მუხლი 38. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია (14.12.2006 N3967)

1.    არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაცია ხორციელდება მისი წესდებით განსაზღვრულ შემთხვევებში, მიზნის მიღწევის შედეგად, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, გაკოტრებისას ან ამ კოდექსის 381 მუხლის შესაბამისად. (3.11.2009. N1964 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან)
3.    ლიკვიდაციის დროს უნდა დასრულდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი ქონება გაუნაწილდეს უფლებამოსილ პირებს.
4. პარტნიორთა გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან. (3.11.2009. N1964 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან)
5. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს სარეგისტრაციო განაცხადით განსაზღვრავენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლები. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ:
ა) გასხვისება ხელს უწყობს მის მიერ დასახული მიზნების განხორციელებას;
ბ) ემსახურება  საქველმოქმედო მიზნებს;
გ) ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. 
6. აკრძალულია ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის.
7. თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებმა არ განსაზღვრეს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს შესაბამისად ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები, როგორიც ლიკვიდირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. თუ ასეთი ორგანიზაციები არ არსებობს ან შეუძლებელია ასეთი ორგანიზაციების გამოვლენა, მაშინ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 6 თვის შემდეგ. (3.11.2009. N1964 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან)
 8. ლიკვიდაციას ახორციელებს ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე პირი (პირები). განსაკუთრებულ გარემოებათა არსებობისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სხვა ლიკვიდატორის დანიშვნის მოთხოვნით. ლიკვიდატორი პასუხს აგებს, როგორც ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი. (3.11.2009. N1964 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან)
 9. სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ლიკვიდაციას ახორციელებს სასამართლოს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი (ლიკვიდატორები). აკრძალულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიმართ სალიკვიდაციო და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყების მომენტიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტამდე.
10. ლიკვიდაციის დასრულების შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია გააუქმოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია. (3.11.2009. N1964 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან)


Comments