თავი I ზოგადი დებულებანი


მუხლი 1. კოდექსის მიზანი და მოქმედების სფერო . სახელმწიფოს ხელშეწყობა სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებისათვის

posted Apr 14, 2016, 8:36 AM by f o r m s . g e

1. ეს კოდექსი განსაზღვრავს სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირების ეკონომიკურ, სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ტექნოლოგიურ საფუძვლებს, მის ადგილსა და როლს საქართველოს ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში, აწესრიგებს რკინიგზის მომსახურებით სარგებლობისას წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს და ადგენს მათ მონაწილეთა უფლება-მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას.
2. ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგებით მგზავრთა გადაყვანაზე, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვაზე.
3. სახელმწიფო ხელს უწყობს სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებას და, მისი სტრატეგიული და სოციალური როლიდან გამომდინარე, ტრანსპორტის ამ დარგის ფუნქციონირებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.

მუხლი 2. კოდექსში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

posted Apr 14, 2016, 8:35 AM by f o r m s . g e   [ updated Apr 14, 2016, 8:35 AM ]

ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) „ადგილობრივი სარკინიგზო მიმოსვლა (გადაყვანა-გადაზიდვა)“ – მგზავრთა გადაყვანა, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში;
ბ) „არასაერთო სარგებლობის ადგილები“ – დახურული და ღია საწყობები, აგრეთვე რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სპეციალურად გამოყოფილი მიწის ნაკვეთები, რომლებიც არ არის რკინიგზის მფლობელობაში ან მის მიერ იჯარით გადაცემულია სხვა პირთა სარგებლობაში და გამოიყენება ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის დატვირთვის, გადმოტვირთვის, დახარისხებისა და შენახვისათვის;
გ) „ბარგი“ – მგზავრის ქონება, რომელიც გადაიზიდება საბარგო ვაგონით;
დ) „ბილეთი“ − მატერიალური ან ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც იძლევა მატარებლით მგზავრობის უფლებას და რკინიგზისთვის წარმოშობს მგზავრის გადაყვანის ვალდებულებას;
ე) „გადამეტტვირთი“ – სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებაში დადგენილ ნორმაზე მეტი ოდენობით ჩატვირთული ტვირთი;
ვ) „გადამზიდველი“ – პირი, რომელიც გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვას მის მფლობელობაში არსებული სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებით;
ზ) „გადაყვანა-გადაზიდვის დოკუმენტები“ – ბილეთი, ბარგის ქვითარი, ტვირთ-ბარგის ზედნადები, საგზაო უწყისი, სავაგონო ფურცელი და სხვა სატრანსპორტო დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების არსებობას;
თ) „გასხვისების ზოლი“ – რკინიგზის მფლობელობაში არსებული მიწის ვაკისი, რომელზედაც განლაგებულია ხელოვნური და სახაზო-სალიანდაგო ნაგებობები, რკინიგზის ელექტრომომარაგებისა და კავშირგაბმულობის მოწყობილობები, რკინიგზის სადგურები, დამცავი ტყე-ნარგავები და რკინიგზის ფუნქციონირებისათვის საჭირო შესაბამისი ობიექტები და რკინიგზის სტრუქტურული ერთეულები;
ი) „დამატებითი საფასური“ – გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებული ოპერაციების (სამუშაოების) საფასური, რომელიც არ შედის გადაყვანა-გადაზიდვის ტარიფში;
კ) „დამცავი ზონა“ – რკინიგზის ნაგებობების, მოწყობილობებისა და სხვა ობიექტების დაცვის, მიწის ვაკისის სიმკვრივისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად საჭირო მიწის ნაკვეთი, აგრეთვე მისი მომიჯნავე მცოცავი მიწა;
ლ) „ექსპედიტორი“ – პირი, რომელიც შემკვეთთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, თავისი სახელით და შემკვეთის ხარჯით ახორციელებს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ მომსახურებას;
მ) „ვაგონი“ – ღია ან დახურული, ლითონისბორბლებიანი სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აღჭურვილია მატარებელში ჩასართავად საჭირო ყველა საშუალებით და განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადასაზიდად;
ნ) „ვაგონის სახეობა“ – ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი უნივერსალური ან სპეციალური ვაგონი;
