უფლება აქვთ, საჭიროების შემთხვევაში დადონ ტვირთის გადაზიდვის ორგანიზების გრძელვადიანი გენერალური შეთანხმება (ხელშეკრულება), რომლითაც განისაზღვრება გადასაზიდი ტვირთის მოცულობა, წარდგენის ვადა, გამოსაყოფი სატრანსპორტო საშუალებები და სხვა პირობები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ კოდექსითა და „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გენერალური შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე რკინიგზა ვალდებულებას კისრულობს, გადასაზიდად ტვირთი მიიღოს შეთანხმებული ოდენობით, ხოლო ტვირთგამგზავნი ვალდებულია, გადასაზიდად ტვირთი წარადგინოს შეთანხმებულ ვადაში.
3. რკინიგზას უფლება აქვს, შესაბამის პირთან დადოს მგზავრთა გადაყვანის ორგანიზების გრძელვადიანი გენერალური შეთანხმება (ხელშეკრულება), რომლითაც განისაზღვრება მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებული მოთხოვნები, გადაყვანის საფასურის ოდენობა და სხვა პირობები. 

მუხლი 14. ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა და დახარისხება

posted Apr 14, 2016, 8:48 AM by f o r m s . g e

1. გადასაზიდი ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა და დახარისხება შეიძლება განხორციელდეს როგორც საერთო, ისე არასაერთო სარგებლობის ადგილებში.
2. ვაგონის (კონტეინერის) შეუფერხებელი დამუშავებისა და ტვირთისა და მოძრავი შემადგენლობის დაცულობის უზრუნველსაყოფად, საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილები მათი მფლობელების მიერ აღჭურვილი უნდა იქნეს სათანადო ნაგებობებითა და მოწყობილობებით, რომლებიც აკმაყოფილებს გარემოს დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს.
3. ვაგონსა და სატვირთო ავტომობილებში ტვირთის დატვირთვას, გადმოტვირთვას და დახარისხებას ახორციელებს:
ა) რკინიგზა – ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) თხოვნით, საერთო სარგებლობის ადგილებში, სათანადო მექანიზმებისა და მოწყობილობების არსებობისას, გარდა: საფრთხეშემცველი ან მალფუჭებადი ტვირთისა; ნედლი ცხოველური პროდუქტებისა; დახურული ვაგონებით გადასაზიდი ტვირთისა, რომლის სატვირთო ადგილის წონა 0,5 ტონაზე მეტია; არაგაბარიტული, თხევადი, ფხვიერი ან ნაყარი ტვირთისა, რომელიც გადაიზიდება სპეციალური მოძრავი შემადგენლობით. აღნიშნულ შემთხვევებში ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ვალდებულია გადაუხადოს რკინიგზას ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის და დახარისხების შეთანხმებული საფასური;
ბ) ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) – საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში, თუ რკინიგზას არ აკისრია ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის და დახარისხების ვალდებულება.
4. კონტეინერში ტვირთის დატვირთვას, გადმოტვირთვას და დახარისხებას ახორციელებს ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები). რკინიგზას უფლება აქვს, ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) თხოვნით, თვითონ უზრუნველყოს ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა და დახარისხება, თუ მას აქვს სათანადო მექანიზმები და სამარჯვები.
5. დაუძლეველი ძალის (ხანძარი, თოვლი, ნამქერი, წყალდიდობა, საომარი მოქმედებები, ეპიდემია და ა.შ.), აგრეთვე გადაზიდვისათვის ხელის შემშლელი სხვა გარემოებების არსებობისას, რკინიგზას უფლება აქვს შეზღუდოს ან შეწყვიტოს ტვირთის დატვირთვა, რის შესახებაც დაუყოვნებლივ წერილობით უნდა შეატყობინოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოსა და დანიშნულების რკინიგზის სადგურს, დატვირთვის შეზღუდვის ან შეწყვეტის მოქმედების ვადის მითითებით.
6. ტვირთგამგზავნი ვალდებულია, რკინიგზის სადგურის უფროსის შესაბამისი წერილობითი მოთხოვნისთანავე შეწყვიტოს გადასაზიდად ტვირთის წარდგენა ან შეზღუდოს დატვირთვა აკრძალული მიმართულებებით.
7. ტვირთის დატვირთვის შეზღუდვის ან შეწყვეტის გამო წარმოშობილი უკმარტვირთის შევსება ხორციელდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
8. ვაგონში (კონტეინერში) ტვირთის დატვირთვა ხორციელდება დატვირთვის ტექნიკური ნორმების შესაბამისად, მაგრამ მისი მასა არ უნდა აღემატებოდეს ვაგონის (კონტეინერის) დასაშვებ ტვირთამწეობას.
9. ვაგონსა (მათ შორის, ღია მოძრავ შემადგენლობაში) და კონტეინერში ტვირთის განლაგება და დამაგრება ხდება ტექნიკური მოთხოვნების დაცვით. ნუსხა იმ ტვირთისა, რომლის გადაზიდვა დაშვებულია ღია მოძრავი შემადგენლობით, აგრეთვე ფხვიერი და ნაყარი ტვირთისა, განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.
10. ტვირთის დასატვირთად, დასამაგრებლად და გადასაზიდად საჭირო მასალების, პაკეტირების საშუალებებისა და სხვა მოწყობილობების დაყენებასა (დატვირთვისას) და მოხსნას (გადმოტვირთვისას) უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ან რკინიგზა – იმის მიხედვით, თუ ვინ ახდენს ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვას. ამ მოწყობილობების მიწოდებას უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი, რის შესახებაც მიუთითებს ზედნადებში. მოწყობილობები დანიშნულების რკინიგზის სადგურში გადაეცემა ტვირთმიმღებს ტვირთთან ერთად.
11. ტვირთგამგზავნი პასუხს აგებს მის მიერ ტვირთის არასწორად დატვირთვა-გადმოტვირთვის, დახარისხების გამო წარმოშობილი ზიანისათვის. 