ო) „ზედნადები“ – გადაზიდვის ხელშეკრულება, რომელიც წერილობით ფორმდება რკინიგზასა და ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) შორის, თან ახლავს ტვირთს მისი მსვლელობის მთელ გზაზე და შეიცავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და ამ კანონით გათვალისწინებულ მონაცემებს ტვირთის გადაზიდვის შესახებ;
პ) „კონტეინერი“ – მრავალჯერადი გამოყენების სატრანსპორტო მოწყობილობა, რომლის კონსტრუქცია უზრუნველყოფს გადასაზიდი ტვირთის დაცვას ერთი ან სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალებაში და აღჭურვილია სამარჯვებით დატვირთვის, გადმოტვირთვისა და გადატვირთვის დასაჩქარებლად;
ჟ) „კონტრაჰენტი“ – ხელშეკრულების მონაწილე მხარე, რომელსაც მისასვლელი ლიანდაგის ფარგლებში აქვს თავისი სასაქონლო საწყობები, დატვირთვისა და გადმოტვირთვისათვის განკუთვნილი შესაბამისი ადგილები და მასთან მიერთებული სარკინიგზო ლიანდაგები;
რ) „ლიანდი“ – რელსებს შორის დადგენილი მანძილი;
ს) „ლოკომოტივი“ – მოძრავ შემადგენლობას მიკუთვნებული ძალური გამწევი საშუალება, რომელიც განკუთვნილია სარკინიგზო ლიანდაგზე მატარებლის ან ვაგონის გადაადგილების უზრუნველსაყოფად;
ტ) „მატარებელი“ – ვაგონების შემადგენლობა ერთი ან რამდენიმე მოქმედი ლოკომოტივით ან ძრავიანი ვაგონით, აგრეთვე დადგენილი სიგნალებით აღჭურვილი უვაგონო ლოკომოტივები, ძრავიანი ვაგონები, ავტომოტრისები და არასაღები ტიპის დრეზინები, რომლებიც იგზავნება გადასარბენებზე;
უ) „მგზავრი“ – პირი, რომელიც მგზავრობს მატარებლით და აქვს ბილეთი;
ფ) „მულტიმოდალური (კომბინირებული) გადაზიდვა“ – გადაზიდვები, რომლებიც ხორციელდება ერთი გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, არანაკლებ ორი სახეობის სატრანსპორტო საშუალებითა და ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტით (გადაზიდვები ერთმანეთის მიმდევარი გადამზიდველების მიერ);
ქ) „მისასვლელი ლიანდაგი“ – ლიანდაგი, რომელიც განკუთვნილია ცალკეულ პირთა მომსახურებისათვის და მიერთებულია საერთო სარგებლობის სარკინიგზო ქსელთან;
ღ) „პალეტი“ – სატრანსპორტო პაკეტი ან ქვეშზე მოთავსებული, ცელოფნით შეფუთული ტვირთი;
ყ) „პლაცკარტი“ – სამგზავრო ვაგონის კატეგორიისა და კლასის შესაბამისი საწოლი ადგილი;
შ) „რკინიგზა“ – მგზავრთა გადასაყვანად, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადასაზიდად საჭირო ყველა ტექნიკური საშუალებით აღჭურვილი, კომპლექსური საწარმო, რომლის მომსახურებას უზრუნველყოფენ ამ საშუალებების ექსპლუატაციისა და გადაყვანა-გადაზიდვის ორგანიზების განმახორციელებელი სპეციალისტები და რომლის საქმიანობა რეგულირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით;
ჩ) „რკინიგზის ვაგზალი“ – ერთ რკინიგზის სადგურზე განლაგებულ ნაგებობათა და მოწყობილობათა კომპლექსი, რომელიც მოიცავს მგზავრთა მომსახურებისათვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობებს, პავილიონებს, მგზავრთა ჩასასხდომ – ფარდულიან ან უფარდულო პლატფორმებს, ერთ ან სხვადასხვა დონეზე მდებარე გადასასვლელებს, მცირე არქიტექტურულ ფორმებსა და ვიზუალურ კომუნიკაციებს;
ც) „რკინიგზის სადგური“ – რკინიგზის სტრუქტურული ერთეული ან ფილიალი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის ორგანიზებისათვის;
ძ) „რკინიგზის სატარიფო პოლიტიკა“ – ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს რკინიგზის მიერ გადაყვანა-გადაზიდვის საფასურის დაწესებისა და რეგულირების წესს;
წ) „რკინიგზის სტრუქტურული ერთეულები“ – რკინიგზის სადგური, მგზავრთა მომსახურების სამსახური, სალოკომოტივო და სავაგონო დეპოები, სავაგონო უბანი, დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა მექანიზებული, სალიანდაგო, ელექტრომომარაგების, სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის შენობა-ნაგებობათა დისტანციები, აგრეთვე გადაყვანა-გადაზიდვის ორგანიზებისა და უზრუნველყოფისათვის განკუთვნილი სხვა სტრუქტურული ერთეულები;
ჭ) „რკინიგზის ტერიტორიული სამმართველო“ – რკინიგზის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს მგზავრთა გადაყვანას, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვას იმ რეგიონში, რომელსაც იგი ემსახურება;
ხ) საერთაშორისო გადაზიდვა – ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტით ტვირთის გადაზიდვა/გაგზავნა დანიშნულებისა და სატრანზიტო ქვეყნების საბაჟო ტერიტორიებზე, ერთი ან რამდენიმე ქვეყნის საზღვრის გადაკვეთით, ერთი ქვეყნის ნებისმიერი საბაჟო გამშვები პუნქტიდან მეორე ქვეყნის ერთი ან რამდენიმე შუალედური საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით;