მუხლი 15. ტვირთის მასა

posted Apr 14, 2016, 8:47 AM by f o r m s . g e

1. გადასაზიდად ტვირთის წარდგენისას ტვირთგამგზავნის მიერ ზედნადებში აღნიშნული უნდა იქნეს მისი მასა, რომელიც განისაზღვრება აწონვით, ტრაფარეტით, სტანდარტით, გაანგარიშებით, აზომვით ან პირობითად. აკრძალულია ტვირთის მასის განსაზღვრა გაანგარიშებით ან აზომვით, თუ მის დატვირთვას ვაგონის (კონტეინერის) მთლიან ტევადობამდე შეიძლება მოჰყვეს ვაგონის (კონტეინერის) დასაშვები ტვირთამწეობის გადამეტება.
2. ტვირთის მასას დატვირთვისას განსაზღვრავს:
ა) რკინიგზა – საერთო სარგებლობის ადგილებში, თუ ის ტვირთავს ტვირთს ტვირთგამგზავნის თხოვნით;
ბ) ტვირთგამგზავნი – საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში.
3. ტრაფარეტით, სტანდარტით, გაანგარიშებით, აზომვით ან პირობითად ტვირთის მასას, როგორც წესი, განსაზღვრავს ტვირთგამგზავნი. ტვირთს ტვირთგამგზავნის თხოვნით წონის რკინიგზა და იღებს შესაბამის საფასურს.
4. ტვირთის მასისა და რაოდენობის დადგენის და ამ მონაცემების ზედნადებში აღნიშვნის პირობები განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.
5. ტვირთის ასაწონად რკინიგზას საერთო სარგებლობის ადგილებში, ხოლო ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში, მათ შორის, საზღვაო ნავსადგურებში, უნდა ჰქონდეთ საჭირო რაოდენობის ასაწონი მოწყობილობები.
6. ასაწონი მოწყობილობები ექვემდებარება დადგენილი წესით სახელმწიფო შემოწმებასა და დადამღვას. ხელშეკრულების საფუძველზე რკინიგზას უფლება აქვს უზრუნველყოს ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) და სხვა პირთა მფლობელობაში არსებული ასაწონი მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება (საუწყებო კონტროლი, რემონტი, საკონტროლო შემოწმება).
7. ტვირთის მსვლელობის გზაზე მდებარე რკინიგზის სადგურის მიერ ვაგონში (კონტეინერში) გადამეტტვირთის გამოვლენისას ზედმეტი ტვირთი გადმოტვირთული უნდა იქნეს. რკინიგზა ვალდებულია, დაუყოვნებლივ გამოითხოვოს ტვირთგამგზავნისაგან (ტვირთმიმღებისაგან) მითითებანი ზედმეტი ტვირთის განკარგვის თაობაზე. ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ვალდებულია, ზედმეტი ტვირთის გადაზიდვის, გადმოტვირთვისა და შენახვისათვის გადაუხადოს რკინიგზას შესაბამისი საფასური. 

მუხლი 16. ტვირთის გადაზიდვის დაგეგმვა

posted Apr 14, 2016, 8:47 AM by f o r m s . g e

1. რკინიგზა შეიმუშავებს ტვირთის გადაზიდვის წლიურ და კვარტალურ ინდიკატურ გეგმებს, რომელთა შედგენა ხდება ტვირთგამგზავნთა განაცხადების მიხედვით. ტვირთის გადაზიდვის განაცხადის ფორმა, მისი შევსების, წარდგენის, შესრულებისა და აღრიცხვის წესი განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.
2. ტვირთგამგზავნი ვალდებულია, განაცხადი წარუდგინოს რკინიგზას ადგილობრივი გადაზიდვისას – ტვირთის დატვირთვამდე არა უგვიანეს 10 დღისა, ხოლო საერთაშორისო ან პირდაპირი შერეული გადაზიდვისას – კალენდარული თვის დაწყებამდე არა უგვიანეს 15 დღისა. ამავე ვადებში უნდა იქნეს წარდგენილი განაცხადი ტვირთის დამატებითი ოდენობისა და გეგმით გაუთვალისწინებელი ტვირთის გადაზიდვაზე.
3. საგანგებო სიტუაციების შედეგების აღმოსაფხვრელად განკუთვნილი ტვირთის გადაზიდვას რკინიგზა ახორციელებს ამ ტვირთის მიღებისთანავე.
4. განაცხადი რკინიგზას წარედგინება 3 ეგზემპლარად. განაცხადში აღნიშნული უნდა იყოს: საერთაშორისო გადაზიდვისას – ტვირთის გადაზიდვის მოცულობა, ტვირთის სახეობა, დანიშნულების რკინიგზა (ქვეყანა) და დატვირთვის თარიღი, ხოლო ადგილობრივი გადაზიდვისას – ტვირთის სახეობა, დანიშნულების რკინიგზის სადგური და დატვირთვის თარიღი. განაცხადის 1 ეგზემპლარი, მისი მიღების თარიღის აღნიშვნით, ეგზავნება ტვირთგამგზავნს, მეორე – ტვირთის გამგზავნ რკინიგზის სადგურს, ხოლო მესამე რჩება რკინიგზას.
5. რკინიგზა ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე დასაბუთებული უარის თქმის შესახებ და ამის თაობაზე აცნობოს ტვირთგამგზავნს განაცხადის მიღებიდან 10 დღის ვადაში, „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
6. თუ ტვირთგამგზავნი განაცხადში შეიტანს ცვლილებას, რომელიც ითვალისწინებს ტვირთის გადაზიდვის გადანაწილებას დანიშნულების რკინიგზებისა და რკინიგზის სადგურების შეცვლით, მან დამატებით უნდა გადაიხადოს შეცვლილი ვაგონებით (კონტეინერებით) გადაზიდვის საფასურის 5 პროცენტი – საერთო განაცხადის შესრულებისას, ხოლო 10 პროცენტი – საერთო განაცხადის შეუსრულებლობისას.
7. რკინიგზის სადგურის უფროსი ვალდებულია, ტვირთგამგზავნთან ერთად, განაცხადის შესრულების დაწყებამდე არა უგვიანეს 3 დღისა შეიტანოს მის შესასრულებლად საჭირო მონაცემები სააღრიცხვო ბარათში, რომელსაც ყოველი საანგარიშგებო დღე-ღამის დასრულების შემდეგ ხელს აწერენ რკინიგზის სადგურის უფროსი და ტვირთგამგზავნი. სააღრიცხვო ბარათის ფორმა და რეკვიზიტები განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.
8. ტვირთგამგზავნის თხოვნით, რკინიგზას უფლება აქვს:
ა) დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ დართოს ტვირთის შიდასასადგურო გადაზიდვის (ერთი რკინიგზის სადგურის ფარგლებში) ნება. ამგვარი გადაზიდვა აღინიშნება განაცხადში და გათვალისწინებული იქნება ტვირთის გადაზიდვის შესრულებულ მოცულობაში;
ბ) შეცვალოს განაცხადით გათვალისწინებული დახურული სატრანსპორტო საშუალება ღიათი, თუ ტვირთის ღია სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა დაშვებულია „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“, აგრეთვე შეცვალოს ერთი სახეობის ღია მოძრავი შემადგენლობა მეორეთი;
გ) შეცვალოს განაცხადით გათვალისწინებული დანიშნულების რკინიგზა (ქვეყანა) და რკინიგზის სადგური. 

1-10 of 23