ჯ) „საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლა (გადაყვანა-გადაზიდვა)“ – მგზავრთა გადაყვანა, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვა საქართველოსა და უცხო სახელმწიფოებს შორის;
ჰ) „საერთო სარგებლობის ადგილები“ - დახურული და ღია საწყობები, აგრეთვე რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სპეციალურად გამოყოფილი მიწის ნაკვეთები, რომლებიც რკინიგზის მფლობელობაშია და გამოიყენება ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის დატვირთვის, გადმოტვირთვის, დახარისხებისა და შენახვისათვის;
ჰ1) „საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგი“ – სარკინიგზო ხაზი, რომელზედაც განლაგებულია რკინიგზის სადგურები და რომლით სარგებლობაც შეუძლია ნებისმიერ პირს;
ჰ2) „სამარშრუტო გადაზიდვა“ – ერთი ზედნადებით გადაზიდვა ტვირთისა, რომლის მასა შეესაბამება მარშრუტის წონით ნორმას;
ჰ3) „სარკინიგზო ლიანდაგი“ – წყვილი ლიანდაგი, რომელზედაც მოძრაობს მატარებელი;
ჰ4) „სარკინიგზო ტრანსპორტი“ – ტრანსპორტის დარგი;
ჰ5) „სარკინიგზო ქსელი“ – მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგი მასთან მიერთებული ლიანდაგებით, მათ შორის, მისასვლელი ლიანდაგებით;
ჰ6) „სარკინიგზო შემადგენლობა“ – გადაბმული სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებები ლოკომოტივის, მისი მომსახურე სამატარებლო ბრიგადებისა და სამატარებლო სიგნალების გარეშე;
ჰ7 ) სასაზღვრო რკინიგზის სადგური – საქართველოს სახელმწიფო საზღვართან ან საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგური, სადაც სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთისა და სხვა გადასაზიდი ქონების მიმართ ხორციელდება სასაზღვრო კონტროლი და საბაჟო კონტროლი;
ჰ8 ) სასაზღვრო საკონტროლო პოსტი – სასაზღვრო რკინიგზის სადგურზე გამოყოფილი ტერიტორია, სადაც ხორციელდება საზღვარზე გატარებასთან დაკავშირებული სასაზღვრო და საბაჟო პროცედურები;
ჰ9) „სატვირთო ვაგონი“ – ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ვაგონი;
ჰ10) „საფრთხეშემცველი ტვირთი“ – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნივთიერებები, ნაკეთობები, მასალები, საწარმოო და სხვა საქმიანობის ნარჩენები, რომლებიც მათი თვისებების გამო, გარკვეული ფაქტორების არსებობისას, გადაზიდვის, დატვირთვის, გადმოტვირთვისა და შენახვის პროცესში შეიძლება გახდეს სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების, გადასაზიდი ტვირთის, მოწყობილობების, შენობა-ნაგებობების აფეთქების, დაწვის ან სხვაგვარი დაზიანების, აგრეთვე ადამიანების, ცხოველთა და ფრინველთა სიკვდილის, ტრავმირების, მოწამვლის, დასხივების, დამწვრობის, დაავადების ან გარემოს დაზიანება-დაბინძურების მიზეზი;
ჰ11) „ტვირთ-ბარგი“ – ქონება, რომელიც გადაიზიდება სამგზავრო ან საფოსტო-საბარგო მატარებლით;
ჰ12) „ტვირთგამგზავნი“ – პირი, რომლის მიერ ან რომლის სახელით იდება ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის ხელშეკრულება, ან რომლის მიერ ან რომლის სახელით ტვირთი, ბარგი, ტვირთ-ბარგი და ფოსტა ბარდება რკინიგზას, გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად;
ჰ13) „ტვირთი“ – ქონება, მათ შორის, ცოცხალი ცხოველები, აგრეთვე კონტეინერები, პალეტები ან ანალოგიური საგნები, გადასაზიდი ან შესაფუთი მოწყობილობები, რომლებიც ტვირთმფლობელის მიერ მიწოდებულია გადასაზიდად;
ჰ14) „ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) გამოცხადებული ფასეულობა“ – ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) ტვირთგამგზავნის ან მგზავრის მიერ გამოცხადებული ფასი, რომელიც აღინიშნება ზედნადებში და გამოხატავს ტვირთგამგზავნის ან მგზავრის განსაკუთრებულ დაინტერესებას მოცემული გადაზიდვით;
ჰ15) „ტვირთმიმღები“ – ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის მიღების უფლებამოსილების მქონე პირი;
ჰ16) „უკმარტვირთი“ – სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებაში დადგენილ ნორმაზე ნაკლები ოდენობით ჩატვირთული ტვირთი;
ჰ17) „ხელბარგი“ – მგზავრის კუთვნილი, ხელით გადასაზიდი ქონება, რომელიც შეიძლება თავისუფლად განთავსდეს სამგზავრო ვაგონში გამოყოფილ სათავსოებში. 

მუხლი 3. საქართველოს კანონმდებლობა სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ

posted Apr 14, 2016, 8:31 AM by f o r m s . g e   [ updated Apr 14, 2016, 8:34 AM ]

1. სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირება წესრიგდება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.
2. სამხედრო სარკინიგზო გადაყვანა-გადაზიდვის ორგანიზება და განხორციელება წესრიგდება შესაბამისი ნორმატიული აქტებით. 

მუხლი 4. რკინიგზის მფლობელობაში არსებული ქონება

posted Apr 14, 2016, 8:30 AM by f o r m s . g e

რკინიგზის მფლობელობაში არსებულ ქონებას განეკუთვნება მოძრავი შემადგენლობები, სალიანდაგო და ენერგეტიკული მეურნეობები, კავშირგაბმულობისა და სიგნალიზაციის მოწყობილობები, დამტვირთავ-გადმომტვირთავი მექანიზმები, შენობა-ნაგებობები და სხვა ქონება, რომელიც ასახულია რკინიგზის ბალანსზე.

მუხლი 5. რკინიგზის მფლობელობაში არსებული მიწა

posted Apr 14, 2016, 8:29 AM by f o r m s . g e

1. რკინიგზის მფლობელობაში არსებულ მიწას განეკუთვნება სარკინიგზო ლიანდაგებისა და რკინიგზის სტრუქტურული ერთეულებისათვის გამოყოფილი მიწა, გასხვისების ზოლისა და დამცავი ზონის ჩათვლით.
2. გასხვისების ზოლი განისაზღვრება დადგენილი ნორმებისა და საპროექტო დოკუმენტების შესაბამისად, ისე, რომ საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგის განაპირა ორივე მხარეს იყოს არანაკლებ 20-20 მეტრისა. დადგენილი ნორმებისა და საპროექტო დოკუმენტების შესაბამისად, რკინიგზა უფლებამოსილია განსაზღვროს გასხვისების ზოლი საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგის განაპირა ორივე მხარეს 20-20 მეტრზე ნაკლები მანძილით.
3. დამცავი ზონის დადგენის წესი და მისით სარგებლობის პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 

მუხლი 6. სარკინიგზო ტრანსპორტის მართვა

posted Apr 14, 2016, 8:28 AM by f o r m s . g e

1. სარკინიგზო ტრანსპორტის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. (ამოღებულია 01.07.2005, №1872).
3. რკინიგზის ყოველწლიურ ხარჯთაღრიცხვას, სამეურნეო გეგმებს, მათ შორის, საინვესტიციო და საფინანსო პროგრამებს, და გადასახადების გადახდის შემდეგ დარჩენილი წმინდა მოგების განაწილების წესს შეიმუშავებს და ამტკიცებს რკინიგზის პარტნიორთა კრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და დადგენილი წესით. 

1-6 of 6